ბერძენი ლგბტ ადამიანის უფლებების დამცველთა მრავალწლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო და საბერძნეთი 26-ე ევროპული ქვეყანა გახდა, სადაც ლესბოსელ და გეი წყვილებს სამოქალაქო პარტნიორობის გაფორმება შეეძლებათ. საბერძნეთი, იტალიასთან ერთად დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ის გამონაკლისი სახელმწიფო იყო, რომელიც ლგბტ პირებს საკანონმდებლო თვალსაზრისით არცთუ სახარბიელო პირობებს უქმნიდა. სწორედ ამის შესახებ ისაუბრა საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა ალექსის ციპრასმა პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე. „ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის ლეგალიზაციით, ბერძნული სახელმწიფოს ჩამორჩენილობის და სირცხვილის პერიოდი სრულდება. ჩვენი თანამოქალაქეების საკმაოდ დიდი ნაწილისათვის პარტნიორთან ცხოვრების უფლების შეზღუდვა მათი უარყოფისა და მარგინალიზაციის (ერთ-ერთი) ფორმა იყო. მათ არ ჰქონდათ წვდომა ადამიანის საბაზისო უფლებებზე, რის გამოც საბერძნეთს არაერთხელ გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში“ - განაცხადა ალექსის ციპრასმა და მოუწოდა ბერძენ კანონმდებლებს ბოდიში მოეხადათ თანამოქალაქეებისთვის.
თითქოს განსაკუთრებული არაფერი, სახელმწიფო ლიდერმა ცალსახა მხარდაჭერა გამოხატა ლგბტ პრებისადმი. ციპრასი არც პირველი და არც უკანასკნელი ევროპელი ლიდერია, ვინც ამას აკეთებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს ხაზგასმა ჩამორჩენილობასა და სინანულზე. სად გადის პროგრესულობის ზღვარი თანამედროვე პოლიტიკაში? შეგვიძლია პროგრესულად ჩავთვალოთ ის ხელისუფლება, რომელიც არაფერს აკეთებს ჩაგრული ჯგუფების უფლებების დასაცავად?
ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს იმაში, რომ ადრე თუ გვიან ევროპის (და არა მარტო) უკლებლივ ყველა სახელმწიფო, სხვადასხვა ფორმით მხარს დაუჭერს ლგბტ პირებისთვის ქორწინების ან სამოქალაქო პარტნიორობის უფლების მინიჭებას. საქართველო ამ თვალსაზრისით წინ არცთუ ისე სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს. ის, რაზეც ციპრასმა ისაუბრა ალბათ ზედგამოჭრილია საქართველოს წინა თუ ამჟამინდელი მთავრობების პოლიტიკის შესაფასებლად ლგბტ ადამიანის უფლებებთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა ანტი-დისკრიმინაციული კანონი მიიღო, ბევრი ვერაფერი შეღავათია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აღნიშნული კანონი ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის წინაპირობას წარმოადგენდა. თუმცა, საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს აღნიშნული კანონის პრაქტიკაში ასამუშავებლად, დაუსჯელი დარჩა უამრავი დანაშაული და სამარცხვინოდ მსუბუქი სასჯელი მიესაჯათ მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს (საბი ბერიანის საქმე).
ორი აზრი არ არსებობს, რომ დღეს საზოგადოება არ არის მზად სამოქალაქო პარტნიორობის დასაშვებად და, ალბათ, თავად ლგბტ თემიც მოუმზადებელია ამისთვის. თუმცა, პასუხისმგებლობის მქონე მთავრობას შეუძლია წინმსწრები ნაბიჯების გადადგმა და, როგორც მინიმუმ, იმ კანონების აღსრულება, რომელიც ლგბტ პირებს დაცულობის შეგრძნებას გაუზრდის. შეგრძნებას, რომ დისკრიმინაციის შემთხვევაში შესაბამისი ორგანოები ისედაც ჩაგრული ჯგუფების ხელმეორე დისკრიმინაციას კი არ მოახდენენ, არამედ დასჯიან დამნაშავეებს იმის მიუხედავად, სამოქალაქო პირი იქნება ეს თუ სასულიერო.
სანამ ეს არ მოხდება ჩვენ ვიქნებით სწორედ ისეთი სახელმწიფო, როგორზეც ციპრასი მიუთითებდა. სახელმწიფო, სადაც კონსტიტუციით გათვალისწინებული ინსტიტუტების ნაცვლად ეკლესია განსაზღვრავს დღის წესრიგს. ეკლესიის საკითხს როცა ვეხებით, აუცილებელია აღინიშნოს, რომ საბერძნეთიც და კვიპროსიც მართლმადიდებელი ქვეყნებია. თუმცა ამას არ შეუშლია ხელი ადგილობრივი კანონმდებლებისთვის, არ გაეთვალისწინებინათ ეკლესიის პოზიცია აღნიშნულ საკითხზე.
საწყის ეტაპზე, ალბათ, კარგი იქნებოდა იმის გააზრება, რომ ადრე თუ გვიან, ლგბტ პირებისთვის თანაბარი უფლებების მინიჭება გარდაუვალი პროცესია. განსხვავება მხოლოდ ის არის, ვიქნებით თუ არა ჩვენც განვითარებული მსოფლიოს მხარდამხარ ამ პროცესში, თუ დავრჩებით ისეთ სახელმწიფოდ, სადაც ცალკეულ უფლებებზე წვდომა მხოლოდ იმით განისაზღვრება, რა გენდერული იდენტობა ან სექსუალური ორიენტაცია აქვს ცალკეულ მოქალაქეს.