კითხვა, როგორც ბრძოლის ველის განვრცობა

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე თვეზე ნაკლები რჩება და ამ დროისთვის წინა საარჩევნო პროცესის ყველაზე საინტერესო ნაწილად ახლად შექმნილი ან დაშლილი კოალიციები ჩანს. ამომრჩეველი, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, საარჩევნო სიაში საკუთარი გვარის გადამოწმებით არის დაკავებული. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ყურადღება გამახვილებულია ხარისხიან მარკერებზე, წინა საარჩევნო ტრენინგებსა და გაყალბების მცდელობების მინიმუმამდე დაყვანაზე. ცენტრალური საარჩევნო კომისია კი ქცევის კოდექსზე მუშაობს. კოდექსმა დამკვირვებლებისა და საარჩევნო ადმინისტრაციას შორის ურთიერთობის ფორმები უნდა დაარეგულიროს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე  თვეზე ნაკლები რჩება და ამ დროისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დარეგისტრირებული რამდენიმე ათეული პოლიტიკური ძალიდან ოფიციალური სამოქმედო გეგმა, საარჩევნო პროგრამა, მხოლოდ რამოდენიმემ წარმოადგინა. ამ პარტიებიდან ზოგიერთი ახლადშექმნილ კოალიციას შეუერთდა და ის, რაც პროგრამაში წერია, შესაძლოა ცვლილებებსაც დაექვემდებაროს.

ცხადია, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს, სჭირდებათ ამომრჩევლის გულის მოგება. პროგრამების და კონკრეტული გეგმების არარსებობის პირობებში, წინასაარჩევნო კამპანიები ზეპირი და უხვი “დაპირებების” ფორმატში მიმდინარეობს. სადაც ეს არ ჭრის,  აქცენტები გადადის გასულ წლებსა და ოპონენტების სუსტ მხარეებზე.

არადა, მომავალი საპარლამენტო არჩევნები  ძალიან მნიშვნელოვანია როგორც შინაარსით, იდეით - რომელიც ჯერ არ არსებობს - ასევე ფორმით, რადგან დაიშალა ორპარტიიანი პოლიტიკური მოდელი, და ამ ცვლილებამ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სივრცე კიდევ უფრო ამოუცნობი გახადა.

 

საარჩევნო პროგრამის შესახებ

საარჩევნო პროგრამა პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მოიცავს პოლიტიკური პარტიის ხედვას მისთვის და ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. საუკეთესო შემთხვევაში  საარჩევნო პროგრამა დასახული მიზნების ან დაპირებებების შესრულების მექანიზმებსაც აღწერს. როგორც წესი, პროგრამებს ერთმანეთის მსგავსი სტრუქტურა აქვთ და განიხილავენ სოციო-ეკონომიკურ, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების და ა.შ. პოლიტიკის საკითხებს. საარჩევნო პროგრამა პარტიას განუსაზღვრავს ადგილს “ვრცელ” პოლიტიკურ ველში და მის იდეოლოგიურ  საფუძველს წარმოადგენს. ზოგადი იდეოლოგიური ნარატივისგან განსხვავებით, პროგრამა უფრო დეტალური და კონკრეტულია. პროგრამა შეგვიძლია ისეთ ოფიციალურ დოკუმენტად აღვიქვათ, რომელიც ერთის მხრივ პოლიტიკოსებს ამომრჩეველთან ანგარიშვალდებულებას უჩენს, მეორეს მხრივ კი ამომრჩეველს სთავაზობს პასუხებს მის კითხვებზე და პრობლემების მოგვარების კონკრეტულ გზებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ წინასაარჩევნო პერიოდში პროგრამის და სამოქმედო გეგმის წარდგენის ვალდებულება არც ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არც ამომრჩევლის წინაშე. შესაბამისად, ამომრჩეველის ინფორმირება იმის შესახებ, რას პირდება ესა თუ ის ძალა, მხოლოდ პარტიის კეთილ ნებასა და პოლიტიკურ ალღოზეა დამოკიდებული.

 

იკითხე პოლიტიკა’

იკითხე პოლიტიკა ორი ქალის ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში პოლიტიკური  კითხვის კულტურის ამაღლებას და ხელშეწყობას, ან უბრალოდ იმის თქმას მაინც, რომ პოლიტიკური კითხვა არ არის მხოლოდ პოლიტიკური დოკუმენტების გაცნობა, არამედ ტექსტის პოლიტიკური ანალიზი და კრიტიკაა. ეს არის ის ბაზისური ელემენტი, რომელიც აყალიბებს ანგარიშვალდებულებას საზოგადოებას და მთავრობას შორის პოლიტიკურ მოლოდინებზე დაყრდნობით.

 

ფემინისტური კითხვა, როგორც მეთოდოლოგია

2016 წლის მარტში NDI-ს მიერ ჩატარებული  საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად,  იმ ამომრჩევლის უმეტესობას, ვისაც არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას მომავალ არჩევნებზე, ძალიან მაღალი პროცენტული წილით ქალები წარმოადგენენ.  კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ქალი ამომრჩევლის 65%-ს არ ჰქონდა პასუხი. ამავე ორგანიზაციის მიერ ივნისში ჩატარებული კვლევის მონაცემებით, ქალი ამომრჩევლების 58%-ს ისევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

ჩვენი აზრით, ეს სტატისტიკა უშუალო შედეგია იმისა, რომ პოლიტიკური პარტიები ქალ ამომრჩეველს არ ესაუბრებიან, მათი პროგრამები არსებობის შემთხვევაში მკვეთრად მამაკაც ამომრჩეველზეა ორიენტირებული და შედეგად ქალებს ნაკლები მიზეზი აქვთ მათდამი ნდობის გამოცხადების. ქალებმა იციან, რომ მმართველი ძალის ცვლილება მათ ყოველდღიურობასა და გასაჭირზე დიდად არ აისახება.

პოლიტიკოსები ქალებთან პირდაპირ დიალოგს ერიდებიან. ისინი არ საუბრობენ ქალების პრობლემებზე და მათ მიერ ჩამოყალიბებული ნარატივი ქალს, როგორც პოლიტიკურ სუბიექტს მთლიანად გამორიცხავს. სწორედ ამიტომ, ჩვენი პოლიტიკური კითხვის მეთოდად ფემინისტური კითხვა ავარჩიეთ.

ვეცდებით ტექსტის ინტერსექციურად გაანალიზებასაც, რადგან გვგონია, რომ ტერმინი ‘ქალი’ აერთიანებს ძალიან ბევრი სხვადასხვა სოციალური ფენის, გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციისა და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანს, რომლებსაც აბსოლუტურად განსხვავებული პრობლემები და პოლიტიკური მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეთ.

ქალთა ჩაგვრას ბევრი გამოვლინება აქვს. მრავალი ბრძოლის ველი აქვს ფემინიზმსაც.  საქართველოში ყველაზე ძლიერი ფემინისტური მოძრაობა უკვე დაჩაგრული ქალების გაძლიერებით, მათ უფლებრივ პაკეტზე აპელირებით და მათი ‘პოლიტიკაში’ მოყვანით არის დაკავებული. იმ ‘პოლიტიკაში’, სადაც ქალებს არ ესაუბრებიან, აუჩინარებენ და სუბიექტებად არ აღიქვამენ. ან პირიქით - მათ გენდერზე ყურადღების ზედმეტი გამახვილების და ზედმეტი რეპრეზენტაციის მსხვერპლად აქცევენ. ამ დისკურსისგან განსხვავებით, ჩვენ ვაპირებთ ქალთა პრობლემის წაკითხვას იქ, სადაც უღრუბლო მომავალსა და გაზრდილ პენსიებზე საუბრობენ. ‘იკითხე პოლიტიკას’ მიზანი ფემინიზმის სხვადასხვა ფორმის კრიტიკა არ არის. ჩვენი მიზანი ბრძოლის ველის გაფართოებაა, ჩვენ ჩვენს წილ ბრძოლას ვიწყებთ პრობლემის სათავესთან.

პროექტი, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით ხორციელდება, პირველ ეტაპზე წაიკითხავს პოლიტიკური პარტიების პროგრამებს, მათ პროგრამულ განაცხადებს და დაპირებებს, საჯარო გამოსვლებს და სოციალურ მედიაში გაკეთებულ განაცხადებს როგორც ‘პოლიტიკურ ტექსტს’. ამ ტექსტს ვკითხულობთ, როგორც ‘პროგრამას’, რადგან დარეგისტრირებული ოცდაათამდე სუბიექტიდან საარჩევნო პროგრამა, როგორც წერილობითი, თანმიმდევრული დოკუმენტი მხოლოდ რვა პოლიტიკურ პარტიას თუ ბლოკს აქვს წარმოდგენილი.  ვაფასებთ პარტიების იდეოლოგიურ კუთვნილებას, რომელიც ხშირად არ ემთხვევა მათ მიერ საჯაროდ დეკლარირებულ პლატფორმას.

პროექტის მეორე ნაწილში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ინტერვიუებს შემოგთავაზებთ, რომელიც მათი პირადი მოსაზრებებისა და პარტიული ხედვების შესახებ ნაკლებად შაბლონური საუბარი იქნება, შესაბამისად, ვეცდებით უფრო კონკრეტულად გავიგოთ, რას ფიქრობენ სხვადასხვა საკითხების შესახებ ქალები, რომლებიც უკვე არიან ‘პოლიტიკაში’. ერთია ოფიციალურ დოკუმენტში გაწერილი (ან გაუწერელი) თემები და მეორე მათ მიმართ მათი ავტორების დამოკიდებულება და მგრძნობელობა. პროექტისთვის პოლიტიკურ სუბიექტების ავარჩევთ ორი ნიშნის მიხედვით და ჩვენი ინტერესის საგანი იქნებიან ის ის პარტიები, რომლებსაც აქვთ პროგრამა ან რომლებიც საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით სავარაუდოდ გადალახავენ ბარიერს და შესაძლოა ვიხილოთ პარლამენტში.  

ეს არის ჩვენი ბრძოლის ველი. იკითხეთ ‘იკითხე პოლიტიკა’, გააკრიტიკეთ ჩვენი ანალიზი და შემოგვთავაზეთ პოლიტიკური კითხვის თქვენი ვერსია. ამგვარად შეიძლება განვავრცოთ წინასაარჩევნო სივრცე და ფემინისტური კითხვისთვის და ანალიზისთვის მეტი  ადგილი მოვიპოვოთ.
 

* სათაურის იდეა აღებულია მიშელ უელბეკის ამავე სათაურის რომანიდან “ბრძოლის ველის განვრცობა” (1994).

სტატია მომზადებულია პროექტ ‘იკითხე პოლიტიკას’ ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პოზიციას.