ქალებს ბევრი საიდუმლო გვაქვს, ისეთი ქალებიც კი, როგორიც მე ვარ, ჩაგვრის, დისკრიმინაციის და ძალადობის მსხვერპლნი შეიძლება იყვნენ. ახლაც კი, როცა ამ ტექსტს ვწერ, ფრთხილად ვარ, რომ რაიმე საიდუმლო არ გავთქვა. არსებობს ასეთი თეორიული მიდგომა - ბიოგრაფიული რედუქციონიზმი, რომლის თანახმადაც, ადამიანის საქმიანობის განსაზღვრა და დაყვანა შესაძლებელია მის ბიოგრაფიამდე. ჩემმა ბიოგრაფიამ მეც დამასვა დაღი, ამიტომ, მიზეზი, თუ რატომ ვარ ფემინისტი არის ის, რომ ის ყველაფერი, რასაც ფემინიზმი ებრძვის - ქალების ჩაგვრა, უთანასწორობა და უუფლებობა - მეც შემეხო. ფემინისტური ბრძოლა ხშირად პერსონალური ბრძოლაა და როგორც ყველაფერი პერსონალური, რაც საჯარო ხდება, ესეც გარკვეულ სიფრთხილეს მოითხოვს.
საერთოდ, მე არ მეგულება ისეთი სტერილური სოციალური სივრცე საქართველოში, სადაც ქალები ჩაგვრას თუ არ განიცდიან, მეორეხარისხოვანი, ქვეადამიანის სტატუსით არ სარგებლობენ. ვიცი, ბევრი ქალი თავდაცვის ან უარყოფის პოზიციაში დგას და მე ამ ქალების მესმის, საკუთარ თუ სხვის ჩაგვრას დანახვა უნდა და დანახვას თავისი დრო აქვს - დაჩქარების მცდელობა ფუჭია. როგორც ამბობენ, ბალახი რაც არ უნდა ქაჩო, უფრო სწრაფად მაინც არ გაიზრდება.
ზუსტად არ მახსოვს მე როდის გამოვიღვიძე, მაგრამ მეც დიდი ხნის მანძილზე მეგონა რომ ყველაფერი კარგად იყო, რადგან კარგი მშობლები, შედარებით ნორმალური ცხოვრების პირობები და განათლებასა და კარიერაში წარმატებები მქონდა. არადა, თურმე უბრალოდ უარყოფის პოზიციაში ვაყენებდი თავს. ჩვენს კულტურაში ხომ სირცხვილია მარცხზე საუბარი, თუნდაც ეს მარცხი საუკუნოვანი ტრადიციის მქონე სოციალური უსამართლობის პირდაპირი შედეგი იყოს.
ამიტომაც, მოდი, ახლა ვიტყვი ხმამაღლა: მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე თავს ვიმართლებდი, რომ ქალი ვარ. პატარა რომ ვიყავი, სერიოზულად ვფიქრობდი, რომ გოგოობა სერიოზული ნაკლი იყო, თინეიჯერობის ასაკში ვფიქრობდი, რომ ის ბიჭებიც კი ჩემზე ჭკვიანები იყვნენ, ვინც ჩემზე ჭკვიანები არ იყვნენ. მეექვე ქალიშვილი როცა ხარ ოჯახში, რა თქმა უნდა ფიქრობ, რომ ძმა რომ არ გყავს ეს უბრალოდ ტრაგიკული ფაქტია და ბევრჯერ მიოცნებია რომ ბიჭად გადავქცეულიყავი და მშობლები გამებედნიერებინა. ძალიან მინდოდა ბიჭი ვყოფილიყავი რომ ყველა იმ პრივილეგიით მესარგებლა, რაც ბიჭობის შემთხვევაში მექნებოდა. ხშირად მიმიღია კომპლიმენტი, რომ ბიჭივით ვარ, ბიჭზე უკეთესი ვარ, ბიჭი რა საჭირო იყო, როცა ასეთი ვარ, საერთოდ, რა ბედნიერია მამაჩემი, რომ ბიჭები არა, მაგრამ ბიჭებივით გოგოები ჰყავს. შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ დიდი, სამარცხვინოდ დიდი დრო დამჭირდა ჩემი თავის მისაღებად და ჩემი ქალურობის გასაგებად და დასაფასებლად.
რა თქმა უნდა ამაში დედაჩემი დამეხმარა. თუმცა, ვინაიდან საკუთარი დედის ქება გემოვნების ზღვარზე სიარულია, ამას აქვე შევეშვები, მხოლოდ ერთს ვიტყვი: ზოგჯერ მიკვირს, დედაჩემი რომ მხოლოდ ერთი ადამიანია, ის იმსახურებს კიდევ ბევრი სიცოცხლე ჰქონდეს, ბევრი იყოს. დედაჩემი გმირია და რომ არა მისი გმირობა, მე ვერასდროს მივხვდებოდი, რომ არაფერია ისეთი არაადამიანური, როგორიც გმირობა. შესაბამისად, მე გადავწყვიტე არასდროს ვიყო დედაჩემი. როგორც ფემინისტს, დედაჩემმა ორი რაღაც მასწავლა: 1) რატომ არის ბედნიერება, რომ ქალი ხარ და რატომ არ აქვს აზრი, კაცი გახდე იმისათვის, რომ მიაღწიო იმას, რასაც კაცები აღწევენ და 2) ქალების შესაძლებლობები შეზღუდულია და ამ შეზღუდვების შემჩნევა აუცილებელია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქალებს მეტი ძალისხმევა და შრომა სჭირდებათ აბსოლუტურად ყველაფრისთვის.
რა თქმა უნდა მე გამონაკლისი ვარ - ამის მიხვედრაც არ იყო ადვილი. დიდი დრო დამჭირდა, სანამ ჩემი საკუთარი პრივილეგიები გადავსინჯე და გარშემო, ზოგჯერ უკიდურესად ახლოს, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი, ფუნდამენტური უსამართლობა დავინახე თითქმის ყველა სფეროში. და დავინახე ამის ტრაგიკული შედეგი - უამრავი ქალის გამოუყენებელი პოტენციალი და აუხდენელი ოცნებები.
ერთხელ, ჰილარი კლინტონმა თქვა თავის გამოსვლაში, რომ როცა ჭერი არ არის, შეგიძლია ცას მიწვდე. ჩემმა მშობლებმა მასწავლეს, რომ ჭერი დამენახა, ანუ, ის ბარიერები შემემჩნია, რაც ქალებს ჰქონდათ. რა თქმა უნდა მათ იმისიც სჯეროდათ, რომ ცას აუცილებლად მივწვდებოდი. ამის შემდეგ მე ჩემს მისიად დავისახე ის, რომ ქალებს და გოგონებს (და კაცებსაც) დავანახო ეს ბარიერები და გადავცე ის რწმენა, რაც მე ჩემი მშობლებისგან გამომყვა - რომ ცას აუცილებლად მივწვდებით.