ინტერვიუ ხათუნა სამნიძესთან - არჩევნები 2016

*ინტერვიუ ჩაწერილია რესპუბლიკური პარტიის ლიდერების მიერ პარტიის დატოვებამდე.

მე ვიყავი კანდიდატი მაღალმთიან აჭარაში, სადაც პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ არ წავსულიყავი შეხვედრებზე შარვლით.  ხალხს ჰქონდა ჩემი აღქმა, როგორც ახალგაზრდა, პატარა გოგოსი, რომელსაც გაურკვეველი იყო თურა უნდა პოლიტიკაში”.  იგრძნობოდა ინტერესი ჩემი პირადი ამბების მიმართ: ‘სად ჰყავს ქმარი’, ‘ეწევა სიგარეტსდა .. არ მგონია, რომ რამდენიმე წელიწადში რამე დიდად შეცვლილიყო ამ მიმართულებით," - ხათუნა სამნიძე.

როგორია თქვენი, როგორც ქალი პოლიტიკოსის გამოცდილება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ?

- შედეგები, რაც გვაქვს, რამდენიმე კომპონენტისგან შედგება:

წინასაარჩევნო გარემო აგებული იყო მტრის ხატზე და ამ ორი პარტიის დაპირისპირებაში და ხმაურში, პატარა პარტიებისთვის შედარებით ძნელი იყო მთავარი გზავნილების მიტანა მოსახლეობამდე.

მიუხედავად იმისა, რომ  მედია და ექსპერტები დაინტერესებულები იყვნენ პროგრამული საკითხებით, რაც წინა წლებში გვაკლდა, იმდენად მტრული გარემო იყო, მოსახლეობამ მაინც ვერ მოახერხა პროგრამული საკითხების წაკითხვა და ძირითადად მაინც შიშის ფაქტორის ქვეშ მოუწიათ არჩევანის გაკეთება.

მთელი ეს მტრის ხატზე აგებული კამპანია ძირითადად გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე იყო მიმართული:  საფრთხობელად გამოყვანილი იყო მიშა სააკაშვილი. “მოვდივართ”, “ჩამოვალთ” რიტორიკის ფონზე  ერთი მხარე იძახდა, რომ თუ არ იაქტიურებთ, ჩამოვა ის, ვისი დანახვაც აღარ გინდათ; მეორე მხარე ამბობდა, თუ ჩვენ თუ ვერ გავიმარჯვებთ, გაგრძელდება ფორმალური მმართველობა და უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდებით და ამ რიტორიკაში პატარა პარტიები ნაკლებდამაჯერებლად გამოიყურებოდნენ.

ამავდროულად, ისიც იყო, რომ ჩვენ ამდენი წელი ვიყავით კოალიციაში, სადაც გაჭირდა ჩვენი დღის წესრიგის წინ წამოწევა, ვინაიდან კოალიციას ქონდა საერთო დღის წესრიგი. ჩვენ დავკარგეთ მჭიდრო კონტაქტი ამომრჩეველთან. კოალიციიდან გვიან გამოსვლა იყო ფაქტორი, რის გამოც კარგი კომუნიკაცია არ გვქონდა ჩვენს ამომრჩეველთან. გაგვიჭირდა იმის ახსნა ხალხისთვის, რომ ჩვენ არ ვართ კოალიციის ნაწილი, მთავრობის ნაწილი და ვართ ოპოზიციური პარტია.  

- მაინტერესებს გამოყოფთ თუ არა საკითხებს,  რომელიც შეიძლება მამაკაცი პოლიტიკოსებისთვის საკუთარი პრივილეგიის გამო უხილავია  და ჩვენთვის, ქალებისთვის არის ხილული მინიშნება უთანასწორობაზე? მაგალითად, კოორდინატორების უმეტესობა, როგორც წესი, არის ქალი. როგორ ფიქრობთ, რატომ ვხვდებით  არჩევნებისას ქალებს  ძირითადად ამ პოზიციაზე?

- დიახ, არჩევნების დროს, როგორც წესი, უფრო მეტს ქალები მუშაობენ და კაცები საჭესთან სხედან. ეს პრაქტიკა შემოიტანა მიშა სააკაშვილმა და წელსაც ზუსტად ეგრე იყო.  სიმართლე რომ გითხრათ, ამაზე განსაკუთრებულად არ მიფიქრია, რატომ ხდება.

