არცთუ ისე დიდი ხნის წინ, დედამ მკითხა - ასეთი რა გაგაჩინე, სულ დინების საწინააღმდეგოდ რომ ცურავ? ეს კითხვა ჩემი ცხოვრების ბევრ ეპიზოდს და სხვადასხვა სფეროს ეხება. დავფიქრდი და მივხვდი, რომ დინების საწინააღმდეგოდ ცურვის მთავარი მიზეზი არათანაზომიერი შეზღუდვები იყო. ეს ერთგვარი პროტესტი იყო ფრაზებზე – „არ შეიძლება“, „ასეა მიღებული“, მაშინ, როცა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთათვის ჩემთვის აკრძალული ქმედება დასაშვები და ხშირ შემთხვევაში, მოსაწონიც კი იყო.
ბავშვობიდან დღემდე მამაკაცი მეგობარი უფრო მეტი მყავს, ვიდრე ქალი. ეს ალბათ, იმით აიხსნება, რომ უმეტესობა თვლის – კაცსა და ქალს შორის „ნამდვილი მეგობრობა არ შეიძლება“. მცხეთაში აგარაკი მაქვს, რომელთანაც ბავშვობის მოგონებები მაკავშირებს. მათ შორისაა სატვირთო მანქანის საბურავით მცხეთელ ბიჭებთან ერთად არაგვის ტალღებს გაყოლა, მათთან ერთად ხიდიდან ხტომა, კლდეზე ცოცვა და ა.შ. კარგად მახსოვს, როგორ ვიპარებოდით მე და ჩემი მეგობარი გოგოები სახლებიდან ღამის ათი საათის შემდეგ და რამდენი უსიამოვნება მოგვსვლია მშობლებთან „რას იტყვიან მეზობლების“ გამო.
სად „დავეხეტებოდით შუაღამისას“? – მეგობართან, რომელიც სულ რაღაც 3-4 წლით უფროსი იყო ჩემზე. მის სახლში ყოველთვის ბევრი სტუმარი ტრიალებდა და ძალიან კარგ დროს ვატარებდით. იქ მოსახვედრად, იძულებული ვიყავი, განსაკუთრებული მოხერხებულობა გამომეჩინა – ერთხელ ბებია გარედანაც კი ჩავკეტე, მეგონა, დილამდე არ გაიღვიძებდა. მისულიც კი არ ვიყავი მეგობრის სახლთან, რომ მისმა განწირულმა ყვირილმა „მეზობლებო მიშველეთო“ გული გამიხეთქა. დიდხანს აღარ მელაპარაკებოდა ბებიაჩემი ამ ამბის შემდეგ. კიდევ უფრო წარსულში რომ გადავინაცვლო, სულ რაღაც 6-7 წლის ვიყავი, როდესაც ცხონებულმა ბებიამ გათბობის მილზე თოკით მიმაბა. მიზეზი? – მეზობელ ბიჭთან ერთად ველოსიპედით დამინახეს ქალაქში და ბებოს მოახსენეს ამ „უმსგავსობის“ შესახებ. ბებო დაჟინებით ითხოვდა ჩემგან დამედო პირობა, რომ იმავეს აღარ ჩავიდენდი, ბოლოს და ბოლოს გოგო ვიყავი, ალქაჯი და თხა ხომ არა?! პირობა ვერ მივეცი ბებიას და მილზე მიბმაც გარდაუვალი გახდა. ფეხმძიმე ბიცოლაჩემი, რომელიც ახალი რძალი იყო, ამ დროს ტანსაცმელს აუთოებდა და არ გაუგია, რა მოხდა. ჩემი სიცხიანი და კი ლოგინიდან მაკონტროლებდა. ბებოს განასკვული თოკი რომ გავხსენი და გავიქეცი, ჩემმა დამ ყვირილი მორთო - „მანანა ბიცოლა, აიშვა, აიშვაოო!“. სანამ მანანა ბიცოლა მიხვდა, რომ სოფომ აიშვა და არა რომელიღაც ავმა ცხოველმა, მას თავისი დაემართა. ალბათ, მას შემდეგ „ავიშვი“ და „ავიშვი“.
18 წლის ვიყავი, როდესაც გავიპარე და გავთხოვდი. რატომ ასე ადრე? იმიტომ, რომ მიშლიდნენ, მზღუდავდნენ, მიკრძალავდნენ. ვერ ხვდებოდნენ, რომ ამით მხოლოდ აჩქარებდნენ მათთვის არასასურველ შედეგს. ვერ ხვდებოდნენ, რომ ყველაზე მთავარი იყო თავისუფალი არჩევანი მქონოდა. სწორედ ამას ვერ ხვდება ბევრი, როდესაც გამართლებას ეძებს უთანასწორობისთვის. მთავარია, არსებობდეს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები, არსებობდეს თანასწორობა, როცა საქმე არჩევანს ეხება და შემდეგ უკვე არჩევანი ჩვენზეა. ვერავის დავაბრალებთ ყოფას, რომელიც მსუბუქი ან მძიმეა, რადგან გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ; საკუთარ წარმატებასა და წარუმატებლობაში, საკუთარი თავის გარდა, ვერავის გავამტყუნებთ და დავადანაშაულებთ. კისერიც რომ მოვიტეხოთ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ალბათ, ეს ამად ღირდა, თუ აქამდე ჩვენი გაცნობიერებული არჩევანის შედეგად მივედით (ამ მხრივ კლინტ ისტვუდის ფილმი „გოგონა მილიონ დოლარად“ არის საყურადღებო).
თანასწორობა ბალანსის აუცილებელი წინაპირობაა. ბალანსის დაცვა კი ყველანაირ ურთიერთობაში მნიშვნელოვანია.
დინების საწინააღმდეგოდ ცურვა რთულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ დინებას მარტო უპირისპირდები, თუმცა შეუძლებელი არ არის. შეიძლება დინებამ ბევრჯერ დაგაბრუნოს საწყის წერტილზე, შეიძლება ქვას მოეჭიდო და ცოტა ხანს ხავსადაც მოედო, მაგრამ ადრე თუ გვიან, მიზანს მაინც მიაღწევ. ბევრად იოლია დინების წინააღმდეგ თანამოაზრეებთან ერთად ცურვა, შეიძლება იმდენიც მოახერხოთ, რომ დინებას მიმართულება შეაცვლევინოთ და ერთად გადაეშვათ თანასწორობის ჩანჩქერში.
მერწმუნეთ, ბრძოლა ყოველთვის ღირს.
ჰოდა, გაცურეთ! გაცურეთ დინების საწინააღმდეგოდ, რადგან უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის ღირს!