ვის ეშინია ელენე დარიანის?

უფრო სწორად, ვერსიის, რომ ელენე დარიანი ელენე ბაქრაძეა. ვერსიის და არა მტკიცების, რადგან, ვინც ელენე ბაქრაძის ვერსიაზე ავლაპარაკდით, უმეტესწილად, ერთადერთ ჭეშმარიტებაზე ფლობის უძლეველი ვნება არ გვქონია. განსხვავებით მათგან, ვინც ელენე ბაქრაძემ ძალიან გააღიზიანა. გაღიზიანებულებს, ძირითადად, ქართული აკადემიის წამყვან ფილოლოგებს, ბაქრაძის ვერსიის საპირსიპიროდ, პროფესიული არგუმენტები არ წამოუყენებიათ, ყოველი შემთხვევისთვის, საჯარო სივრცეში. მაგალითად, არ შეუდარებიათ დარიანული ციკლის და პაოლო იაშვილის ლექსები, რომელიც რიგით, დაინტერესებულ მკითხველს ან სხვაობას, ან ერთნაირობას დაანახებდა.  შესაძლოა მსგავსი ანალიზი სადმე მტვრიან თაროზე,  რომელიმე მონოგრაფიის ან დისერტაციის სახით დევს, მაგრამ მეეჭვება. რაც მე მინახავს, იმ აკადემიურ ტექსტებში, ანალიზი  უპირობო დაშვებას ეყრდნობა, რომ დარიანი იაშვილია. რაც მე მესმის, ელენე ბაქრაძის, როგორც ქალის დისკრედიტაციაა. როგორც ჩანს, ერთადერთ ჭეშმარიტებაზე და (შესაბამისად, ძალაუფლებაზე) ფლობის სურვილს თანამედროვე ქართული ფილოლოგია საჯარო სივრცეში ასე გამოხატავს. ის მეტისთვის თავს არ იწუხებს. ან, შეიძლება, მეტი არც შეუძლია.

შედეგად, წლების განმავლობაში ერთი და იმავე, ზიზღით გაჯერებულ განცხადებებს ვისმენთ. ვისმენთ იმას, რომ  ბაქრაძე მსუბუქი ყოფაქცევისაა, რომ ბაქრაძე ავანტიურისტია, რომ ბაქრაძე უსინდისოა. ის წესიერად კალამს კი არა, ქართულ ენასაც ვერ ფლობს. ხანდახან ვფიქრობ: რომ გვეთქვა დარიანული ლექსების ავტორი სხვა, რომელიმე ცნობილი პოეტი კაცია, მაგალითად, ტიციან ტაბიძე, მაშინ რა მოხდებოდა? როგორ შეიცვლებოდა ნარატივი? დაიხარჯებოდა ამდენი სიტყვა და ემოცია ტიციან ტაბიძის მსუბუქ ყოფაქცევაზე?  რა შეიცვლებოდა ტიციანის არქივში რომ აღმოგვეჩინა მასალები, რომელიც მის ავტორობაზე ვარაუდის საშუალებას მოგვცემდა? იქნებოდა მისი არქივი უფრო სანდო წყარო? იმაზე უფრო სანდო, ვიდრე ბაქრაძის არქივია?

რა თქმა უნდა, კი.

ლიტერატურას საუკუნეების განმავალობაში კაცები ქმნიდნენ და კაცებს ეკუთვნოდათ. ლიტერატურა იყო პრივილეგირებულის - მისი, ვისაც განათლებაზე ხელი მიუწვდებოდა, მისი, ვინც წერა-კითხვა იცოდა, მისი, ვისაც ჰქონდა ფული და “საკუთარი ოთახი”.  ქალებმა გვიან დაიწყეს წერა იმიტომ, რომ განთლების მიღების, საჯარო სივრცეში გამოჩენის და სხვა შესაძლებლობები, კაცებისგან განსხვავებით, გვიან მიეცათ. თუმცა, პატრიარქალურმა სისტემამ და ამ სისტემის წიაღში გაჩენილმა დომინანტურმა (კაცურმა)  ლიტერატურულმა ტრადიციამ, რომელსაც უნივერსალობაზე ჰქონდა (და აქვს) პრეტენზია, მიზანმიმართულად დაიწყო არაპრივილეგირებული ჯგუფების და, პირველ რიგში, ქალების განდევნა კანონიკიდან. ქალებს უარყოფდნენ და ხელს უშლიდნენ, მათ ნიჭს ჩქმალავდნენ, მათ შესაძლებლობებს აუფასურებდნენ. შედეგად, მივიღეთ კაცები სახელმძღვანელოებში, ანთოლოგიებში, კედლებზე, ეკრანზე, ენაზე, ტვინში.

ასე მოხდა ყველგან და მათ შორის, საქართველოშიც. აბა, შეეცადეთ ჩამოთვალოთ ქართული ლიტერატურის ისტორიიდან ქალი და კაცი ავტორები. დაითვალეთ რამდენ ქალ ავტორს გაიხსენებთ და რამდენ კაცს. ის ფაქტი, რომ ორ ქალს გაიხსენებთ და ოც კაცს არ ნიშნავს იმას, რომ ქართულ ლიტერატურას წარსულში ქალი ავტორები არ ჰყოლია. ჰყავდა. თან, ორზე ბევრად მეტი. მაშინ, რატომ არაფერი ვიცით მათ შესახებ? რატომ არაფერი წაგვიკითხავს? რატომ არაფერი უთქვამთ ჩვენთვის, პირველ რიგში, მათ, ვისი მოვალეობაც ესაა - ფილოლოგებსა და ლიტერატურათმცოდნეებს?

დღეს საქართველოში ეს სფერო ძირითადად ქალებს უკავიათ. არა მხოლოდ სკოლებში, არამედ აკადემიაშიც. მიუხედავად ამისა, ფილოლოგია და ლიტერატურათმცოდნეობა კაცი ავტორების ფეტიშიზაციის და აქტიური გუნდრუკის კმევის ფონზე, დაპყრობილი და შეპყრობილია დომინანატური პატრიარქალური ლიტერატურული ღირებულებებითა და ტრადიციებით. მაგალითად, წამყვანმა ფილოლოგმა ქალმა შეიძლება დაწეროს 500-გვერდიანი წიგნი ქართულ საბჭოთა ლიტერატურაზე და არსად ახსენოს რომელიმე ქალი მწერალი. ის ქალი მწერალი,  რომლის ავტორობაც საკამათო არაა.

გინახავთ თანამედროვე ფილოლოგ ქალებს ესაუბრათ ანასტასია ერისთავ-ხოშტარიაზე, როგორც უდიდეს რომანისტზე? ეკატერინე გაბაშვილზე, როგორც ქართულ ლიტერატურაში ნოველის ფუძემდებელზე? უხსენებიათ როდესმე  უნიჭიერესი პოეტი და პროზაიკოსი საფო მგელაძე? ან საბჭოთა ტოტალიტარული სისტემისგან საბავშვო მწერლობაში განდევნილი არაჩვეულებრივი პოეტები: მარიჯანი და ლიდია მეგრელიძე? ხმა ამოუღიათ 80-იანი წლების სრულიად უნიკალურ, თუმცა უცნობ და დავიწყებულ ავტორებზე - ქეთი ნიჟარაძესა და ანა მხეიძეზე?

რა თქმა უნდა, არა.

სამაგიეროდ, რას ვისმენთ და ვკითხულობთ? რისი გვჯერა? გვჯერა იმის, რომ ქართული პოეზია გალაკტიონია, ქართული პროზა კი -  ჯავახიშვილი. უფრო მეტიც, გვჯერა, რომ ლიტერატურული მისტიფიკაციის “კეთება” მხოლოდ კაცს შეუძლია. კაცს ყველაფერი შეუძლია - მათ შორის ქალივით წერა.

ეს მისტიფიკაცია, უფრო სწორად, მისტიფიკაციაზე ფიქსაცია “მაგიური სარკე” ხომ არაა, სადაც კაცები არსებულზე უფრო მაღლები და უფრო ნიჭიერები ჩანან, ვიდრე არიან სინამდვილეში? ქალების ხელში აღმართული ეს “მაგიური სარკე” პატრიარქალური ლიტერატურული ტრადიციის კვლავწარმოება ხომ არაა პატრიარქალური მეთოდებით? იქნებ, ფილოლოგ ქალებს ეს სარკე ჯერ თავისკენ შემოებრუნებინათ საკუთარი თავის დასანახად? ქალის დასანახად? იქნებ, მერე ელენე ბაქრაძის ვერსიის არსებობა უფრო იოლად ასატანი გამხდარიყო? იქნებ, მერე შიშიც გამქრალიყო? სისტემისგან თავსმოხვეული საკუთარი თავის შიში? ქალის შიში?