გაიანე ხაჩატურიანი

 

(1942-2009)

 

გაიანე ხაჩატურიანი 1942 წლის 9 მაისს თბილისში დაიბადა. მამა, ლევონ ხაჩატურიანი, ელექტროინჟინერი იყო, დედა, ჰასმიკ კალანტაროვი, ჰახნაზარიანთა სახელოვანი გვარის წამომადგენელი. მისი წინაპრები უძველესი სომხები- ზოკები იყვნენ. გაიანეს ძმა, პროფესიით ინჟინერი, სიცოცხლის ბოლომდე მოსკოვში ცხოვრობდა.

ხატვა გაიანემ ადრეული ასაკიდან დაიწყო. ერთაგნ ინტერვიუში მხატვარი იხსენებს, როგორი აღფრთოვანება გამოუწვევია უფროსებში მის მიერ სამი წლის ასაკში დახატულ თოჯინას, რომელიც ძალიან ჰგვანებია მრავალი წლით ადრე გარდაცვლილ დიდ ბებიას. მას შემდეგ სულ ხატავდა, თუმცა მხატვრობით სერიოზულად 12 წლიდან დაინტერესდა, როდესაც გართულებული ბრმა ნაწლავის ოპერაციის შემდეგ მუდმივად სახლში გამოკეტილი, ბავშვურ თამაშებს ჩამოშორდა და საკუთარ სამყაროში ჩაღრმავება იწყო. სკოლაში სწავლის პარალელურად (მე-14 ქალთა, შემდეგ კი თბილისის 25-ე საშუალო სკოლა) ფერწერის გაკვეთილებს ესწრებოდა იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელთან არსებულ მოსე თოიძის სკოლაში (პედაგოგი გუგული ქურდიანი). სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიაში ორწლიანი მოსამზადებელი კურსი გაიარა, თუმცა ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის რჩევით, აკადემიაში შესვლა გადაიფიქრა, რათა “საკუთარი, ორიგინალური ხედვა არ დაეკარგა”; პროფესიული სამხატვრო განათლება მას შემდეგ აღარ მიუღია. წლების მანძილზე ნამუშევრებს ელენე ახვლედიანს უჩვენებდა და მისგან რჩევებს იღებდა. სწორედ ამ უკანასკნელმა შეახვედრა პირველად მხატვარს სერგო ფარაჯანოვი. ნაცნობობა დიდ, მრავალწლიან მეგობრობაში გადაიზარდა. რეჟისორი ძალიან აფასებდა გაიანეს ნიჭს და ხელს უწყობდა მისი შემოქმედების პოპულარიზაციას. სიკვდილის წინ ს. ფარაჯანოვმა გაინეს “ჯოკონდას” სერიის ერთ-ერთი ნამუშევარი _ “მტირალი ჯოკონდა” _ აჩუქა. მან კოლაჟი ორჯერ გაუგზავნა მხატვარს სახლში, თუმც ორჯერვე უკან დაუბრუნდა (დღეს ნამუშევარი კალიფორნიაშია) სიტყვებით: “საკუთარ სახლში მე სხვის ნამუშევარს ვერ ვგუობ. რომ დამეტოვებინა, თავისუფლად ვეღარ ვიგრძნობდი თავს. ჩემთვის უპირველესი ჩემი შინაგანი თავისუფლებაა”.

გ. ხაჩატურიანზე აღტაცებულები წერდნენ ვლადიმერ სპივაკოვი და მარტიროს სარიანი, მისი შემოქმედებით მოხიბლული იყო ანდრეი ტარკოვსკი, რომელიც მხატვარს საკუთარ მეგობრადაც მიიჩნევდა და ხშირად სტუმრობდა მას. მისი მეგობრები იყვნენ ასევე გია ყანჩელი, ირინა უვაროვა, იური დანიელი, ბელა ახმადულინა. მხატვრისავე თქმით, მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვმა.

