2013 წლის 17 მაისის მომდევნო დღეებში, ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებდნენ ქართველი პოლიტიკოსები მოვლენების შეფასებისას, ასე ჟღერდა: „ძალადობას ვემიჯნები, მაგრამ...“ იმ ადამიანების გარდა, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა მასობრივ ძალადობაში და ფიზიკურად უსწორდებოდა არშემდგარი აქციის მონაწილეებს, საჯარო გამოსვლებში ძალადობა, ფორმალურად, ყველამ „დაგმო“ - ორგანიზატორებიდან დაწყებული, ხელისუფლების წარმომადგენლებით დამთავრებული, ვისაც უშუალოდ ევალებოდა ძალადობის პრევენციაცა და ამ ფაქტებზე რეაგირებაც.
არაერთი საჯარო პირისგან მოვისმინეთ ვერსიები „ელჯიპიტიების თუ რაღაც კიდევ…“ (დავით საგანელიძის ტერმინია)[1] მიერ მოწყობილ პროვოკაციაზე, რომლებიც ქუჩაში გამოსვლით შეურაცხყოფას აყენებდნენ ქართველ ერს, მართლმადიდებელ ეკლესიასა და „უმრავლესობას, რომლის ინტერესებსაც არავინ იცავს“. ამგვარი სტრატეგიის წყალობით, მსხვერპლის როლს „შეურაცხყოფილი“ მოძალადე ირგებს, ძალადობა კი ფორმდება, როგორც თავდაცვითი რეაქცია ჯგუფისგან მომდინარე საფრთხეზე. ჩვენს რეალობაში ამგვარი ჩანაცვლება მხოლოდ სიმბოლურ დონეზე კი არა, ფიზიკურადაც ხდება. სხვა რა ახსნა შეიძლება მოეძებნოს ოჯახის სიმტკიცის დღის დაწესებას ეკლესიის მიერ მაინცადამაინც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, რომელიც ქალაქის მთავარ ქუჩაზე ჰომოფობიური ლოზუნგებით შეიარაღებული „დაჩაგრული უმრავლესობის“ მსვლელობით უნდა აღინიშნოს. სიძულვილთან ბრძოლა ჰომოფობიის ზეიმად იქცა, რომელსაც სიყვარულის სახელი დაარქვეს. მოძალადეებს, კი დასჯის სანაცვლოდ ყოველ წელს ახსენებენ, რომ „ელჯიპიტიების“ ცემა კრიმინალი კი არა, მოვალეობის მოხდაა სამშობლოსა და ეკლესიის წინაშე. მაისი ამ მხრივაც გამორჩეული დროა ჯგუფის წევრებისთვის, აქტივისტებისთვისაც და უფლებადამცველებისთვისაც. და თუკი მაისს წინასაარჩევნო პერიოდიც ემთხვევა, როცა „ჰომოსექსუალებისგან სამშობლოს გადარჩენა“ და „გეი-ქორწინების პრევენცია“ გაკოტრებული პოლიტიკოსების ლამის ერთადერთი და ძირითადი გზავნილია ამომრჩევლებისთვის, ძალადობის შემთხვევები კიდევ უფრო მატულობს.
წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსების მხრიდან ელექტორატის მობილიზაციისთვის ცალკეული ჯგუფებისაგან საფრთხის ხელოვნურად შექმნა და საზოგადოებაში არსებული ფობიებით მანიპულირება ნაცადი ხერხია. განტევების ვაცი ყოველთვის მოიძებნება, მთავარია ამომრჩეველი გამოგონილი საფრთხის რეალურობაში დაარწმუნო. მერე შეგიძლია იარო სოფელ-სოფელ და გეი-ქორწინებასა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ილაპარაკო ამომრჩეველთა ხმების სანაცვლოდ.
