რესპუბლიკური პარტია - პროგრამის ანალიზი

ესპუბლიკური პარტია, რომელიც 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტში მოღვაწეობდა ‘ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’ კოალიციური მთავრობის ქვეშ, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოეყო მმართველ ძალას და საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად იყრის კენჭს. რესპუბლიკელების იმიჯი დიდწილად მათ პროგრესულ-ინტელექტუალურ დისკურსზეა დაშენებული, რაც ქალთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ადვოკატორებასაც მოიცავს.

რესპუბლიკელების ამგვარი იმიჯი ერთის მხრივ პარლამენტში მათ საქმიანობას და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება; მეორეს მხრივ, ქალთა უფლებების თვალსაზრისით, რესპუბლიკურ პარტიას ყველაზე ფემინისტური პროგრამა აქვს, რომელშიც გაანალიზებულია ქალთა საკითხები. პარტია ქალებს, ხანდაზმულებთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ლგბტ პირებთან ერთად მოწყვლად სოციალურ ჯგუფად აღიარებს, რომელსაც, პარტიის განცხადებით ინდივიდუალური მიდგომების შემუშავება ესაჭიროება. საკანონმდებლო დონეზე, რესპუბლიკური პარტია ხშირად იყო იმ პროექტების ინიციატორი და მხარდამჭერი რომლებიც ქალთა უფლებრივი გაძლიერებისაკენ იყო მიმართული. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ სავალდებულო გენდერული კვოტებისა და სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტები, რომელთაგან ვერც ერთმა დასძლია პარლამენტის წინააღმდეგობა.

რესპუბლიკურ პარტიას ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხრივაც ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს. პარტიის მიერ წარდგენილი 137 კანდიდატიდან 45 ქალია, ხოლო 28 მაჟორიტარიდან 9 არის ქალი. პარტიის პირველ ოცეულში 8 ქალია. აქედან გამომდინარე, პარტიაში დაცულია ფინანსური დანამატის მიღებისათვის კანონით დადგენილი გენდერული ბალანსი.

ამ ყველაფრის შემდეგ, ჩემთვის, როგორც გენდერის მკვლევარისათვის, ერთი შეხედვით ძალიან გასაკვირი იყო პროგრამის ეკონომიკური, სოციალური და საგარეო პოლიტიკის ნაწილებიდან გენდერის, როგორც კონცეპტის გაუჩინარება. ახალი, პროგრესული, ინკლუზიური პროგრამის წერისას რესპუბლიკურმა პარტიამ რატომღაც არ გაითვალისწინა, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება ძალაუფლებისა და სიმდიდრის განაწილებას, დასაქმებას, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს, საკანონმდებლო ინიციატივებს და სამართლიან გარემოს - ასევე ეხება ქალებს და ლგბტ პირებს. რადგან, ამავე პროგრამაში აღიარებული უთანასწორო პირობების გამო, ლგბტ პირები და ქალები ყველაზე მეტად ზარალდებიან გაუმართავი ეკონომიკური სტრუქტურების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, არათანმიმდევრული საკანონმდებლო პრაქტიკის ან იძულებითი ემიგრაციის გამო, რასაც ხშირად ამ ჯგუფებში გამეფებული სიღარიბე ამწვავებს.

რესპუბლიკელთა პროგრამა, მთლიანობაში, ქალთა გაძლიერების მხრივ ნაკლებად იმედის მომცემია. ქალთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების შესახებ მხოლოდ პარაგრაფი ‘ადამიანი და სახელმწიფო’ საუბრობს. ხოლო პროგრამის დანარჩენი ნაწილი დაცლილია ქალთა და ლგბტ პრობლემატიკისაგან.  ჩნდება განცდა, რომ ქალთა საკითხები პირობითად ‘ჩასმულია’, თუმცა ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებიდან ქალთა გამორიცხვა ბუნებრივად ეწერება ქართულ წინასაარჩევნო ლოგიკაში. ამით რესპუბლიკური პარტიის პროგრამა ემსგავსება სხვა პარტიების პროგრამებს, თუმცა ქალთა საკითხების ინტერსექციურად განხილვის შემდეგ, პროგრამის მიმართ სხვა მოლოდინი არსებობდა.  სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქალთა საკითხები მოკლედ, მაგრამ კარგად არის გაწერილი, მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას მაშინ, როდესაც დანარჩენი პროგრამა გენდერის მიმართ არასენსიტიურია.

