ექსკლუზივი პოლიტიკაზე ანუ მოთხოვნები ქალი პოლიტიკოსის მიმართ

პოლიტიკოსების შეფასებისას ხშირია არგუმენტები, რომლებიც გენდერულ სტერეოტიპებს ეყრდნობა. თავის მხრივ, პოლიტიკური სუბიექტები იღებენ ამ მოცემულობას, როგორც უცვლელს და გარდაუვალს,  და წინასაარჩევნო კამპანირებისას ნორმატიული გენდერული ჩარჩოების კვლავწარმოებას განსაკუთრებული ძალისხმევით ცდილობენ. პოლიტიკური მოთხოვნისა და მიწოდების გამარტივებული სქემა ლეგიტიმურს ხდის არგუმენტს, რომ  გენდერული ნორმატიულობა სწორედ ისაა, რასაც ტრადიციული საზოგადოება ითხოვს პოლიტიკოსი ლიდერებისგან.

მოლოდინები პოლიტიკოსის მიმართ არაერთხელ გამხდარა პოლიტიკის მეცნიერებისა და ფემინისტების განხილვის საგანი. მეტწილად, ამგვარი მოლოდინები მასკულინურად/კაცურად აღქმულ მახასიათებლებთანაა კავშირში და არა ფემინურთან. ფემინისტი მკვლევრები  სვამენ კითხვას - რა მნიშვნელობა აქვს გენდერს და მასზე მიმაგრებულ მოლოდინებს, როცა საქმე ეხება ქალ და კაც პოლიტიკოს კანდიდატებს?  რა გავლენას ახდენს ეს წინასწარგანწყობები ამომრჩეველზე?[1] ზოგადად, როგორც ფემინისტურ თეორიაში, ისე პოლიტიკურ მეცნიერებებში პრობლემურ საკითხად განიხილება  დამკვიდრებული მოსაზრება, რომ პოლიტიკა შეუფერებელია ქალისთვის.[2]

სწორედ ამიტომ, ჩვენ დავინტერესდით არგუმენტაციის იმ სქემებით, რომლებსაც ეყრდნობოდნენ ამომრჩევლები 2017 წლის თვითმმართველოს საარჩევნო  პერიოდში პოლიტიკოსი ქალის განხილვისას; როგორ ამართლებდნენ ან, პირიქით, რატომ მიიჩნევდნენ გაუმართლებლად ქალის პოლიტიკაში მოაზრებას? საკვლევ მასალად განისაზღვრა თბილისის მერობის იმ კანდიდატების facebook გვერდები, რომლებიც NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ყველაზე რეიტინგულები იყვნენ (ზაალ უდუმაშვილი, ელენე ხოშტარია, კახა კალაძე, ალექსანდრე ელისაშვილი).[3] გარდა ამისა, გაანალიზდა: „ლიბერალისა“ და „ნეტგაზეთის“ facebook გვერდები, მერობის კანდიდატების პროგრამები, partiebi.ge-ზე განთავსებული კანდიდატების კითხვარები და სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით გავრცელებული ინტერვიუები მერობის კანდიდატებთან. ანალიზისთვის მნიშვნელოვანი იყო ე.წ. მეტაფორები, ფრაზები, შედარებები, ასოციაციები, რომელზე დაყრდნობითაც გამოთქმებოდა პოზიცია და შემდგომ მყარდებოდა არგუმენტებით.  გაანალიზდა, როგორც  ტექსტუალური, ასევე ვიზუალური მასალა: ვიდეო-მიმართვები, სატელევიზიო ინტერვიუები, ფოტოები.[4]

სოციალურ ქსელ facebook-ში პოლიტიკოსი ქალის დასახასიათებლად გამოყენებული სიტყვებისა თუ ასოციაციების ანალიზზე დაყრდნობით გამოიკვეთა, რომ არსებული დისკურსი პოლიტიკოსი ქალის პოლიტიკაში ყოფნის მარგინალიზებას  და ტრადიციულ გენდერულ ჩარჩოებში მოქცევას ორ ძირითად მექანიზმზე დაყრდნობით ცდილობდა:

  1. მცდელობა, რომ პოლიტიკოს ქალს შეახსენონ კულტურულად აღიარებული როლებისა და მოვალეობების შესახებ.
  2. მცდელობა, რომ პოლიტიკოსი ქალი გაკრიტიკდეს საკუთარი გარეგნობის საფუძველზე (პოლიტიკოსი ქალისგან მუდმივად მოითხოვენ დაადასტუროს, რომ მისი გარეგნობა, მანერები, ქცევა ნორმატიულ ფემინურობას ექვემდებარება).

