მე ორი შვილი მყავს, ორივე გოგო და მინდა ისინი მათ მიმართ უფრო კეთილგანწყობილ საზოგადოებაში გაიზარდონ. ჩვენი ქვეყანა დღეს ასეთი არ არის, ის ძალიან უსამართლოა ქალების მიმართ. ამრიგად, ჩემს ფემინისტურ ხედვას, ზოგად პოლიტიკურ ფასეულობებთან ერთად, ძალიან პირადი საფუძველიც აქვს.
მე ვმუშაობ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის ქალებს ჰქონდეთ ისეთივე შესაძლებლობები, როგორიც კაცებს და არ მომწონს ის უთანასწორობა, რომლებიც ჩამოყალიბდა ცუდი ტრადიციების, განათლების დაბალი ხარისხის, სიღარიბის, თუ ქალისა და კაცის როლების შესახებ არამართებული წარმოდგენების გამო. ჩვენ ვერ შევძლებთ ჩამოვყალიბდეთ ჰუმანურ და ცივილიზებულ საზოგადოებად, თუკი თანასწორობის საკითხებს ჯეროვან ყურადღებას არ მივაქცევთ. ნებისმიერი საზოგადოების სახე და მისი ღირსება იმაში ვლინდება, თუ როგორ ეპყრობა იგი იმათ, ვინც სხვადასხვა მიზეზების გამო, უთანასწორო მდგომარეობაში არიან და არა იმაში, თუ რამდენად ემორჩილება იგი მასზე ძლიერს.
ქალების თანასწორობის საკითხი არ არის მხოლოდ მათი საზრუნავი. ეს პრობლემა იმდენადვეა კაცების საფიქრალი, რამდენადაც ქალების, ვინაიდან ეს საზოგადო პრობლემაა და მიუღებლად მიმაჩნია კაცების მიერ ამისგან იზოლირება, მისი ვიწრო იდეოლოგიურ ჭრილში შეკეტვა და არ დანახვა იმისა, რომ პრობლემების საფუძველი ხშირად პოლიტიკური შინაარსისაა და შესაბამის პასუხებსაც საჭიროებს. კაცების მონაწილეობის გარეშე კი ეს პრობლემები ვერ მოგვარდება, თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ მათი ხმა ჯერ კიდევ უფრო დომინანტურია, მათ მეტი ფული აქვთ და შესაბამისად, მეტი ხმებიც პარლამენტში.
ამიტომაც, მე როგორც კაცი და როგორც ფემინისტი, ვცდილობ ჩემი რესურსი, ჩემი ხმა და ენერგია მოვახმარო ერთმანეთთან გადაჯაჭვულ ერთ საერთო და კიდევ ერთ პირად საქმეს: იმას, რომ ამ ქვეყანაში ბედნიერი ცხოვრების შანსი ქალებსა და კაცებს თანასწორად კარგი ჰქონდეთ და ამით ეს ქვეყანა გახდეს უკეთესი. და იმას, რომ ეს იყოს ქვეყანა, სადაც მეც და ჩემს გოგოებსაც ყველას მოგვინდება ერთად ცხოვრება.