ქართული ოცნება - პროგრამის ანალიზი

პარტია ‘ქართული ოცნების’ პროგრამის ანალიზი შედარებით რთული აღმოჩნდა, ვინაიდან ეს ის პარტიაა, რომელიც იყო კოალიციური ხელისუფლების სათავეში უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, მაგრამ, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, კოალიციური ბლოკის დაშლის შედეგად გარდაიქმნა ცალკე მდგომ პოლიტიკურ სუბიექტად. საქართველოში, პარტიის წარსული საქმიანობა ხშირად არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც  გავლენას ახდენს ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე. თუ კოალიციური ხელისუფლების პოლიტიკური დღის წესრიგი და პლატფორმა საქმიანობის ოთხი წლის შემდეგ მეტ-ნაკლებად გასაგები გახდა, კოალიციის დაშლის შემდეგ ‘ქართულ ოცნებას’ გამოეცალა ყველა ის პარტია, რომელთა პოლიტიკურ წარსულზეც ამომრჩეველს რაიმე სახის მეხსიერება ჰქონდა. აქედან გამომდინარე, პარტია რომელსაც NDI-ის მიერ ივნისში ჩატარებული კვლევის შედეგებით გამოკითხულთა 19% მისცემდა ხმას, ამომრჩევლისათვის არსებითად ახალია.

‘ქართულმა ოცნებამ’ საზოგადოებას არჩევნებამდე ერთი თვით ადრე წარუდგინა საკმაოდ მოცულობითი პროგრამა, რომელიც წარმოადგენს არა მარტო პარტიის ხედვას მომავალი ოთხი წლის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პოლიტიკის შესახებ, ერთგვარად განვლილი ოთხი წლის ანგარიშიცაა. ამომრჩევლისათვის დაწერილი ამგვარი ანგარიში მხოლოდ მიღწევებისა და წარმატებული პროექტების ჩამონათვალია. ამ არაფორმალურ ანგარიშში ვერ მოხვდა ვერც ერთი საკითხი, რომელსაც პარტია 2012-2016 წლებში  არასათანადოდ გაუმკლავდა და მომავალი საქმიანობის გამოწვევად აფასებს. პარტიის პროგრამული განაცხადის მიხედვით მათი ეკონომიკური პლატფორმა უცვლელია. იგი კვლავ მემარცხენე-ცენტრისტულია, თუმცა ვხვდებით საკმაოდ აცდენილ, მემარჯვენე-ლიბერალურ განცხადებებს მაგალითად კაპიტალის ბაზრის რეგულაციებთან დაკავშირებით.

ქალთა საკითხები პარტიის პროგრამაში

2013 წლის 17 მაისს პოლიციის უმოქმედობის გამო ლგბტ თემის მხადამჭერი აქციის მონაწილეებზე ძალადობის, ჩავარდნილი გენდერული კვოტებისა და სექსუალური შევიწროების კანონპროექტების, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების, ფემიციდის  შემთხვევების და პარლამენტის წევრთა მიერ გაკეთებული სექსისტური, ქსეონოფობიური და ჰომოფობიური განცხადებების პასუხად, ‘ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’ წინასაარჩევნო პროგრამა არცერთ კომპონენტში არ ითვალისწინებს ქალთა საკითხებს, ქალთა გაძლიერებას და გენდერული თანასწორობისკენ სწრაფვას. ერთადერთი ფრაზა, სადაც გენდერულ თანასწორობაზე არის საუბარი პარტიის პროგრამის შესავალ ნაწილშია და ამგვარად იკითხება: “განხორციელდება ქმედითი ღონისძიებები საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღების დონეზე, გენდერული თანასწორობის დასაცავად; უზრუნველყოფილი იქნება სწრაფი და ქმედითი რეაგირება გენდერული თანასწორობის დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ხელისუფლება ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმართვას”.

მოქმედი ხელისუფლება გვპირდება, რომ გენდერული თანასწორობის დარღვევის თითოეულ ფაქტზე მოახდენს ქმედით და სწრაფ რეაგირებას. ეს განცხადება, გარდა იმისა, რომ რთულია, სიმართლეს შეესაბამებოდეს, რადგან უბრალოდ შეუძლებელია გენდერული უთანასწორობის ყველა ფაქტზე რეაგირება, გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით შეგნებულად აყალიბებს ძალიან საინტერესო დისკურსს, რომელიც იმთავითვე მცდარია და მიზნად ისახავს გენდერის და თანასწორობის შესახებ არასწორი წარმოდგენის გავრცელებას. კერძოდ, ხელისუფლება გვეუბნება, რომ გენდერული უთანასწორობა კაცების პრივილეგირებული მდგომარეობის ისტორიული შედეგი კი არა, ინდივიდუალური აქტია, რომელსაც ჰყავს საკუთარი აქტორები და მსხვერპლნი. ამ განცხადებით გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლა მთლიანად გადადის კერძო, ინდივიდუალურ სფეროში და მას ეცლება ყველანაირი პოლიტიკური საფუძველი. გამოდის, რომ გენდერული უთანასწორობა შეიძლება იყოს ერთეული ფაქტი, რომელზეც სახელისუფლო პარტია (ალბათ საპოლიციო ერთეულების საშუალებით) დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს.

ეს განცხადება მცდარია. გენდერული თანასწორობის დარღვევის თითოეულ ფაქტს ვერავინ შეებრძოლება. სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ პროგრამა მთლიანობაში იყოს თანასწორობისაკენ მიმართული, ხოლო ხელისუფლებაში არსებობდეს პოლიტიკური ნება ვებრძოლოთ უთანასწორობას ყველა პოლიტიკურ ფრონტზე - როგორც ოჯახში, შრომის გენდერული განაწილების კუთხით, ასევე სახელმწიფოს ძალადობრივი პოლიტიკის, კაპიტალის არათანაბარი განაწილებისა და ეთნიკური ჩაგვრის გამოვლინების კუთხით.

ეკონომიკური პროგრამა

პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში პარტია აცხადებს, რომ ფრეიზერის ინსტიტუტის 2015 წლის კვლევის მიხედვით,„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს მდგომარეობა, 2012 წლის შედეგთან შედარებით, 13 პოზიციით გაუმჯობესდა და 26-ე ადგილით განისაზღვრა” . ამავე ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ 2016 წლის კვლევაში[1] კი უკვე შესწორებულია ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი სამართლებრივ სისტემაში გენდერული უთანასწორობის გათვალისწინებით, რომლის დათვლის დროსაც მხედველობაშია მიღებული ისეთი ფაქტორები, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული გენდერულ უთანასწორობასთან და უარყოფით გავლენას ახდენენ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. მაგალითად, შეუძლია თუ არა ქალს იყოს ოჯახის ‘უფროსი’, შეუძლია თუ არა ქალს, გადასცეს მოქალაქეობა შვილს და აქვს თუ არა ქალის მიერ სასამართლოს წინაშე მიცემულ ჩვენებას იგივე სამართლებრივი წონა, რაც კაცისას და ა.შ. ამ და სხვა გენდერულად უთანასწორო სამართლებრივი პრაქტიკის გათვალისწინებით ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი შესწორების შემდეგ უარესდება (7.83-დან 7.72-ზე ჩამოდის), რაც ნიშნავს იმას, რომ თუ დროულად არ ავამოქმედეთ სპეციალური სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომელიც გენდერულ თანასწორებას და აქედან გამომდინარე ეკონომიკურ კეთილდღეობას შეუწყობს ხელს, გენდერული უთანასწორობა შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ის ფაქტორი, რომელიც ხელს შეუშლის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

კაპიტალის ბაზრის რეფორმა რიგით პირველი რეფორმაა, რომლის გატარებასაც ‘ქართული ოცნება’ პროგრამულ დონეზე გეგმავს. პროგრამაში ვკითხულობთ: “ხელი შეეწყობა კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, რაც გამორიცხავს ბაზრის ცალკეული სეგმენტების, ინსტრუმენტების ან მონაწილეების დისკრიმინაციას, უპირატეს ან მონოპოლიურ მდგომარეობაში ჩაყენებას”.  ბიზნეს გარემო საქართველოში დღეს ცალსახად მასკულინურია და ქალებისათვის ამ სფეროში როგორც შეღწევა, ისე მონაწილეობა რთულია. აქედან გამომდინარე, რეფორმა, რომელიც არ გაითვალისწინებს გენდერულად თანაბარი გარემოს შექმნას, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში დატოვებს ყველა ქალს, ხოლო ბიზნესის და კაპიტალის მართვის სფეროს ექსკლუზიურად მამაკაცებისათვის განკუთვნილ სივრცედ შეინარჩუნებს. 

ქართული ოცნების ეკონომიკურ პროგრამაში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისაკენ მიმართული არც ერთი მექანიზმი არ არის გათვალისწინებული. პარტია საუბრობს დასაქმების პრობლემაზე და არ ამახვილებს ყურადღებას ქალთა და მამაკაცთა ხელფასის სხვაობაზე, ქალებისათვის დასაქმებისა და განვითარების სპეციალური, გენდერულად სენსიტიური პროექტების შეთავაზებაზე, ზრუნვისა და ოჯახის მოვლის ტვირთის თანაბარ განაწილებაში სახელმწიფოს როლზე, ეკონომიკურ დაინტერესებაზე და ა.შ. სწორედ ამიტომ, პროგრამის იმ ნაწილში, რომელიც დასაქმებას ეხება, ვკითხულობთ: “არსებობს მოთხოვნა კერძო სექტორის მხრიდან, თუმცა, ეს მოთხოვნა ვერ კმაყოფილდება იმ სამუშაო ძალით, რომელიც შრომის ბაზარზეა წარმოდგენილი”. რა თქმა უნდა, მზარდი კერძო სექტორის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება მხოლოდ იმ ძალით, რომელიც ქვეყნის დედაქალაქში არაპროპორციულადაა თავმოყრილი და გედნერულად დაუბალანსებელია. კერძოდ, ქალების უმეტესობა მუშაობს დაბალ და საშუალო პოზიციებზე, ორმაგი სამუშაო გრაფიკით (დაქირავებულ შრომას + აუნაზღაურებელი საოჯახო საქმიანობა და ბავშვის მოვლა), რის გამოც არ რჩებათ დრო თვითგანვითარებისათვის, რაც უარყოფითად მოქმედებს მათ კარიერაზე, ბრძოლისუნარიანობასა და თვითშეფასებაზე.

განათლების პროგრამა

განათლების პროგრამის ერთადერთი საგულისხმო ნაწილი, რომელიც ჩვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს, სკოლაში ‘თავისუფალი გაკვეთილების’ შემოღებაა, რომელმაც პროგრამის მიხედვით უნდა წაახალისოს მოსწავლეთა სამოქალაქო და სოციალური კომპეტენციების განვითარება და  ჯანსაღი ცხოვრების წესი. თუმცა, კონკრეტულად რა იგულისხმება ‘თავისუფალ გაკვეთილებში’ - უცნობია. ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ ამგვარი გაკვეთილები გაითვალისწინებს სექსუალური განათლების საჭიროებას. სექსუალური განათლება არ გულისხმობს მოსწავლეთათვის მხოლოდ რეპროდუქციის შესახებ ცნობების მიცემას. ის ხელს უწყობს მოსწავლეებს გააცნობიერონ საკუთარი სექსუალობის მნიშვნელობა, რაც არის ქალთა პოლიტიკური გაძლიერების ერთ-ერთი მექანიზმი. ამასთან, დადგენილია, რომ სექსუალური განათლება კარგი ბერკეტია ადრეულ ქორწინებასთან საბრძოლველად, რაც ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. ადრეული ქორწინება, განათლების უფლების წართმევა და ქალთა ობიექტივიზაცია არის კიდეც წყარო იმ გენდერული ჩაგვრის, რომელიც ძალიან მკვეთრად არის გამოხატული სოფლად. სამწუხაროდ,  განათლების პროგრამის არც ერთი სხვა ჩანაწერი არ გვაძლევს იმედს ვივარაუდოთ, რომ განათლების მდგომარეობის გაუმჯობესება შეიძლება გახდეს გენდერულ ჩაგვრასთან ბრძოლის ინსტრუმენტი.

