ქალი და დამფუძნებელი კრება

Კითხვის დრო: 3 წუთი

#27, ოქტომბერი, 1917

მოახლოვდა დრო არჩევნებისა დამფუძნებელ კრებაში. ყველა პარტიები და საზოგადო ძალები ამოძრავდა, რათა თავის თანამოაზრე გაიყვანოს და დაამტკიცოს ის უფლებები, რომელნიც რევოლუციამ მიანიჭათ. ჩვენ ქალებმა მივიღეთ თანასწორი უფლება მამაკაცთან. ამასაც უნდა განმტკიცება დამფუძნებელ კრებაში.

ქალაქის არჩევნების დროს ჩვენ არა მეგობრულათ მოგვეპყრენ პარტიები მით, რომ სიის ბოლოში მოგვათავსეს. ეს ძალიან საგულისხმოა, ამის გამოსწორება კიდე შეიძლება მერმისთვის, მაგრამ, თუ დამფუძნებელ კრებაზედ ვერ გავგზავნეთ ჩვენი დელეგატები, სადაც საუკუნოთ ეყრება საძირკველი ჩვენ უფლებებს, ამის გამოსწორება ნებით არასოდეს არ შეიძლება და მომავალი თაობა ამას არ მოგვიტევებს.

რა საჭიროა, რომ ქალები უთუოდ გავგზავნოთ. იკითხავს ზოგი. ერთი, რომ სადაც ქალის და კაცის ინტერესი ერთმანეთს უპირისპირდება, იქ ქალის ინტერესი მარცხდება. მაგალითად, მემკვიდრეობაში და და ძმა სრული გათანასწორებული არ არიან. არ არის დაწვრილებით გამოკვლეული და დამტკიცებული კანონი, რომ საჭიროა ხელმეორედ გადახედვა და შესწორება მემკვიდრეობის კანონისა.

ოჯახში ცოლს და ქმარს ერთი უფლება არა აქვთ. მთელი ოჯახის მძიმე საქმეს ცოლი უძღვება, ამავე დროს მის შრომას ფასი არ აქვს, შვილებზეც ნაკლები უფლება აქვს, თვითონაც ნივთიერად ქმარზეა დამოკიდებული. ჩვენ მამაკაცებს არ უყვართ და კიდეც ეთაკილებათ, რომ მათი ცოლები სამსახურში იყვნენ და ოჯახს ეხმარებოდნენ. რუსები კი, წინააღმდეგ ამისა, ძალიან ამაყობენ, როცა მათ ცოლები ეხმარებიან. იმიტომაა, რომ რუსის ქალები ბევრ შემთხვევაში, ნივთიერად დამოუკიდებელია მამაკაცზე და ეს დამოუკიდებლობა საფუძველია მათი თავისუფლებისა. სამართალში, როცა ქალისა და კაცის საჩივარია სქესობრივ დამოკიდებულების მხრივ, ყველაზე მწვავედ აქ არის ერთი მეორეს ინტერესი დაპირდაპირებული და ამავე დროს მსაჯულები, თუნდაც ნაფიცნი იყვნენ, ყველა მამაკაცისგან შედგება და რასაკვირველია, სასწორი მათკენ იხრის და ქალი მტყუანი რჩება.

30 ენკენისთვეს გამოვიდა ახალი კანონი, რომლის ძალით ყოველი რუსეთის მოქალაქეს, 9მამაკაცს0 წლოვანებით არანაკლებ 25 წლის, რომელმაც იცის რუსული ლაპარაკი და წერა-კითხვა, ნება აქვს არჩეული იქნეს ნაფიც მსაჯულად ორი წლის ვადით. რაც უნდა პატიოსანი იყოს მსაჯული მამაკაცი და ძლიერ მცოდნეც, ის ვერასოდეს ვერ მიხვდება და ვერ გაიგებს იმ რთულს ფსიხოლოგიურს განცდას, რასაც მშობელი დედა გამოივლის, როდესაც მის მშობლიურ გრძნობას, ან უფლებებს სთელავენ ან როდესაც, ქალი თავისი პატიოსნების დასაცველად მკვლელობას სჩადის. ამიტომ, საჭიროა, რომ ნაფიცი მსაჯულები ქალებიც იყვნენ.

მეორე მხრივ, არის იმისთანა კითხვები, სადაც ქალის მონაწილეობა აუცილებელი საჭიროა – მილიტარიზმი. ყველა ეხლა ამას იძახის ქალებს რომ კანონმდებლობაში ქონოდათ მონაწილეობა, ომის ნებას არავინ მისცემდაო. ერთი ინგლისელი მწერალი ქალი ამბობსЖ „მე არ ვიცი კაცობრიობის გაჩენის ისტორია, მაგრამ კაცის გაჩენის ისტორია ვიცი, რადგან მე ვშობე იგი ტანჯვა-წვალებით, ამიტომაც მე თვითონ ჩემ შვილს სასაკლაოზე არ გავგზავნიდიო”. ამას გრძნობს და ფიქრობს ყველა მშობელი დედა და ამ თვალისაზრისით გადაწყვეტს კითხვას.

არის იმისთანა ბოროტება, რომელიც ძირს უთხრის კაცობრიობას და დაღუპვას უქადის. ეს არის პროსტიტუცია და ლოთობა და მათი პირმშო სიფილისი. ავტონომიურ ავსტრალიაში მუშები ძალიან ცდილობდენ, რომ ზემოხსენებული სენის წინააღმდეგ საბრძოლველი კანონი გამოეყვანათ, მაგრამ ვერ შესძლეს, სანამ ქალები არ დაუშვეს კანონმდებლობაში.

იტყვიან ქალები მოუმზადებლები არიან და დამფუძნებელ კრებაში რა უნდა გააკეთონო. მე ამაზე ვუპასუხებ, რომ არცერთ პარტიაში არ არის იმდენი მომზადებული პირები, როგორც კადეტებში, მაგრამ ხალხი არასოდეს არ გაგზავნის მათ თავის ინტერესების დასაცავათ. მუშები ისევ მუშებს გაგზავნიან, გლეხები – გლეხს, რომლებიც ნაკლებ მომზადებულები იქნებიან, მაგრამ თავგანწირულათ დაიცავენ თავიანთ ინტერესს. თვითონ ბებელი ამბობს („ქალი და სოციალიზმი”): „როგორც მუშა თავის ინტერესის დაცვას ბურჟუას არ ანდობს, ისთე ქალმა თავის ინტერესის დაცვა მამაკაცს არ უნდა მიანდოსო”.

ქალების გაგზავნა საჭიროა არათუ თავის ინტერესის დაცვისათვის, არამედ ზემოხსენებული საჭირბოროტო კითხვების გადაწყვეტისათვის. იმ ქვეყნებში, სადაც ქალები იღებენ მონაწილეობას კანონმდებლობაში (ავსტრალია, ზელანდია, ნორვეგია) დიდი სარგებლობა მოუტანეს მუშათა საკითხის გადაჭრას, ბავშების აღზრდას, დიდი ბრძოლა გაუწიეს ყოველგვარ უზნეობას, შეამცირეს ლოთობა, უზრუნველყვეს სიბერე. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ყოველ პარტიამ, ვინც სცნობს ქალთა თანასწორობას საქმით და არა სიტყვით, გაიყვანოს ქალები, თითეულმა არანაკლებ სამისა. ჩვენც იმ პარტიებისთვის ვეცდებით, რომელსაც ჩვენდამი გულწრფელ თანაგრძნობას შევატყობთ.