ბარბარე /ვარინკა/ მაჭავარიანი-წერეთელი

(1874-1948)

XIX საუკუნის 70-იან წლებში, საქართველოში ფართოდ გაიშალა საგანმანათლებლო მოძრაობა, რომელსაც რუსიფიკაციის ტალღა უნდა შეეკავებინა. ამ მოძრაობის მონაწილე იყო გვიტია აგიაშვილი, რომელსაც სოფელ ჭორვილაში საშინაო სკოლა ჰქონდა გამართული. მისი მეუღლე, გენერალი სპირიდონ მაჭავარიანი, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“  წევრი იყო. 1874 წელს ახალგაზრდა წყვილს ქალიშვილი, ბარბარე/ვარინკა შეეძინა. გოგონა ქუთაისის ქალთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, განსაკუთრებული მუსიკალურობის გამო, ზინაიდა ვორობეცს (ფილიმონ ქორიძის მეუღლე) მიაბარეს.

ნიჭიერ გოგონას მაჭავარიანების ოჯახის ყველა ახლობელი და სტუმარი შეჰხაროდა: ”მოსწონდათ ჩემი სიმღერა და მამხნევებდნენ. განსაკუთრებით მაგულიანებდა აკაკი, რომელსაც, როგორც თვითონ იტყოდა, ჩემი სიმღერა ყველაზე უფრო ტკბილად ესაუბრებოდა. მუსიკას უფრო დაეჯერება, ვინემ  სიტყვებსაო, - მეტყოდა პოეტი და მეც უფრო ხშირად მის ლექსებს ვმღეროდი” - იხსენებს ვარინკა. იგი მალე მგოსნის რძალი გახდა - ჩვიდმეტი წლისამ სერგო წერეთელზე იქორწინა. ორ წელიწადში წყვილს ვაჟი შეეძინა, პატარა სპირიდონი, რომელსაც შინაურობაში ”გუგულის” ეძახდნენ.

1895 წელს ჟურნალში ”კვალი” დაიბეჭდა აკაკის ”სულიკო” , რომელიც პოეტმა მალევე გადასცა ვარინკას და სთხოვა - რამე ჰანგი შეერჩია მისთვის. ასე დაიბადა მრავალი ადამიანისთვის საყვარელი სიმღერა. მადლიერების გამოსახატავად პოეტმა კომპოზიტორს საკუთარი სურათი აჩუქა წარწერით: “ჩემს საყვარელ ბულბულს, სულიკო-ვარინკას, აკაკისაგან”.

1898 წელს კი ინგლისურმა ფირმამ ”ფონოგრაფი” ვარინკას “პირმშო” ცვილის ლილვაკებზე ჩაწერა ვანო მაჩაბლის სახლში, ხოლო 1900 წელს კოტე ფოცხვერაშვილმა ნოტებზე გადაიტანა მეჩონგურეთა გუნდისათვის და ფორტეპიანოსათვის. ეს ვერსია  ორკესტრმა 1905 წლის აგვისტოში შეასრულა ქუთაისის საქალაქო თეატრში.

1909 წლიდან ვარინკა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარეა ყვირილის (ზესტაფონი) თემში. რამდენიმე წელიწადში მან აქ სამკითხველოს გახსნაც მოახერხა და საკუთარ სახლში, სოფელ ცხრაწყაროში, სკოლაც გამართა. განათლების ეს პატარა კერა ათამდე სოფელს ემსახურებოდა.

1905 წლის რევოლუციის შემდეგ, რეაქციის წლებში, ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო ლაშქრობას შეეწირა ზესტაფონის თეატრი, სადაც ოხრანკა დიდი რაოდენობით იარაღს ეძებდა. ახალგაზრდა რევოლუციონერი სტალინი კი ჟანდარმებს სწორედ ვარინკას სახლის სარდაფში ემალებოდა. როგორც ჩანს, აქედან მოდის ტირანის ”სულიკოსადმი” განსაკუთრებული

ამასობაში ვარინკას ვაჟმა საშუალო სკოლა დაამთავრა და საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში გაემგზავრა მევენახეობა-მეღვინეობის შესასწავლად. 1919 წელს, სამშობლოში მომავალს, პეტერბურგში ჭლექი შეეყარა. დაუღალავი მკურნალობისა და რუდუნების მიუხედავად, იგი მალევე  გარდაიცვალა. სასოწარკვეთილი დედა კარგა ხნით მოსწყდა გარესამყაროს:  ხალიჩებაკრულ ფანჯრებში მზის სხივს არ უშვებდა და დასტიროდა დაკარგულ ერთადერთ იმედს.