1971 წელს უნდა შემდგარიყო გაიანეს პერსონალური გამოფენა ერევანში, ტელევიზიის ოფისში, მაგრამ გამზადებული ექსპოზიცია, სადაც 40 სურათი იყო წარმოდგენილი, აკრძალეს. მოგვიანებით გამოფენა მაინც შედგა ფიზიკის ინსტიტუტში. სიცოცხლის მანძილზე გ. ხაჩატურიანს არაერთ ჯგუფურ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ჰქონია პერსონალური გამოფენები თბილისში, ერევანსა და მოსკოვში. გარდაცვალების შემდეგ მისი ნამუშევრები ვენეციის 53-ე საერთაშორისო ბიენალეზე იქნა გატანილი.

გ. ხაჩატურიანი ადრეული ასაკიდან წერდა ლექსებს რუსულ ენაზე. მისი ჩანაწერები რიტმული პროზის საუკეთესო ნიმუშია, რომელიც გაიანეს შემოქმედების გააზრების ერთგვარი გასაღებიცაა (ქეთევან ტომარაძე).

გაიანე ხაჩატურიანი 2009 წლის 1 მაისს მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

 

ციტატები:

«Способность видеть душой приходит с годами в процессе поиска самого себя. Умение войти в пространство своей души позволяет услышать собственную мысль.»

«ещё девочкой я видела, как человек теряет себя в семье, растворется в ней. Я боюсь растворения. Именно поэтому не разрешаю себе привыкать, привязываться к людям, животным, предметам, картинам...»

“სიჩუმე _ სიცარიელეა, მე კი გავსებული სიცარიელე მიყვარს. ვფიქრობ, ყველა ადამიანს საკუთარი სიცარიელის ყუთი აქვს. იგი მას სპეციალურად ავსებს, რათა ცხოვრება გაიადვილოს.”

“[ადამიანები] წაგმართავენ, შენში სტრესებს იწვევენ, რაღაც მხარეებს აშიშვლებენ. ადამიანთა ძალა დამანგრეველიც შეიძლება იყოს, მაგრამ ისინი ეხმარებიან მხატვარს ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს. შუა საუკუნეების ანონიმი სომეხი ავტორის ერთადერთი სტრიქონია შემონახული: “ვაშლები მესროლეთ”. იგი თითქოს ამ ადამიანთა ფონს მიმართავს და სთხოვს: მესროლეთ ვაშლები, ამის გარეშე არაფერი არ მოხდება. შემოქმედს ხალხმა ვაშლები უნდა დაუშინოს. ეს ვაშლები ტკივილსაც აყენებენ მას და სიხარულსაც იწვევენ, იწვევენ სიკვდილსაც და დაბადებასაც”. (რუსულიდან თარგმნა ჰამლეტ ზუკაკიშვილმა).

მნიშვნელოვანი ნამუშევრები:

მუშტაიდი, მტკვრის შრიალი”, ”ლურჯი ტბა შავი ჯიქის ჩრდილში”, ”ბრმა ანგელოზის ხიდი”, ”ანგელოზის მიერ წითელი აივნის მონახულება”, ”სარკის прялка და ქარი”, ”ლეოპარდისებრი სიმის თეატრი”, ”სპილო _ მეწამული ციცინათელა”, ”საზანდარი _ ყვითელი ნადიმი”, ”ლურჯი კაკლის არფის ღამე”.

ნამუშევრები დაცულია მხატვრის ოჯახში, ერევნის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების კერძო კოლექციებში. მისი 8 ფერწერული ტილო მოხვედრილია საბჭოთა იატაკქვეშეთის მხატვრობის ცნობილ კოლექციაში, რომელიც ნენსი და ნორტონ დოდჯებმა შეაგროვეს და ნიუ-ჯერსის შტატის უნივერსიტეტის ციმერლის მუზეუმს უანდერძეს.