პარტიებშიც ძირითადად ქალები მუშაობენ. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ქალები არიან დაკვირვებულები, მოწესრიგებულები, აკურატულები და უფრო კარგად აკეთებენ ამ საქმეს. გარდა ამისა, როცა ქალები არიან უბნებზე, მეტად არის დაცული უსაფრთხოება და მასთან შეხლა-შემოხლა და ეგეთი ინციდენტები უფრო ნაკლებია, ვიდრე მამაკაცი აგიტატორების ან დამკვირვებლების შემთხვევაში იქნებოდა.

გარდა ამისა, ეს არის შემოსავლის წყარო და ქალები საქართველოში ტრადიციულად უფრო მეტად იღებენ პასუხისმგებლობას და შესაძლოა, ამიტომაც ასრულებენ ამ ტიპის სამუშაოებს.

თქვენი შეფასებით, იყო 2016 წლის არჩევნები გენდერულად თანასწორი? ანუ ჰქონდათ თუ არა პოლიტიკოს ქალებს რესურსებთან წვდომის, მონაწილეობის და წარმოამდგენლობის თანაბარი უფლება? და იყო თუ არა განსხვავებული მდგომარეობა დიდ ქალაქებსა და რეგიონებში?

- მე თვითონ ვიყავი კანდიდატი და გამომდინარე იქიდან, რომ პარტიის თავმჯდომარე ვარ, არანაირი უთანასწორობა რესურსების წვდომაზე არ მქონია. ზოგადადაც, შემიძლია აღვნიშნო, რომ პარტიებმა ამ არჩევნებზე უფრო მეტად მოინდომეს, მეტი ქალი ყოლოდათ. მაგალითად  ჩვენ ათეულში ყოველი მეორე ქალი გვყვავდა, სხვა ადგილებშიც მაღალი  იყო ქალების კონცენტრაცია.

- შეიძლება მხოლოდ პარტიაში ქალების რაოდენობა იყოს  გენდერულად დაბალანსებულობის მანიშნებელი? მაგალითად ერთ-ერთი პარტია, რომელიც პარლამენტში 6 დეპუტატით შევიდა, იცავს რაოდენობრივ ბალანსს და მათგან საკანონმდებლო ორგანოში 3 ქალი და 3 კაცი იქნება, მაგრამ ჩვენთვის  რთულია მათ მუშაობაში გენდერული მგრძნობელობის დანახვა.

ამ არჩევნებში მეტი ქალი სიაში იყო პრივილეგია, რომლის ქონაც პარტიების მიმართ  მეტ კეთილგანწყობას აჩენდა და მოქალაქეებშიც და არასამთავრობო ორგანიზაციებშიც. თუმცა, “პატრიოტთა ალიანსის” მაგალითმა აჩვენა ის, რომ მხოლოდ რაოდენობა არ არის მნიშვნელოვანი, თუ ის ქალები არ არიან მგრძნობიარეები ქალთა საკითხების მიმართ. მათ შემთხვევაში სია არის დაბალანსებული, რიტორიკა - სრულიად ანტიგენდერული: ძალადობის წახალისება, სიძულვილის ენა, მთელი პარტია არის სიძულვილის ენაზე დაფუძნებული. და ეს კარგი მაგალითია იმისთვის, რომ რაოდენობა არ არის ყოველთვის მნიშვნელოვანი.

- თქვენ იყავით მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარაში. რა ხდება რეგიონებში, რამდენად კარგად არიან იქ წარმოდგენილი ქალები?

- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ვცდილობდით ქალების აქტიურად ჩართვას საარჩევნო პროცესებში, აჭარაში ვერ შევძელით  მაჟორიტარებად ქალების  წარდგენა. ერთადერთი ქალი, რომელიც რესპუბლიკურ პარტიას იქ ჰყავდა, მე ვიყავი. ყველა სხვამ, ვისაც შევთავაზეთ მაჟორიტარობა, არ გამოხატა სურვილი. ზოგადად, ქალები უფრო მეტად თავშეკავებულები არიან. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ თავად პარტიაც უნდა იყოს ამ დროს ძლიერი და შეეძლოს კანდიდატის სათანადოდ მხარდაჭერა.

