#metoo, three, four – სექსიზმი დამწყებთათვის

ფემინისტური რეპლიკა: იქნებ დროა, გავთავისუფლდეთ იმ წარმოდგენისგან, თითქოს, პატრიარქატი მხოლოდ ქალებს ვნებს, ვინაიდან სინამდვილეში ის ყველას გვასახიჩრებს.

Teaser Image Caption
It's time to finally clean up sexism

იყო და არა იყო რა... იყო ერთი დედა, რომელსაც არ მოსწონდა, რომ უფლისწულმა მძინარე მზეთუნახავს მისი თანხმობის გარეშე აკოცა. მას სარა ჰოლი ჰქვია და ინგლისელია,  ჩრდილოეთ  შილდსიდან. დაწყებით კლასებში კოცნის აკრძალვის ინიციატორია და გერმანიაში ირონიულ კომენტარს იმსახურებს: „სექსუალური შევიწროების გამო, მძინარე მზეთუნახავმა სამუდამოდ მიიძინა“, ან ინგლისურად:  “this is #metoo gone mad”.

საინტერესოა, არსებობს თუ არა ამ ორ კომენტარს შორის კონსენსუსი, რადგან მძინარე მზეთუნახავის უპირველესი პრობლემა, კოცნა კი არა, ასწლიანი ძილი, ამ პროტოზღაპრული პრინცესის აბსოლუტური პასიურობაა. Fairy tale princess – მის ხსენებაზე, თვალწინ ყველას ქერა, მძინარე მზეთუნახავი ან ასეთივე ქერა კონკია წარმოუდგება – ხელიდან ცოცხს რომ არ უშვებს და მთელი ოჯახის  ნაგავი მისი  მისახედია. ქალის როლის მოდელი დისნეის სტილში.  

რას იზამ, ბავშვები ასეთები არიან

რამდენიმე თვის წინ ბიბისიმ, სათაურით „ექსპერიმენტი“, კლიპი აჩვენა. ეს იყო ნაწყვეტი დოკუმენტური ფილმიდან “No More Boys and Girls”. ექსპერიმენტი შემდეგში მდგომარეობდა: ორ წლინახევრის ბავშვს ერთმანეთის ტანსაცმელი ჩააცვეს: მარნის – ედუარდის ნაცრისფერი შარვალი და ლურჯი კუბოკრული პერანგი, ედუარდს კი – მარნის ყვავილებიანი კაბა და ნარინჯისფერვარდისფერი ნაქსოვი ჟაკეტი. ამის შემდეგ, ექსპერიმენტის ხელმძღვანელმა, იავიდ აბდელმონეიმმა, ბავშვებთან სათამაშოდ უფროსები მიიწვია. „სოფის“ ყველაზე ხშირად ვარდისფერ თოჯინას სთავაზობენ, „ოლივერს კი – რობოტს და სათამაშო მანქანას. და ამას აკეთებენ უფროსები, რომლებიც იმით ამაყობენ, რომ გენდერული სტერეოტიპებით არ ტყუვდებიან. სავსებით დამაჯერებელი ფილმია, რომელსაც სიამოვნებით გავუგზავნიდი მეგობრებს, რომ მარწმუნებდნენ, შვილებს ერთნაირად ვზრდით, მათში ეს ბუნებრივად არის მოცემულიო.    

„როცა ბავშვები მანქანებით თამაშობენ, რომლებიც სივრცულ აღქმას უვითარებს, სამ თვეში მათი ტვინი საგრძნობლად იცვლება“, გვიხსნის ფილმი. ამაოდ ველოდები, როდის გვიჩვენებენ თოჯინების, როგორც კომუნიკაციური სათამაშოების, სიკეთეს. სქესთან დაკავშირებულ საკითხებში ვერაგული სწორედ ის არის, რომ მაშინაც კი, როცა რაღაცის შეცვლას ვაპირებთ, მუდამ იმ გავრცელებული წარმოდგენებით ვოპერირებთ, რომელთა შესახებაც ინფორმაცია საყოველთაოა. ამ შემთხვევაში ეს შემდეგს ნიშნავს: ბიჭების სათამაშოები კოზირია, ამიტომ სივრცული აღქმის გასაუმჯობესებლად, მათით  გოგოებიც უნდა ვათამაშოთ, თუ გვინდა, რომ ისინიც ბიჭებივით კარგად განვითარდნენ. ამ დროს არ ითვალისწინებენ, რომ ისეთ სოციალურ უნარებს, როგორებიცაა ემპათია, კომუნიკაცია და ემოციების გამოხატვა, ასევე ესაჭიროება  ვარჯიში.

