ჩვენ და ეროვნული ყრილობა

Კითხვის დრო: 6 წუთი
Teaser Image Caption
Kato Mikeladze (1878-1942) Journalist, Public figure

1917 წელი, გაზეთი "ხმა ქართველი ქალისა", ავტორი: კატო მიქელაძე.

#32, დეკემბერი

 

"აღსრულდა დიდი ხნის ნატვრა და საქართველოში მოქმედმა პოლიტიკურმა პარტიებმა 19 ნოემბერს ქ. თბილისში გადადგეს ისტორიული ნაბიჯი, მოხდა მორიგება დიდი ხნის სადაო საკითხზე და იცვნეს მტრისგან განაწამები სამშობლო მისმა ვაჟებმა მზრუნველობის ღირსად. ეს ყრილობა იყო ერთგვარი კონსილიუმი მკურვნელ ვაჟებისა, რომლებიც დღემდე სხვადასხვა დიაგნოზს უყენებდენ ავადმყოფ დედას და რომლის გამო ამდენი აყალ-მაყალი და განხეთქილება სუფევდა მათში.

19 და 20 ნოემბერს დოსტაქრები შეთანხმდნენ ამავე დიაგნოზის დაყენების დროს და გამოუწერეს მათ ერთნაირი წამალი ე.ი. ის, რომ მას სჭირია თავისუფლება და ამ თავისუფლების კანონის ძალით დაცვა. მიიღეს და ცვნეს საჭიროთ საქართველოს ტერიტორიული ავტონომია, ანუ მათი სიტყვით რომ ვსთქვათ, აღიარეს მისი კანონმდებლობითი თვითმმართველობა. დღეიდან ყველა მოქმედ პარტიებს საქართველოში აქვს საერთო საზრუნველი საგანი და ეს საგანია ჩვენი მოხუცი დე

და – საქართველო. ამდენს აზრთა სხვდასხვაობაში ქართველს ერს დაებადა ერთი რწმენა, რომელიც იხსნის მათ დაქსაქსულობისგან და რომელიც ხდება საფუძვლად ჩვენი საზოგადოებრივი ძალთა გაერთიანებისა და ეს რწმენაა მოვლა და პატრონობა ჩვენი სამშობლო ქვეყნისა.

რა უნდა ყოფილიყო ასე მარტივად და ადვილად გასაგები და მისაღები, როგორც იმის შეგნება, რომ თითეულს ქვეყანას, როგორც თითეულს ოჯახს, სჭირია თავის შვილთა და წევრთა მიერ დაცვა და ჭირისუფლობა, მაგრამ 15 წელიწადზე მეტია, რაც ასეთს ბუნებრივ და უბრალო საკითხის გადასაწყვეტად ჩვენ ძმებს ერთი ჩხუბი და ალიაქოთი ჰქონდათ, რამაც თანამედროვე საქართველოს უდიდეს მგოსანს „დედა და შვილები” დააწერინა, რომელშიაც, სხვათაშორის, შემდეგი სიტყვები ათქმევინა:

„სანამ უგუნურ მაჩხუბრებსა,

ვაი ჰქონდათ და ვაგლახი,

დიდმა მგელმა შეუპოვრად

ამოაგდო ოჯახი”

და ამ სურათის დანახვაზე გამწარებული დედის პირით მას შემდეგი ნატვრა აღმოსკდა:

 „ღმერთო ჩემო, რადგან ბედმა,

მე შვილებში მომატყუა,

შვილიშვილებს მაინც მიეც,

შეძლება და მეტი ჭკუა”

მგოსნის სურვილი ახდა ახლა უფრო ადრე, ვიდრე ის მოელოდა და სანამ შვილიშვილები მოეშველებოდენ, თვით შვილებმა, როცა დაინახეს, რომ ეგ დიდი მგელი არამარტო ოჯახს უნგრევდა, არამედ ყველას ერთად შეჭმას ემუქრებოდა, გამოიჩინეს თავდასაცველად ეგ მგოსნის მიერ ნანატრი ჭკუა და ამ დიდი მგლიდან თავისუფლების საჭიროება ერთნაირად დაინახეს და დაადასტურეს ქ. თბილისში 19 და 20 ნოემბერს.