წლების წინ, მე ვიყავი კანდიდატი მაღალმთიან აჭარაში, სადაც პირდაპირ მეუბნებოდნენ,  არ წავსულიყავი შეხვედრებზე შარვლით.  ხალხს ჰქონდა ჩემი აღქმა, როგორც ახალგაზრდა, პატარა გოგოსი, რომელსაც გაურკვეველი იყო ‘რა უნდა პოლიტიკაში’. იგრძნობოდა ინტერესი ჩემი პირადი ამბების მიმართ: ‘სად ყავს ქმარი’, ‘ეწევა სიგარეტს’ და ა.შ. არ მგონია რომ რამდენიმე წელიწადში რამე დიდად შეცვლილიყო ამ მიმართულებით. მაგალითად, ბათუმში, დღემდე ძალაშია გარეგნობაზე, ასაკზე, პირად თემებზე  საუბარი ქალ კანდიდატებთან დაკავშირებით. კაცებთან დაკავშირებით ასეთი ინტერესი ნაკლებია.

მეორეს მხრივ, ხშირად მომისმენია, რომ ქალებს უკეთ გვესმის ერთმანეთის და ქალ კანდიდატებთან საუბარი საკუთარ პრობლემებზე ქალ ამომრჩეველს უფრო უადვილდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ იმ ოლქში, ბათუმში, სადაც მე ვიყრიდი კენჭს, ბევრი ქალი კანდიდატი იყო წარმოდგენილი, რაც კარგია.

- სად და რა ფორმით გააგრძელებს პარტია მუშაობას და იმ თემების ლობირებას, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია? შეიცვლება თუ არა  პარტიის პოზიცია რიგ საკითხებთან დაკავშირებით ან ხომ არ ფიქრობთ, რომ იყოთ  უფრო რადიკალურები თუნდაც ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის კუთხით?

- ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, როგორც არასაპარლამენტო ოპოზიცია.  პარტიის პოზიცია გახდება უფრო მკვეთრი, უფრო იდეოლოგიური და ძირითადი სამუშაო თემა იქნება ადამიანის უფლებები. რა თქმა უნდა პარლამენტის გარეთ ყოფნა პარტიას ასუსტებს, კარგავ პლატფორმას, კარგავ ფინანსებს, გავლენას, მაგრამ მაინც შეიძლება მუშაობა.

ამ არჩევნებზე ჩვენ არ ვიყავით მკვეთრი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, რისი მოლოდინიც ქონდა მოსახლეობას კოალიციაში ყოფნის დროს. ჩვენ ვიყავით სუსტები, გვქონდა ცოტა დრო და ვერ მივიტანეთ ჩვენი ხმა ამომრჩეველთან, რომელიც იყო მკაცრი და რომელსაც აღმოჩნდა, რომ არ უყვარს კომპრომისები.

ვგეგმავთ, რომ პარტია გახდეს უფრო ღია, გვქონდეს შეხვედრები ჩვენს ამომრჩეველთან, გავიგოთ მათთან ურთიერთობით როგორია გარე თვალისთვის პარტია,  რა მოსწონთ თუ არ მოსწონთ ჩვენს პარტიაში. ამის მოსმენა საინტერესოა როგორც ჩვენი მხარდამჭერებისგან, ასევე იმ ხალხისგან, ვინც ლიბერალურ ღირებულებებს იზიარებს, მაგრამ ჩვენ არ მოგვცა ხმა.

- არჩევნების შემდეგ ისმოდა პროდასავლური პარტიების კრიტიკა იმის შესახებ, რომ არ გაერთიანდით და არ გაზარდეთ პარლამენტში შესვლის შანსი. თქვენ რამდენად შესაძლებელი გეჩვენებათ გაერთიანების შესაძლებლობა და თუ თვლით, რომ ეს გაზრდიდა თქვენს შანსებს?

- მე არ ვარ გაერთიანების წინააღმდეგი ზოგადად, მაგრამ ამ არჩევნებზე ეს საკითხი არ დამდგარა დღის წესრიგში. ჩვენი გაერთიანება შეიძლებოდა მხოლოდ “თავისუფალ დემოკრატებთან”, რომლებიც არ იყვნენ მზად გაერთიანებისთვის და დააფიქსირეს კიდევ თავიანთი პოზიცია ჩვენი კოალიციიდან გამოსვლისას, რომ არ უნდოდათ ჩვენთან გაერთიანება და მარტო შეძლებდნენ პარლამენტში შესვლას და მთავრობაში მოსვლას.

