ჩემს სამუშაო მაგიდაზე მრავალათასგვერდიანი დოკუმენტი დევს. ეს დოკუმენტი მთელ ქვეყანაში სულ რამდენიმე ადამიანს აქვს შესწავლილი. არადა, როგორ ვიცხოვრებთ 2017 წელს, სწორედ რომ ის ფურცლები დაგვიდგენს. ეს დოკუმენტი საქართველოს ბიუჯეტის შესახებ კანონია.
“გაყევი ფულის კვალს” - ამ რჩევას აძლევს გამოძიებას ამერიკის ერთ-ერთი გახმაურებული კორუფციული სკანდალის უოტერგეიტის თემაზე შექმნილი ფილმის ერთ-ერთი გმირი. მისი აზრით, კორუფციული სქემის გაშიფრვა კამპანიის დაფინანსების წყაროს ძებნიდან უნდა დაიწყოს. ჩვენც, ცვლილებები თუ გვინდა, ფულის დათვლა უნდა ვისწავლოთ. უფლებებზე, იდენტობაზე, იდეალებზე საუბრისას ხშირად გვავიწყდება, რომ ადამიანის ქცევას ეკონომიკური საფუძველი აქვს. თავისუფლებისა და თანასწორობის ძირი რიცხვებშია; რიცხვებში, რომელშიც გამოიხატება ჩვენი ხელფასი, რომლითაც ფინანსება საბავშვო ბაღები და სკოლები, რომლითაც ვგეგმავთ სასკოლო წიგნების ყიდვას და ვითვლით ბავშვების წრეებზე სიარულის ხარჯებს, რომლითაც ვითვლით ოჯახურ ბიუჯეტში შეტანილ წვლილს და მკურნალობისათვის გადასახდელ თანხებს.
პოლიტიკურ-ეკონომიკური ცნობიერება, ანუ ცოდნა იმისა, თუ როგორ უკავშირდება ეკონომიკური ურთიერთობები ინსტიტუტებს, სოციალურ ქცევებს, ტრადიციებს, ქვაკუთხედია ამ ინსტიტუტებისა და ქცევების შეცვლისთვის ბრძოლის. თუ არ გვექნება სახელმწიფო დაფინანსება ხელმისაწვდომი ბაღებისთვის, ოჯახის რომელიმე წევრი იქნება სახლში და მას რამდენიმე წლის შემდეგ სამუშაო ბაზარზე დაბრუნება გაუჭირდება. თუ მამაკაცებს აქვთ უფრო მაღალი ხელფასი, მათ მეტი საშუალება აქვთ რომ ინვესტირება მოახიდონ საკუთარ პროფესიულ განვითარებაში ანდა ჯანმრთელობაში, შესაბამისად პროფესიული წინსვლის შანსიც ეზრდებათ. ადრეული ქორწინების ადათის საფუძველიც ეკონომიკური გაგებიდან მოდის; იმ ეპოქაში, სადაც ქალი არ ითვლებოდა სარჩოს შემომტანად და იმ ფენებში, რომელიც გადარჩენისათვის იბრძვიან, რაც უფრო ადრე გაასხვისებ გოგონას ოჯახიდან, მით უფრო ადრე მოისპობა მისი რჩენის ხარჯი.
სახლს რომ ვაშენებთ ან ვანგრევთ, საძირკველს შევისწავლით. თუ სოციალური ქცევის ცვლილება გვინდა, ამ ქცევის ეკონომიკური საფუძვლის ანალიზი უნდა ვისწავლოთ. ჩვენი პრიორიტეტები და მიზნები მატერიალურად ავსახოთ. ფულის კვალს უნდა გავყვეთ, რომ ახალ რეალობასთან მივიდეთ.