“ყველაზე სანდო, ყველაზე ძვირფასი... ყველაზე ერთგული... მშვენიერი... საუკეთესო... მეგობარი… ჩემი მუდმივი მეგობარი…”
▄
ერთხელ, ბაღში, ჩემმა ჯგუფელმა გოგომ თავმომწონედ გამომიცხადა, რომ “იქ” სისხლი ჰქონდა. ალბათ, სახლში თუ მოისმინა, ჩემზე სერიოზული შთაბეჭდილება კი მოახდინა. მეორე დღისთვის მთელი მარცხენა ხელი ბინტში ჩავისვი და ასე გამოვცხადდი ბაღში. მეთქი, დაჭრილი ვარ, აი, აქ სისხლი მაქვს. ამის თქმა იყო და სუპერმენი, ბეთმენი, რკინის კაცი და ყველა ეგეთი მომენტალურად ჩასახლდა ჩემში. რა ვიცოდი, თუ სადღაც ათ წელში ეს ჩემი ჯგუფელი გოგო ყოველთვე დაჭრილი იქნებოდა და “იქ” ნამდვილი სისხლი ექნებოდა.
▄
80-იანებში ალმოდოვარის ფილმის “პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონების” პერსონაჟი პოტენციურ დამკვეთთან რეკავს და ტელეფონით სარეკლამო იდეის მიყიდვას ცდილობს:
პეპი — ხომ არიან თოჯინები, რომლებიც საწოვარას წოვენ, შარდავენ და ყველაფერს აკეთებენ?! მხოლოდ ისეთი თოჯინები აკლია, რომლებსაც მენსტრუაცია ექნებათ. ცუდი არ იქნებოდა, თუ საშობაოდ გაყიდვაში ჩავუშვებდით… თოჯინა შეიძლება გოგონას სექსუალური და პირადი ჰიგიენის განათლებისთვის გამოვიყენოთ. ამ ქვეყანაში ბავშვებს ჯერ კიდევ ისე ეპყრობიან, როგორც გონებაშეზღუდულებს, მაგრამ გარწმუნებთ, ასე არაა.
▄
2015 წელს მეტწილად კაცებით დაკომპლექტებულმა საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ჰიგიენურ საფენებსა და ტამპონებზე დღგ 5,5%-მდე შეამცირა. იქამდე ამ იდეის მოწინააღმდეგე ეკონომიკის სამინისტროსა და დეპუტატებს ახლოდან მოუხდათ სისხლიანი თეთრი შარვლებისა და საცვლების შეთვალიერება, როცა ისინი საფოსტო გზავნილებით მიიღეს. პარალელურად პარიზის ქუჩებში ორი ძირითადი მოთხოვნა ისმოდა: “შეწყვიტეთ ჩემი ციკლის დაბეგვრა” და “ტამპონი ფუფუნება არაა”.
და ასე, ესთეტი ჩინოსანი კაცები იძულებულები ხდებიან ტამპონი ფუფუნების საგნებიდან ამოიღონ და პირველადი აუცილებლობის საგნების კალათში გადადონ შამპუნისა და ბავშვის საფენის გვერდით. ქალების სოციალურ გამარჯვებას, კაცების კულტურული აღმოჩენა ახლავს თან — წარმოგიდგენიათ? მენსტრუაცია თურმე არა არჩევანი, ბუნების იძულებითი მემკვიდრეობა ყოფილა.
▄
მოლფედი 2002 ქართული რეკლამები marketer.ge - Marketer
Watch on YouTube▄
სკოლის დაწყებით კლასებში რომ ვიყავი, სახლიდან ხშირად მაგზავნიდნენ მაღაზიაში პრიალა, ნარინჯისფერ შეფუთვაში გახვეული რაღაცის საყიდლად. შეფუთვაზე მოზრდილი, თეთრი პეპლები ეხატა და მეც ჩემზე მაღალი დახლის ქვემოდან თავდაჯერებული ვთხოვდი გამყიდველს, მოეცა ჩემთვის პეპელა.
▄
2008 წელს, ომიდან ერთ თვეში, თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ვიყავი ახალ დევნილებთან ინტერვიუზე მისული, როცა მათთან ჰუმანიტარული დახმარება მოიტანეს. ყველაფერი რომ ამოალაგეს და სკოლის სართულებზე გადაანაწილეს, ერთმა ქალმა ჩაილაპარაკა, ამდენი მაკარონის მოტანას, თითო პაჩკა პეპელა მოეტანათო და ამდენი წლის მერე პირველად გამახსენდა ეს ჩემი პეპელა პრიალა, სტაფილოსფერი პაჩკიდან. მაგისი ციკლიც ეგრე — 3-4 დღე.