იმას კი არ ვგულისხმობ, რომ ფემინისტობა რამე განსაკუთრებულ, თანდაყოლილ ნიჭს მოითხოვს, არამედ პირიქით, იმის თქმა მსურს, რომ თანასწორობა ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობად უნდა მივიჩნიოთ. ამ მოცემულობას ის სისტემური პროპაგანდა ცვლის, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გვახვევენ თავს.
ამერიკელი ისტორიკოსი, ჰოვარდ ზინი პაციფიზმზე საუბრისას ამბობს, რომ მოსაზრება ადამიანების „ბუნებაზე“ და აგრესიის მოთხოვნილებაზე მითია. მისი აზრით, ადამიანი პირიქით, ბუნებით პაციფისტია, რომლის ომზე და აგრესიაზე დაყოლილება უდიდეს ძალისხმევას და პროპაგანდისტულ სამუშაოებს მოითხოვს. ვფიქრობ, რომ ეს ანალოგია ფემინიზმზე საუბრისასაც შეგვიძლია გამოვიყენოთ.
ოჯახში, რომელშიც გავიზარდე, არასდროს ყოფილა საუბარი ფემინიზმზე, ამის მიუხედავად ჩემს მშობლებს უფლებამოვალეობები ყოველთვის თანაბრად ჰქონდათ გადანაწილებული: ორივე, უმეტესწილად, „კაცურ“ და „ქალურ“ საქმეს თანაბრად ითავსებდა. ალბათ, ამან განაპირობა, რომ ზრდასრულ ასაკს პრაქტიკულად ისე მივაღწიე, ცნება „ფემინიზმის“ არსი წესიერად არ მესმოდა, მაგრამ კაცი და ქალი რომ თანასწორუფლებიანი უნდა ყოფილიყო, ეს ბუნებრივ მოცემულობად მიმაჩნდა. აქედან გამომდინარე, გულწრფელად მჯერა, რომ ანტი-ფემინისტურ იდეებს ადამიანს გარესამყარო და სოციუმი ახვევს თავს.
ვფიქრობ თანასწორუფლებიანობის პრობლემის გასაგებად უფრო დიდი სურათის შესწავლაა საჭირო, რომ იმ მიზეზების იდენტიფიცირება შევძლოთ, რომლებიც წარმოშობენ დისკრიმინაციას. უკვე ნახსენები ჰოვარდ ზინი ამერიკაში მონობაზე საუბრისას საინტერესო რამეს ამბობს.
ის ერთგვარ პრე-რასისტულ მდგომარეობაზე საუბრობს, სადაც შავკანიანი და თეთრკანიანი მონები (მართალია ამ უკანასკნელებს მსახურებს ეძახდნენ, მაგრამ მათი მდგომარეობა მონური იყო) თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ, უფრო სწორად კი, ერთნაირად დაჩაგრულები იყვნენ. საინტერესოა, რომ ამ ვითარებაში რასიზმის გამოვლინებებს უკიდურესად იშვიათად ვხვდებოდით: თეთრები და შავები ერთად ერთობოდნენ, ერთად სვამდნენ, მათ შორის სქესობრივი კავშირები ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მაგრამ ერთმანეთთან ამგვარად დამეგობრებული და გაერთიანებული თეთრები და შავები პრივილიგერებული კლასისისთვის პოტენციურ ხიფათს წარმოადგენდნენ.
მონათმფლობელებმა ეს პრობლემა „მარტივად“ გადაწყვიტეს - თეთრებისთვის უფრო მეტი უფლებების მიცემით. ანუ, მონათმფლობელების ეს გადაწყვეტილება საკმაოდ „პრაგმატული“ მიზეზით იყო განპირობებული: მათ არ სურდათ რევოლუცია და ამ გადაწყვეტილებით თეთრებს „რასიზმის უფლება“ მიეცათ. ამიერიდან თეთრებს და შავებს შორის სოლიდარობა გამორიცხული იყო.
ფემინიზმზე საუბრისას ანალოგიურად უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა და არა ვინ წარმოშობს სექსიზმს ამა თუ იმ საზოგადოებაში?როდესაც გვესმის „ქალი მეცნიერი ცოტა იყო,“ „ბიჭები არ ტირიან,“ „მძღოლი ქალია, რა უნდა ელაპარაკო“ და მსგავსი სენტიმენტები, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სექსიზმის მხოლოდ ზედაპირული გამოვლინებებია და მათთან ბრძოლა ფუჭია, თუ არ ვიფიქრებთ იმ გლობალურ მიზეზებზე, რაც ამ გამოვლინებებს განაპირობებს.
იქნებ, გახსოვთ მორგან ფრიმენის ინტერვიუ, რომელშიც მისი გაღიზიანება „შავკანიანების ისტორიის თვეზე“ კითხვამ გამოიწვია: მაშინ ფრიმენმა რიტორიკული კითხვა დაუსვა ჟურნალისტს - „არსებობდა თუ არა თეთრების ისტორიის თვე“. მისი თქმით, არ არსებობდა ამერიკის თეთრი, თუ შავი ისტორია, არსებობდა მხოლოდ ამერიკის ისტორია. ანალოგიურად, არ არსებობს ქალების თუ კაცების ისტორია, არსებობს მხოლოდ ადამიანების ისტორია და ჩვენ ამ ისტორიის შესწავლით და უკეთ გაგებით უნდა დავკავდეთ, რომ არსებული პრობლემების ფართო კონტექსტში დანახვა შევძლოთ.