სადღეგრძელოები ქალებზე საპრეზიდენტო არჩევნებში

თუ არჩევნები ამომრჩევლის უმრავლესობის გულისმოგებაზე გათვლილი პროცესია, ბუნებრივია, რომ მათი საჭიროებებისა და პრიორიტეტების საპასუხო საარჩევნო პროგრამები ყველა საარჩევნო კანდიდატს უნდა გააჩნდეს.

ამომრჩევლის უმრავლესობა კი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ამომრჩეველთა სიების თანახმად, ქალია. მაშინ ლოგიკურია, რომ ამომრჩევლის 53.7%-ის გულისმოსაგებად, საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო პროგრამები ქალი ამომრჩევლის საჭიროებებსა და პრიორიტეტებს განსაკუთრებით უნდა პასუხობდეს.

აგრეთვე, ლოგიკურია კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად პასუხობენ საპრეზიდენტო კანდიდატები მათი ამომრჩევლის უმრავლესობის საჭიროებებს? ან, როგორ მოიაზრებენ მათ პრიორიტეტებს საარჩევნო პროგრამებში და საჯარო გამოსვლებში ამომრჩევლის უმრავლესობის გულების მოსაგებად?

საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო კამპანია ოფიციალურად 29 აგვისტოს დაიწყო. ამ პერიოდიდან მოყოლებული, არც ერთი ყველაზე რეიტინგული ექვსი საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო პროგრამა ან საჯარო გამოსვლა ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტებსა და საჭიროებებს არ გამოხმაურებია. კანდიდატებს არც ქალ ამომრჩეველთან პროაქტიული შეხვედრები ჩაუტარებიათ და არც კონსულტაციები დაუგეგმავთ ექსპერტებთან და/ან აქტივისტებთან.

რატომ დარჩათ ამომრჩევლის უმრავლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხები პოლიტიკურ ესტაბლიშმენტსა და მასზე აღმოცენებულ საპრეზიდენტო კანდიდატებს საარჩევნო პროგრამების მიღმა? არჩევნები ხომ ამომრჩევლის უმრავლესობის გულისმოგებაზე გათვლილი პროცესია.

მუჰამედის მთასთან მისვლის ლოგიკის მსგავად, ამომრჩევლის მიერ ამ კითხვაზე პასუხის მიღებისკენ პროაქტიულად გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს 4 ოქტომბერს, “ქალთა მოძრაობისა” და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფების მიერ ინიცირებული შეხვედრა საპრეზიდენტო კანდიდატებთან საჯარო ბიბლიოთეკაში “ხედვა[ზე] ქალთა პრობლემების მოგვარებასა და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებასთან დაკავშირებით”.

4 ოქტომბერს გამართული შეხვედრა ქალთა ჯგუფებსა და საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მრავალმხრივ საინტერესო იყო. პირველ რიგში, ის ქალი ამომრჩევლის მიერ საკუთარი მოქალაქეობრივი ძალაუფლების თვით-აღიარებისა და დამკვიდრების მცდელობაა, რომელიც, ამავე დროს, საქართველოში ქალების პოლიტიკურ სუბიექტად გადააზრების ასწლიანი ისტორიის გაგრძელებას წარმოადგენს[1].

სრულიად სამართლიანია იმის თქმა, რომ მას შემდეგ, საქართველოში ქალი ამომრჩევლისთვის ცოტა რამ თუ შეიცვალა. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 100 წლის შემდეგ, არჩევნების 27-წლიანი გამოცდილებისა და აგერ უკვე მეშვიდე საპრეზიდენტო არჩევნების მიუხედავად, ქალი ამომრჩევლების საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე ყურადღების გამახვილება ისევ ქალების თვითმობილიზების ხარჯზე ხდება. ეს კი ნიშნავს, რომ მსგავსი ინიციატივები არ არის მიბმული ესტაბლიშმენტში პოლიტიკური კულტურისა და დემოკრატიულობის ხარისხის ამაღლებაზე:

“...ქალების დამსახურებაა, დღეს ეს ადამიანები ამ თემებზე რომ საუბრობდნენ და არა მაინცდამაინც იმ პოლიტიკური ჯგუფების,” - ასე შეაფასა იდა ბახტურიძემ, ქალთა უფლებადამცველმა, შეხვედრაზე მისული საპრეზიდენტო კანდიდატების დისკუსია ამომრჩეველთან.