 

სექსიზმი ყველას გვეხება

ამ პრობლემასთან დაკავშირებულ დებატებზე რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი საუკეთესო სტატია წავიკითხე და მაშინვე „ექსპერიმენტი“ გამახსენდა: „Süddeutsche Zeitung“-ში გამოქვეყნებული ბარბარა ფორზამერის სტატია „ასეთები არიან ბიჭები“. ავტორი სვამს კითხვას: რა გავლენას ახდენს სათამაშოები (ანუ როლთან მიკუთვნებულობა), რომლებითაც ბავშვი იზრდება, მის შემდგომ სექსუალურ ინტერაქციაზე? ამ კითხვის პასუხი ასეთია: როცა ბიჭს თავის როლზე სტერეოტიპული წარმოდგენები აქვს, ის შემაწუხებელი ხდება. ამ მოსაზრებას ფსიქოლოგები, ჯენიფერ იეველი და ქრისტინა ბრაუნიც ადასტურებენ: „ბიჭები მით უფრო შემაწუხებლები ხდებიან, რაც უფრო სტერეოტიპული წარმოდგენები აქვთ თავიანთ როლზე“.  

ფორზამერი ამ პრობლემის გარშემო მსჯელობას აგრძელებს და საბოლოოდ ამ ყველაფრიდან ერთი შეკითხვა რჩება: როგორ შევძლოთ, რომ ბიჭები მაჩოებად არ გავზარდოთ? სამართლიანი კითხვაა, თუმცა მასში ისიც იგრძნობა, რომ ცვლილებები მხოლოდ ბიჭებში უნდა მოხდეს, და რომ სექსიზმი რაღაც ისეთია, რაც მხოლოდ გოგოებს ეხება. თავად ეს აზრი უკვე სექსისტურია. იმ ჯგუფშიც კი, სადაც დედები ბავშვებთან ერთად, გამოცდილების გასაზიარებლად და სათამაშოდ, ერთმანეთს ხვდებიან და სადაც ჩემს შვილთან ერთად (ის ჯერ მხოლოდ რამდენიმე კვირისაა) მეც დავდივარ, დედები გოგოებს „ბეკეკებს“, ბიჭებს კი „პატარა მაჩოებს“ ეძახიან. ახალშობილთან ერთად ცხოვრება ადვილი არ არის, მაგრამ სქესი აქ არაფერ შუაშია!

სტატიისადმი ჩემი კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, ის მაინც ძალზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რადგან ფორზამერი ამ პრობლემის ამოსავალ წერტილს სწორედ იქ ხედავს, საიდანაც სექსიზმი იწყება. კერძოდ, სქესზე წარმოდგენებიდან, რომლებსაც ბავშვობიდან ჩაგვჩიჩინებენ. მძინარე მზეთუნახავის კრიტიკული დედის მსგავსად, ყურადღებას ჩვენც სექსუალური მნიშვნელობის შემცველ ორაზროვან სიტყვებზე ვამახვილებთ, რადგან ამ სიტყვების პირველი მარცვალი „სექსს“ შეიცავს. სექსიზმი, შესაძლოა, ასევე, სექსუალური საზღვრის დარღვევასაც გულისხმობდეს, თუმცა, ამ შემთხვევაში, „სექსი“ ნიშნავს არა „სექსუალურობას“, არამედ იმას, რასაც ინგლისურ ენაში სქესის მნიშვნელობა აქვს. სექსიზმის მრავალი განმარტება არსებობს, ჩემი ფავორიტი კი შემდეგია: „ელოდო ადამიანისგან მისი სქესის როლის შესაბამის ქცევას“.

საუკეთესო გზა იმისთვის, რომ შვილები მაჩოებად არ გავზარდოთ, მათთვის ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც თავს დაცულად იგრძნობენ, რათა თავიანთი  პიროვნების კომუნიკაციური და ფაქიზი ნაწილის განვითარება შეძლონ. ყველა მეცნიერი თანხმდება იმაზე, რომ რაც უფრო მეტი კონტაქტი აქვს ადამიანს საკუთარ გრძნობებთან, მით უფრო უკეთ ესმის სხვისი გრძნობების და მით უფრო უკეთესად გრძნობს იმ ზღვარს, რომელიც მასსა და მეორე ადამიანს შორისაა. იქნებ დადგა დრო, რომ გავთავისუფლდეთ იმ წარმოდგენისგან, თითქოს, პატრიარქატი მხოლოდ ქალებს ვნებს. პატრიარქატი ყველას გვასახიჩრებს, რადგან ის ადამიანურობაზე გვათქმევინებს უარს.  

 

* სტატია პირველად გამოქვეყნდა: www.gwi-boell.de-ზე.

* გერმანულიდან თარგმანი: მაია ბადრიძე