არჩევნების შემდგომი მოვლენები თავისი არსით არის შინაარსის, მნიშვნელობის კრიზისი ქართულ პოლიტიკურ პროცესში.
მდგომარეობა დასაფიქრებელია, რადგან პარლამენტში გაურკვეველი პოლიტიკური პრეფერენციების, სუსტი პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე ერთ პარტიას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობისათვის საჭირო ხმებზე მეტი. ამავდროულად, მისი პირველივე განცხადება ადამიანის უფლებების შეზღუდვისაკენ და ხელისუფლებაში ძალთა არათანაბარი განაწილებისაკენ არის მიმართული. პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიციური ველი დაიშალა და მოვლენების მთელი სიმძიმე მესამე სექტორზე გადმოვიდა. თუმცა ამ სტატიაში საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებულ მსჯელობებს თავს ავარიდებ და იმ საკითხებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც პარტიების პროგრამების ანალიზიდან უშუალოდ გამომდინარეობდა.
შინაარსის კრიზისის პრაქტიკული ასპექტები
დამოუკიდებელი პოლიტიკური მოღვაწეობის შემდეგ, 2016 წლამდე, საქართველოში, პოლიტიკური პროცესების სწორად წარმართვისთვის ყურადღებას ვაქცევდით ფორმას, სისტემას, ინსტიტუციას, სტრუქტურას და მათ გამართულ მუშაობას. ამ შემთხვევაში, პოლიტიკურ სტრუქტურაში ვგულისხმობ მეტნაკლებად გამართულ, არაძალადობრივ, გაუყალბებელ არჩევნებს, თანაბარ ხელმისაწვდომობას საარჩევნო რესურსებთან და ა.შ.
ფორმის არარსებობის შემთხვევაში დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა და მუშაობა წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, როგორც ხელისუფლების, ისე სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მთელი ყურადღება მიმართული იყო ამ ფორმის შექმნისა და დახვეწისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსებული საარჩევნო სტრუქტურა არ არის საკმარისად გამართული და წარმომადგენლობითი, მისი ფუნქციონირება საშუალებას გვაძლევს ვიდაოთ მნიშვნელობაზე, პოლიტიკური პროცესის შინაარსზე, რაც, თავისთავად, კარგია.
კრიზისის პირველ მახასიათებლად შეიძლება პროდასავლური პარტიების (‘ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები’ და ‘დავით უსუფაშვილი - რესპუბლიკური პარტია’) ლიდერების მიერ პარტიის დატოვება მოვიაზროთ. აქტიური პოლიტიკიდან ‘წასვლის’ შესახებ მათ მიერ გაკეთებული განცხადებებიდან ნათელი გახდა, რომ პოლიტიკოსებისათვის პოლიტიკის კეთება მხოლოდ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ანუ ბიუროკრატიულ ნაწილთან არის დაკავშირებული, რაც გულისხმობს პოლიტიკური ფორმის, ინსტიტუციის შიგნით არსებობას ვინაიდან ზემოთხსენებულ პარტიებში ეს პროცესები სწორედ პარლამენტში მოსახვედრად საჭირო ბარიერის ვერ გადალახვის შემდეგ დაიწყო.
კრიზისის მეორე, და მთავარ მახასიათებლად შეიძლება მივიჩნიოთ პარტიების პროგრამების სუსტი ან სრულიად არარსებული კავშირი პოლიტიკურ პროცესებთან. პარტიების საარჩევნო პროგრამების ანალიზი აჩვენებს, რომ ჩვენ ვეძებთ მნიშვნელობას იქ, სადაც მნიშვნელობა დიდწილად ან არ არსებობს ან წინააღმდეგობრივი და არათანმიმდევრულია. ამგვარი განცხადების გაკეთების საშუალებას მაძლევს ის, რომ პარტიების პროგრამები არ ეხმიანებოდა იმ პრობლემებს, რაც ქართულ სოციალურ და ეკონომიკურ სპექტრში იკვეთება. მათი იდეოლოგია სუსტი და სხვადასხვა პოპულისტური დისკურსისგან ნასესხები იდეების წინააღმდეგობრივი ერთიანობა იყო და ამომრჩეველს რაიმე განსაკუთრებულ ხედვას არ სთავაზობდა. სავარაუდოდ, პოლიტიკური პარტიების მიზანიც სწორედ ეს იყო, რაც პროგრამების საერთო მახასიათებლებიდან კარგად იკვეთება.