ქალების მიმართ ისტორიული და სისტემური ჩაგვრის აღმოფხვრისკენ მიმართული ისეთი საკანონმდებლო ზომები, როგორებიცაა სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღება, ფემიციდის დეფინიცია და სექსუალური შევიწიროების კანონმდებლობით დარეგულირება, კვლავ დავის საგანია. პარლამენტში მხოლოდ 15,3%-ია ქალი, ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებში 13,46%, ხოლო 64 მერიდან კი მხოლოდ ერთი.

ამიტომ, 4 ოქტომბრის შეხვედრა საპრეზიდენტო კანდიდატებსა და ამომრჩეველ ქალებს შორის, მისი ისტორიულად პრეცედენტული მნიშვნელობის მიუხედავად, პოლიტიკურ ესტაბლიშმენტს ვერ ჩაეთვლება ქალთა საკითხებზე პოლიტიკური ხედვის ქონის მაგალითად. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ შეხვედრაზე დაპატიჟებული 5 საპრეზიდენტო კანდიდატიდან, მხოლოდ ორი კანდიდატი - დავით ბაქრაძე (ევროპული საქართველო) და დავით უსუფაშვილი (შენების მოძრაობა) მივიდა. კანდიდატების სასარგებლოდ ვერც იმ არგუმენტის მოშველიება გამოდგება, რომელიც შეხვედრის მანძილზე მრავალჯერ მოვისმინეთ ქალთა საკითხების ტექნიკურობასა და შესაბამისად, სპეციფიკურობაზე ხაზგასასმელად:

​"აუდიტორია, რომელსაც მივმართავ, ჩემზე ბევრად უფრო კვალიფიციურია ამ საკითხებში და ეს გარკვეულ დისკომფორტს ნამდვილად მიქმნის. გულახდილად გეტყვით, არც ისე ხშირად ხდება, რომ რაღაც კონკრეტულ თემაზე მთელი აუდიტორია ჩემზე უფრო კვალიფიციურია და მე მიწევს ამ დროს პოდიუმიდან საუბარი. დღეს ასეთი შემთხვევაა და წინასწარ ვაღიარებ ამას. გთხოვთ, რომ თუ რამეში ბოლომდე ვერ მოგყვებით თემატურად, გულმოწყალედ, როგორც ამბობენ ხოლმე და დღეს მოდაშია, გაგებით მოეკიდოთ ამ ამბავს. ეს საკითხები ნამდვილად არ არის ჩემი სპეციალიზაციის სფერო, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი დაინტერესების, ჩართულობის და გულწრფელი ინტერესის სფერო ნამდვილად არის," - საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე, ევროპული საქართველო.

და ქალი ამომრჩევლის საკითხების შესახებ მხოლოდ და მხოლოდ ცოლ-ქმრულ ურთიერთობის 20 წლიან თანაცხოვრების გამოცდილებაზე დაყდრნობით:

"მე ამ საკითხში მაქვს სერტიფიკატი, რომ ვარ სწორ გზაზე ზოგადად ქალთა უფლებების საკითხში. იმიტომ რომ კახეთში, ქიზიყში დაბადებულმა და გაზრდილმა ახალგაზრდა მამაკაცმა თინა ხიდაშელს ვთხოვე ხელი და მასთან 20 წლის განმავლობაში ვარ ბედნიერ ოჯახურ და საქმიან ცხოვრებაში. ანუ ტესტი, გამოცდა იმის თაობაზე, შევძელი თუ ვერ შევძელი კულტურული გარემოს და სტერეოტიპების გადალახვა," - საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი, შენების მოძრაობა.

რატომ ითვლება ქალი ამომრჩევლის საჭიროებები და პრიორიტეტები იმ სპეციფიკურ თემად, რომელიც შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატმა, მისი კვალიფიკაციის მიღმა მოიაზროს? ან რამდენად პოლიტიკურად არგუმენტირებულია ცოლ-ქმრული თანაცხოვრების გამოცდილების გაიგივება ქალი ამომრჩევლის საჭიროებებისა და პრიორიტეტების შესახებ ცოდნად?

არის ეს პასუხისმგებლობის თავიდან აცილება თუ ქალი ამომრჩევლის, როგორც პოლიტიკური სუბიექტის, სრული უგულვებელყოფა?

შეხვედრაზე არ მისული სამი საპრეზიდენტო კანდიდატისა (გრიგოლ ვაშაძე, სალომე ზურაბიშვილი და შალვა ნათელაშვილი) და მათი პარტიების (შესაბამისად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/ძალა ერთობაშია, დამოუკიდებელი კანდიდატი/ქართული ოცნება და ლეიბორისტული პარტია) მიერ ქალი ამომრჩევლის სრული უგულვებელყოფად ნამდვილად ითვლება მათ მიერ ამ შეხვედრაზე არ გამოცხადება. შეხვედრაზე მისული ორი საპრეზიდენტო კანდიდატისგან განსხვავებით, მათ პოლიტიკური კეკლუცობაც კი არ ეყოთ ქალი ამომრჩევლების მცირე ჯგუფთან სასაუბროდ!

საჯარო ბიბლიოთეკის აუდიტორიაში მისულ საპრეზიდენტო კანდიდატებს კი ქალთა მიმართ ძალადობის გადაჭრის გზებზე, რეპროდუქციულ და სექსუალურ უფლებებზე, ჯანდაცვის საკითხებსა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მათეულ ხედვებზე მოუწიათ საუბარი. აუდიტორიიდან დამატებით დასმული კითხვები შეეხებოდა ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას, სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივებს, ლგბტ ადამიანებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წინაშე არსებულ პრობლემებს და ამ საკითხებთან მიმართებით, კანდიდატების პროგრამულ პრიორიტეტებს.

მიუხედავად იმისა, რომ აშკარა იყო ის რომ დავით ბაქრაძემ და დავით უსუფაშვილმა რიგ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად “იმეცადინეს” როგორც ეს ორგანიზაცია საფარის დირექტორმა, ბაია პატარაიამ აღნიშნა, ასევე ნათელი იყო მათ მიერ გენდერული უთანასწორობის სისტემურობის შესახებ თანმიმდევრული ინფორმაციისა და  მგრძნობელობის ნაკლებობა. ეს განსაკუთებით გამოიკვეთა ქალებისთვის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპარეზზე არსებული ბარიერების შესახებ დისკუსიებში. მაგალითად, თუ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი ქალების სავალდებული კვოტების მომხრეა, სწორედ ქალების მიმართ დისკრიმინაციის მისივე მრავალწლიანი დაკვირვებების გამო, და ეს ხელოვნური ჩარევა აუცილებელ დროებით მექანიზმად წარმოუდგენია, იგი მსგავსი მიდგომით არ განიხილავს ქალების ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართულ სპეციალურ პროგრამებს - მისი აზრით, “ეკონომიკაში სახელმწიფოს ზედმეტი ჩარევა არც ქალს მოუტანს რაიმე ხელშესახებ შედეგს და არც ეკონომიკას”.

მეორე საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძეც უჭერს მხარს ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდას, მაგრამ პარლამენტში ქალების რაოდენობის გაზრდა პროპორციულ სიებში მათი გამყვან პოზიციებზე დასახელებით არ წარმოუდგენია. მისთვის და მისი პარტიისთვის, პრობლემა ქალი მაჟორიტარი კანდიდატების ნაკლებობაა, განსაკუთრებით რეგიონებში, და სწორად აქ უნდა მოხდეს პარტიების მიერ ქალი კანდიდატების წახალისება. საინტერესოა, რომ დავით ბაქრაძე ერთის მხრივ აღიარებს პარტიის მიერ ქალი მაჟორიტარი კანდიდატის მხარდაჭერის მნიშვნელობას და მიაჩნია, რომ რეგიონებში ქალი კანდიდატების კამპანიების მხარდაჭერა დიდწილად განაპირობებს მათ წარმატებას. მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულო გენდერული კვოტაც ზუსტად იგივე ლოგიკით მუშაობს, ანუ აღიარებს წახალისების მნიშვნელობას, დავით ბაქრაძეს ეს მიდგომა ქალების მიმართ სისტემური უთანასწორობის აღმოსაფხვრელ ინსტრუმენტად კი არ წარმოუდგენია, არამედ პარტიის წარმატებული წევრებისთვის პოლიტიკური პოზიციების შეთავაზებად.

აუცილებელია იმის განმარტება, თუ რატომ არ არის ეს განცხადებები თანმიმდევრული. მაგალითად, სავალდებულო გენდერული კვოტების მომხრეებისთვის, საპრეზიდენტო კანდიდატ დავით უსუფაშვილის მსგავსად, ქალების მიმართ კულტურული სტერეოტიპების ფესვგადგმული პრაქტიკა იმდენად ძლიერი და სისტემურია, რომ რაიმე ხელოვნური ჩარევის გარეშე, წარმოუდგენელია ამ უთანასწორობის აღმოფხვრა - ან საჭიროა 50 წელი მაინც[2]. ამ არგუმენტში, კვოტები პოლიტიკური ინსტრუმენტია და არა თვითმიზანი. თვითმიზანი ქალების (და სხვა მარგინალური ჯგუფების) მიმართ სისტემური უთანასწორობის აღმოფხვრაა, და ეს უნდა იყოს კიდეც ნებისმიერი პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენების ორიენტირიც - მათ შორის სპეციალიზებული ეკონომიკური პროგრამების, ჯანდაცვის, ქალაქდაგეგმარების, სამსახურში სექსუალური შევიწროების კანონზე, ფემიციდზე, ადრეული ქორწინებისა და სხვა საკითხებზე მსჯელობისას.

საინტერესოა, რომ ქალების წინაშე არსებული მრავალმხრივი ბარიერების აღიარება, რაც სავალდებულო გენდერული კვოტის არგუმენტად გამოიყენება, დიამეტრულად იცვლება ქალების მიმართ სპეციალიზებულ ეკონომიკურ პროგრამებზე მსჯელობისას. არადა, არგუმენტი და პოლიტიკური ინსტრუმენტიც იგივე შინაარსისაა. ვიცით, რომ სისტემური და კულტურული პრობლემების გამო, ქალებს ხელი არ მიუწვდებათ იგივე რესურსებსა და შესაძლებლობებზე როგორც კაცებს - სასოფლო-სამეურნეო მიწებზე (კაცებს 47,7%, ქალებს 34,1%), ქონებაზე (65% კაცებს, 35% ქალებს), სესხებზე (51,1% კაცებზე, 48,9% ქალებზე), თანაბარ ხელფასზე (კაცების საშ. 1116,60 ლარია, კაცების 731,20 ლარი), დროზე (ქალები 3-ჯერ მეტ დროს უთმობენ საოჯახო საქმეებს, ვიდრე კაცები)[3]. ამიტომ, ლოგიკურია, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად დროებითი ხელოვნური ჩარევა მოვიაზროთ - სპეციალიზებული პროგრამა, რომელიც ზემოთჩამოთვლილი უთანასწორობების გათვალისწინებით, მიზნობრივ მიდგომას დანერგავს და კვოტის მსგავსად, წაახალისებს იმ თანასწორობას, რასაც ბუნებრივად 50 წელი ან ბევრად მეტი დასჭირდებოდა.

კანდიდატების პოზიციები, მათი სისტემურობისა და თანმიმდევრულობის ნაკლის გარდა, ზედაპირული იყო კონკრეტული პოლიტიკების შემოთავაზებების თვალსაზრისით: ისეთ პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორებიცაა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ გადადგმული საკანონმდებლო ან აღმასრულებელი ინიციატივები - მათ აუდიტორიას ვერ წარუდგინეს პროგრამული ხედვები. მაშინაც კი, როდესაც კანდიდატების შემოთავაზებები შედარებით კონკრეტული იყო, მაგალითად, შემაკავებელი ორდერებისა და მოძალადის მიმართ გამკაცრებული სადამსჯელო ღონისძიებების შემთხვევაში, კვლავ ფოკუსს მიღმა ტოვებდა ქალებსა და მათ საჭიროებებს: მოძალადის დასჯაზე ორიენტირებული ეს ხედვები ნაკლებადაა ორიენტირებული მსხვერპლის რეაბილიტაციასა და ძალადობის პრევენციულ ღონისძიებებზე, როგორც ეს აღნიშნა კიდეც შეხვედრის ფასილიტატორმა, იურისტმა თამარ გურჩიანმა. მსგავსი მიდგომებით, მოძალადის გამოვლენა ცალსახად ძალადობის მსხვერპლის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობად არის აღქმული, რაც აბუნდოვანებს გენდერული ძალადობის სისტემურ ხასიათს. და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ასეთი პოლიტიკა ნაკლებად მოიაზრებს მოძალადისგან თავდაცვისა და გაცლის შესაძლებლობების წახალისებას. 

საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრამ საკანონმდებლო ორგანოებში მსგავს საკითხებზე სიღრმისეული დებატებისა და, შესაბამისად, ამ საკითხებზე ცოდნის ნაკლებობა გამოავლინა. როგორც საპრეზიდენტო კანდიდატებმა თავად აღნიშნეს, ასეთი დისკუსიები იშვიათია პარლამენტში, რაც საკითხის გარშემო პოლიტიკური ცნობიერების შექმნას უშლის ხელს. შესაბამისად, საკანონმდებლო გადაწყვეტილებებზე მსჯელობები, რომლებიც პრობლემების გადაწყვეტაზე უნდა იყოს ორიენტირებული,  ნაკლებად ეყრდნობა კვლევასა და სხვა ქვეყნების წარმატებული მაგალითების განხილვას, უფრო მეტად კი ზედაპირული და სტერეოტიპული ხედვებითაა ნასაზრდოები. 

ქალების მიერ საკუთარი საარჩევნო ძალაუფლების მოთხოვნა-აღიარებისა და ქალი ამომრჩევლის პოლიტიკურ სუბიექტად გადააზრებისკენ მიმართული ამ პრეცედენტული ნაბიჯის[4] დამსახურება და გამოხმაურებაა, რომ კითხვა ქალების საკითხებთან დაკავშირებით პლატფორმა prezidenti.ge-ზეც გაჩნდა. ესაა აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიური დემოკრატიისთვის (ECMA) მიერ შექმნილი პლატფორმა, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატებს 2013-იდან და პარტიებს კი, 2012 წლიდან მათი პროგრამების შესახებ ეკითხება - ეს ქალების საკითხზე ექსკლუზიურად კითხვის დასმის პირველი შემთხვევაა.

საჯარო ბიბლიოთეკაში გამართული შეხვედრის მრავალმხრივი დისკუსიისგან განსხვავებით, ECMA-ის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის დასმული კითხვები მხოლოდ და მხოლოდ ქალების პოლიტიკურ მონაწილეობას ეხება. კითხვას “ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში: გთხოვთ, აღწეროთ თქვენი ინიციატივები (თუკი ასეთი გაქვთ) და პოზიცია ქალთა პოლიტიკაში თანამონაწილეობის გაზრდისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ”, გრიგოლ ვაშაძემ და შალვა ნათელაშვილმა წერილობით უპასუხეს დავით ბაქრაძესთან, დავით უსუფაშვილსა და ზურაბ ჯაფარიძესთან[5] ერთად. ერთადერთი კანდიდატი, რომელმაც ამ კითხვას (და სხვა პროგრამულ კითხვებსაც) არ უპასუხა, სალომე ზურაბიშვილია, რომელსაც მმართველი პარტიის მხარდაჭერა აქვს. 

საპრეზიდენტო კანდიდატების პასუხები, დავით უსუფაშვილის გარდა, რომელიც ცალსახად ემხრობა სავალდებულო გენდერულ კვოტებს, ქალების პოლიტიკურ მონაწილეობას თანასწორობის ჭრილში განიხილავს. მათი პოზიციები გენდერულად ნეიტრალურია - არ ითვალისწინებს ქალების მიმართ სისტემურ ჩაგვრას, და არც მათი პოლიტიკური მონაწილეობის შემაფერხებელ გენდერულ სტერეოტიპებს.

საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ ქალი ამომრჩევლის საჭიროებების შესახებ ცოდნისა და ინფორმაციის კრიზისი, მათ შორის ამ პრობლემების სისტემური გადაჭრის გზების ხედვებშიც - აშკარაა.

ქვეყანაში, სადაც “ქალის კულტის” ფასადური, პატრიარქალური კონტექსტი გვაქვს, ქალების პოლიტიკურ სუბიექტად აღქმა არ ხდება: ისინი, უკეთეს შემთხვევაში, მათთვის შექმნილი პოლიტიკის პასიურ მომხმარებლებად მოიაზრებიან. ქალებს არც აზრს ეკითხებიან, არც მათ პრობლემებს უღრმავდებიან და, როგორც წესი, ამომრჩეველის ზოგად იდენტობასთან გაიგივებით, მათი განსხვავებულობის ნიველირებას ცდილობენ. ეს პრობლემა ქალებსაც ისევე ეხებათ, როგორც კაცებს - ეს წინადადება ხშირად ქალებზე მიძღვნილ პოლიტიკურ დისკუსიას წინ უძღვის ხოლმე!

ქალი ამომრჩეველი არასოდეს ყოფილა რომელიმე პარტიის საარჩევნო პროგრამის ან საპარლამენტო/მედია გამოსვლის ფოკუსი - მათ შორის, არც ქალთა გახმაურებული მკვლელობების ან ცნობილი პირების მიერ სექსუალური შევიწროების ფაქტების გახმაურებისას.

ქალი ამომრჩეველი და ქალთა პრიორიტეტები და საჭიროებები, ქალი აქტივისტებისა და ქალთა საკითხებით დაინტერესებული ჯგუფების საქმიანობების მიღმა, არასოდეს გამხდარა პოლიტიკური წონის მატარებელი. და მათ შორის, არც ამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ქალების მიერ არაპროპორციულად მეტი ტვირთის ტარების დასტური, არის კიდეც საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრის დაჟინებული მოთხოვნა ქალების მხრიდან. ეს საპრეზიდენტო კანდიდატმა, ბატონმა დავით უსუფაშვილმაც აღნიშნა სექსუალური შევიწრობის მსხვერპლისთვის საქართველოში უთანასწორო საბრძოლო პირობებზე საუბრისას.

არაპროპორციულად მეტი ტვირთია ისიც, რომ საქართველოს ამომრჩეველი მოსახლეობის 53,7% ცდილობს ხმა მიაწვდინოს და საარჩევნო სუბიექტად დაიმკვიდროს თავი მათთან, ვინც არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე, ისედაც უნდა იყოს განწყობილი ამომრჩევლის უმრავლესობის გულის მოგებაზე!

ქალების მიერ არაპროპორციული მეტი ტვირთის ტარებაა გაცილებით სიღრმისეული პოლიტიკური ხედვების შემუშავება, ვიდრე ეს თავად საპრეზიდენტო კანდიდატებს აქვთ - განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ საკითხებზე გადაწყვეტილებებს კაცები იღებენ!

უსამართლოა მოსახლეობის უმრავლესობის პრობლემების სპეციფიკურად განხილვა, მათი ტექნიკურად სახელდება და, შესაბამისად, კერძო და ვიწრო სპეციალიზაციად მონათვლა. ეს საოჯახო საქმეების თავიდან აცილებას ჰგავს იმ მიზეზით, რომ ქალებს უკეთ გამოსდით, მაგრამ არც ისე უკეთ, რომ ამ საკითხზე ექსპერტებად სწორედ ისინი მოვიაზროთ!

არაპროპორციულია საპრეზიდენტო კანდიდატებისა და პარტიების დამოკიდებულება და პოლიტიკა ქალი ამომრჩევლისა და ქალთა საკითხების მიმართ. ეს შეხვედრა მოსული ორი საპრეზიდენტო კანდიდატის პროგრესულობად ვერ ჩაითვლება მათ მიერ გენდერული თანასწორობისა და ქალთა საკითხებზე საუბრის გამო. საპრეზიდენტო კანდიდატების მონაწილეობა მათი ინდივიდუალური კეთილი ნების გამოვლენას ჰგავს, რადგან იგი არ მოდის იდეოლოგიურ თანხვედრაში მათი პარტიების პოლიტიკასთან. საპრეზიდენტო კანდიდატებს ქალთა პრიორიტეტებსა და საჭიროებებზე არც 4 ოქტომბრამდე და არც მას შემდეგ უსაუბრიათ რომელიმე გამოსვლაში და არც ამომრჩეველი ქალებისთვის მიუმართავთ.

ამიტომ, რთულია ოპტიმიზმის შენარჩუნება იმასთან დაკავშირებით, რომ 4 ოქტომბრის შეხვედრა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ დასმული კითხვები ქალების პოლიტიკურ სუბიექტად აღქმის წელთაღრიცხვის დასაწყისია საქართველოში.

ამომრჩევლის უმრავლესობის, ქალების მიერ მოთხოვნილი პოლიტიკური სიმწიფის თამასა გაცილებით მაღალია: იგი ქალების პოლიტიკურ სუბიექტად აღქმაზე, ჩაგვრის სისტემურობის აღიარებასა და ფესვგადგმული კულტურული ნორმების გადააზრებაზე უნდა გადიოდეს. ასი წლის წინ საქართველოში ქალების მიერ დაწყებული პოლიტიკური თვით-აღიარებისა და დაკვიდრების ეს ბრძოლა მხოლოდ ასეთ გამარჯვებას იმსახურებს!

 

შენიშვნები: 

[1] მაგალითად, ვიცით რომ 1917 წელს, ქართველი სუფრაჟისტები და სამოქალაქო აქტივისტები დაჟინებით საუბრობდნენ ქალების პოლიტიკური მონაწილეობაზე, მათ შორის, ნინო ტყეშელაშვილისა და კატო მიქელაძის პოლიტიკური მიმართვები ქალების წარმომადგენლობის გაზრდაზე დღესაც რელევანტურია ქალების პოლიტიკურ სუბიექტად თვით-დამკვიდრების ბრძოლაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ნახეთ ლინკი: http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/34546/1/Xma_Qartveli_Qalisa_1917_N32.pdf

[2]გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ფუმზილე მლამბო ნგცუკა  https://www.representwomen.org/weekend_reading_on_women_s_representation_april_20_2018

[3] ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობა და არაფორმალურ სექტორში ჩართულობა საქართველოში, 2018. კვლევა მომზადებულია UN Women-ის მხარდაჭერით, კავკასიის რესურს ცენტრის მიერ. კვლევის პირველადი პრეზენტაცია ჩატარდა, თუმცა საბოლოო დოკუმენტი ჯერ საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.

[4] რეგიონებში მცხოვრები ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების კვლევა https://goo.gl/ueYdEo    

[5] 4 ოქტომბრის შეხვედრაზე ზურაბ ჯაფარიძე არ იყო მიწვეული, შეხვედრის ორგანიზატორების განმარტებით, ის 5 ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა