პოლიტიკური პარტია ‘ნინო-ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა’ ერთ ერთია იმ მცირედ წარმოდგენილი პარტიებიდან, რომელსაც გასაჯაროებულია აქვს საკუთარი პროგრამული განაცხადი. პროგრამა ეხება პარტიის მოკლევადიან მიზნებს, საპრეზიდენტო არჩევნებს, თვითმმართველობისა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს.
მიუხედავად მრავალფეროვანი პროგრამული დოკუმენტებისა, ბურჯანაძე-დემოკრატების პროგრამული განაცხადი პოლიტიკას ძირითადად ქვეყნის შიგნით ძალაუფლების განაწილებისა და საგარეო ურთიერთობების პრიზმაში მიმოიხილავს. შედეგად, დოკუმენტში არ არსებობს გამოკვეთილი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ხაზი. მიუხედავად იმისა, რომ პარტია აჟღერებს უფრო მემარცხენე დაპირებებს, როგორსაც მიეკუთვნება: ‘არცერთი მოქალაქე პროფესიის გარეშე’, შემოსავლების მიხედვით დიფერენცირებული გადასახადები, უმუშევართა ექვსთვიანი შემწეობა და საყოველთაო ჯანდაცვის სერვისები, ეკონომიკის გაჯანსაღების შესახებ თავში ვხვდებით საკმაოდ ლიბერალურ განაცხადებსაც, როგორიც არის მაგალითად ‘start-up ის მდგომარეობაში მყოფი მცირე ბიზნესის გათავისუფლება გადასახადისგან ორი წლის განმავლობაში’. ამგვარი ეკონომიკური პოლიტიკის ფონზე, პროგრამაში ვკითხულობთ, რომ ბურჯანაძე-დემოკრატებისათვის ეკონომიკური აღმავლობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზეა დამოკიდებული. ამისათვის პარტია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას მთავარ მიზნად აცხადებს, რათა: “რუსეთი დარწმუნდეს, რომ საქართელოს მხრიდან მას საფრთხე არ დაემუქრება”. პარტია ასევე გეგმავს ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად რუსულ ბაზარზე ხელახლა შესვლას, ეს კი მას შემდეგ, რაც, რუსული ბაზრის ემბარგომ კინაღამ შეიწირა ქართული საბაზრო ეკონომიკა 2006 წელს. შესაბამისად, პარტიის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური მოდელი წარსული კოლონიური გამოცდილების შედეგად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელსაც არ აქვს რაიმე თანმიმდევრული ეკონომიკური და იდეოლოგიური საფუძველი.
რუსეთის მიერ გატარებული ჰომოფობიური პოლიტიკა, რომელიც ოკუპაციის პირობებშიც კი საკმაო წარმატებით ‘მოგზაურობს’ საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მოიცავს ისეთ ინიციატივებს, როგორებიცაა კონსტიტუციაში ქორწინების სტატუსის განსაზღვრა, ჰომოსექსუალობის „პროპაგანდის“ აკრძალვა და ა.შ. აქედან გამომდინარე, მე, როგორც გენდერის მკვლევარს მაქვს მიზეზი, გამოვთქვა დასაბუთებული ვარაუდი, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისას, იდეოლოგიური ასიმილაციის პირობებში, საქართველოში უფრო აქტიურად გადმოვა ის ჰომოფობიური კანონები და პრაქტიკები, რომელსაც რუსეთი საკუთარი ეროვნული იდენტობის დასაცავად იყენებს. ეს უკანასკნელი კი მისი, როგორც სახელმწიფოს, როგორც ყოფილი იმპერიის, ძალაუფლებისა და კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას ემსახურება.
‘ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის’ 2016 წლის პროგრამა გენდერულად მგრძობიარე არ არის. პარტია საჭიროდ არ მიიჩნევს გენდერული უთანასწორობის აღიარებას პოლიტიკურ დოკუმენტში და არც გენდერული თანასწორობის ეკონომიკურ და სოციალურ მნიშვნელობას აღიარებს.