მითიური გეი აღლუმი
ამგვარი პოლიტიკა, ცხადია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებაში არსებულ განწყობებზე ლგბტ ადამიანების მიმართ. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ალოგიკურია ჰომო/ბი/ტრანსფობიური დამოკიდებულებების გაძლიერება „ახსნა“ როგორც „საზოგადოების რეაქცია“ ლგბტ აქტივიზმზე ან ჯგუფის ხილვადობის გაზრდაზე. ბოლოს და ბოლოს, პირველი ორგანიზაცია, რომელიც უშუალოდ იყო ფოკუსირებული ლგბტ ადამიანთა უფლებების დაცვაზე, 2006 წელს დაარსდა, ჰომოფობიური სიძულვილის ენის პირველი ძლიერი ტალღა კი 1999-2000 წლებში ფიქსირდება, როდესაც სახელისუფლებო ეშელონებში ძალაუფლების გადანაწილების პროცესი იწყება. მასალების ანალიზი ცხადად აჩვენებს, რომ სიძულვილის ენის აქტორებიცა და ადრესანტებიც ძირითადად პოლიტიკოსები არიან. იქმნება მითი „ცისფერების შეთქმულების“ შესახებ, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავენ და მიზნად ქვეყნის გარყვნა და გადაგვარება აქვთ დასახული. პოლიტიკური ოპონენტის დისკრედიტირების ყველაზე გავრცელებული მეთოდი მისი „მხილებაა“ არაქართველობასა და ჰომოსექსუალობაში. განსაკუთრებული აქტიურობით მაშინდელი საპარლამენტო ფსევდოოპოზიციური ფრაქცია „აღორძინება“ და მისი ლიდერი, ასლან აბაშიძე გამოირჩევიან. იმდროინდელი მედია აჭრელებული იყო ჰომოფობიური კომენტარებითა და ინტერვიუებით.[2]
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ორგანიზებულ ანტგეი გამოსვლებს უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს, ვიდრე თავად ლგბტ ადამიანთა უფლებების მხარდასაჭერად მოწყობილ მსვლელობებს. აქტივისტებმა 17 მაისის აღსანიშნავი მსვლელობის მოწყობა პირველად 2012 წელს სცადეს, პირველი ანტიგეი გამოსვლა კი 2007 წელს, გაზეთ „ალიას“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას მოჰყვა თბილისში „დაგეგმილი გეი პრაიდის“ შესახებ. იმ წელს, გაზეთმა „ალიამ“ რამდენჯერმე გაავრცელა მსგავსი ინფორმაცია, თუმცა, ხმაური და მძვინვარება სწორედ იმ სტატიას მოჰყვა, რომელშიც ჟურნალისტმა მითიური პრაიდის ხელშეწყობაში მაშინდელი ხელისუფლება დაადანაშაულა.[3]
ჰომოფობიური ისტერია ნელ-ნელა გასცდა გაზეთის ფურცლებს და ცოტა ხანში, ერთ-ერთ ცხელ თემად იქცა საზოგადოებისათვის. აქციისა და კამპანიის თაობაზე, იმავე პერიოდში და იმავე მედიასაშუალებებით, აქციის ორგანიზატორთა და ევროსაბჭოს წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული არაერთგზისი განმარტებისა და განცხადების მიუხედავად[4], სიმართლის მოსმენა არავის სურდა. ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალები ერთხმად ადანაშაულებდნენ ხელისუფლებას ქართველი ხალხის „გადაგვარებისა და გარყვნის“ მცდელობაში.[5] საქართველოს საპატრიარქომ კი სპეციალური განცხადება მიუძღვნა გამოგონილ „გეი-პრაიდს.“[6]
სანამ გამოგონილი აღლუმის მოწინააღმდეგეთა ერთი ნაწილი პრესკონფერენციებს მართავდა, მეორე ნაწილი, ქუჩაში ელოდებოდა აღლუმის მონაწილეების გამოჩენას მათთვის „ცხვირ-პირის დასაჟეჟად“. გეი-აღლუმი რომ „ალიას“ შემოგდებული „საგაზეთო იხვი“ აღმოჩნდა, მალევე გაცხადდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მედიასა და სოციალურ ქსელებში კიდევ დიდხანს გრძელდებოდა საუბარი იმის თაობაზე, თუ ვინ როგორც დაარბევდა არარსებული მსვლელობის მონაწილეებს.
მკითხველთა ერთ ნაწილს ემახსოვრება 2010 წელს ბათუმში მოწყობილი ანტიგეი მსვლელობაც. ჯვრებით „შეიარაღებული“ ადამიანების ჯგუფი, რომელსაც წინ საეკლესიო პირები მიუძღოდნენ, მთელი დღის განმავლობაში დაეძებდა ქალაქში არარსებული პრაიდის მონაწილეებს. მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ადამიანების ქალაქიდან გასაძევებლად („ჩვენ მათ გამოვრეკავთ ყველა დაწესებულებიდან“). ჭორის სათავეს ამჯერადაც ვერავინ მიაკვლია, თუმცა, მსვლელობის მონაწილეებს, როგორც ჩანს დიდად არ ანაღვლებდათ რამდენად რეალური იყო მათი პროტესტის საფუძველი.[7]
2012 წელს აიდაჰოსადმი მიძღვნილი აქციის მონაწილეებმა მხოლოდ დაგეგმილი მარშრუტის ნაწილის გავლა შეძლეს. კონტრდემონსტრანტებმა, რომელთა უმრავლესობას „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ აქტივისტები წარმოადგენენ, შეძლეს გზის გადაკეტვა. დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. პოლიციამ შეძლო დაპირისპირების შეჩერება, თუმცა, მსვლელობა ჩაიშალა.
