იკითხე პოლიტიკა: თუ შეგიძლიათ გამოყოთ დაასახელოთ გენდერული საკითხები, რომელიც ხაზგასმული იყო თქვენს წინასაარჩევნო პროგრამასა და კამპანიაში? თვლით თუ არა, რომ არჩევნები პოლიტიკოსებისთვის არის პლატფორმა, სადაც შეუძლიათ ნაკლებად პოპულარულ, მაგრამ პრობლემურ თემებზე მიაქციონ მოქალაქეების და კოლეგების ყურადღება და დააყენონ ეს თემები პოლიტიკურ დღის წესრიგში?
ელენე ხოშტარია: ჩემი და ჩემი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაზეც აქტიურად ვსაუბრობდით, არის ქალთა წარმომადგენლობის ზრდა და ქალებზე ძალადობა. საარჩევნო პროგრამაში იყო სპეციფიურად ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ წამოყენებული თემები:
1. უსაფრთხოება - მიწისქვეშა გადასასვლელებში განსაკუთრებით ხშირია ქალებზე ძალადობა, შევიწროება და სწორედ ამ ადგილებს ასახელებდნენ ქალები ყველაზე სახიფათო ადგილად. შესაბამისად, ჩვენ გავითვალისწინეთ ეს საკითხი და პროგრამაში გვქონდა როგორც არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციის, კეთილმოწყობის, განათებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ისე თანამედროვე ქალაქგეგმარების შესაბამისად, და აქცენტის გადატანა მიწისზედა გადასასვლელების მოწყობაზე, ანუ ზებრა გადასასვლელებსა და შუქნიშნებზე.
2. ფეხით სიარული და ბავშვის ეტლით გასეირნება - წინასაარჩევნო კამპანიაში გავაკეთეთ ლაივი, რა ხდება მაშინ, როცა ბავშვი გაგვყავს სასეირნოდ და ასახული გვქონდა ყველა ის ბარიერი, რომელსაც მშობელი აწყდება - ტროტუარის არარსებობა, ტროტუარზე დაყენებული მანქანები, რაც წარმოუდგენელს ხდის ბავშვის ეტლით გასეირნებას, მიწისქვეშა გადასასვლელებში პანდუსების არარსებობა, რის გამოც მშობლებს ეტლის და ბავშვის ხელში აყვანა და ისე გადაადგილება უწევთ.
3. ქალებისთვის ძალიან პრობლემატურია საბავშვო ბაღების სამუშაო დრო, რომელიც არ არის მორგებული არც საჯარო და არც კერძო სამსახურების სამუშაო საათებთან, რის გამოც ქალებს ხშირად ექმნებათ პრობლემები.
4. საჯარო სამსახურების შენობების მორგება დედების საჭიროებებზე - საკმაოდ ხშირია, როდესაც დედებს სჭირდებათ შვილების სამსახურში მიყვანა და, სამწუხაროდ, საჯარო სამსახურების შენობები საერთოდ ვერ პასუხობს დედების საჭიროებებს, იქნება ეს ბავშვის კვება თუ სხვა.
კამპანიაში ძალიან დიდი დრო დავუთმეთ ამ საკითებზე საუბარს ბევრი ფორმით - ვიდეო, ლაივი, სხვა სახის ვიზუალიზაცია. ბუნებრივია, ეს არ არის მხოლოდ ქალების პრობლემა, მაგრამ განსაკუთრებულად აწუხებთ ქალებს. შეიძლება ეს არ იყო და არ იყოს ის თემები, რასაც მოაქვს ხმა და გამარჯვება არჩევნებში, მაგრამ პოლიტიკოსები უნდა მივეჩვიოთ იმ პრობლემებზე საუბარს, რომელიც არსებობს და უნდა ვეცადოთ, რომ ეს საკითხები მოხვდეს პოლიტიკურ დღის წესრიგში.
- თქვენ, როგორც მერობის კანდიდატის კამპანიის ვიზუალური მხარე ყურადღებას იქცევდა, ვინაიდან თქვენს ბილბორდებზე არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენი პარტიის ორი მამაკაცი ლიდერიც იყო ასახული. ცხადია, ეს შეიძლება ავხსნათ იმით, რომ ისინი უფრო დიდი ხანია პოლიტიკაში არიან და მეტი ადამიანი ცნობს, მაგრამ შეიძლება ავხსნათ საზოგადოების იმ ნაწილის განწყობების პასუხადაც, რომლებიც პოლიტიკას დიდად ქალის საქმედ არ მიიჩნევენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, დღეს ქართულ პოლიტიკაში ქალს რამდენად აქვს დამოუკიდებლობა და ამ დამოუკიდებლობის არსებობის შემთხვევაში მისი, როგორც ძლიერი მხარის წარმოჩენის შესაძლებლობა?
- ეს იყო არამხოლოდ მერის, არამედ პარტიის არჩევნები. გვქონდა პარტიული სიები როგორც თბილისში, ისე მთელს ქვეყანაში, ამიტომ ბილბორდებზე ვიყავი მეც და იყო პარტიული ლიდერშიფიც, თუმცა იმავე თბილისში, ბილბორდების 60% იყო ჩემი, ანუ მერობის კანდიდატის და 40% პარტიის, ანუ ლიდერშიფის.
