ფრთხილად საკითხავი („ვეფხისტყაოსანი“ და გენდერული სტერეოტიპები)

ტექსტი ცოცხალია მანამ, სანამ თითოეული ეპოქა მას საკუთარ ენაზე თარგმნის. რას შეიძლება ნიშნავდეს ფემინისტი მკითხველისთვის, ჩემს შემთხვევაში პედაგოგისთვისაც, „ვეფხისტყაოსნის“ „ საკუთარ ენაზე თარგმნა?“

Კითხვის დრო: 5 წუთი
თეონა ბექიშვილის პორტრეტი

მე ახლა 45 წლის ქალი ვარ. ცხოვრებაში რამდენჯერმე მომიწია საკუთარი ფასეულობების გადახედვა, წარსულის უარყოფა, ახლის ძიება. დავინახე, რომ მუდმივად ვიჩაგრებოდი და ახლაც ასეა! გული ყველაზე მეტად მაშინ დამწყდა, როცა მთავარი შემაფერხებელი და მოძალადე საკუთარ თავში ვიპოვე. საზოგადოებამ, ოჯახმა, გარემომ იმდენგვარი სტერეოტიპით გამზარდა, რომ უამრავ რამეში საკუთარი თავი თავად შევზღუდე. მერე მივხვდი, რომ ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, ამ სტერეოტიპების მკვებავი ლიტერატურაც იყო, ხანდახან ყველაზე დიდი და ყველაზე საყვარელიც კი. თუმცა დამნაშავე ავტორი კი არა, პატრიარქალური საზოგადოებაა, რომელშიც ეს წიგნები იწერებოდა და იწერება. ამიტომ საჭიროა ფრთხილი წაკითხვა, რათა ჩვენ წინ არსებული პერსპექტივა არ მოგვიჩრდილოს მოძველებულმა ხედვებმაქალის როლისა და ადგილის შესახებ. 

აუდიო ვერსია : 

ყველაზე ძვირფასი და საყვარელი ტექსტიდან მინდა დავიწყო!

გამონაკლისი, სამწუხაროდ, არც „ვეფხისტყაოსანია“.

ძალიან მომხიბვლელია აფორიზმი:

„ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“, თუმცა ის გენდერულ თანასწორობას არ ქადაგებს. ეს შინაარსი რამდენიმე წლის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელზე სოციალურმა რეკლამამ მიაწერა, რაც თავისთავად არაა ცუდი. რეკლამას შეუძლია ამოგლიჯოს ფრაზა, მოწყვიტოს კონტექსტს და გამოიყენოს თავის სასარგებლოდ, მით უფრო, თუ მიზანი ჰუმანურია, თუმცა არ უნდა დაიკარგოს ავტორისეული გაგებაც.

ტექსტი ცოცხალია მანამ, სანამ თითოეული ეპოქა მას საკუთარ ენაზე თარგმნის. რას შეიძლება ნიშნავდეს ფემინისტი მკითხველისთვის, ჩემს შემთხვევაში პედაგოგისთვისაც, „ვეფხისტყაოსნის“ „ საკუთარ ენაზე თარგმნა?“

თავისთავად ცხადია, რისი უფლებაც აქვთ რეკლამის ავტორებს, არა აქვს ლიტერატორს. ის ფრაზას, სტროფს, წიგნს კონტექსტს ვერ მოგლეჯს და შინაარსს ვერ გამოუცვლის. პირიქით, თანამედროვე მკითხველის მოვალეობაა, ყოველ ჯერზე გაითვალისწინოს ისტორიული კონტექსტი (რომელიც ყოველთვის პატრიარქალური იყო) და იმ დროის კულტურისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა, მაგრამ ამავდროულად მუდმივად შეუფარდოს ის თანამედროვეობას, მის მოთხოვნებს თუ საკუთარ იდეალებს.

პირველი მნიშვნელოვანი პერსონაჟი ქალი „ვეფხისტყაოსანში“ თინათინია.

