ჩვენს ქვეყანაში თითქმის ყოველ წელს ტარდება რამდენიმე კვალიფიციური კვლევა, რომელიც ქალთა უმძიმეს პრობლემებს წარმოაჩენს. საუბედუროდ, ქალის ჩაგვრა ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
ქალები, თავიანთი მაღალი რანგის განათლების მიუხედავად, მამაკაცის ხელფასის 63%-ს იღებენ ანაზღაურებად. მათთვის ხელმისაწვდომი არ არის მთელი რიგი სამუშაო სექტორები, შრომის ბაზარზე სეგრეგაცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა. ამასთანავე, წარმოუდგენლად მცირეა ქალთა რაოდენობა პრესტიჟულ, გავლენიან და მაღალაშემოსავლიან კერძო თუ საჯარო თანამდებობებზე.
ჩაგვრაზე ორიენტირებული დამსაქმებლები ორმაგად უფრო დაუნდობლები არიან ქალთა მიმართ. ისინი მათი მრავალსაათიანი ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებაზე უარს ამბობენ. მეტიც, ქორწინების სტატუსის მიხედვით, დეკრეტული შვებულებისგან თავის ასარიდებლად ქალს უარს ეუბნებიან დასაქმებაზე ან მიზანმიმართულად ათავისუფლებენ სამსახურიდან. შრომის უსაფრთხოებისა და მისი ინსპექტირების მექანიზმების არარსებობის ფონზე, ინდუსტრიულ ქალაქებში დასაქმებული ქალების სიცოცხლეც ყოველდღიურად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. მე პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ნედლეულის გადამზიდავ საბაგიროებზე მუშაობენ. ტექნიკურად გაუმართავი საბაგირო თითქმის ყოველ კვირას ფუჭდება, მუშებს ტოქსიკური ნივთიერებების შემცველი მადნის ტომრებში მოთავსება და მისი ზურგით გადაზიდვა უწევთ, თან აღნიშნულ სამუშაოში ისინი მინიმალურ ხელფასს იღებენ. საწარმოს ადმინისტრაცია კი მსგავსი საქმიანობისთვის მხოლოდ ქალთა შრომას გამოყენებას ბედავს.
ეკონომიკურ ჩაგვრას ოჯახში ძალადობა, რეპროდუქციული უფლებების მუდმივი დარღვევა, სექსუალური შევიწროვება, მემკვიდრეობის მიღების შესაძლებლობის ინტენსიური შეზღუდვაც ემატება. აღარაფერს ვამბობ ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის სამარცხვინო მაჩვენებლებზე.
მე არ მესმის საერთოდ რატომ უნდა ეშინოდეს ადამიანს ფემინიზმის, მით უმეტეს, თუ ქალის ჩაგვრა ასეთი უპირობო და მარტივად შესამჩნევია. ვის ინტერესებში შედის ფემინიზმისადმი შიშის გაღვივება? ვინ სარგებლობს საზოგადოებაში დანერგილი ამგვარი შიშით?
ფემინიზმი მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების მქონე ადამიანების მცირერიცხვოვანი, უსამართლოდ დაწინაურებული ჯგუფებისთვის არის საშიში. დაქვემდებარებისგან გათავისუფლებული, ემანსიპირებული ადამიანები მხოლოდ ჩაგვრის ხარჯზე დაგროვებულ სიმდიდრესა და გავლენას უქმნიან საფრთხეს, მეტს არაფერს!
რა არის ნამდვილი ანტიფემინისტების მთავარი იარაღი?
საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც ისინი ერთსა და იმავე ტაქტიკას იყენებენ. მათი მიზანია, რომ ემანსიპატორულმა (სოციალისტური, ქალთა, ეკოლოგიური) მოძრაობებმა საერთო ენა ვერ გამონახონ. მათ წისქვილზე ყველაზე მეტად წყალს ასხამენ ის აქტივისტები, რომლებიც მხოლოდ კლასობრივ უთანასწორობასა და ჩაგვრას ამჩნევენ, და მეორეხარისხოვან პრობლემებად მიიჩნევენ, მაგალითად, სექსულურ ძალადობას. იგივე შეგვიძლია ვთქვათ იმ ადამიანებზეც, რომლებიც არაეკონომიკურ ჩაგვრას მუდამ, ყოველთვის საერთო ეკონომიკური უსამართლობის გამორიცხვის საფუძველზე განიხილავენ.
მჯერა, რომ საქართველოში რამდენიმე წლის წინ გააქტიურებული სამოქალაქო მოძრაობები ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ელიტების წინააღმდეგ ბრძოლის დროს არ დაივიწყებენ საუკუნის წინ ნათქვამ სიტყვებს: „არ არსებობს სოციალიზმი ქალთა გათავისუფლების გარეშე და არ არსებობს ქალთა გათავისუფლება სოციალიზმის გარეშე“.