ტრადიციული გენდერული ნორმები ქალად ყოფნას ცოლობას/დედობას უკავშირებს და ამ მოლოდინებით მას მუდმივად კერძო სფეროსთან აბრუნებს. თუ რეალიზება სწორედ დედობა/ცოლობასთან და, შესაბამისად, ზრუნვის სფეროში ქალის მოაზრებასთან იგივდება, პოლიტიკოს ქალად ყოფნა, ეწინააღმდეგება რეალიზებული ქალის ამ სახეს. ამის დადასტურებაა facebook “იუზერების” გამოხმაურებები მერობის კანდიდატ ელენე ხოშტარიას კამპანიის Facebook გვერდზე განთავსებულ პოსტებზე. თუ უფრო დეტალურად განვიხილავთ გამოხმაურებებს, ვაწყდებით მოწოდებებს, რომლებიც უფრო ნათლად ქმნიან წარმოდგენას არსებული განწყობების შესახებ პოლიტიკოსი ქალის მიმართ.

ამომრჩევლები პოლიტიკოსი ქალისგან გონივრულ ნაბიჯად მიიჩნევენ, რომ მიუბრუნდეს თავის “ბუნებრივ” ყოფას. მათთვის იმდენად ურყევია ქალის, როგორც დედად, ცოლად მოაზრების მნიშვნელობა, რომ ამ კავშირს მიმართავენ იმ ნაკლოვანებების წარმოსაჩენად, რაც პოლიტიკაში ყოფნას შეიძლება სდევდეს თან. პოლიტიკოსობა ქალის უმთავრეს ფუნქციებს ჩრდილავს და მნიშვნელობას უკარგავს, აუფასურებს. თუ ქალი პოლიტიკოსი წარმატებულია, ეს წარმატება მაინცდამაინც არ გულისხმობს მის რეალიზებას, რადგან ოჯახური სფერო ყურადღების მიღმაა. მან “სიკეთეების” (დედობა, ცოლობა) დათმობის ფასად შეძლო პოლიტიკაში მოსვლა და ეს ის მსხვერპლია, რომელიც საზოგადოებას ქალისგან არ ჭირდება.

საინტერესოა ის რეაქციები, რომელიც მოჰყვება ერთ-ერთ სატელევიზო გადაცემაში პოლიტიკოსი ქალის შვილებთან და ქმართან ერთად ხილვას.[5] გვერდის გამომწერებს უკვირთ ამ ამპლუაში ქალი პოლიტიკოსის ხილვა და გარკვეულწილად, კეთილადაც განაწყობს.

 “საერთოდ არ ვიცოდი ელენე გათხოვილი თუ იყო. ამ გადაცემის მერე სულ შემეცვალა ელენეზე წარმოდგენა, ოთხი შვილის დედა ყოჩაღ რა მაგარია მინდა წარმატებები ვუსურვო.” [6]

თუმცა, მეორე მხრივ, ეს ფაქტი უფრო მეტ საფუძველ ქმნის არსებული დისკურსისთვის, რომლის მიხედვითაც, როგორც უკვე ვახსენეთ, ქალის რეალიზება მისი ქორწინების სტატუსზე და რეპროდუქციის უნარზე გადის. შესაბამისად, დედობა პოლიტიკიდან ქალის ექსკლუზიის საბაბი ხდება. დედობა კარგია, ყოველთვის წახალისებულია, მაგრამ ის პოლიტიკოს ქალს სხვის თვალში უკეთესად ვერ აქცევს, პირიქით, მუდმივად გაუსვამს ხაზს ან/და კითხვის ქვეშ დააყენებს “თავდადებული დედის” ხატს. დედა, პირველ რიგში, შვილებზე პასუხისმგებელი პირი და ზრუნვის გამცემი უნდა იყოს. ნაცვლად რეაგირებისა პოლიტიკოსი ქალის განცხადებებზე, დებატებში მონაწილეობასა თუ კამპანირების სტრატეგიებზე, გვერდის გამომწერები მოუწოდებენ კანდიდატს, რომ ოჯახს მიხედოს - პოლიტიკა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რისთვისაც დრო არ უნდა რჩებოდეს ქალს. სწორედ ამ აღქმას მოსდევს ასევე მტკიცება, რომ თუ ქალმა ოჯახში ვერ ივარგა, თავი ვერ გაართვა ამ როლს, მით უმეტეს ვერ ივარგებს ქალაქის სათავეში.

