განათლება: სადოქტორო სერტიფიკატის მფლობელი სოციოლოგიაში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) სტიპენდიანტი დემოკრატიისა და განვითარების პროგრამაში, სტენფორდის უნივერსიტეტში (კალიფორნია, აშშ). მინიჭებული აქვს სრული ფასილიტატორის სერტიფიკატი დემოკრატიის მმართველობისა და არჩევნების სფეროში რესურსების განვითარების პროგრამაზე (BRIDGE) - საერთაშორისო დონეზე აღიარებული სასწავლო ორგანიზაცია.
თანამდებობა: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
სამუშაო თემები: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო გარემოს განვითარება, დემოკრატიის მმართველობა, პოლიტიკური უფლებები, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა.
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
ქალაქი: თბილისი
ელ.ფოსტა: tzhvania(at)cec.gov.ge
ბიოგრაფია:
თამარ ჟვანია 2013 წლიდან საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობს; საჯარო სამსახურში კარიერული საქმიანობის დაწყებამდე კი საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) მენეჯერი იყო, სადაც შექმნა და დანერგა საარჩევნო გარემოს განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების და ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებებით; გაეროს განვითარების პროგრამაში საქმიანობისას მას თავისი წვლილი აქვს შეტანილი საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწის პროცესში. თამარ ჟვანია ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” (ISFED); 2011-2012 წლებში იყო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პროგრამის უფროსი მენეჯერი ნიგერიაში; უშუალოდ მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში, მათ შორის - იყო NDI-ის გრძელვადიანი დაკვირვების კონსტულტანტი ბანგლადეშის საპარლამენტო არჩევნებზე 2007 წელს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დამკვირვებელი 2007 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ყაზახეთში, ასევე აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს ნორვეგიაში 2005 წელს, ნორვეგიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის ეგიდით, ხოლო უკრაინაში იყო არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის (ENEMO) მოკლევადიანი დამკვირვებელი საპრეზიდენტო არჩევნებზე. ლატვიაში თამარ ჟვანია უკვე როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელი საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა და ასევე იმყოფებოდა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროგრამის ფარგლებში 2014 წლის აშშ-ს არჩევნებზე.
თამარ ჟვანია არის არაერთი ნაშრომის ავტორი: მას მომზადებული აქვს სადამკვირვებლო ანგარიშები 2004 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში; ასევე იგივე ორგანიზაციისთვის 2005 წლის პარლამენტის შუალედური და განმეორებითი არჩევნების ანგარიშები, 2006 წელს მას მომზადებული აქვს ანგარიში ადგილობრივ არჩევნებზე. არის 2002 წლის ISFED-ის ანგარიშების თანაავტორი, ადგილობრივი თვითმმართველობის და პარლამენტის არჩევნებზე. თამარ ჟვანია ასევე არის არაერთი სტატიისა და საინფორმაციო ბუკლეტის ავტორი არჩევნების მართვის, ხელმისაწვდომობის, ინფორმაციის საჯაროობის საკითხებზე, ISFED-ის გაზეთის - „სამოქალაქო საზოგადოების“ 7 და ამავე სახელწოდების ჟურნალის 3 გამოცემის რედაქტორი და ამავე გაზეთში გამოცემული სხვადასხვა ნაშრომის ავტორი.