რესპუბლიკური პარტია მკვეთრად მემარჯვენე-ცენტრისტულია და ლოგიკურია, რომ თავისუფლება არის მთავარი ღირებულება, რომლის გარშემოც არის აწყობილი რესპუბლიკური პარტიის მთელი წინასაარჩევნო კამპანია, მათ შორის პროგრამაც.  პარტია მოგვიწოდებს  ‘გავთავისუფლდეთ პიროვნული სტერეოტიპებისაგან, რაც თავად უნდა შევძლოთ  ... და რაშიც სხვა ძნელად თუ დაგვეხმარება’. ამგვარი მოწოდება კარგად ეწერება ლიბერალური ფემინიზმის დისკურსშიც. ლიბერალური ფემინიზმი ქალებს მოუწოდებს გათავისუფლდნენ იმ გენდერული სტერეოტიპებისა და გავლენებისაგან რომლებმაც ისინი ჩაგვრას მიაჯაჭვა, თუმცა არაფერს აკეთებს თვითონ ამ ჩაგვრასთან საბრძოლველად რომელიც შესაშური ისტორიული და სოციალური კანონზომიერებით არის გამეფებული პოლიტიკის ყველა ასპექტში.

შენ ხარ რესპუბლიკური პარტიის პროგრამის მკითხველი და გინდა იცოდე რატომ ვერ მოხვდა ქალთა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული გაძლიერებისაკენ მიმართული პოლიტიკის ძირითადი მიდგომები და აქცენტები პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში? რესპუბლიკური პარტია, ლიბერალიზმის საყოველთაო პრინციპების აღიარებით, აპირებს მინიმუმამდე დაიყვანოს საჯარო სექტორის ინტერვენცია კერძო სექტორში და რესურსების და კეთილდღეობის განაწილება მთლიანად მიანდოს ბაზარსა და წარმოების დონის ზრდას. ლიბერალური მიდგომა თავისთავად გამორიცხავს სახელმწიფოს მიერ ისეთი ეკონომიკური ინსტრუმენტების შექმნას, რომელიც ქალებს, ან რომელიმე სხვა მოწყვლად ჯგუფს მისცემს საშუალებას რომ გადარჩნენ, როგორც პოლიტიკური სუბიექტები. კაპიტალისტური ლოგიკა ჩაგრულ ჯგუფებს არ აძლევს  საშუალებას, რომ თავად შეებრძოლონ ისეთ სისტემას, როგორიც საბაზრო ეკონომიკაა და რომელშიც ქალები და ლგბტ პირები არასოდეს მონაწილეობდნენ როგორც თანასწორუფლებიანი სუბიექტები. აქედან გამომდინარე, თუ ეკონომიკური პოლიტიკა მთლიანად იქნება მინდობილი კაპიტალისტურ ბაზარს, ქალთა ქონებრივი და უფლებრივი უთანასწორობა გაიზრდება და ამ პრობლემების რეგულირებას პარტია ვეღარ შეძლებს ერთეული საკანონმდებლო ინიციატივებით. ვერანაირი უფლებრივი აღჭურვა და გათავისუფლებისკენ მოწოდება ვერ აღუდგება წინ იმ ეკონომიკურ და გენდერულ ჩაგვრას, რომელსაც ადგილი აქვს სახელმწიფოს ინტერვენციის გარეშე მოქმედ საბაზრო ეკონომიკის პირობებში.  ამგვარ გარემოში შეიძლება ვივარაუდოთ ქალების სამუშაო ძალად გადაქცევა, მაგრამ არა ემანსიპაციის, არამედ ადამიანური, ფინანსური და რეალური კაპიტალის დაგროვების მიზნით.