“ჯერ .... შვილს მიხედე, შენ თბილისს მოუვლი?”[7]          

საინტერესოა ის, რომ პოლიტიკოსი ქალის კვალიფიციურობიდან ყურადღების გადატანა მუდმივად ხდება მის როლზე. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგად გამოსდის მას თავისი საქმე, რა ცოდნასა და კომპეტენციას ფლობს იგი, მისი დისკრედიტაცია მარტივდება იმის შეხსენებით, რომ ის ქალია და განსაზღვრული ქცევა მოეთხოვება.

“დაჯდეს და ზარდოს თავისი შვილები”[8]

“...... წადი და მიხედე მერე შვილებს, პოლიტიკა რა შენი საქმეა.”[9]

კომენტარებში გვხვდება სიტყვები “ვაჟკაცური”, “ბატონო”, როგორც მიმართვის ფორმა კონკრეტული ქალი პოლიტიკოსის მიმართ. მსგავსი მიმართვებით “იუზერებს” სურთ ხაზი გაუსვან, რომ ქალი პოლიტიკოსი ირგებს კაცის როლს და ასე ცდილობს შეაღწიოს რაციონალური აზროვნების  იმ სფეროში, რომელშიც კაცი მოიაზრებოდა მუდამ. მსგავსი კომენტარები ემსახურება ქალისა და პოლიტიკის შეუთავსებლობის დამტკიცებას.

“მოხერხებული ქალაქი ''ბატონო'' ელენე?”[10]

“ბატონ ელენეს ვბალეშიკობ”[11]

ფემინურობის საკითხი განსაკუთებით წინ წამოიწევს პოლიტიკოსი ქალისადმი არსებული დამოკიდებულებების ანალიზისას. ნიშნული, რომლის მიხედვითაც  ხშირად ხდება ქალი პოლიტიკოსის კრიტიკის  ლეგიტიმაცია, მისი გარეგნობაა. პოლიტიკიდან გაქრობის/ღირებულებისგან დაცლის ერთგვარი მანიფესტაციაა აქცენტის დასმა იმაზე, თუ როგორი ვარცხნილობა, ხმის ტემბრი, ჩაცმულობა და სხვ. აქვთ იმ პოლიტიკოს ქალებს, რომლებიც ჩნდებიან ეკრანებზე, ბილბორდებსა თუ სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოებსა და ვიდეობზე.

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ამ ქალების მიუღებლობას ხშირად განაპირობებს არა გარეგნობა, არამედ არანორმატიული ფემინურობა და ეს ფემინურობა არ გულისხმობს მხოლოდ გარეგნობას, არამედ ქცევასაც (ქცევაში კი იგულისხმება პოლიტიკის კეთება/პოლიტიკოს ქალად ყოფნა). გარეგნობაზე მითითება მხოლოდ მექანიზმია იმისათვის, რომ ეს ქალები “გაუფასურდნენ”, დაკარგონ ღირებულება.         

მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული მერობის ქალი კანდიდატის კრიტიკა, მეტწილად,  სწორედ არანორმატიული გარეგნობის კრიტიკაზე გადის.  მიუხედავად იმისა, რომ “იუზერებს”, შესაძლოა, ჰქონდეთ მიზეზი, რომელზე დაყრდნობითაც გამოთქვამენ უკმაყოფილებას კანდიდატისადმი, ისინი მაინც არჩევენ, რომ დამოკიდებულება მიზოგინური კომენტარებით გამოხატონ.

“ჟელე მაინც წაისვი ... მაგ თმებზე, დავიტანჯე” [12]

 

თუ ქალმა ისიც კი ვერ შეძლო, რომ შეენარჩუნებინა თავისი ფემინურობა და ის საზოგადოებისთვის ხილვადი და მისაღები გაეხადა, მაშინ იგი ვერ შეძლებს იყოს წარმატებული თავის საქმეში.

“...(პოლიტიკოს ქალს).. თავისთავისთვის ვერ მიუხედია...” [13]

იმას, რომ პოლიტიკოსი ქალი  და მისი გარეგნობა განსაკუთრებულს ყურადღებას იქცევს ადასტურებს ერთ-ერთ შოუში მერობის კანდიდატის მიმართ დასმული კითხვები. მას კითხვას უსვამენ მაკიაჟზე; აქცენტს სვამენ ცხოვრების იმ ეტაპებზე, როდესაც იგი “იპრანჭებოდა”, იცვამდა კაბებს, დადიოდა ბალეტზე. ამით, თითქოს, უზრუნველყოფილია პოლიტიკოსი ქალის ფემინურობისადმი მიბრუნება. მტკიცდება, რომ კონკრეტული სტილი, რომელიც ამჟამად აქვს ქალს მხოლოდ პოლიტიკაში წასვლითაა გამოწვეული. საუბარია ასევე წონის მატებასა და ტანსაცმლის შესაბამისად შერჩევაზე.[14]

გარდა იმისა, რომ ქალ პოლიტიკოსს მუდმივად ახსენებენ, რომ პოლიტიკაში ყოფნით იგი შეეცადა “კაცური” რაციონალობისა და გონის სფეროში აღმოჩენილიყო, აქცენტი ასევე ისმევა ქალი პოლიტიკოსის გარეგნობაზე, რომელიც, შესაძლოა, მასკულინურად იქნას აღქმული (მოკლე თმა, ჩაცმის სტილი, მაკიაჟზე უარის თქმა). მასკულინურად მიჩნეული გარეგნობა არის ერთგვარი გადახვევა ნორმატიული ფემინურობისგან, რაც მიუღებელს ხდის ქალ პოლიტიკოსს და აშკარა გაღიზიანებს იწვევს ამომრჩეველში. მასკულინური გარეგნობა ისევე, როგორც პოლიტიკის კეთება, მხოლოდ გაკაცების (რაციონალურ კაცად ქცევის) არასრულყოფილი აქტია.

“უკაცრავად ქალს სად ხედავთ?”[15]

პოლიტიკოსი ქალის მიმართ არსებული განწყობების ანალიზზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ქალის, როგორც პოლიტიკური სუბიექტის აღქმას აძნელებს ის წინასწარგანწყობები, რომელიც დამკვიდრებულია როგორც ქალის, ასევე პოლიტიკის შესახებ; ქალ პოლიტიკოსს მუდმივად უწევს ამტკიცოს, რომ ქალად ყოფნა არ გამორიცხავს პოლიტიკაში მის მოაზრებას და რომ მისი რეალიზება მაინცდამაინც არ გადის კერძო, ოჯახურ სფეროზე. აქ კი გამოწვევად რჩება ის საკითხი, რომ ქალად ყოფნის არსებული ჩარჩოს დანგრევით, ახალი ჩარჩო არ ჩამოყალიბდეს, სადაც ქალი პოლიტიკოსი დედაც აღმოჩნდება, ცოლიც და საჯარო სივრცეში რეალიზებული ქალიც; პოლიტიკოს ქალს უწევს შეებრძოლოს დამოკიდებულებებს, რომელთა საფუძველი ხშირად არა არგუმენტებით გამყარებული მსჯელობა, არამედ აშკარა მიზოგინიაა. ზემოთ ხსენებულთან ერთად, მისი გარეგნობა მუდმივად ყურადღების ქვეშაა და ფასდება ფემინურობის ერთგვარ სკალაზე. თუ იგი ხაზგასმულად ფემინური ვერ აღმოჩნდა, დამატებით წნეხს იღებს საზოგადოებისგან, რაც თავის მხრივ, დამატებით წინააღმდეგობასა და ძალისხმევას უკავშირდება პოლიტიკაში დამკვიდრებისათვის.

