“პოლიტიკა ბინძური საქმეა” - ხშირად მოისმენთ საქართველოში, ასევე გაიგონებთ იმასაც, რომ „პოლიტიკა ქალის საქმე არ არის”, და ეს ორი მსჯელობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ერთი მხრივ, ფსევდო-ზრუნვა ქალებზე, მეორე მხრივ, პოლიტიკაში კონკრეტული ადამიანების წვლილის დაკნინება, თითქოს პოლიტიკა თავისთავად იყოს „ბინძური,” კორუმპირებული, უპრინციპო. პოლიტიკას ადამიანები ქმნიან და პასუხისმგებლობაც კონკრეტულ პოლიტიკოსებზეა და არა ცალკე მდგომ აბსტრაქტულ პოლიტიკაზე. გინებით და მუშტი-კრივითაც კონკრეტული პოლიტიკოსები “იბრძვიან” და მაღალი პოლიტიკური კულტურაც ინდივიდებმა უნდა შექმნან. დღეს საქართველოს პარლამენტში 89% კაცია, ისინი განსაზღვრავენ თამაშის წესებს, ქცევის სტანდარტს, ღირებულებებს და იმისაც კაცები წყვეტენ თუ ვინ და როგორ მოხვდება ჯერ პარტიულ სიებში და შემდეგ პარლამენტში.
ამ უკიდურესად მასკულინურ პოლიტიკურ რეალობაზე ქალებს გავლენა არ აქვთ. პოლიტიკაში ქალების მეტი ჩართულობის მოთხოვნის დაყენება დღესაც შეუძლიათ ქალებს, როგორც სოციალურ ჯგუფს, როგორც მოსახლეობის უმრავლესობას, როგორც ამომრჩეველს. მით უმეტეს, როდესაც ეს მოთხოვნა არა მხოლოდ ქალების, არამედ მთელი საზოგადოების მოთხოვნაა: 2014 წლის კვლევამ გამოავლინა, რომ საქართველოში ქალების 71% და კაცების 62% მიიჩნევს, რომ ქალების ჩართულობა პოლიტიკაში მნიშვნელოვანია (NDI, CRRC 2014). დღეს ქალები დღის წესრიგში აყენებენ ქალების პოლიტიკური მონაწილეობის ზრდას და აუცილებელია ვიმსჯელოთ ამ მოთხოვნის შესრულების გზებზე. რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო იმისთვის, რომ მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში? ეს პრობლემა არახალია და სხვადასხვა გამოცდილ მეთოდს შორის კვოტები უალტერნატივო ლიდერია, რომელსაც მსოფლიოს 118 ქვეყანა იყენებს (IIDEA 2013).
აქვე განვმარტოთ: კვოტები დროებითი და სპეციალური ზომაა, რომელიც მიმართულია გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე ერთი მოწყვლადი ჯგუფის მონაწილეობის გასაზრდელად. კვოტები მრავალგვარი არსებობს: ნებაყოფლობითი შიდაპარტიული კვოტები, სავალდებულო საპარლამენტო კვოტები, კერძო კომპანიის მმართველი საბჭოს კვოტები და სხვა. კვოტებს იყენებენ როგორც არჩევით თანამდებობებზე, ასევე აღმასრულებელ შტოში, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. კვოტები ყველაზე ხშირად გენდერული ნიშნით და ქალების გაძლიერებისთვის გამოიყენება.
კვოტები ყოველთვის ცხარე დისკუსიის თემაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უმრავლესობა ვთანხმდებით ქალების პოლიტიკაში ჩართულობის აუცილებლობაზე, კვოტების მიზანშეწონილობაზე აზრი იყოფა. განვიხილოთ არგუმენტები და კონტრარგუმენტები:
კვოტები ხელოვნური ჩარევაა?
კვოტა სწორედაც რომ არის კანდიდატების შერჩევის პროცესში ხელოვნური ჩარევა, რადგან ის დროებით მიღებული სპეიციალური ზომაა. ხშირად სწორედ ამ ხელოვნურობას უწუნებენ კვოტებს, თუმცა იქ, სადაც ბუნებრივად დაცულია გენდერული ბალანსი, კვოტების საჭიროება ისედაც არ არსებობს. კვოტები ხომ არსებითი უთანასწორობის აღმოფხვრაზეა ორიენტირებული. თუმცა, კვოტირების ინსტრუმენტს ხშირად აკრიტიკებენ და იწუნებენ სწორედ იმ არგუმენტით, რომ კვოტები დისკრიმინაციულია, რადგან ის არღვევს თანასწორი შესაძლებლობების პრინციპს, როცა უპირატესობა ენიჭება ქალს. ამ არგუმენტის საწინააღმდეგო არგუმენტი კი შემდეგია: კვოტები არის კომპენსაცია იმ რეალური ბარიერების დასაბალანსებლად, რომელიც ხელს უშლის ქალს, იყოს წარმოდგენილი შესაბამის ორგანოში და იცავდეს საკუთარ ინტერესებს. პოლიტიკაში რაოდენობის ქალების ზრდით ქალთა ინტერესების დაცულობის ხარისხის ზრდა კვლევებით დასტურდება (ჯ. მილერი 2008). რაც შეეხება ბარიერებს, ქალები ყველაზე ხშირად ხელისშემშლელ ფაქტორად ოჯახის, სოციუმის, პარტიის მხარდაჭერის ნაკლებობას და ფინანსურ სირთულეებს ასახელებენ (Inter-Parliamentary Union 2008).
კვოტები პოლიტიკოსთა კვალიფიკაციას ადაბლებს?
კვოტების წინააღმდეგ მეორე გავრცელებული არგუმენტია ის, რომ კვოტირების შედეგად უფრო კვალიფიციური (მამაკაცი) კადრების ადგილს დაუმსახურებლად დაიკავებენ ნაკლები კვალიფიკაციის მქონე ქალები. ეს არგუმენტი ორმაგად არის პრობლემური: ერთი - რატომ შეგვაქვს ეჭვი ქალების კომპეტენციაში? ქალების კვალიფიკაციაში უპირობოდ ეჭვის შეტანას და მათი შესაძლებლობების დაკნინებას პატრიარქალური კულტურა განაპირობებს და ასეთი შეფასება ხშირად არაობიექტურია. მეორე - არჩევნებისას მხოლოდ განათლება და კვალიფიკაცია არ არის გადამწყვეტი, უმნიშვნელოვანესი არჩევით ორგანოებში წარმომადგენლობაა, რადგან წარმომადგენლობითი ორგანოების პირველადი ფუნქცია სწორედ ის არის, რომ საზოგადოებას მისცეს საშუალება სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი არჩევით ორგანოში და დაიცვას საკუთარი ინტერესები.
კვოტები ამომრჩევლის უფლებას არღვევს?
კვოტირების მოწინააღმდეგები ხშირად ამომრჩევლის უფლებებზე მუთითებენ და ამბობენ, რომ კვოტირება ამომრჩეველს არჩევანის საშუალებას ართმევს, უფლებას-გადაწყვიტოს, თუ ვინ უნდა აირჩიოს. ამ მოსაზრებას უპირისპირებენ შემდეგ არგუმენტს: არჩევნებზე კანდიდატებს მაინც პარტიები წარადგენენ და არა ამომრჩეველი; შესაბამისად ამომრჩეველს ნებისმიერ შემთხვევაში პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან უწევს არჩევანის გაკეთება.
პოლიტიკაზე უარს თავად ქალები ამბობენ?
კვოტირების მოწინააღმდეგეებს ასევე მიაჩნიათ, რომ ქალების დაბალი მონაწილეობა პოლიტიკაში მათივე სურვილის არარსებობის ბრალია. თუმცა, ამასთან, იგივე ქართული კვლევები გვიჩვენებს, რომ პარტიებში ქალები აქტიურად არიან პარტიულ საქმიანობაში ჩართულები (ფონდი “ტასო”, 2010), რასაც თავად პარტიის ლიდერებიც აღიარებენ. პრობლემა ხშირად პოლიტიკურ პარტიებში შიდა დემოკრატიის დაბალი დონეა, რომელიც არ უწყობს ხელს პარტიის შიგნით ქალების კარიერულ წინსვლას.
კვოტები ზრდის პროტესტს და აგრესიას ქალი პოლიტიკოსების მიმართ?
არსებობს იმის საშიშროება, რომ, თუ ამომრჩეველი მიიჩნევს, რომ მას თავს ახვევენ ქალ კანდიდატებს, კვოტირებამ საწყის ეტაპზე შეიძლება გამოიწვიოს პროტესტი ქალების წინააღმდეგ. ასევე, შესაძლოა კვოტირებამ გამოიწვიოს სტერეოტიპების გაღრმავება ქალების წინააღმდეგ, რომ კვოტირებით მოსული ქალები ნაკლებ კვალიფიციურები არიან.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ კვოტირების სისტემის დანერგვის შედეგად ზოგიერთ შემთხვევაში ქალი ლიდერების მიმართ წინააღმდეგობა იზრდება. საზოგადოება აგრესიას გამოხატავს ქალი პოლიტიკოსის მიმართ, რადგან არ აღიარებს მას. თუმცა არჩევნების ორი ციკლის შემდეგ დისკრიმინაცია პოლიტიკოსი ქალების მიმართ კლებულობს (ბიმენი 2009), რადგან საზოგადოება თვალყურს ადევნებს რა ქალი ლიდერების მოღვაწეობას, მიდის იმ დასკვნამდე, რომ კარგი ლიდერის სქესს მნიშვნელობა არ აქვს.