აქედან გამომდინარე პარაგრაფი ‘ადამიანი და სახელმწიფო’, რომელიც ითვალისწინებს ქალთა, ლგბტ პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების პრობლემებისა და ჩაგვრის ინტერსექციურ ანალიზს სრულიად აცდენილია იმ ლიბერალურ პოლიტიკას რომელზეც საქართველოს რესპუბლიკური პარტია საკმაოდ ვრცელ პროგრამაში საუბრობს. რესპუბლიკური პარტია ერთადერთია რომელიც პროგრამაში ლგბტ პირების უფლებრივ მდგომარეობაზე აკეთებს აქცენტს რაც აუცილებელი ნაბიჯია ლგბტ პირების პოლიტიკის სუბიექტებად აღიარებისათვის. პროგრამის ამ ნაწილში, რომელიც ჩემთვის, როგორც ფემინისტი კომენტატორისათვის მეტად საინტერესოა, ვკითხულობთ: “... საჭიროა სახელმწიფომ იზრუნოს პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და თანასწორი პირობების შესაქმნელად”.  ეს განცხადება ეწინააღმდეგება ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ გაკეთებულ განცხადებას მინიმალური ინტერვენციის შესახებ, ვინაიდან თანასწორ პირობებს სახელმწიფო ქმნის საკანონმდებლო და სხვა მარეგულირებელი ინტერვენციებით და საჯარო სფეროში პოლიტიკური ნების მტკიცედ დაფიქსირებით. სწორედ ამგვარი ქმედება წარმოადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ჩარევას ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროში, მოწყვლადი ჯგუფებისათვის თანასწორი პირობების შესაქმნელად.

ამავე თავში გაანალიზებული და ჩამოთვლილია ქალთა ის ჯგუფები, რომლებიც გარდა გენდერული ჩაგვრისა, სხვა მხრივაც მოწყვლადი ჯგუფები არიან და სპეციალურ ყურადღებას საჭიროებენ, კერძოდ: “მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები, მარტოხელა და მიუსაფარი მოხუცები, დევნილი ქალები, სუბკულტურული და მარგინალური ჯგუფების წარმომადგენელი ქალები (ეთნიკური, რელიგიური, ლგბტ ჯგუფის წარმომადგენლები), სოფლად მცხოვრები ქალები, დიასახლისები, პატიმარი, პროსტიტუციაში ჩაბმული ან ნარკოდამოკიდებული ქალები”. ეს იმ ჯგუფების ჩამონათვალია, რომელშიც ქალები გარდა გენდერული ფაქტორისა საკუთარი სექსუალობის, სიღარიბის, უთანასწორო მიდგომის, სტიგმის ან ძალადობის გამო არაპროპორციულად იჩაგრებიან. ამ ჯგუფების ადვოკატირება და მათ გაძლიერებაზე ზრუნვა რესპუბლიკური პარტიის პროგრამის საუკეთესო ნაწილია, ამიტომ კარგი იქნებოდა თუ რეალური გაძლიერებისაკენ მიმართული ქმედებები ან პროგრამულ დონეზე გაწერილი სამოქმედო გეგმა ასახული იქნებოდა პროგრამაში, როგორც ერთ, მთლიან, დასრულებულ დოკუმენტში.

საბოლოო ჯამში კი რესპუბლიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილი ნეო-ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის ფონზე, მათ მიერ პროგრამაში გახმოვანებული ქალთა საკითხები დამაჯერებლად არ ჟღერს და შეიძლება იქნას აღქმული როგორ ‘დემოკრატიული განვითარებისკენ’ მოწოდება, რაც, რეალურად ქალთა მოწყვლადი ჯგუფების და ზოგადად, ქალების გაძლიერებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

 

*სტატია მომზადებულია პროექტ ‘იკითხე პოლიტიკას’ ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პოზიციას.