ეკატერინე თარხნიშვილი-გაბაშვილი

(1851-1938)

 

1911 წელს, საკუთარი სამწერლო მოღვაწეობის 40 წლის იუბილეზე, ეკატერინე გაბაშვილი ასე მიესალმა მეგობრებს: “ცხრამეტი წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი, მალე დავწვრილშვილდი (თერთმეტი შვილი მყავდა), ძლიერ ხელმოკლე ოჯახში ვცხოვრობდი, ყოველგვარ თავისუფლებას მოკლებული ვიყავი. მე არ დაუმორჩილდი საზოგადო ხვედრს დედაკაცისას, _ ყმობას და თავშეწირვას კერისას, _ ამისათვის დიდი ბრძოლა დამჭირდა, მაგრამ ბრძოლისათვის ცოტაოდენი ძალაც შემწევდა... მე იმ ვიწრო კედლებს შუა, რომელსაც ოჯახის დიასახლისობას ეძახიან და რომელიც შთანთქავს ხოლმე ხშირად დედაკაცის სულიერ არსებას, პატარა ჭუჭრუტანა გაუკეთე და იქიდამ მუდამ ყურს ვუგდებდი და თვალს ვადევნებდი ჩემი ქვეყნის საზოგადო ზრდასა და მსვლელობას, შევეცადე ორიოდე აგური მაინც დამედო იმ წმინდა საძირკველზე, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში ჩაჰყარეს ჩემი ქვეყნის საუკეთესო შვილთ. ორი აგურის მომატება საზოგადო სამსხვერპლოზე დიდი რამ არ არის, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ: საცა არა რაა, იქ ცოტაც ბევრად გამოჩნდებაო”. (ქეთევან ირემაძე „ლიტერატურული მედალიონები“, 1945)

დედით დაობლებული კატო გამზრდელმა დიდედა ბაბალემ და მამამ, რევაზ თარხნიშვილმა, ჯერ მწიგნობარ შარიკოვის ქვრივის საშინაო სკოლაში მიაბარეს, ხოლო შემდეგ - მადამ ფავრის პანსიონში.

1868 წლიდან ეკატერინე უკვე პედაგოგია: გახსნა სამრევლო სკოლები და ცდილობდა, დროების კვალდაკვალ თვითგანვითარებისაკენ სწრაფვაც არ შეენელებინა. თუმცა, 1870 წელს იგი ალექსანდრე გაბაშვილს მისთხოვდა და მალევე დაწვრილშვილდა. საოჯახო ცხოვრებამ საშუალება არ მისცა, სწავლა გაეგრძელებინა და მხოლოდ პატარ-პატარა კორესპონდენციებით შემოიფარგლა, რომელსაც დროდადრო აგზავნიდა ჟურნალ-გაზეთებში,

1870 წელს  გაზეთში „დროება“  (N1) გამოჩნდა წერილი „გლეხკაცის აზრი სასოფლო სკოლაზე“, სადაც ეკატერინემ აღწერა განათლებისადმი/სწავლისადმი თანასოფლელების დამოკიდებულება, გაუცნობიერებელი შიში ახალი,  მათთვის უცხო საჭიროებების მიმართ. ამ პუბლიკაციაში პირველად გაისმა ხალხოსნური, განმანათლებლური შეგონება უბრალო ადამიანების მიმართ: „განა ვერა ხედავ, როგორ ყველაში გჯობიათ სწავლულნი ხალხი: როგორც გონივრობაში, ისე ცხოვრებაში, თუ ჭამით, თუ სმით და ჩაცმით? აქედან ჩანს, რომ სწავლას უფრო ადვილად მოაქვს კეთილი ცხოვრება. გარდა ამისა, განა დრიური ლუკმა მარტო ხვნითა და თესვით მოიპოვება? არა, თქვენისთანა მხვნელ-მთესველს კარგი ცხოვრება ვერ ვუპოვნია და ვერც თქვენ იპოვნით, იმიტომ ხვნასა და თესვასაც სწავლა უნდა. მეორეც ესა, რომ არიან კიდევ სხვა ბევრი გზები ცხოვრებისა, მაგალითად: ვაჭრობა, ხელოსნობა, ოსტატობა, მხატვრობა, მწერლობა, ხელმწიფის სამსახური და სხვა. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენს შვილებს არ შეეძლოთ ასრულება ყველაფრისა, რაც მე ჩამოვთვალე. სწავლას ბევრი რამ შეუძლიან, შენიშნულია, რომ წარჩინებულნი კაცნი ხშირად უფრო თქვენისთანა ხალხიდგან გამოდიან. ასე, ჩემო ნინო, სიხარულით მიეცით თქვენი შვილები სკოლაში, სწავლა დიდი სამკაულია კაცისათვის და მარტო სწავლას შეუძლიან გამოიყვანოს ხალხი იმ უმეცარი მდგომარეობიდგან, რომელშიაც აქამდისინ ყელამდინ არის ჩაფლული...“