ამ დასკვნის გამოტანის საფუძველს ისიც მაძლევს, რომ პროგრამაში გაწერილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დავიცვათ საკუთრების უფლება და დავიწყოთ წართმეულის დაბრუნება, გადავიხადოთ კომპენსაციები და ა.შ. თუმცა, პროგრამა არაფერს ეუბნება მოქალაქეების იმ ნაწილს, რომლებსაც საკუთრების უფლება მხოლოდ ფორმალურად აქვთ მინიჭებული. ასეთ ჯგუფს წარმოადგენენ, მაგალითად, სოფლად მცხოვრები ქალები, განქორწინებული ან ქორწინებაში არ მყოფი მარტოხელა დედები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ლბტ ქალები. სოფლად არსებული სამეურნეო და საკარმიდამო მიწების დიდი ნაწილი, საზოგადოების კულტურული და სოციალური მოდელის გათვალისწინებით, კაცების საკუთრებაშია და ქალს არ აქვს დიდი შანსი მიიღოს სამემკვიდრეო მიწა. თუკი ეს ქალი სქესობრივი ნიშნის გარდა გენდერული ნიშნითაც წარმოადგენს მოწყვლად ჯგუფს და არის, დავუშვათ, ტრანსგენდერი ქალი, კიდევ უფრო ნაკლები შანსი ექნება სამემკვიდრეო მიწის მიღების, ხოლო თუ მიიღებს - ფაქტობრივ მფლობელობას მაინც ვერ განახორციელებს არსებული ჰომოფობიური გარემოს გათვალისწინებით.
გვესმის, რომ აღნიშნული საკითხი ნაკლებად აქტუალურია თანამედროვე ქართული პოლიტიკური დისკურსისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ საკუთრების უფლება არაპროპორციულად ეხება ქალებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს. ეს არის მამაკაცური პრივილეგია და მასზე მიმართული პოლიტიკის განხორციელებისას გენდერული ასპექტის გამორიცხვა ქალებისთვის უკიდურესად საზიანო შეიძლება იყოს.
პარტია ასევე მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევს ნეპოტიზმს და იმ ფაქტს, რომ საჯარო სექტორში არაკომპეტენტური კადრები მუშაობენ, რაზეც, თავისთავად, შეიძლება მსჯელობა. თუმცა, პარტიას არ აქვს პროგრამული ხედვა საჯარო სამსახურში დასაქმებულ ქალებსა და კაცებს შორის სახელფასო სხვაობასა და იმ ბარიერებზე, რასაც ქალები აწყდებიან დაწინაურების თვალსაზრისით, თუ მაღალ თანამდებობებზე ყოფნისას.
პარტიამ პროგრამაში საჭიროდ ჩათვალა მთიანი რეგიონის დეპოპულაციაზე საუბარიც. ‘ბურჯანაძე-დემოკრატები’ იშველიებს 2002 წლის სტატისტიკას, რომლის 162 საზღვრისპირა სოფელი პრაქტიკულად ცარიელია. სამწუხაროდ, პროგრამაში საუბარი არ არის მთიან სოფლებში მცხოვრები ქალების გაძლიერებაზე, განათლებისა და რეპროდუქციულ სერვისებზე ხელმიუწვდომლობასა და ხშირ შემთხვევაში, აუნაზღაურებელ, მძიმე შრომაზე საოჯახო მეურნეობებში, შეზღუდული ქონებრივ უფლებებსა და სხვა დისკრიმინაციული პრაქტიკების აღმოფხვრაზე.
ის პროგრამული ჩანაწერები, რომელიც ქალებს პირდაპირ ეხებათ რამდენიმეა და ყველა მათგანი ქალს ხედავს როგორც დედას ან პოტენციურ დედას. კონტროლირებადი რეპროდუქციული პოლიტიკის პირობებში ბურჯანაძე-დემოკრატები აპირებენ გასცენ ‘დედობის ხელფასი’ - რაც უკავშირდება ბავშვის მოვლას: “დედებს შვილის აღზრდის პერიოდი ჩაეთვლებათ შრომა-სტაჟში - დაწესდება “დედის ხელფასი” - ვკითხულობთ პროგრამაში. თავისთავად ეს ინიციატივა, რომელიც ქალის აუნაზღაურებელ შრომას მატერიალურად გამოსახავს, შეიძლება პოზიტიურად შეფასდეს და თავისთავად ეს თემაც არაერთხელ გამხდარა ფემინისტური დებატების საგანი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ქალთა უფლებრივ მდგომარეობას და პარტიის პროგრამაში ქალთა საკითხებისა და უთანასწორობის იგნორირებას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პარტია ქალის ერთადერთი რეალიზაციის გზას დედობაში ხედავს და მას მხოლოდ რეპროდუქციის ინსტრუმენტად განიხილავს.
ამ თვალსაზრისს ამყარებს პროგრამის დემოგრაფიის შესახებ პარაგრაფის გენდერული ანალიზიც, რომლის მიხედვითაც საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას და პარტია აპირებს გარკვეული მატერიალური წახალისების გზით ერის გამრავლების ხელშეწყობას. ზემოთ განხილული ‘დედობის პენსიაც’ ამგვარ მექანიზმად შეიძლება მივიჩნიოთ. ამავე თავში ვხვდებით ჩანაწერს, რომელიც ‘ფერტილობის ასაკში მყოფ ქალებს’ შეეხებათ. პროგრამაში ვკითხულობთ: “დემოგრაფიულ პროცესებზე დამანგრეველ გავლენას ახდენს ჩვენი თანამემამულეების საზღვარგარეთ მასიური გასვლა სამუშაოს საძებნელად. უმეტეს შემთხვევაში ეს ახალგაზრდა მამაკაცები და ფერტილობის ასაკში მყოფი ქალები არიან..“ პარტია აპირებს დაეხმაროს ფერტილურ ემიგრანტ ქალებს დაბრუნდნენ საქართველოში და მონაწილეობა მიიღონ ერის გამრავლებაში, მაშინ, როდესაც დისკრიმინაციულად ეპყრობა ყველა სხვა ემიგრანტ ქალს, ვინც აირჩია არ იყოს ან სხვა რაიმე ფაქტორის გამო (ასაკი, სექსუალური ორიენტაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ.) არ არის პოტენციური დედა. აღნიშნული ინიციატივა ცალსახად ექსკლუზიურია - ფერტილურ ასაკში მყოფი ემიგრანტი ქალის გარდა ყველას გამორიცხავს და ქვეყნისათვის ნაკლებ მნიშვნელოვნად აცხადებს.
საბოლოო ჯამში, პარტიის მიერ ქალთა ფერტილურობისა და რეპროდუქციის (მათ შორის, რეპროდუქციული შრომის) კონტროლის შესახებ გაკეთებული განცხადებების, ეკონომიკური ხედვისა და სოციალური პოლიტიკის შეჯერების შედეგად ცხადი ხდება, რომ პარტია მიზნად ისახავს არა ქალთა დახმარებასა და გაძლიერებას, არამედ ნაციონალისტურ პოლიტიკაზე დაყრდნობით გენდერულად მჩაგვრელი პრაქტიკებისა და შეხედულებების კიდევ უფრო გაღრმავებას.
რაც შეეხება პარტიის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი სიის გენდერულ ანალიზს: პარტიის 163 წევრიდან 66 ქალია - ამ მაჩვენებლით პარტია ლიდერობს სხვა დარეგისტრირებულ პარტიებს შორის. სამწუხაროდ, როდესაც საქმე მაჟორიტარ კანდიდატებს შეეხება ქალთა წარმომადგენლობა იკლებს - 50 მაჟორიტარობის კანდიდატიდან მხოლოდ 9 ქალია. პარტიის პირველ ათეულში სამი, ხოლო ოცეულში 6 ქალია წარმოდგენილი.