აი, დედააზრი პირველი ქართული ეროვნული ყრილობისა. არსებითად, ეს ყრილობა იყო არა ეროვნული, არამედ ვაჟური, სადაც თავი მოეყარათ საქართველოს სხვდასხვა კუთხის ვაჟებს, სადაც 5 ქალი ძლივს ერია. ვაჟები ჩხუბობდენ. ვაჟები შერიგდენ და ამ შერიგებას ერთი მეორეს ულოცავდენ. ქართველ ქალს არათუ მონაწილეობა არ მიუღია ამ ყრილობაზე, არამედ მას თავის სიხარულის გამოთქმის ნებაც არ მისცეს. 20 ნოემბერს, როდესაც ბატონმა ნოე ჟორდანიამ პოლიტიკურ შინაურ თვითმმართველობაზე მოხსენება წაიკითხა და აღიარა საქართველოს ტერიტორიალური ავტონომია, კრება 15 წუთით შესწყდა და თანაც გამოაცხადა, რომ, ვისაც სიტყვის თქმა სურდათ, ჩაწერილიყვნენ. ამდენს მომლოცველ და თანხმობის გამომცხადებელ მამაკაც ორატორებში ერთი ქალი აღმოჩნდა სიტყვის გამღები, რომელმაც წერილობით მიმართა მდივანს, რომ ჩაეწერათ იგი. მიუხედავათ ადრე განცხადებისა, ორატორთა სიაში იგი როგორღაც სულ ბოლო მოხვდა. ეს ქალი ვიყავ მე, კატო მიქელაძე, დელეგატი ქუთაისის ქალთა ინტერპარტიულ ორგანიზაციისა. ილაპარაკეს ათმა მამაკაცმა სტუმრებმა და პარტიის წევრებმა, რის შემდეგ სია დახურეს. მდივანმა მანიშნა, რომ სიტყვის თქმის უფლება მოსპობილი მაქვს.

მე ვფიქრობდი: მართალია, არც სტუმარი ვარ და არც ამა თუ იმ ფრაქციის სახელით მოლაპარაკე, მაგრამ მე ვარ ქართველი ქალი დღემდე პოლიტიკურ ცხოვრებას მოწყვეტილი. დღეს კი რევოლიუციონურმა დემოკრატიამ, როცა მე და ჩემს სამშობლოს პოლიტიკური უფლება მოგვანიჭა და საქართველოსთან ერთად, ქართველი ქალიც მონობიდან განთავისუფლდა, მე, როგორც წარმომადგენელს ქალთა ორგანიზაციისას, უფლება მაქვს და თანაც საბაბი, რომ გადავსცე ქართველ ეროვნულ ყრილობას (თუ რომ ერში ჩვენ, ქალებიც ვითვლებოდით) ჩემი ამომრჩეველთა მათდამი მადლობა და მათი ფიქრნი და ზრახვანი შესახებ მომავალ ქართული პოლიტიკური ცხოვრებისა. როდესაც ასეთი მწველი სურვილის გამოთქმის შესაძლებლობას მისპობდენ და სულიერ შეწუხებას განვიცდიდი, მირჩიეს იმ დროს, როდესაც კრება რამოდენიმე წუთით ხელახლა შესწყდა, ავსულიყავი ბატონ ჩხენკელთან, რომელიც იმ დღეს თავმჯდომარეობდა და მეთხოვა მისთვის სიტყვის წარმოთქმის ნება. მეც ავდექი და მივმართე მას, რომელმაც ჩემს წინადადებაზე შემდეგი პასუხი მომცა: „ჩვენ ქართულ ორგანიზაციებს სიტყვის თქმის უფლებას არ ვაძლევთ”.

– ჩვენ ამას ისე გავიგებთ, რომ თქვენ პირველ ეროვნულ ყრილობაზე ქართველ ქალს თავისი სიხარულის გამოთქმის ნება არ მიეცით!

– მასე არ შეიძლება ამის გაგება!

– ჩვენ სხვანაირად ამას ვერ გავიგებთ – ვუპასუხე მას და გამოვბრუნდი. რას ვიზამდი, დავმორჩილდი უფროსთა სიძლიერეს და გულდაწყვეტილი მივაშურე ჩემს სკამს, მაგრამ ჩემი სულიერი შეწუხება მით უფრო მწველი იყო ჩემთვის, როცა ერთი თანამგრძნობი ვერ ვიპოვე ამდენს მამაკაცებში. ისენი ისე გატაცებულნი იყვნენ ეროვნულ საკითხში შერიგებით და იმის წარმოდგენით, რომ მომავალი ეროვნული ცხოვრება მათ ყველაფერს პირდებოდა და აძლევდა, რომ მათთვის საკითხი ქართველი ქალის უფლებისა, თუ რა ადგილს მოითხოვდა ის მომავალ ეროვნულ შენობაში, როცა ამ შენობას საძირკველს უყრიდენ გუშინდელი მაჩხუბარი ძმები და დღეს კი შერიგებულნი, სრულიად არ აგონდებოდათ და არც აინტერესებდათ. მათ შორის, განსაკუთრებით კმაყოფილებას გრძნობდენ ქალთა უფლების მტერნი და ბატონ აკაკი ჩხენკელისადმი მადლობასაც, რომ მათი ყურთასმენა არ შეაწუხა უკანასკნელმა ქალის მიერ პოლიტიკური და მოქალაქური უფლების მოთხოვნის მოსმენით.

ერთი მხრით, ქალთა მცირერიცხოვანმა დელეგატებმა და მეორე მხრით, ქალთა უმეტყველობამ ამ დიდს ისტორიულ ყრილობაზე ისეთი შედეგი გამოიღო, რომ ეროვნულ საბჭოს არჩევის დროს ერთი ქალიც არ იყო დასახელებული, გარდა ქალბატონი მინადორა ტოროშელიძისა, რომელიც არჩეული იყო არა როგორც ქალთა წარმომადგენელი, არამედ როგორც ფრაქციის წევრი და ისიც უკანდიდატოთ.

ამგვარად, ეროვნულ საბჭოში ქართველ ქალებს თავისი სპეციალური დედაკაცური ინტერესის დამცველი არავინა ყავს. ქართველ ქალებს ამის საშვალება მოუსპეს ორმა ცნობილმა სოციალისტმა – ნოე ჟორდანიამ, ყრილობის მიერ ქართველ ბელადათ აღიარებულმა და აკაკი ჩხენკელმა.

ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ არცერთი ქვეყნის სოციალისტები, რომელ ქვეყანაშიაც ქალს შესძლებოდა ეროვნულ ყრილობაზე დელეგატათ შესვლა, არ მოუსპობდა ქალებს სიტყვის თქმის საშუალებას, თუ რომ ასეთს სურვილს რომელიმე მათგანი გამოცხადებდა. არცერთ ქვეყანაში, სადაც კი შესაძლო იქნებოდა ქალის არჩევა, ეროვნულ საბჭოში სოციალისტები ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელთ აურჩევლად არ დასტოვებდა და თუ ეს ჩვენში მოხდა, მხოლოდ მისთვის, რომ ბატონებმა, ჟორდანიამ და ჩხენკელმა თავიანთი სოციალისტური მისია უკვე დაასრულეს და სოციალისტურ საქმეთა საწარმოოთ მათი ასტავკაც მოახლოვებულია, რომ ეგ ორი ბელადი დღეს ასეთს იდეურ ხანაში შესული ბრძანდებიან. ამას არა თუ ბოლშევიკები, არამედ თვით მათი თანამოაზრე მენშევიკების დიდი ნაწილი აღიარებს ჩვენთან ერთად. ბატონი ჟორდანია ოდნავაც არ შემკრთალა იმ შეკითხვაზე, რომელიც მისმა ამხანაგმა ცერცვაძემ დაუყენა: „ყველაფერი კარგი, მაგრამ რისთვის ქალებს თავისი წარმომადგენელი არა ყავთ ეროვნულ საბჭოში, რად დაგავიწყდათ ქართველი ქალიო” გაისმა დარბაზში მჭექარე ხმა მოხუცი სოციალისტისა.

– ჩვენ ქალები გვყავს – უპასუხა ჟორდანიამ.

ჩვენ ვიცით, რომ მას ქალები ყავს, მაგრამ არ ვიცით რამდენათ მისი ქალები დაიცავენ ქალთა უფლებას დამფუძნებელ კრებაზე და გაბედავენ პარტიულ ჩარჩოდან გამოსვლას. დიად ბატონ ჟორდანიას ქალები ყავს, მაგრამ მისი წყალობით ქართველ ქალებს თავისი ინტერესის დამცველი დღეს არავინა ყავს.

წინ კიდევ დრო გვიდევს ვნახოთ, რას აუწყებს ქართველ ქალებს მომავალი ადგილობრივი დამფუძნებელი კრება, სადაც ერთადერთი კანონმდებელნი მამაკაცები იქნებიან. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვაუწყოთ მათ, თუ რომ ქალები ქვეყნის მართვა-გამგეობიდან გამორიცხული დარჩენ, ამაოთ ფიქრობენ ქართველი ერის ბელადნი, რომ ქართველი ქალები მათ მიერ გამოცემულ კანონებს დაემორჩილონ".

 

 

სტატია გამოქვეყნებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პუბლიკაციაში "კატო მიქელაძე: ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები"