ამასწინათ ერთი ჟურნალისტი მყავდა სტუმრად სახლში ინტერვიუსათვის. რაღა თქმა უნდა, გენდერული თანასწორობის შესახებ კითხვები ბევრი ჰქონდა არსენალში. რამდენიმე პასუხის მერე თქვა - რომ არ ვიცოდე, სასულიერო პირთან ვარ სტუმრად, ვიფიქრებდი, რომ ფემინისტს ველაპარაკებიო. ჰოდა, მეც მომიწია სერიოზული ‘ქამინგ აუთის’ გაკეთება და გამოვუტყდი, რომ ფემინისტი ვარ. და ამ ინტერვიუს ეთერში გასვლის საღამოს, ჩემი ეკლესიის ერთ-ერთი ხუცესი, რომელიც დიდად არ გამოირჩევა სოციალურ ქსელებში აქტიურობითა და მიწერ მოწერით (ფაქტობრივად, პირველი მესიჯი იყო მისგან), მწერს ერთ მოკლე ფრაზას: „რუსუდან, რა არის ფემინიზმი?“ წარმოვიდგინე რა დღეში ჩავარდა ჩემი ძველი მეგობარი, როცა გაიგო, რომ მისი ეკლესიის ღვთისმსახურმა საჯაროდ აღიარა რაღაც საეჭვო, რაღაც არასწორი, რაღაც სამარცხვინო, რაღაც ღვთის ნების საწინააღმდეგო.
უცნაურია, რომ ადამიანებს, რომლებისთვისაც თანასწორობა ძვირფასი ფასეულობაა, არაფრით უნდათ ფემინიზმთან გააიგივონ თავი. მე მგონი, ფემინისტები ჰგონიათ ქალები, რომელთაც კაცები სძულთ და მათგან მხოლოდ დაფეხმძიმება უნდათ - ისიც იმიტომ, რომ მერე აბორტი გაიკეთონ.
ჩემი ფემინიზმი ძალიან ჰგავს ჩემი პატარა ძმიშვილის ნათქვამს - „როგორ შეიძლება ღმერთი ფემინისტი იყოს, ღმერთი ღმერთია. ღმერთს, ალბათ, ძალიან სწყდება გული, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები თანასწორები შექმნა, ჩვენი ისე ავურიეთ ყველაფერი, რომ ფემინიზმის გამოგონება დაგვჭირდაო.“
კი... მეც ასე ვფიქრობ. ვფიქრობ, რომ ფემინიზმი, ისევე, როგორც ადამიანის უფლებები, ისევე, როგორც კანონები, და როგორც ათი მცნება - არის კაცობრიობის ყავარჯნები. იმიტომ, რომ დამსხვრეული ადამიანები ვართ და თუ დამხმარე ინსტრუმენტი არ მივაშველეთ ჩვენს თანაცხოვრებას, ერთმანეთს დავერევით.
არა და, ეს სამყარო ხომ სიყვარულისა და ჰარმონიისა უნდა ყოფილიყო? აბა, როგორ შეიძლება მოყვარულ და სამართლიან ღმერთს მივაწეროთ ისეთი ჩანაფიქრი, სადაც მამას ათი შვილიც რომ ჰყავდეს, თავს უშვილოდ თვლის, ვიდრე ვაჟი არ გაუჩნდება? ან, როცა ნაცემ და სიკვდილის პირას მყოფ ქალს ეუბნებიან, რომ უნდა მოითმინოს, რადგან ავია თუ კარგია - ქმარი ქმარია და მისი თავია ისევე, როგორც ჯვარცმული ქრისტეა ეკლესიის თავი? ან ის, რომ ტაქსის მძღოლის მიერ ნაცემი და გაუპატიურებული ახალგაზრდა გოგო ყოფილა დამნაშავე იმაში, რაც თავს დაატყდა.
ჩემი ფემინიზმი არის ამ სამყაროს ნამსხვრევების შეკოწიწების გზა. ამ ნამსხვრევებს ვაკოწიწებთ, როგორც თავსატეხს... ვცდილობთ, გავარკვიოთ, რა იყო თავდაპირველი ჩანაფიქრი. ნამდვილი ჩანაფიქრი. მშვენიერი ჩანაფიქრი.