ქართული პოლიტიკის "მეორე სქესი”

ქალი კანდიდატებისთვის ნდობის გამოცხადება მხოლოდ ქართველ ამომრჩეველს არ უჭირს. ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიტენტო არჩევნების მაგალითზე იმის დამატებაც შეიძლება, რომ ქალი კანდიდატის სასარგებლოდ არჩევანი, ძირითადად, ნაკლებ პრივილეგირებულმა ჯგუფებმა  გააკეთეს.

ამერიკის საპრეზიდენტო და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს შორის გარკვეული მსგავსებების პოვნა შედეგის თვალსაზრისით შესაძლებელია, თუმცა, ღრმა პოლიტიკურ ანალიზზე მეტად იმის ჩვენებას შევეცდებით, თუ როგორია პოლიტიკურ პროცესებში და კერძოდ, არჩევნებში -  (1) ქალების, როგორც ლიდერების ჩართულობა, (2) აქტივობის რა ფორმებს იყენებენ ისინი და (3) რის მიმართ არის საზოგადოება მგრძნობიარე.

წინასაარჩევნო მარათონი გაცილებით ადრე დაიწყო ინტერნეტში, ვიდრე მაგალითად პარტიებს პროგრამული გზავნილები, მაჟორიტარობის კანდიდატები ან პროპორციული სიები ექნებოდათ ჩამოყალიბებული. ერთ-ერთი პირველი ვიდეორგოლი, რომელიც ამომრჩევლის, უფრო კონკრეტულად კი ახალგაზრდა ამომრჩევლის გულის მოგებას ისახავდა მიზნად, ახალ პოლიტიკურ ცენტრ - გირჩს ეკუთვნოდა,  რომელიც  მკვეთრად დისკრიმინაციული იყო ხანდაზმული ადამიანების მიმართ და აბუჩად იგდებდა   მათ სურვილს, ჰქონდეთ ღირსეული პენსია და ცხოვრების პირობები.

პოლიტიკური პარტიის მხრიდან საზოგადოების ერთი ჯგუფისთვის იმის თქმა, რომ მათი ნაკლები აქტიურობა სხვა ჯგუფების სურვილებს დააყენებს დღის წესრიგში, ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური ძალა ვერ იაზრებს ცალკეული მოქალაქის უფლებების დაცულობის მნიშვნელობას და თავს ესხმის ორი ჯგუფიდან უფრო სუსტს, ამ შემთხვევაში პენსიონერებს. ქართული პოლიტიკისთვის ისედაც დამახასიათებელია უმრავლესობის კეთილგანწყობის მოპოვებისთვის შექმნილი ნარატივები, რომლებსაც ხშირად ეწირება სხვადასხვა ტიპის უმცირესობების ინტერესები. ამ შემთხვევაში კი, თავდასხმა პენსიონერებზე, რომლებსაც სახელმწიფო არსებული მდგომარეობითაც ვერ უზრუნველყოფს ღირსეული ცხოვრებისთვის საჭირო პენსიით, სოციალური პროგრამებით და გარემოთი, პოლიტიკურ ძალაზე ცალსახად ნეგატიურად მეტყველებს და ხაზს უსვამს მათი პროგრამული გზავნილების ზედაპირულობას.



ზოგადად, ახლადშექმნილი პარტია გირჩი ერთ-ერთი ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც წინასაარჩევნო მანიპულაციებს შესწირა როგორც გუნდის ქალი წევრები, ასევე ის თემები, რომლის მიმართაც ისინი მეტ მგრძნობელობას ავლენდნენ. მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, ლიბერალური ნარკოპოლიტიკა და ა.შ. პარტია, რომელიც საბოლოოდ არა მხოლოდ პარლამენტს მიღმა დარჩა, არჩევნებშიც კი ვერ მიიღო მონაწილეობა,  საარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე  კოალიციაში პაატა ბურჭულაძის პარტიასთან შევიდა. ამ ახალი ალიანსის შედეგად, გირჩმა საარჩევნო სიაში მხოლოდ რამდენიმე კაცი კანდიდატის გაყვანა შეძლო, ისიც არასტრატეგიულ პოზიციებზე. პაატა ბურჭულაძის მიერ შექმნილი წინასაარჩევნო კოალიცია, თამამად შეიძლება დავახასიათოთ პოლიტიკურ ძალად, რომელმაც საერთოდ არ გაითვალისწინა არც საკუთარი გუნდის და არც კოალიციაში შემავალი სხვა პარტიების წარმომადგენელი ქალების გამოცდილება/ინტერესები და ისინი პოლიტიკურ პროცესებს მიღმა დატოვა. ამ შემთხვევაში იმდენად საყურადღებო არა პაატა ბურჭულაძის პარტიული სიაა, არამედ კოალიციაში შემავალი პარტიების ქალი წევრების დემონსტრაციული შემგუებლობა  კაცების თამაშში უკანა პლანზე ყოფნასთან.  თავს საკუთარ პარტიულ სიაში დაცული შიდა კვოტირებით იმშვიდებდნენ.

ქალების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით არც შედარებით დიდი და ძლიერი პარტიები ყოფილან გამორჩეული. პარლამენტში შესული ორი ძირითადი ძალა, “ქართული ოცნებადანაციონალური მოძრაობადაახლოებით ერთნაირ სტრატეგიას იყენებდა ქალების მიმართ. არჩევნებამდე მათ წინა ფლანგზე წამოწიეს ახალი ქალი სახეები, რომლებსაც არ ჰქონდათ ფაქტობრივი კავშირი “სისხლიან ცხრა წელთან” და “არაფორმალურ მმართველობასთან” და მათ იყენებდნენ მთავარ გამხმოვანებლად. თუმცა, ორივე პარტიის შემთხვევაში, ახალი სახეები მხოლოდ ფორმალური და არა შინაარსობრივი ცვლილება აღმოჩნდა და მათგან განსაკუთრებული ინიციატივა ქალების გაძლიერების ან სხვა მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად ამომრჩევლის ყურამდე არ მისულა. მეტიც, ქართული ოცნების ახალი სახე, თამარ ჩუგოშვილი, რომელიც პოლიტიკაში არასამთავრობო სექტორიდან მოვიდა და მის მიმართ არსებობდა მოლოდინი, რომ მგრძნობიარე იქნებოდა ადამიანის უფლებათა საკითხების მიმართ, ერთობ უხერხულ კომენტარებს აკეთებდა მაგალითად ოჯახის, როგორც ქალის და კაცის კავშირის შესახებ. ეს უხერხულობა და არამკვეთრი პოზიცია შეგვიძლია მივიჩნიოთ გზავნილად იმის შესახებ, რომ მომდევნო 4 წელი ლგბტქ ადამიანებისთვის   მძიმე იქნება. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ თეორიული ვარაუდი არ არის. არჩევნების დასრულებისთანავე მოხდა მორიგი თავდასხმა ტრანსგენდერ ქალზე, რომლის შედეგადაც მსხვერპლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. სახელმწიფო სტრუქტურები კი ამგვარი დანაშაულის მიმართ კვლავაც  გულგრილნი არიან, რაც ართულებს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკის წარმოებას, საქმეების გამოძიებას და ამ ტიპის კრიმინალთან ბრძოლას.

ის, რომ მმართველ ძალაში შემავალი ახალი ქალები პოლიტიკურ დღის წესრიგში ახალი და მით უფრო, ნაკლებ პოპულარული, თუმცა მნიშვნელოვანი საკითხების დაყენებას არ აპირებენ, დაადასტურა კიდევ ერთმა ახალმა პარლამენტარმა, მარიამ ჯაშმა, რომელიც სავარაუდოდ პარლამენტში განათლების კომიტეტს უხელმძღვანელებს. ის თვლის, რომ რიგ საგნებთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს თანამშრომლობა საპატრიარქოსთან აუცილებელია. ასეთი განცხადებები არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ახალ პარლამენტს მუშაობაც კი არ დაუწყია, გვაფიქრებინებს, რომ ქალების და გოგონების გაძლიერებისთვის ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმი, სექსუალური განათლების შემოტანა სასკოლო პროცესში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში არ ამოქმედდება და შესაძლოა სამოქალაქო განათლებასაც პრობლემები შეექმნას.

თუ ქართული ოცნების სიაში შემავალი ახალი ქალი კანდიდატები უბრალო გამხმოვანებლის როლს ასრულებდნენ, ნაციონალური მოძრაობის სიის ფორმირებისას კიდევ უფრო საყურადღებო ამბები ხდებოდა. არჩევნების მოახლოებისას პროპორციულმა სიამ ცვლილება განიცადა და მეორე ნომრად ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი წარუდგა საზოგადოებას, რომელიც ამავდროულად მაჟორიტარი კანდიდატი იყო ზუგდიდში. სანდრა რულოვსის ნაციონალური მოძრაობის რიგებში მოხვედრას წინ უსწრებდა მისი განცხადებები, სადაც გამორიცხავდა პოლიტიკურ საქმიანობას.

ვარაუდი იმის შესახებ, რომ მისი გადაწყვეტილების უკან ყოფილი პრეზიდენტი და მისი ინტერესები იდგა, გამყარდა საარჩევნო პერიოდში, როდესაც მაჟორიტარობის კანდიდატმა ჯერ მეორე ტურში მონაწილეობაზე განაცხადა უარი, შემდეგ კი პარლამენტში შესვლაზე. ქალების ამგვარი რეპრეზენტაცია საარჩევნო პროცესებში მათ არადომინანტ როლს კარგად წარმოაჩენს და შეუძლებელს ხდის ქალების გაძლიერებაზე მიმართული ნორმების შემოღებას, ვინაიდან რეალობა, სადაც ლიდერი ქალებიც კი მართულ და კონკრეტული ფუნქციის მქონე ელემენტებად გვევლინებიან კაცების დიდ თამაშში, ცუდი გზავნილია ათასობით სხვა არაპრივილეგირებული ქალისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ საარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით დიდი წნეხი მოდიოდა ისეთ უბნებში, სადაც შედარებით მაღალი რეიტინგის მქონე ოპოზიციური კანდიდატები იყრიდნენ კენჭს, რაც კიდევ უფრო ართულებს ქალების და სხვადასხვა ტიპის უმცირესებებოს ჩართვას პოლიტიკურ პროცესებში. არეულობები ზუგდიდი და მარნეულის საარჩევნო უბნებზე სწორედ იმის დასტურია, რომ ხელისუფლება ბოროტად იყენებს ძალას იქ, სადაც თვლის რომ უპირატესობას მოიპოვებს კონკურენტზე სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით. იქნება ეს ქალი კანდიდატი, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი თუ განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე პირი.

ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში ნებისმიერ განმასხვავებელ ნიშანზე ხაზგასმა და ამ გზით ოპონენტების დისკრედიტაციის მცდელობა საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა და ამას იყენებენ არა მხოლოდ ღიად ჰომოფობიური ძალები, არამედ პროგრესულად აღიარებული კანდიდატებიც. მაგალითად მთაწმინდის მაჟორიტარი ჯანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც “ქართული ოცნების” მხარდაჭერით სარგებლობდა, სხვადასხვა გამოსვლებში ერთის მხრივ ხაზს უსვამდა თავის “ელიტარულ” წარმომავლობას და მეორეს მხრივ ნეგატიურ კონტექსტში იხსენიებდა სანდრა რულოვსს (მაგალითად მისი წარმომავლობის გამო). ასეთი განცხადებები კიდევ უფრო ამწვავებს საზოგადოებაში არსებულ ნეგატიურ დამოკიდებულებებს სხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანების მიმართ და ხელს უწყობს მათ მარგინალიზებას.

საყურადღებოდ ვითარდებოდა მოვლენები შედარებით დაბალი რეიტინგის მქონე პროევროპული ღირებულებების მქონე პარტიებში, რომლებიც მთავარ სახეებადაც კაცები გვევლინებოდნენ მთელ წინასაარჩევნო პერიოდში. კაცები არა მხოლოდ მთავარი სახეები იყვნენ მაგალითადრესპუბლიკური პარტიისდათავისუფალი დემოკრატებისშემთხვევაში, არამედ სახელწოდებაში, რომლითაც არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას, კაცი ლიდერების გვარები ფიგურირებდა, რაც სავარაუდოდ მათ მნიშვნელობას უსვამდა ხაზს.  “ალასანია - თავისუფალი დემოკრატების” და “უსუფაშვილი - რესპუბლიკელების” დასახელება განსაკუთრებით საყურადღებო აღმოჩნდა არჩევნების დასრულების შემდეგ, როდესაც  სწორედ ამ კაცებმა არამყარი არგუმენტებით მიატოვეს საკუთარი პარტიები და ის ამომრჩეველი, რომელმაც მათ სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.

თავისუფალი დემოკრატების შემთხვევაში პარტია დატოვა არა მხოლოდ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ, არამედ წინასაარჩევნო პირობებში აქტიურმა სხვა კაცემა ლიდერებმა. “მამაკაცური ლოკომოტივის” მხრიდან პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას კიდევ უფრო უხერხული ნაბიჯები მოყვა და ყოფილი ოპოზიციონერები  ხელისუფლების წარმომადგენლების ოთახებში ღიად საუბროდნენ ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობების დაკავების სურვილზე.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, დავით უსუფაშვილის მხრიდან პარტიიდან წამოსვლას თინა ხიდაშელის ანალოგიური გადაწყვეტილება მოყვა. რეალობა, სადაც ცოლს და ქმარს ერთ პოზიციაზე ყოფნა მოეთხოვება, სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკური ცხოვრებისთვის უცხო არც ამ შემთხვევაში აღმოჩნდა.  აღნიშნული განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას იმის ფონზე, რომ რესპუბლიკელების საარჩევნო სიაში პირველი ადგილი სწორედ დავით უსუფაშვილს ეკავა და მხოლოდ ამის შემდეგ მოდიოდა პარტიის თავმჯდომარე ქალი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში აჩვენა, რომ ქალების პოლიტიკაში მონაწილეობა უმეტეს შემთხვევებში მაინც ფორმალური ხასიათისაა. მათ, ერთის მხრივ, საკუთარი გუნდის წევრები თუ თანამებრძოლები არგებენ კონკრეტულ როლებს და უსაზღვრავენ სამოქმედო არეალს, მეორეს მხრივ კი საზოგადოება უდგენს ჩარჩოებს, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც მის კეთილგანწყობას კარგავენ.

ეს არჩევნები ასევე კარგი ილუსტრაციია იმისა, რომ მეტი ქალი პარლამენტში, პოლიტიკაში და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ყოველთვის სასურველი რეალობა არ არის და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ ფორმა და შინაარსიც. მკვეთრად ჰომოფობიურმა და ნაციონალისტურმა პარტიამ, “პატრიოტთა ალიანსმა” პარლამენტში შესვლა 6 დეპუტატით და გენდერულად  იდეალურად დაბალანსებული სიით შეძლო (3 ქალი, 3 კაცი), თუმცა ძნელად წარმოსადგენია ამ პარტიის წევრების მხრიდან ქალების გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების ან გენდერულად სენსიტიური განცხადებების მოსმენა.