საარჩევნო პროგრამების საერთო შტრიხები
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 30-მდე სუბიექტიდან მხოლოდ რვამ გაასაჯაროვა პროგრამა ან პროგრამული ხასიათის რაიმე დოკუმენტი. სხვების პოლიტიკურ პლატფორმაზე, იდეოლოგიასა და ღირებულებებზე წარმოდგენა მხოლოდ მედია სივრცეში არსებული პოპულისტური მსჯელობიდან შეიძლება გვქონდეს. ამ უკანასკნელ ჯგუფს მიეკუთვნება პარლამენტში შესული პოლიტიკური პარტია ‘პატრიოტთა ალიანსიც’. გაწერილი პროგრამის არარსებობა, თავის მხრივ, გულისხმობს არაპროგნოზირებადი ძალის არსებობას ქართულ პარლამენტში, რომელმაც წინა საარჩევნო პერიოდში თავი ნაციონალისტური და ჰომოფობიური განცხადებებით გამოიჩინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ იმ პარტიების პროგრამებს შორის, რომლებიც წერილობითი ფორმით არის გასაჯაროვებული, არც ერთი პროგრამა არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისათვის გასაგებ ენებზე. ზოგადად, პოლიტიკური პარტიები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის დიდ რესურსს არ ხარჯავდნენ პოლიტიკური პროგრამის ცნობადობის გაზრდის მიზნით. ფორმის თვალსაზრისით, პროგრამები იყო დიდი მოცულობის, ამორფული დოკუმენტები, რომელთა არათანმიმდევრული ბუნებისა და იდეოლოგიური ნახტომების გამო მათი გაგება ამომრჩევლისათვის საკმაოდ რთული იყო.
კიდევ ერთი რამ, რაც საერთოა ყველა პროგრამისათვის, გენდერული მგრძნობელობის არ ქონაა. პროგრამები არ ეხება ქალთა საკითხებს, არ განიხილავს მათ პრობლემებს საერთოდ, ან თუ განიხილავს, განიხილავს მათ კონტექსტიდან ამოგლეჯილად, თითქოს შეიძლებოდეს ქალთა გაძლიერება მათი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინების ან მათი პოლიტიკური წარმომადგენლობის გაზრდის ხელშეწყობის გარეშე. პროგრამების საერთო ხაზია ისიც, რომ გენდერულ საკითხებს და ქალთა საკითხებს პარტიის პროგრამებში ჰქონდა მკვეთრად დეკლამაციური ხასიათი, რაც პოლიტიკურ სივრცეში გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული ‘პროგრესულობის’ შეღწევას უნდა ნიშნავდეს. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ 2016-2020 წლებში უნდა ველოდოთ იმგვარი პოლიტიკური პროცესების გააქტიურებას, რომელიც მმართველ პარტიას აღნიშნულ ‘პროგრესულ’ დისკურსში მონაწილეობის საშუალებას მისცემს, მაგრამ რეალურად ქალთა მონაწილეობასა და მათ გაძლიერებაზე დადებითად არ აისახება.
კერძოდ, ამგვარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ვგულისხმობ ისეთი პოლიტიკური ინსტრუმენტების შემოტანას, როგორებიცაა გენდერის ‘მეინსტრიმინგი’, ბიუჯეტის გენდერული ანალიზი და ა.შ. ეს ინსტრუმენტები თავისთავად კარგია, უბრალოდ არ არის საკმარისი ქალთა რეალური გაძლიერებისათვის. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება ამ ინსტრუმენტებისთვის რაც შეიძლება მეტი დატვირთვისა და შინაარსის მინიჭება. დიდწილად მესამე სივრცეზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ‘გაიტანენ’ ისინი გენდერულ საკითხებს პოლიტიკურ დღის წესრიგში.
რაც შეეხება ქალთა მოძრაობის მიერ დაყენებულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური დანაყოფის შექმნა, რომელიც გენდერის და სექსუალობის გამო ჩადენილ დანაშაულებთან და მის პრევენციაზე იმუშავებს, არ უნდა ველოდოთ. ასევე არ უნდა ველოდოთ ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის რაიმე მექანიზმის შემუშავებას და მიღებას, იქნება ეს კვოტები თუ სხვა რაიმე მექანიზმი - მით უმეტეს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე.
ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შედარებით მეტი ადამიანი საუბრობდა პროგრამაზე, წინა წლების პროგრამებს თუ შევადარებთ, მისი, როგორც პოლიტიკური დოკუმენტის ხარისხი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. ძირითადად, ყველა პოლიტიკური პარტიის მთავარი გზავნილი, ლიბერალური ეკონომიკური მოდელითა და შედარებით მემარცხენე სოციალური ნაწილით აგონიაში მყოფი სოციალ-დემოკრატიის პოსტ-საბჭოთა ვერსიას ჰგავს.