ფემინიზმის ძალიან ბევრს ეშინია, და არა მარტო საქართველოში. თანასწორობის იდეა საშიშია მაშინ, როდესაც ფაქტობრივად მთელი სამყარო, სხვადასხვა უთანასწორობისგან გამოწვეული პრივილეგიების გარშემოა კონსტრუირებული. შეშინებულთა რიგში უთვლელი რაოდენობაა ისეთი ინდივიდებისა, რომლებიც გენდერთა სოციალური თანასწორობის იდეას ბიოლოგიური ან სხვა სულელური არგუმენტებით უპირისპირდებიან. აქ მათთან დავას არ ვისახავ მიზნად. სხვა, ჩემი სოციალური წრისთვის უფრო ახლომდებარე ფენომენზე მინდა ორიოდ სიტყვის თქმა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისში არა ერთი ფემინისტი მამაკაცი გავიცანი. მათი ფემინისტობის შესახებ ძირითადად სხვადასხვა დისკუსიებიდან ვიგებდი, მათ შორის დისკუსიებიდან ფემინიზმზე. მაგრამ ეს ფემინიზმი ხშირად ასევე დისკურსულ დონეზე რჩებოდა. პრაქტიკაში კი სულ სხვა რაღაცები ჟონავდა, მათ შორის ისიც, რომ ფემინისტური პოზიცია „ნაშების შებმის“ საბაბადაც კი იქცეოდა ხოლმე. ზოგის საქციელში ფემინიზმი ისეთივე ატრიბუტს, სოციალურ აღმნიშვნელს წარმოადგენდა, როგორც სხვებისთვის – შავი ჯიპია.
ამასობაში უფრო და უფრო მეტი დრო დავუთმე რეფლექსიას იმაზე, თუ რა განსხვავება იყო არა სხვების, არამედ ჩემს პრინციპებსა და საქციელს შორის. მეც ხომ არ ვფარისევლობდი?
იდეალური ფემინისტი რომ არასდროს ვიყავი, ყოველთვის ვიცოდი, რადგან ასეთი რამ არც არსებობს. მაგრამ ჩემში იყო არაუმნიშვნელო სიზარმაცე, რომელიც მარწმუნებდა, რომ საკმარისად „კარგი“ ფემინისტი ვიყავი. აი, იმათ, ბიოლოგიური არგუმენტები რომ მოჰყავთ ხოლმე, ხომ ვჯობდი? თან მე და ჩემს ცოლს სახლში შრომა ასე თუ ისე თანაბრად გვქონდა დანაწილებული, მაგრამ მეორე შვილი გაგვიჩნდა და ჩვენი ცხოვრება ორმაგად კი არა, ათმაგად გართულდა. თურმე ასეა.
თავს ფიზიკურად და განსაკუთრებით, ფსიქიკურად და ემოციურად უფრო და უფრო დატვირთულად და წალეკილად ვგრძნობდი. იმდენად, რომ იმაზე ფიქრი, რომ ჩემი ცოლიც ამავეს გრძნობდა, მავიწყდებოდა. ამ დავიწყებას სწორედ ის ლოგიკა უწყობდა ხელს, რომ თითქოს არ ვიყავი ცუდი ფემინისტი. სახლიდან გავდიოდი ხოლმე იმ მწვავე და ავთენტური გრძნობით, რომ „ცოტა ხანი უნდა გავიდე, თორემ გავრეკავ.“ ჰოდა, სრულიად შესაძლებელი იყო, ასეთი გასვლის დროს აღმოვჩენილიყავი სადმე მეგობართან, სადაც ფემინიზმზე ან რომელიმე ტექსტის ფემინისტურ ინტერპრეტაციაზე გულწრფელად ვისაუბრებდით მთელი საღამო. ეს მამხნევებდა და ემოციურ ენერგიას მმატებდა.
იმის თქმა მინდა, რომ თუ ჩემთვის ჭურჭლის და საკუთარი საცვლების რეცხვა საკმაოდ მარტივი იყო, დადგა პერიოდი, როცა ემოციური ტვირთის უმეტესობა ჩემი ცოლის მხრებზე გადავდე. ერთხელაც, ჩემმა ცოლმა ეს რომ აღნიშნა, ჩემი ფარისევლობა მკაფიოდ მომხვდა თვალში. ამის შემდეგ გამიქრა სურვილი საჯაროდ ფემინიზმზე მსჯელობისა და მეც „გავჩუმდი,“ რაზეც არაერთხელ დაწერილა სწორედ ამ რუბრიკის ფარგლებში.
სიჩუმეში ორი რამ მოხდა. პირველი ის, რომ უფრო და უფრო პრობლემურად დამესახა ჩემი პირადი ფემინიზმი, რომლის დახვეწა მთელი ჩემი ცხოვრების ხანგრძლივობის პროექტი უნდა იყოს, და არა დიდი „კაცური“ ნიშანი, რომელიც თეატრალურად მეკეთება მაჯაზე, ან სხეულის რომელიმე სხვა ნაწილზე. და მეორე: ამ რეფლექსიამ გამოავლინა ის ძალა, რომელიც მომცემდა შესაძლებლობას, ჩემი ერთი შვილისთვის სახვევი გამომეცვალა, შემდეგ მეორის 45 წუთიანი, დაუსრულებელი და ბედისწერასავით მიუტევებელი ტირილი მომეთმინა, და (რაც მთავარია) ჩემი ცოლი სახლიდან გავარდნების გარეშე გამემხნევებინა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. პრობლემები არ დასრულებულა, მაგრამ ყველაფერი მართლა კარგად იქნება მანამ, სანამ თვითრეფლექსიის შედეგად ყოველდღიურობის შეცვლა არ დაგვეზარება.