სამომავლოდაც, გაერთიანებაზე მნიშვნელოვანი არის პარტიების გაძლიერება, საკუთარი ამომრჩვევლის ფორმირება  და ისე მყარად დადგომა, რომ ამომრჩეველს კარგად აუხსნას, რითი განსხვავდება სხვა პარტიებისგან.

- თქვენი პროგრამის წაკითხვის შემდეგ ჩვენ გაგვიჩნდა განცდა, რომ მე-20 თავი, რომელიც ადამიანის უფლებებს და გენდერულ თანასწორობას ეხებოდა, პროგრამის მთლიანი ხასიათიდან გარკვეულწილად ამოვარდნილი იყო. მხედველობაში მაქვს ის, რომ არც ეკონომიკის, არც სოციალური პოლიტიკის თავებში გენდერი გათვალისწინებული არ იყო - გვაინტერესებს, რატომ გქონდათ ასეთი მიდგომა და არის თუ არა პროგრამა ის დოკუმენტი, რომლის შეცვლაც უკვე დაიწყო?

- პროგრამაზე როცა ვმუშაობდით, ყველა თავს ჰყავდა საკუთარი ავტორი, რომელიც იყო საკუთარი მიმართულებით ძლიერი და ასე დაიწერა. შესაძლოა, ამიტომაც არ იგრძნობოდა მათ შორის კავშირი და თემატური კვეთა.

მე შემიძლია მივიღო შენიშვნა, თუმცა ვფიქრობ, რომ ის, რომ ჩვენი პარტიის მთავარი ღირებულება ადამიანია, ხაგზასმული იყო ჩვენს პროგრამაში, რომელსაც მე უფრო სამოქმედო გეგმად აღვიქვამ.

- თქვენ იყავით ერთადერთი პარტია, რომელსაც პროგრამაში ჰქონდა გაწერილი ლგბტ თემის წევრების საკითხები. არჩევნების წინა დღეს გაავრცელეთ ვიდეო ჰომოფობიის თემაზე, რამაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. როგორ ფიქრობთ, არჩევნების წინა დღეს ამ ტიპის ვიდეოს დადება რეალურად მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაა, რითაც შეიძლება მათი გაძლიერება და პრობლემების პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენება თუ უფრო ფრთხილი ნაბიჯი  ადამიანთა მცირე ჯგუფის გულის მოსაგებად.

- მე არ ვიტყოდი, რომ ეს იყო გულის მოგება, ეს არის ჩვენი პარტიისთვის პრიორიტეტული თემა. მისი განთავსების დროდ არჩევნების წინა დღე განზრახ არ აგვირჩევია. წინასაარჩევნოდ ჩვენ ბევრი ანიმაცია გავაკეთეთ პროგრამულ გზავნილებთან დაკავშირებით და ეს იყო ერთ-ერთი.

თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, ეს არ არის ის თემა, რომელშიც პარტია წელგამართულია - პარტია ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ბევრი წევრისგან შედგება და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საერთო ინტერესი და პრიორიტეტი ადამიანის უფლებებია, ამ თემასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია მაინც არ გვქონდა.

- და ბოლოს, 2017 წელს ტარდება თვითმმართველობის არჩევნები - გაქვთ თუ არა რაიმე მოლოდინები მასთან დაკავშირებით თქვენ, როგორც კანდიდატს და მთლიანად პარტიას?

- ჩვენ გვაქვს განვითარების და რეფორმირების ოთხწლიანი გეგმა და ამ გეგმაში პირველი სწორედ თვითმმართველობის არჩევნებია. ვფიქრობთ, რომ გარდა ადამიანის უფლებებისა,  შემოვიტანოთ ახალი თემებიც, რაშიც თავს ძლიერებად ვთვლით და რაც ხალხისთვის მნიშვნელოვანია.  ეს თემები შეიძლება იყოს შრომითი უფლებები, ახალგაზრდობის საკითხები, მაგალითად, განათლების საკითხები და ა.შ.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების მოსამზადებლად ჩვენ უფრო მეტი დრო გვექნება, ვიდრე ეს ორი თვე იყო, რაც აშკარად არასაკმარისი აღმოჩნდა. გარდა ამისა, თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკა გვაძლევს საშუალებას, უფრო ახლო და მჭიდრო კავშირი გვქონდეს მოსახლეობასთან.