ქალი მხატვრების სევდიანი ამბები

„ძალიან კარგი მხატვარია, მამაკაცურად აზროვნებს“, - ეს კომენტარი, კომპლიმენტად ნათქვამი, საკმაოდ დიდი ხნის წინ მოვისმინე ერთი მხატვარი ქალის გამოფენაზე. მაშინ ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ვაპირებდი ჩაბარებას, ვემზადებოდი ხელოვნების ისტორიაში და დავალებად გვქონდა ამ გამოფენის ნახვა. ცნობიერად გენდერული პრობლემატიკა მაშინ ნამდვილად არ იყო ჩემი დღის წესრიგის ნაწილი, იმ დროისთვის ამაზე რაციონალურად და თანმიმდევრულად არც არავინ მსჯელობდა. ამ ფრაზამ პირველად დამაფიქრა იმაზე, თუ რას გულისხმობდნენ „მამაკაცურ აზროვნებაში“ და ისიც გავიაზრე, რომ მე ამას კომპლიმენტად ვერ მივიღებდი, რადგან არ ვთვლიდი, რომ ზოგადად მამაკაცზე ნაკლებად ვაზროვნებდი. ეს სექსისტური გამონათქვამი, რომელიც ქალებს გვაერთიანებდა უფრო ‘დაბალი კატეგორიის’ ჯგუფში, ვიდრე მამაკაცები იყვნენ, საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობასაც გამოხატავდა და ამბიციური ახალგაზრდა ქალისთვის საზოგადოების კონფორმიზმთან შეხვედრის ტრამვადაც შეიძლებოდა ქცეულიყო. მით უმეტეს, რომ ეს მოცემულობა პროტესტის გრძნობას მაინც და მაინც ბევრშიც არ იწვევდა.

მოგვიანებით, უფრო ფართო სოციუმთან შეხვედრის პროცესში,  პატრიარქალურ-ფეოდალური მენტალიტეტის მთელი ნიაღვარი წამოვიდა უშუალოდ ჩემს პროფესიასთან კავშირში და ამდენად აქტუალურადაც იქცა: ხელოვნებათმცოდნეობა მაშინ „პრესტიჟული“ პროფესიების რიცხვში შედიოდა, რომლის დიპლომიც  საზოგადოების დიდი ნაწილისთვის „მზითევი-ინვესტიციად“ აღიქმებოდა, ამ პროფესიას ძირითადად გოგოები ან მათი მშობლები ირჩევდნენ და კარიერის ლოგიკურ განვითარებაში ივარაუდებოდა ‘დაშტამპული’ დიპლომები ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ან ხატწერის თემაზე, შემდეგ სამსახური ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში თუ მუზეუმში, პარალელურად მხატვარი ქმრის კარიერის ხელშეწყობაზე ზრუნვა. რა თქმა უნდა, მსგავსი სიტუაცია იყო სხვა სფეროებშიც. პროფესიისადმი ღრმა ინტერესი, ინდივიდუალობის გამოხატვის მკაფიო ფორმები, ისეთი თემების ძიება, რომლებიც ამბოხის ენერგიას მოიცავდნენ, სრულიად გაუგებარი და „უადგილო“ იყო არსებული გარემოსთვის. სამხატვრო აკადემიაში მაშინ თანამედროვე ხელოვნების ისტორია პიკასოზე ჩერდებოდა.