2013 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიამ არ დაიშურა ძალისხმევა და ორთვიანი მუშაობის შედეგად 30 000-მდე კონტრდემონსტრანტის მობილიზება შეძლო აქციის ასამდე მონაწილის წინააღმდეგ. პოლიციამ ვერ შეძლო დემონსტრანტებისა და კონტრდემონსტრანტების დაშორიშორება ერთმანეთისაგან. ისინი შეეცადნენ აქციის მონაწილეები ავტობუსებით გაერიდებინათ შეკრების ადგილიდან. თუმცა, ეს არც ისე ადვილი ამოცანა აღმოჩნდა. ავტობუსები კონტრდემონსტრანტთა ალყაში მოექცნენ. უმართავმა ბრბომ ფანჯრები ჩალეწა, ცდილობდნენ აქციის მონაწილეები გადაეთრიათ მინიავტობუსიდან, ისროდნენ ქვებს... ადამიანების დევნა მთელი მომდევნო კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. სცემდნენ ყველას, ვინც გენდერულად არაკონფორმულად გამოიყურებოდა და მათი აზრით, ლგბტ ჯგუფს მიეკუთვნებოდა. მიუხედავად ამგვარი დევნისა, მომდევნო 3 დღის განმავლობაში, ხელისუფლებას არც ერთი მოძალადე არ დაუკავებია. 3 დღის შემდეგ, 4 ადამიანს ჯარიმა დააკისრეს „ადმინისტრაციული წესრიგის დარღვევის“ გამო. ამგვარმა დაყოვნებულმა რეაქციამ ხელისუფლების მხრიდან და საპატრიარქოს წარმომადგენლის საჯარო გამოსვლამ, რომელმაც „ქართველ ხალხს გამარჯვება მიულოცა“, ცხადია, კიდევ უფრო წაახალისა მოძალადეები.[8]
ომსა და ბრძოლას შორის
ის, რომ ჰომოსექსუალობის საკითხი დღემდე რჩება პოლიტიკური თამაშების ნაწილად, სადაც ჩვენ არ და ვერ ვქმნით დღის წესრიგს, ან იმის გააზრება, რომ 2013 წლის 17 მაისი ეკლესიის მხრიდან ახალი ხელისუფლებისათვის ძალისა და გავლენის დემონსტრირება იყო, ბევრად ვერ ცვლის დღეს ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებს. საზოგადოებაში ფესვგადგმული ჰომოფობიის დონის გათვალისწინებით, უკეთეს მიზეზს ეკლესია ვერც იპოვნიდა ამდენი ადამიანის მობილიზაციისა და ქუჩაში გამოსაყვანად. ამასთან, აქციის მოწინააღმდეგეები გამუდმებით იმეორებდნენ, რომ აქცია ყოფილი ხელისუფლების წევრებისა და გულშემატკივრების მიერ იყო დაგეგმილი. ამან ეკლესიის თანამოაზრეებს საზოგადოების ის ნაწილიც შემატა, ვინც მტრულად იყო განწყობილი ყოფილი ხელისუფლების მიმართ.
2014 წელს 17 მაისი ეკლესიამ ტრადიციული ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოაცხადა. მას შემდეგ, ყოველ წელს, 17 მაისის მოახლოებასთან ერთად, საზოგადოებაში იზრდება მოლოდინი და ვნებათაღელვა აქციის გამართვა არგამართვასთან დაკავშირებით. როგორც საზოგადოების, ისე ლგბტ აქტივისტების ნაწილი თვლის, რომ აქციის არგამართვა უკან გადადგმული ნაბიჯია ჩვენი მხრიდან. მეორე ნაწილი ფართომასშტაბიანი აქციისაგან თავის შეკავებას გონივრულად მიიჩნევს, რადგან ფიქრობს, რომ ადამიანების სიცოცხლის სასწორზე შეგდება სრულიად გაუმართლებელია. ბოლო სამი წლის განმავლობაში ცალკეული ჯგუფების მიერ მოწყობილი დროსა და სივრცეში შეზღუდული „უხილავი“ აქციები და დახურულ სივრცეებში ჩატარებული დისკუსია/ღონისძიებები კი სრულიად იკარგება საერთო ჰომოფობიურ ზეიმში. მით უმეტეს, როცა ვაცნობიერებთ, რომ „საჯარო სივრცეზე“ მიჯნის გავლება და „სახლში რაც უნდათ ის აკეთონ“ რიტორიკა ისეთივე ფუყე და ფორმალურია, როგორც ჰომოფობებისგან მოსმენილი „ძალადობას ვემიჯნები, მაგრამ...“ ფრაზები.