- წინასაარჩევნო კამპანიისას ჩვენ ვაკვირვებოდით ინტერნეტმომხმარებლების კომენტარებს თქვენს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე და საკმაოდ ხშირად იმ ტიპის კომენტარები, რომლებიც თქვენგან ითხოვდა ნორმატიულ ფემინურ ქცევას, გახსენებდნენ შვილებზე ზრუნვის ვალდებულებას, გთხოვდნენ პასუხს თქვენი მეუღლის სამსახურებრივის მოვალეობების გამო და ა.შ. მეორეს მხრივ, მმართველი პარტიის კაც კანდიდატს მხოლოდ ხოტბას ასხამდნენ მისი სამი შვილის გამო და არავის უჩნდებოდა სურვილი, მისგან მოეთხოვა ოჯახზე ზრუნვა პოლიტური აქტიურობის სანაცვლოდ. თქვენ როგორ აღიქვამთ ამ განსხვავებულ დამოკიდებულებებს ქალი და კაცი პოლიტიკოსების მიმართ და რა პასუხი გაქვთ იმ შემთხვევაში, როდესაც ნეგატიური შეფასებები პოლიტიკას სცდება და პირად ცხოვრებაზე გადადის?
- ბუნებრივია ვიცით, რომ ეს სტერეოტიპი არსებობს, მაგრამ მერობის ქალი კანდიდატის არსებობა და ჩემი მესიჯები, რომ ქალს შეუძლია ჰყავდეს ოჯახი და იყოს აქტიური, სწორედ ამ სტერეოტიპის მსხვრევას ემსახურებოდა.
- როგორც ქალი კანდიდატი, თვლით თუ არა, რომ გაქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გენდერულ საკითხებზე მუშაობის თვალსაზრისით? რა არის თქვენთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემური გენდერული საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია იდგეს პოლიტიკურ დღის წესრიგში?
- ცხადია, თავად პრეცედენტი, რომ ვიყავი პირველი ქალი კანდიდატი მეინსტრიმ პარტიიდან, მნიშვნელოვანი იყო ქალების პოლიტიკური გაძლიერებისთვის. თუმცა, მგონია, რომ ქალების წარმომადგენლობის ზრდა არამხოლოდ ქალების, არამედ მთელი საზოგადოების და კაცების პასუხისმგებლობაც არის. ჩვენს პრიორიტეტებზე გესაუბრეთ, ეს არის ქალთა მიმართ ძალადობა, უსაფრთხოება, ეტლით ბავშვის გასეირნების ძალიან სერიოზული პრობლემა, ბაღები, საჯარო სამსახურების ადაპტირება, თუმცა ჩემთვის კამპანიამდეც პრიორიტეტული იყო ადამიანის და განსაკუთრებით უმცირესობის უფლებები.
- ჩვენ ვიცით, რომ თქვენ წინასაარჩვენო პორიოდში გქონდათ შეხვედრა ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და აქტივისტებთან. რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევთ ამ ტიპის შეხვედრებს და რა მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეთ მათგან? ამას ვკითხულობთ იმ მიზეზითაც, რომ რიგ გენდერის სპეციალისტებს ჰქონდათ უკმაყოფილების გრძნობა იმის გამო, რომ თქვენ ამ ტიპის შეხვედრებს არ იყენებთ პიარის ნაწილად და მათ უჩნდებათ განცდა, რომ თქვენთვის მხოლოდ წინასაარჩევნო ‘აუცილებელი’ აქტივობაა და საინტერესოა თქვენთვის რა მიზანს ემსახურება ამ ტიპის შეხვედრები?
- კამპანიის დროს მქონდა რამდენიმე შეხვედრა ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან, ასევე ინდივიდუალური შეხვედრები და კონსულტაციებიც და როგორც უკვე ვთქვი, მათთან დისკუსიის შემდეგ ბევრი საკითხი მოხვდა ჩემს პროგრამაში. თუმცა, გამოჩნდა ერთი პრობლემა - ძალიან ცოტა ორგანიზაცია ესწრებოდა შეხვედრებს, მაგალითად NDI-ის ორგანიზებულ დისკუსიაზე თითქმის არც ერთი ორგანიზაცია და აქტივისტი არ მოვიდა იმის მიუხედავად, რომ მათ ყველა მოიწვიეს, ინტერესი თავად ამ ორგანიზაციებში იყო დაბალი. რაც შეეხება პიარს, გვქონდა შეხვედრები, სადაც გვქონდა ქალების თემები და როცა შესაძლებელი იყო, შუქდებოდა, მაგალითად ქალი კანდიდატების შეხვედრა საქართველოს მასშტაბით, ქალთა ორგანიზაციის ყრილობა. თუმცა, გარდა პიარისა, ჩემთვის, არამარტო ქალებთან მიმართებით, არამედ ყველა სფეროში მნიშვნელოვანია საქმიანი და არაფორმალური შეხვედრები იყოს საქმიანი, ამიტომ კომუნიკაციის ამ ორი ფორმის კომბინაცია სულ გვექნება.
- როგორი ტიპის პოლიტიკოსი ქალები სჭირდება დღეს ქართულ პოლიტიკას თქვენი აზრით და რამდენად არის ნიადაგი მზად ამ ტიპის ქალების მისაღებად? თქვენი გამოცდილებით, რა არის მთავარი სირთულე ქალების "დიდ პოლიტიკაში" მისასვლელ გზაზე?
- ძალიან მნიშვნელოვანია და გვჭირდება პროფესიონალი, კვალიფიციური ქალები და ლოკალური ლიდერები, განსაკუთრებით - რეგიონებში. ქალებისთვის მთავარი ბარიერი არის პატრიარქალური საზოგადოება, პოლიტიკური კულტურა, სტერეოტიპები, ბარიერები ოჯახში. პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად და გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, რომ ქალები მხოლოდ არჩევნების წინ არ ხვდებოდნენ საარჩევნო სიებში, არამედ ისინი პოლიტიკურ ცხოვრებაში უნდა ჩაერთონ გრძელვადიანად.