კვოტები საჭიროა, რადგან ქალები ნაკლებ კორუმპირებულები არიან?
არსებობს კვოტირების მომხრე არგუმენტი, რომ ის ამცირებს კორუფციას და შესაბამისად პოზიტიურად მოქმედებს კეთილდღეობაზე, რაც დასტურდება კიდევაც კვლევებით (ბიმენი 2010). კვლევები გვიჩვენებს რომ პრაქტიკაში ქალი პოლიტიკოსები ნაკლებად კორუმპირებულები არიან ვიდრე კაცები. მეორეს მხრივ ამ არგუმენტის მოწინააღმდეგები იმ საგულისხმო გარემოებაზე მიუთითებენ, რომ შესაძლოა ნაკლები კორუფცია და შედარებით პატარა ოდენობის ქრთამები პოლიტიკოსი ქალების ნაკლებ გავლენიანი პოზიციით ან გამოუცდელობით აიხსნებოდეს და არა მათი სქესით.
კვოტების მხარდასაჭერი არგუმენტები
არსებობს კვოტირების ისეთი არგუმენტები, რომელთა უგულვებელყოფა კვოტირების მოწინააღმდეგეებს ძალიან უჭირთ, მაგალითად: ქალებს აქვთ უფლება, იყვნენ სათანადოდ წარმოდგენილები გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე; პოლიტიკური ცხოვრება საჭიროებს ქალების გამოცდილებას, რომელიც უფრო მრავალფეროვანს და კონკურენტულუნარიანს ხდის მას; კვოტების არსებობა, ანუ რეალური შესაძლებლობის არსებობა მოტივაციას აძლევს ქალებს, მეტი ინვესტიცია ჩადონ საკუთარ განათლებაში, კარიერაში და ლიდერობის პოტენციალში. ასევე, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე კვოტირებით მოსული ქალები ხდებიან სამაგალითო მოდელები სხვა ქალებისათვის.
დღეს ქართველი ქალებიც ითხოვენ სავალდებულო პარტიული კვოტების შემოღებას. ჩვენ კვოტირების გამოცდილება არ გვაქვს, თუმცა ფინანსური წახალისების სისტემა პარტიებისათვის 2011 წლიდან დავნერგეთ. 2014 წლიდან კი იმ პარტიის დაფინანსება, რომლებიც საარჩევნო სიის ათეულში სამ ქალ კანდიდატს შემოგვთავაზებდა 30% გაიზარდა. სამწუხაროდ საქართველოში პოლიტიკური პარტიები ან საერთოდ არ იყენებენ ნებაყოფლობითი კვოტების ამ სისტემას, ან თუ იყენებენ, ქალებს მაინც სიების ბოლოში, არაგამსვლელ პოზიციებზე წარადგენენ. ამასობაში კი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა 11% ვერ სცდება.
ამ გამოცდილების გათვალისწინებით, თუ კვოტების გამოყენებაზე ვსაუბრობთ, ამჯერად უფრო ქმედით სისტემაზე უნდა ვიფიქროთ. ან სავალდებულო უნდა იყოს პარტიული კვოტირება, ან კიდევ უფრო მაღალი ფინანსური წახალისების ზომა უნდა დავნერგოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ქალების პოლიტიკური გააქტიურება აბსოლუტურად აუცილებელია. გენდერული კვოტების ადვოკატირებას და ლობირებას, ბუნებრივია რომ ქალები ეწევიან და კვოტების დანერგვაც სწორედ ქალების სწორი პოლიტიკური მუშაობის შედეგი იქნება. აქვე ნუ დაგვავიწყდება რომ შარშანდელი გამოკითხვის შედეგების მიხედვით პარლამენტში სავალდებულო კვოტების შემოღებას გამოკითხულთა 68% დაუჭირა მხარი (NDI, CRRC 2014). ეს შესანიშნავი მესიჯია ქალებისათვის. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მზადაა ლიდერი ქალებისათვის და ახლა ჯერი ქალებზეა. არც პარლამენტარობას და არც სხვა არჩევით თანამდებობას ლანგარზე არ მიართმევენ ქალებს, ყველაფერს შრომა და ბრძოლა სჭირდება, მათ შორის კვოტების შემოღებასაც. ქალთა პოლიტიკური გაძლიერება დღეს საქართველოს გამოწვევაა.