1934 წელს გადაღებულმა ფილმმა “უკანასკნელი მსაკარადი”, სადაც რეჟისორი თავად ასრულებს “სულიკოს”, დიდად შეუწყო ხელი სიმღერის პოპულარულობას. ამას დაემატა 1937 წლის ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადა მოსკოვში, სადაც ‘სულიკო” ავქსენტი მეგრელიძის მეჩონგურე ქალთა ანსამბლმა შეასრულა, მაგრამ არა როგორც ვარინკა წერეთლის, არამედ – როგორც ხალხური სიმღერა.

ამ დღიდან მთელი საბჭოეთის შემოქმედებითი ჯგუფები ერთმანეთს ასწრებდნენ მის შესრულებას, გადამღერებას თუ გადამუშავებას. ვარინკა წერეთელი, ცხადია, არავის უხსენებია. მისი ნათესავი, პაპუნა წერეთელი, რომელიც დეკადაზე რუსთაველის თეატრს ახლდა, სამშობლოში გულდამძიმებული დაბრუნდა: ”სულიკოს” არნახული წარმატება და ვარინკას უნუგეშო მდგომარეობა ერთმანეთთან ვერ თავსდებოდა.

მიხვდა ვარინკა, რომ მას ყოველთვის დაივიწყებდნენ, თუ თავად არ გაიხსენებდა საკუთარ არსებობას, ამიტომაც დაიწყო ”ბრძოლა გახსენებისთვის”: ჩამოვიდა თბილისში და სახკომსაბჭოსთან არსებულ ხელოვნების საქმეთა სამმართველოს მიმართა საავტორო უფლების მოსაპოვებლად.

საბჭოთა კომპოზიტორთა კავშირის, 1938 წლის 5 ოქტომბრის სხდომამ (თავმჯდომარე ვანო გოკიელი, ესწრებოდნენ: კოტე ფოცხვერაშვილი, შალვა დადიანი, ავქსენტი მეგრელიძე და  ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ორდენოსანი სანდრო კავსაძე) დაადგინა, რომ სიმღერა ”სულიკოს” ავტორი ვარინკა წერეთელია.

მაგრამ ავქსენტი მეგრელიძემ არ ისურვა შემოსავალი “სულიკოს” ავტორისთვის დაეთმო და თანაავტორობა დაიჩემა. ამიტომ, ვარინკა იძულებული გახდა, საკითხის გასარკვევად იუსტიციის კომისრისთვის მიემართა, სადაც სპეციალურად შექმნილმა კომისიამ მისი ავტორობა დაამტკიცა და “სულიკოს” შემოსავლის 75% სწორედ მას მიაკუთვნა, ხოლო 25% - ავქსენტი მეგრელიძეს, როგორც სიმღერის პოპულარიზატორს.

1940 წლიდან ვარინკას სიმღერებს უკვე დები იშხნელები ასრულებდნენ. მათი დედა, ვასასი ლოლაძე, ვარინკას მეგობარი და საუკეთესო მომღერალი იყო.

იშხნელების რეპერტუარში ”სულიკოს” გარდა შედიოდა ვარინკას მეორე,  არანაკლებ პოპულარული სიმღერა ”მუხამბაზი”. სამწუხაროდ, დღეს უკვე ძალიან რთულია მის მიერ შექმნილი სხვა მელოდიების დადგენა, რადგან აღარავინაა ისეთი, ვისაც ამ საკითხზე ცნობები გააჩნია.

ვარინკა წერეთელი 1948 წლის 21 მარტს გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფელ ცხრაწყაროში, ვაჟის გვერდით.

სიმღერა ”სულიკოს” უამრავ სანოტო გამოცემათაგან, მუსიკის ავტორს მხოლოდ 1939 წლის გამოცემა აღნიშნავს. ესეც იმიტომ, რომ ეს საკითხი ახალი გარკვეულია. სხვა ყველა გამოცემას აწერია: ”ტექსტი აკაკი წერეთლისა, მუსიკა -  ხალხური”. მათ შორის არის 1954 წელს, ვანო გოკიელის მიერ გუნდისა და ფორტეპიანოსთვის გამოცემული ნოტები. აქ უცნაური ის არის, რომ სწორედ ეს ადამიანი თავმჯდომარეობდა სხდომას, რომელმაც ვარინკას ავტორობა დაადგინა. 

დავიწყების ამ მისტიკას ეძღვნება  ლია ჯაყელის ფილმი ”სადა ხარ, ჩემო სულიკო”.  რეჟისორი დეტალურად მოგვითხრობს ”სულიკოს” ისტორიას და დემონსტრაციულად  აღადგენს სამართლიანობას - ტიტრებში ხაზგასმულად აჩვენებს წარწერას: ”კომპოზიტორი ვარინკა წერეთელი”, - სიმართლე, რომელიც  აქამდე ვერავის დასცდა.

 

ბიბლიოგრაფია:

1.     ლერი ალიმონაკი, ვარინკა წერეთელი, თბილისი, 1990;

2.     ლელა გაფრინდაშვილი, სადა ხარ, ჩემო ვარინკა, ჟურნალი “ცხელი შოკოლადი”, 2009, N 54.