1838-19?? / ბიოლოგი / ნატურალისტი
იულია მლოკოსევიჩი დაიბადა 1872 წელს ლაგოდეხში, ცნობილი ნატურალისტის – ლუდვიგ მლოკოსევიჩის ოჯახში. მამამ მას პატარაობიდანვე გაუღვიძა ინტერესი ბუნების მიმართ.
ცნობილია, რომ 17 წლის იულია თან ახლდა მამას ექსპედიციაში, რომლის მიზანიც არარატის მწვერვალზე ასვლა იყო და თითქმის ბოლომდე ავიდა მწვერვალზე.
იულიამ პეტერბურგში მიიღო უმაღლესი ბიოლოგიური განათლება. დაინტერესებული იყო ბოტანიკით, ენტომოლოგიით, ატარებდა ექსპერიმენტებს და დაკვირვებებს გარეული ფრინველებზე, ცდილობდა მათ მოშენებასა და მოშინაურებას. 1910 წელს იგი გახდა რუსული ენტომოლოგიური საზოგადოების წევრი.
იულია სწავლობდა ლაგოდეხის ხეობის მცენარეებს, ქმნიდა მათ აღწერილობებსა და ჩანახატებს. 1900 წელს, 20 აპრილს, ლაგოდეხის ჩანჩქერთან ახლოს, იულიამ აღმოაჩინა მაშინდელი მეცნიერებისათვის შეუსწავლელი მცენარე – ფურისულა. მან გადაუგზავნა იურევში პროფესორ ნიკოლოზ კუზნეცოვს ეს ენდემი, რომელმაც შემდეგ ამ მცენარეს იულიას ფურისულა უწოდა (Primula Iuliae).
დიდია მისი წვლილი ლაგოდეხის ნაკრძალის დაარსებაში. როცა შეიტყო, რომ იგეგმებოდა ყუბანის სამხედრო პოლკისათვის სამხედრო-საწვრთნელი მიზნებისათვის ლაგოდეხის ტყის დიდი ნაწილის გადაცემა, ეს ამბავი სასწრაფოდ აცნობა მამის კოლეგებს, მათ შორის, პროფესორ კუზნეცოვს, რომელმაც საიმპერატორო აკადემიის წინაშე წაიკითხა მოხსნება: ,,ლაგოდეხის ხეობა, როგორც ბუნების ძეგლი, რომელიც მოითხოვს დაცვას“. ნიკოლაი კუზნეცოვის ამ ანგარიშმა დააჩქარა ლაგოდეხის ხეობის ნაკრძალად გადაქცევის საკითხი.
იულიას სახელი მოხსენიებულია ,,იურიევის საიმპერატორო უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის შრომებში“.