მეოთხე კურსზე უკვე გააზრებული მქონდა, რომ ჩემი ინტერესების განვითარებაზე დამოუკიდებლად უნდა მეზრუნა და ასეც მოხდა. როცა უცხოური სახელოვნებო ინსტიტუტების პროგრამებს, მეოცე საუკუნის ხელოვნებას და სხვადასხვა ნაშრომებს გავეცანი, მათ შორის ფემინისტურ ხელოვნებასა და ზოგადად ქალთა საკითხების კვლევებსაც, ჩემთვის უფრო დრამატული შინაარსი მიიღო ოდესღაც გაგონილმა ფრაზამ „კარგი მხატვარია, მამაკაცურად აზროვნებს“... რთული წარმოსადგენია ის დისკომფორტი, რაც შეიძლება ხელოვან ქალებს ჰქონოდათ, როცა მათ საზოგადოება მზა კლიშეებს ახვევდა თავზე და იდენტობას თვითნებურად უკანონებდა, მათ პროფესიულ რეალიზაციას ერთგვარ „გადახრად“ თვლიდა, რომელიც აუცილებლად საპირისპირო სქესის ნიშნების შეძენას მოითხოვდა. ამ სტერეოტიპებთან ბრძოლა ყველას არც შეეძლო, ან საბოლოოდ იღლებოდა აბსურდისგან და ირგებდა განკუთვნილ როლს - „გიჟურ” ქცევას და ექსცენტრული თვითგამოხატვით „თავდაცვას“. შედეგად არსებობდა „ხელოვანი-ქალის“ სტერეოტიპი, რომელსაც აწეწილი პირადი ცხოვრება აქვს და „ცოტა ვერ არის“, ანუ მსხვერპლია.

დღეისთვის ჩვენს ირგვლივ ბევრი რამე შეიცვალა, თუმცა ეს ცვლილებები სავარაუდოდ მცირე ჯგუფებს უფრო ეხება და თუ პროგრესულ ცვლილებებზე დავიწყებთ საუბარს, იქვე გამოჩნდება ოპონენტების არგუმენტები, რომლებიც ჯერ კიდევ არსებულ მძიმე სურათს ფემიციდის სტატისტიკით გაამყარებენ. თუ სახელოვნებო სფეროს დავუბრუნდებით, ხელოვანი ქალები დღეისთვის ნამდვილად უფრო თავისუფლები და  ამბიციურები არიან, ვიდრე იმ დროს, როცა ხელოვანად აღიარებად ითვლებოდა თუ მის ნამუშევარს „მამაკაცურად ძლიერს“ უწოდებდნენ; დღეს ზოგადად ხელოვანის კარიერა არ გულისხმობს აუტსაიდერობას და სოციუმთან კონფლიქტს, ან აუცილებელ მსხვერპლს, რომ ხელოვანად ქცევა მხოლოდ  რაღაცაზე იძულებით უარის თქმის ხარჯზე (მაგალითად, პირადი ცხოვრების) შეიძლება მოხდეს.

კულტურის კვლევების განვითარება მომავალში სავარაუდოდ გააჩენს აუცილებლობას, რომ ცვლილებები შევიდეს წარსული ხელოვნების ისტორიის გააზრებაში, რომლის კლასიკური ნიმუშები პატრიარქალური შოვინიზმის ნიშნით ხასიათდება და საერთოდ არ ცნობს ქალი ხელოვანების არსებობას, რომელთა რიცხვი ისედაც მცირე იყო არსებული კულტურის სექსისტურ-რეპრესიული ხასიათის გამო. ფემინისტური კვლევებიდან ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა სიუზან ბორდოს ნაშრომები, სადაც მსჯელობა უფრო შორს მიდის, ვიდრე მჩაგვრელი&ჩაგრული,  თავდამსხმელი&მსხვერპლი დიქოტომიაა და სადაც  სქესი არ არის ანალიზის კატეგორია; ამა თუ იმ სქესისთვის სახასიათო ქცევის მოდელებს ის კულტურა განსაზღვრავს, რომელშიც ეს ადამიანები ცხოვრობენ.

პატრიარქალურმა კულტურამ ბევრი ხელოვანი ქალი გააქრო უკვალოდ, არსებობს საკმაოდ დრამატული ისტორიებიც. მათთვის უკვე ვეღარაფერი შეიცვლება, მხოლოდ დროითი დისტანციიდან შეიძლება სოლიდარობა გამოვუცხადოთ და განმეორება აღარ დავუშვათ.