ქალთა საკითხები ჯანმრთელობისა და დემოგრაფიული პოლიტიკის კუთხით                                                                                            

პროგრამის ერთადერთი ჩანაწერი, რომელიც სპეციფიურად ქალებს მიემართება, რა თქმა უნდა, ქალთა რეპროდუქციულ სფეროს ეხება. კერძოდ, პარტია აპირებს ყურადღება დაუთმოს დედათა და შვილთა ჯანმრთელობას და შექმნას ამისათვის სპეციფიური სამედიცინო ინსტრუმენტები, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში. ეს განცხადება, თავისთავად, ძალიან კარგია, უბრალოდ აუჩინარებს ყველა იმ ქალის გამოცდილებას, რომელიც არ არის დედა პირადი არჩევანის თუ სხვა რაიმე ფაქტორის გამო. ასევე აუჩინარებს ლბტ ქალთა ჯანმრთელობის საჭიროებებსაც, რომელიც საერთოდ არ არის გათვალისწინებული ჩვენს ჯანმრთელობის სისტემაში და მეტიც, ხშირად უცოდინრობისა და არათანაბარი მოპყრობის გამო ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსსექსუალი ქალები ხდებიან არაკვალიფიციური მკურნალობისა თუ ჰომოფობიის მსხვერპლნი.

ის ფაქტი, რომ ქალთა რეპროდუქციის კონტროლით პარტია ‘ქართული ოცნება’ საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას გეგმავს, პროგრამაში პირდაპირ არის ხაზგასმული: “სახელმწიფო წაახალისებს მრავალშვილიანობას; მომზადდება სოციალური პაკეტი მრავალშვილიანი მშობლისთვის; გაძლიერდება საყოველთაო ჯანდაცვისა და სხვადასხვა სოციალური პროგრამები დემოგრაფიული მდგომარეობის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით.” ტექსტი დისკრიმინაციულია იმ ადამიანების მიმართ, რომელიც დემოგრაფიაზე ხმამაღალი განცხადებების პარალელურად, ფაქტიურად გაუჩინარებულია პარტიის პროგრამიდან და რომელთა ეკონომიკური, სამართლებრივი, სოციალური ან კულტურული გაძლიერებისათვის პარტია არაფერს აკეთებს. ამგვარი რიტორიკა კარგად ჯდება ნაციონალისტური პროექტის მიზნებში, სადაც ქალს, რომელიც ერის სიმბოლოდ, ‘დედად’ არის მიჩნეული, მხოლოდ გამრავლების ფუნქცია აკისრია. ამასთან, ქალის როლის ‘დედობამდე’ დაყვანით ხდება არა მარტო ერის რეპროდუქცია, არამედ გენდერული როლების კვლავწარმოებაც. ამ გზით, სახელმწიფო ინარჩუნებს ტრადიციულ, გენდერულად უთანასწორო გარემოს ოჯახში ხოლო ქალებს მხოლოდ აუნაზღაურებელი შრომისა და გამრავლების ფუნქციას ანიჭებს.

პარტიული სიის ანალიზი     

ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის კუთხით პარტია 'ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო' 12%-იანი მაჩვენებლით ბოლო ადგილზეა ყველა იმ პარტიას თუ ბლოკს შორის, რომელმაც 2016 წლის საპარლამეტო არჩევნებისათვის უკვე წარადგინა პროგრამა და რომელთა  ანალიზსაც ‘იკითხე პოლიტიკა’ აკეთებს. სრულ, 155 წევრისაგან შემდგარ სიაში მხოლოდ 18 ქალია, ამასთან მხოლოდ 4 ქალია პირველ ათეულში და მხოლოდ 6  - პირველ ოცეულში. რაც შეეხება მაჟორიტარებს, პარტიამ 72 მაჟორიტარობის კანდიდატიდან მხოლოდ 5 ქალი წარადგინა. პოლიტიკური სიის ანალიზის შედეგად ნათლად ჩანს პარტიის დამოკიდებულება ქალთა საკითხებისადმი, რომელიც, პარტიის პროგრამული ანალიზის შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს. პარტიას ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობისკენ სწრაფვის ხედვა უბრალოდ არ გააჩნია, რაც, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, უარყოფითად აისახება ქალთა თანაბარ მონაწილეობაზე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

 

[1] გუორტნი, ჯ., ლოუსონი, ჰ., ჰოლი, ჯ., (2016) 2016 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება: 2016 წლის ანგარიში, Frazer Institute