ერთი შეხედვით, ის, როგორც მეფე-ქალი, როგორც ჭეშმარიტების მაძიებელი, მეგობრობისა და სიყვარულის მხარდამჭერი, სხვისი ინტერესების საკუთარზე მაღლა დამყენებელი, თითქოს ხელს უწყობს თანამედროვე მკითხველში გენდერულად ძლიერი ინდივიდის ჩამოყალიბებას. მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით, უმრავი მომენტია, როცა ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმდროინდელ სინამდვილეზე და მუდმივად შევახსენოთ დღევანდელი რეალობა ახალგაზრდებს, თორემ შესაძლოა, პირდაპირ გადმოტანის შემთხვევაში, პირიქით, დააზიანოს თანამედროვე მკითხველი და ძველი სტერეოტიპების გამყარებისკენ უბიძგოს გოგონებსაც და ბიჭებსაც.

ციფრული ეპოქა რაღაცნაირად კიჩისა და კარიკატურის ეპოქაცაა. ახლა მგონი შეწყდა, ან მე ამოვშალე მეგობრებიდან, მაგრამ წლების წინ რამდენჯერმე შემხვდა თინეიჯერული ასაკის, მოდური გარეგნობის გოგონების სტატუსები სოციალურ ქსელში: „შოკოლადი მინდაა“ან რაღაც ამგვარი, და მოგვიანებით, ამავე სტატუსის ქვეშ კომენტარებად შოკოლადის ფოტოები და მაგ. „გმადლობ, მიშო, გიო“ და ა. შ.

მაშინ მახსოვს, ვღიზიანდებოდი ხოლმე, გაუცნობიერებლად რაღაც მოძველებულს და უსარგებლოს ვხედავდი და ვფიქრობდი: შენც არ იყო ახლა თინათინი ან ნესტან-დარეჯანი, თუ გინდა, ადექი, ჩადი, იყიდე ამოიტანე!

ზღაპრის, ანტიკურობისა თუ შუასაუკუნეების გმირს უპირველესად გზა ქმნის. თუკი არ დაიძლია სინამდვილე, რომელსაც სახლი გვთავაზობს, ვერ შედგება თავგადასავალი, ვერ გაიზრდება პერსონაჟი, ვერ მივა ფინალამდე, სადაც უნდა შედგეს ქორწილი, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე დღეს შეიძლება წარმოვიდგინოთ. ის ახალ მყარ სინამდვილესთან ერთად ღვთიურ ხასიათსაც ატარებს.

თინათინი ღირსეული პერსონაჟია, რადგან ის ასეთია ნაწარმოების დასაწყისშივე. მაგრამ ის არ იზრდება, რადგან ვერ მიდის გზაზე. „მართ ღმრთისა დანაბადია“ - როგორც ვეზირები ეტყვიან როსტევანს. ესეც მნიშვნელოვანი მომენტია. ჩვენ თითქოს ვამაყობთ ქალი მეფით, მაგრამ გვავიწყდება, რომ ქართული კანონმდებლობით თამარს მეფობა არ ეკუთვნოდა და „ვეფხისტყაოსანშიც“ როსტევანის საქციელი, საკუთარ სიცოცხლეში გაამეფოს ქალიშვილი, სხვა არაფერია, თუ არა წინასწარი ზომების მიღება, რათა შემდეგ თინათინი ტახტის გარეშე არ დარჩეს. ასე რომ, საბოლოოდ მაინც გამოდის, არც ისე „სწორია“ ლომის ძუ და ხვადი ლეკვები. ესეც განსაკუთრებულ ხაზგასმას საჭიროებს, რათა სურვილის შემთხვევაში გოგონებიც ისევე იყვნენ მზად დიდი პოლიტიკისათვის, როგორც - ბიჭები და წინასწარ არ აშინებდეთ, რომ ამ სარბიელზე მათ დამატებითი, უფრო რთული ბრძოლა მოუწევთ, როგორც როსტევანს მოუწია დამატებითი ძალისხმევა. თუმცა ჯერჯერობით, სამწუხაროდ, სწორედაც რომ ასეა!

ასევე მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ რუსთაველის მიხედვით ლომის შვილები არიან თანასწორნი, ანუ სოციალური მდგომარეობა, სტატუსი, ბევრად განაპირობებს ქალის უფლებრივ მდგომარეობას. სამწუხაროდ, ეს ახლაც ასეა!

თინათინი ძლიერი ქალია და მისი ძალა სიბრძნის, ჭეშმარიტების სიყვარულთან ერთად ძლიერ მანიპულატორობაში გამოიხატება. მან მშვენივრად იცის, რომ საკუთარ ძალაუფლებასთან, ავთანდილის მისდამი სიყვარულთან ერთად მშვენიერი ფანდია სპასპეტს მკვეთრად გამოხატულ სექსუალურ ფორმაში დახვდეს: „გაძრცვნილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი“. თავისთავად ცხადია, ის თავის მიზანს აღწევს და ავთანდილი ტარიელის მოსაძებნად მიემგზავრება.

