ქალაქის არჩევნები

Კითხვის დრო: 2 წუთი

#11, ივნისი, 1917

ამ მოკლე ხანში ქუთაისის ქალაქის არჩევნები მოხდება. მომავალ ქალაქის თვითმმართველობას ბევრი საზრუნავი მოელის ქალაქისთვის. ყველამ უწყის, თუ რამდენათ ჩამორჩენილი, რამდენათ უკულტუროა ქალაქი ძველი თვითმმართველობის უმოქმედობით. ქალაქს არ მოეპოვება თვით უსაჭიროესი იარაღი, როგორიც არის ცეცხლის მქრობელი წყლის მილი გაუყვანლობის გამო. ჩვენი მოურწყველი და დაუგველი ქუჩების სიბინძურე, რომელსაც ეგრე უხვათ პირში გვაყრის ხოლმე ქუთაისის ხშირი სტუმარი ქარი, წარმოადგენს ერთს უსაშიშროეს მტერს მცხოვრებელთა ტანმრთელობისათვის. დღევანდელი აუტანელი სიძვირე, რომლის წინააღმდეგ არავითარი ზომები არ არის მიღებული, მთელი თავისი სიმძიმით თავს აწევს ღარიბ დედაკაცებს. ოჯახის მოთხოვნილება მჭიდროდ გადაბმულია ქალაქის წესრიგზე, ოჯახის მართვა-გამგეობა კი დედაკაცის ხელშია. აქედან, ცხადია, საჭიროება ქალთა თვითმმართველობაში ჩარევისა. რადგან ქუთაისის ქალთა საერთო პოლიტიკური კლუბის შემადგენლობის უმრავლესობა წარმოადგენს ამა თუ იმ პარტიულ წევრებს, ჩვენ ვთხოვთ ამხანაგებს, რომ თითეულმა მათგანმა დაავალოს თავის პარტიებს, რომ კანიდიდტთა სიაში შეტანილი იყოს ღირსეული ამხანაგ ქალების სახელებიც.

თუ რომ მამაკაცები, ჩვეულებრივად, ამ შემთხვევაშიც გვიპასუხებენ, რომ მათ მომზადებული ქალი არ ჰყავთ, ქუთაისის ქალთა საერთო პოლიტიკური კლუბის ბიურო მოუწოდებს კლუბის წევრებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ, გამოსახატავათ იმ პროტესტისა, რომელსაც ჩვენი პარტიული ამხანაგნი მამაკაცები ღირსეულად დაიმსახურებენ. არცერთს არსებულ პარტიას არ შეეძლება ჩვენს წინაშე თავის გამართლება და იმის დამტკიცება, რომ მათ ერთი მომზადებული ქალი არ ჰყავდეს. ჩვენ კარგათ ვიცით, თუ რა მომზადებაა საჭირო საბჭოს ხმოსნისათვის. აქ საჭირო არ არის არც იურისპუდენციისა და არც ფილოსოფიის ცოდნა. აქ არის საჭირო გულმტკივნეულობა და თადარიგის დაცვა, რასაც ყოველი გონიერი დედაკაცი გამოიჩენს.

ქალებო, თქვენ გეუბნებიან „თვითმმართველობა უნდა გადავიდეს ხალხის ხელშიო”. სთქვით, რომ ხალხს არ წარმოადგენს მარტო მამაკაცები, რომ თვითმმართველობა ნამდვილად ხალხოსნური უნდა იყოს. წამოაყენეთ ეგ სამართლიანი მოთხოვნილება! დაიცავით თქვენი უფლება!