მაშ, სადაა ჩვენი ადგილი? როგორ ვაიძულოთ პოლიტიკოსები, „საკითხი“ კი არა, ადამიანები დაინახონ ჩვენში? როგორ ავირიდოთ უბრალო მსხვერპლის როლი თამაშებში, სადაც სასწორზე ადამიანების სიცოცხლე და უსაფრთხოება დევს, შედეგი კი, ჩვენი უფლებების განმტკიცება კი არა, არამედ ცალკეული პოლიტიკური აქტორების ძალაუფლების ლეგიტიმაციაა? პასუხი ამაზე ჯერ-ჯერობით ერთი მაქვს - უარი ვთქვათ ომზე, მაგრამ გავაგრძელოთ ბრძოლა, რადგან სამოქალაქო უფლებებისათვის ბრძოლა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და არა ერთდღიანი რევოლუცია.
[1] „ესაა ინსპირირებული გარკვეული ძალების მიერ. ეს ორგანიზაცია, “ელჯიპიტი” თუ რაღაც კიდევ ასოციაცია… არც მინდა მაგათი სახელის ხსენება, ჭრელ დროშებს რომ აფრიალებდნენ, ფულის გულისთვის სხეულს გაყიდიან.... ლჯბპ თუ რაც არიან, თავი დაანებონ ადგილ-ადგილ აქციების მოწყობას და ხალხის გაღიზიანებას… დასასჯელი ისაა, ვინც ამის ინსპირირება გააკეთა". დავით საგანელიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერი. რუსთავი 2. 17.05.2013.
[2] ე. აღდგომელაშვილი. „ჰომოფობიური სიძულვილის ენა და პოლიტიკური პროცესები საქართველოში“. ლგბტ ადამიანთა მდგომარეობა საქართველოში. WISG. თბილისი, 2012.
[3] „პედერასტები თბილისში „პარადისთვის“ ემზადებიან. ი. მამალაძე. გაზეთი „ალია“. #82(2055), 17-18 ივლისი, 2007 წ.
[4] რეალურად, საქმე ეხებოდა ევროკავშირის გრძელვადიანი კამპანიის - „ყველა - განსხვავებული, ყველა - თანასწორი“ - ფარგლებში დაგეგმილ აქციას, რომელშიც, სხვებთან ერთად, მონაწილეობა ლგბტ უფლებადამცველებსაც უნდა მიეღოთ.
[5] „მჯერა, რომ ეს იდეა კანცელარიიდან მოდის. ჰომოსექსუალების აღლუმი არსებული რეჟიმის მიერაა დაგეგმილი, ვინაიდან მათ ასეც სურთ, მსოფლიოსა და ევროსაბჭოს მოაჩვენონ, საქართველოში დემოკრატია ვითარდება და ადამიანის უფლებები დაცულიაო, სანაცვლოდ კი იქიდან გრანტები მიიღონ.“ მ. ხორგუაშვილი. „ფერადოვანი აღლუმი თბილისში? გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“#140 (5741), 21 ივლისი, 2007; „ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის მოწყობილი აქცია, რადგან მის რეჟიმში არის ბევრი გაურკვეველი სქესისა და ორიენტაციის ადამიანი და ამგვარი „პარადის“ ჩატარებას პრეზიდენტთან ერთად ისინიც ლობირებენ…“. „მთავრობას ამ აღლუმის ჩატარებით ევროსაბჭოდან დიდი ფულის მიღება სურს“. გაზეთი „ალია“, #83(2056). 19-20 ივლისი 2007.
[6] „ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობები არის მძიმე ცოდვა, რომელიც უნდა იყოს მონანიებული და მისი პროპაგანდა და საჯარო დემონსტრირება მთელ ერს მძიმე განსაცდელად დააწვება“. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის განცხადება 2007 წელს გაზეთ „ალიას“ მიერ დაგეგმილ გეიაღლუმთან დაკავშირებით.
[7]„დაზუსტებული ინფორმაცია არც ჩვენ გაგვაჩნია. ჩვენ გვყავს ახლობლები, ვისი საშუალებითაც ვიგებთ ასეთ ინფორმაციებს“, – ასე უპასუხა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტის შეკითხვას. ნეტგაზეთი, 25 აგვისტო. www.netgazeti.ge/GE/22/News/2280/
[8] გარდა ამისა, მიკროავტობუსზე თავდასხმის გამო (ვაჩნაძის ქუჩის ინცინდენტი) ხუთი პირის (მათ შორის 2 სასულიერო პირი) მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მათგან ერთი გაამართლეს და საქმე შეწყდა. დანარჩენ ოთხს კი 2015 წლის ოქტომბერში გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს, რაც პროკურატურამ გაასაჩივრა. ამჟამად საქმე სააპელაციო სასამართლოშია (რედ. შენიშვნა).