იმდენი საუკუნე ვიყავით იძულებული ასპარეზის უქონლობის გამო საკუთარი სურვილებისთვის მამაკაცების საშუალებით მიგვეღწია, რომ ჩვენთვისაც, თანამედროვე ქალებისთვისაც, მომხიბვლელია ხოლმე სცენარი, სადაც კაცი „რაღაცას“ გიკეთებს, ოღონდ მერე ამ რაღაცას აუცილებლად აქვს თავისი საფასური. „ვეფხისტყაოსანში“ ასეთი საფასური არ ჩანს, რადგან ის ჯადოსნური ზღაპარივით ქორწინებით მთავრდება და ვალის გადახდა, როგორც წესი, ქორწინების შემდეგ უწევთ ხოლმე ქალებს, მათ შორის, ვფიქრობ - მეფე ქალებსაც! მერე თავად ჩვენ აღარ გვინდა ამ საფასურის გადახდა, ან იმ კაცს აღარ მოვწონვართ მორჩილი და მომთმენი... მოკლედ თანამედროვე ურთიერთობები ეგრე აღარ შენდება და თუ გვგონია, რომ ამის მუდმივი შეხსენება საჭირო არაა, ვცდებით! შოკოლადის მოთხოვნის ამბები სხვადასხვა გრადაციებით ჯერ კიდევ ცოცხალია!

კიდევ უფრო საინტერესოა ნესტანის სახე!

„ვეფხისტყაოსანში“ ძალიან მძლავრია ზღაპრული მოტივები და ეს ყველაზე მეტად ნესტან-დარეჯანს ეხება. ისიც ზღაპრის პერსონაჟივით ჯადოსნური წარმომავლობისაა (მერეა გაჩენილი, როცა მის მშობლებს იმედი აღარ აქვთ). ისიც კოშკში იზრდება. ისიც, ქალიშვილობის ასაკს მიღწეული, მზადაა ჯანყისათვის, რათა უარყოს მამა და გაჰყვეს გმირს. დაბოლოს, ნესტან-დარეჯანის გზა, რომელიც მას ზრდის, ძალადობრივია, ისევე, როგორც ნებისმიერი ზღაპრის პერსონაჟი გოგონასი. თუკი რომელიმე კონკიას დედინაცვალი გააგდებს, ნესტანს მამიდა გაუყენებს გზას და ის ამ თავგადასავალში იზრდება, იცვლება მთელი მისი მსოფლმხედველობა და „წა, შეებიხატალთა, თავი კარგად გამაჩვენე“ ბოლოში ამაღლებულია ადამიანური გრძნობის უმაღლეს წერტილამდე, როდესაც ნესტანი ტარიელს უკრძალავს ქაჯებთან შებმას, რათა სიკვდილი აარიდოს!

მნიშვნელოვანია, მომავალ თაობებს ვასწავლოთ, რომ მსახურების, მანიპულაციის დრო დასრულდა, რომ მეტ-ნაკლებად ყველას გვაქვს ასპარეზი, რომ, ერთი შეხედვით, ძლიერი ქალის მჭახედ ნათქვამი ფრაზა: „ბედითი ბნედა სიკვდილი, რა მიჯნურობა გგონია, სჯობს საყვარელსა უჩვენე საქმენი საგმირონია“, სინამდვილეში ჩაგრული, სახლში ჩაკეტილი ქალის ნათქვამია, რომელსაც ყავლი აქვს გასული. სამაგიეროდ, ქაჯთა ტყვეობიდან მოწერილი წერილია ძლიერი ქალის დაწერილი, რადგან გზამ, თუნდაც ძალადობრივმა, გაზარდა ნესტან-დარეჯანი და მისი თავგანწირვა ტარიელისადმი....

„შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად,

გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისა!

მომიგონებდი, გახსოვდე მე შენთვის დაკარგული სად;

ვზი მზრდელად სიყვარულისად მის, ჩემგან დანერგულისად!.“

სიყვარული კი მარადიული ღირებულებაა ყველა დროისთვის!