პოლიტიკის საჯარო სივრცეში გააქტიურებული დისკუსია გენდერული კვოტირების შესახებ ცხარე დებატების საგნად იქცა. სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებში მწიფდება განწყობა, რომ გენდერული კვოტირება აუცილებელია ქვეყანაში გენდერული თანასწორობის ხარისხის გასაუმჯობესებლად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. კანონპროექტი, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოებში დროებითი, მაგრამ სავალდებულო იურიდიული ნორმის შემოღებას ითხოვს, დამუშავების პროცესშია. ამ იდეის მოწინააღმდეგე ჯგუფები კვოტირებას ქალების მიმართ დისკრიმინაციულად თვლიან და სავალდებულო ნორმის შემოღება ხელოვნურ ვალდებულებად მიაჩნიათ.
ბიოლის ფონდის ოფისში 25 მარტს (2015) გამართული დებატები შემდეგ საკითხებს მოიცავდა - რას მოუტანს გენდერული კვოტირება პარლამენტს, საზოგადოებას და ქვეყნის დემოკრატიას? რა არგუმენტებით მყარდება კვოტირების მომხრე და მოწინაღმდეგე ჯგუფების მოთხოვნები? რა პრივილეგიების დათმობას გულისხმობს გენდერული კვოტირება?
მომხსენებლები:
- თინა ბოკუჩავა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- ხათუნა სამნიძე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე;
- ნანა ფანცულაია, აღმასრულებელი დირექტორი, ქალთა ფონდი საქართველოში;
- ლევან ცუცქირიძე, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში.
დისკუსიის მოდერატორი: თამარ გურჩიანი, იურისტი.