ეს პუბლიკაცია აღმოჩნდა დასაწყისი მწერალი ქალის საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ასევე ნათელი მაგალითი/მოდელი მთელი მისი შემდგომი ცხოვრებისათვის. ამ გზაზე ეკატერინე-საზოგადო მოღვაწე არასოდეს დაშორებია ეკატერინე-შემოქმედს. მისი არსების ეს ორი მხარე ყოველთვის ურთიერთშემავსებელი იყო.

სოციალ-დემოკრატია და ჰუმანიზმი ეკატერინეს ნააზრევში არის არა დასწავლილი, გადმოღებული მრწამსი, არამედ - საკუთარი ბედიდან, ცხოვრებიდან გამომდინარე სულისკვეთება. ამიტომაც იგი არასოდეს ცდილობს მომეტებული გულმოდგინებით შეგვიტყუოს გმირების განცდებსა და თავგადასავალში, არამედ მარტივად, უშუალოდ მიგვიძღვის მათი სულისაკენ. ადამიანის ბედის და სოციალური უსამართლობა/უთანასწორობის გულწრფელი, ძალდაუტანებელი წვდომა განაპირობებს ეკატერინეს გმირების პალიტრაში სქესობრივ-ასაკობრივ და წოდებრივ პარიტეტს. იგი თანაბრად მგრძნობიარეა დაჩაგრული და მოტყუებული ლუარსაბის, გიგოლას, ნინიკას, პავლიკას, სოსიკას, პავლეს, გიორგის, თედოს, მაქსიმეს და ქეთოს, ნენეს, მაროს, ქუჩეს, ბაბოს, ლიზას ბედისადმი, რომელთაგანაც ზოგი მსხვერპლია, ზოგი _ დამნაშავე, ზოგი _ ზნედაცემული, ზოგი _ ზნეობრივი, ზოგი კონსერვატორია, ზოგი – პროგრესული.

ეკატერინე გაბაშვილის პოზიცია _ იყოს საზოგადოებრივ ასპარეზზე, აქტიურად იმოქმედოს, აშკარად კონფლიქტშია იმდროინდელი ყოფის რეალიებთან. ავტობიოგრაფიულ პიესაში „ფრთებდაგლეჯილი“ აღწერილია მწერალი ქალის ცხოვრების ერთ დღე:  შეურაცხყოფა, დამცირება, სასოწარკვეთა. გაზეთის რედაქტორი არის პიესის მთავარი გმირის, დამწყები მწერლის, ქეთოს ერთადერთი გულშემატკივარი. სწორედ მას მიმართავს სანუგეშოდ: „...მე კი მგონია, ადამიანები ბოროტნი და შურიანნი რომ არ იყვნენ, შეიძლებოდა ოჯახის მოვლაც და საზოგადო საქმეც შეერთებინა დედაკაცს; აქ მხოლოდ საჭირო იქნებოდა ცოტაოდენი დათმობა, პატივისცემა...“ (1912, ჟურნალი „გრდემლი“)

ამ ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში აღწერილი პრობლემა არაერთხელ გამხდარა XIX საუკუნის პერიოდიკაში გამართული პოლემიკის საგანი. ამ „პაექრობათა“ ინიციატორები ყოველთვის მამაკაცები იყვნენ. ისინი ხედავდნენ საზოგადოებაში მიმდინარე არაჯანსაღ პროცესებს და რატომღაც ყოველთვის ქალებს ადანაშაულებდნენ. აღშფოთებული ადრესატების პასუხებს კი არასოდეს გამოხმაურებიან. გთავაზობთ ეკატერინეს პასუხს ერთ-ერთ ასეთ შეურაცხმყოფელ პუბლიკაციაზე:

რა იდეალი გაქვთ თქვენ (მამაკაცებს), რომ ჩვენ არ თანავუგრძნობთ? რომელ რაზმს გავუძღვეთ ან რომელს მივდიოთ? წადით თქვენ და თუ ვერ მოგყვეთ, მაშინ გვიკიჟინეთ! და თუ თქვენ თვითონ ტორტმანებთ, მაშასადამე, ორთავეს ერთად, თქვენც და ჩვენც ჯერ ჩანჩალი, უფერულობა, ძილმორეულობა გვხვდა წილად და ერთმანეთს ნურას ვსაყვედურებთ...დღეს თქვენ სძრახავთ დედა-კაცს რომ იმას თვალები შეძლებული საქმროს დასაჭერათა აქვს დაჭყეტილი. ეგ მართლაც საძრახისია და ზნეობით დაცემის ნიშანია, მაგრამ ის მხოლოდ მაგიერს გიხდით თქვენ! თქვენ, რომლებიც დედა-კაცის პატივს და ღირსებას მხოლოდ იმის მზითვის რაოდენობით ზომავთ“. („ივერია“, N209).

განსხვავებულობა/მრავალგვარობა ეკატერინეს აინტერესებს არა მხოლოდ ადამიანში, არამედ სოციალურ ფაქტში, ისტორიულ მოვლენაში.

ჩვენ შეიძლება წავიკითხოთ ე. გაბაშვილის სოციალური ან აღმზრდელობითი ხასიათის მოთხრობები, მაგრამ ვერ გავიცნოთ იგი, რადგან მისი შემოქმედება არ არის მხოლოდ სოციალური უსამართლობის ასახვა. ეკატერინე ცხოვრებაში ჩართული, ცვლილებების გამომწვევი და განახლების მომხრე ქალია, რომელიც სწორედ ისე ხედავდა, როგორც წერდა და სწორედ ისე წერდა, როგორც გრძნობდა. იგი აბსოლუტურად თავისუფალი იყო „ლიტერატურული კეკლუცობისაგან“.

1882 წლიდან ეკატერინე „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობის წევრია, 1897-1922 წლებში ქალთა პროფესიული სკოლის ხელმძღვანელი, 1872-1905 _ ქალთა წრის დაარსების და მისი რეგიონული ფილიალების შექმნის ინიციატორი. თავისი შემოქმედებით და ცხოვრებით ცდილობდა დაერწმუნებინა მისი თანამედროვენი თანასწორობის  იდეის საჭიროებასა და აუცილებლობაში. ამიტომაც იყო, რომ თანამედროვეთაგან უამრავ ქალს აუხილა თვალი და მისცა თვითგამორკვევისა და განვითარების ბიძგი.

ეკატერინე გაბაშვილი 1938 წლის 7 აგვისტოს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

ბიბლიოგრაფია:

1.         ეკატერინე გაბაშვილი, ბავშვებს საახალწლო ფეშქაშად, ტფილისი, 1885;

2.         ეკატერინე გაბაშვილი, საყმაწვილო მოთხრობები, ტფილისი, 1898;

3.         ეკატერინე გაბაშვილი, თინას ლეკური, ქუთაისი, 1913;

4.         ეკატერინე გაბაშვილი, მაგდანას ლურჯა, ქუთაისი, 1913;

5.         ეკატერინე გაბაშვილი, ოჯახის ბურჯი, ქუთაისი, 1915;

6.         ეკატერინე გაბაშვილი, მოთხრობები მცირე წლოვანთათვის, ტფილისი, 1916;

7.         ეკატერინე გაბაშვილი, რჩეული ნაწერები, ტფილისი, 1932

8.         ეკატერინე გაბაშვილი, რჩეული ნაწერები 2 ტომად, თბილისი, 1953;

9.         ეკატერინე გაბაშვილი, რჩეული ნაწერები 2 ტომად, თბილისი, 1960;

10.       ეკატერინე გაბაშვილი, მოთხრობები, „ნაკადული“-ს გამოცემა, 1983.