1839-1913 მსახიობი/ქველმოქმედი
ეფროსინე (ეფრო) ყიფიანი-კლდიაშვილი დაიბადა 1839 წელს გორის მაზრის სოფელ ქვიშხეთში. სცენის სიყვარული მას პატარაობიდანვე ჩაუნერგა ბიძამ, დიმიტრი ყიფიანმა. მანვე გამოიყვანა იგი პირველად სოფლად გამართულ შინაურულ წარმოდგენებში, შემდეგ კი თბილისში წაიყვანა და სცენისმოყვარეთა დასის ქართულ დადგმებში მიაღებინა მონაწილეობა.
ეფრო კლდიაშვილი ქუთაისის თეატრის სცენაზე 1871-1888 წლებში გამოდიოდა, სადაც მან არაერთი როლი ითამაშა. „წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სცენის უკეთესთა მოთამაშეთა და მათ შორის ეფ. კლდიშვილისამ, რომელსაც არამცთუ ჩვენს მოყვარეთ სცენაზე, არამედ ევროპის უკეთესს თეატრშიაც შეუძლია დაიჭიროს თვალსაჩინო ადგილი თავისის სათეატრო ნიჭის წყალობით“ - წერდა „ივერია“ 1878 წელს.
ეფრო კლდიაშვილის სახელთანაა დაკავშირებული სოფელ სიმონეთში პირველი ბიბლიოთეკისა და ოთხწლიანი სასწავლებლის გახსნაც. ის აგრეთვე აქვეყნებდა სტატიებს იმდროინდელ პრესაში, მოხუცებულობისას კი რუსულიდან თარგმნა რამდენიმე წიგნი.
ეფრო კლდიაშვილი გარდაიცვალა 1913 წელს.