 

 

 

შენიშვები:


[1] Nichole Bauer, “Who stereotypes female candidates? Identifying individual differences in feminine stereotype reliance”, 2015

[2] Elizabeth R Cole& Natalie J Sabik, “ASSOCIATIONS BETWEEN FEMININITY AND WOMEN'S POLITICAL BEHAVIOR DURING MIDLIFE”, 508-520, 2010

[3] „NDI: უმეტესობის აზრით, მერის პოზიციაზე ქალი და კაცი ერთნაირად იმუშავებენ“, ნეტგაზეთი, 2017, http://bit.ly/2mvmKwj

[4] „თვითმმართველობის არჩევნები: გენდერული სტერეოტიპები და გენდერირებული სუბიექტები“, იკითხე პოლიტიკა, 2017 http://bit.ly/2nwt2wp

[5] „თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ნანუკას შოუში“, ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ, რუსთავი2, 2017, http://bit.ly/2DllRu2

[6] კომენტარი facebook პოსტზე, 2017, http://bit.ly/2yGXKWU

[7] კომენტარი facebook პოსტზე, 2017,  http://bit.ly/2gwH5M6

[8] კომენტარი facebook პოსტზე , 2017, http://bit.ly/2gwwAZa

[9] კომენტარი facebook პოსტზე , 2017, http://bit.ly/2xdXbkc

[10] კომენტარი facebook პოსტზე , 2017, http://bit.ly/2gwH5M6

[11] კომენტარი facebook პოსტზე , 2017, http://bit.ly/2zuHDJK

[12] კომენტარი facebook პოსტზე, 2017,  http://bit.ly/2jh5reh

[13] კომენტარი facebook პოსტზე, 2017,  http://bit.ly/2xZtY0O

[14] “ელენე ნანუკას შოუში“, 2017, http://bit.ly/2yGXKWU

[15] კომენტარი facebook პოსტზე, 2017, http://bit.ly/2xeQEG4

 

გამოყენებული ლიტერატურა

  • Bauer, Nichole. Who stereotypes female candidates? Identifying individual differences in feminine stereotype reliance. Politics, Groups, and Identities, 3(1), 94-110, 2015. http://dx.doi.org/10.1080/21565503.2014.992794
  • Cole, Elizabeth R & Sabik, Natalie J, „ASSOCIATIONS BETWEEN FEMININITY AND WOMEN'S POLITICAL BEHAVIOR DURING MIDLIFE”  Psychology Of Women Quarterly, 34(4), 508-520, 2010 http://dx.doi.org/10.1111/j.1471-6402.2010.01600.x
  • „თვითმმართველობის არჩევნები: გენდერული სტერეოტიპები და გენდერირებული სუბიექტები“, იკითხე პოლიტიკა, 2017 http://bit.ly/2nwt2wp
  • „NDI: უმეტესობის აზრით, მერის პოზიციაზე ქალი და კაცი ერთნაირად იმუშავებენ“, ნეტგაზეთი, 2017, ბოლო ნახვა 05.11.2017 http://bit.ly/2mvmKwj
  • [Zviad Rafava], 21.09.2017, კომენტარი facebook პოსტზე  http://bit.ly/2yGXKWU
  • [Gio Gio], 22.10.2017, კომენტარი facebook პოსტზე  http://bit.ly/2gwH5M6
  • [Shorena Jijelava],  17.10.2017,  კომენტარი facebook პოსტზე  http://bit.ly/2gwwAZa
  • [David Orjonikidze], 22.10.2017, კომენტარი facebook პოსტზე   http://bit.ly/2xdXbkc
  • [თამუნა სვანიძე], 21.10.2017, კომენტარი facebook პოსტზე    http://bit.ly/2gwH5M6
  • [გიორგი დავითის ძე ყეინოშვილი], 09.09.2017, კომენტარი facebook პოსტზე    http://bit.ly/2zuHDJK
  • [რობინ ცუდი], 30.10.2017, კომენტარი facebook პოსტზე http://bit.ly/2jh5reh
  • [Mzia Qsovreli], 22.10.2017, კომენტარი facebook პოსტზე  http://bit.ly/2xZtY0O
  • [Avto Udumashvili] 12.10.2017, კომენტარი facebook პოსტზე  http://bit.ly/2xeQEG4
  • [Zaza Chiglashvili], 22.10.2017, კომენტარი facebook პოსტზე
  • [Ruska Kuxini] 28.09.2017, კომენტარი facebook პოსტზე http://bit.ly/2yGgzbh
  • „თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ნანუკას შოუში“, ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ, რუსთავი 2, 2017, ბოლო ნახვა 17.10.2017  http://bit.ly/2DllRu2
  • “ელენე ნანუკას შოუში“,  რუსთავი 2, 2017, ბოლო ნახვა 15.10.2017 http://bit.ly/2yGXKWU