რატომ გვჭირდება ინტერსექციური მიდგომა აქტივისტურ წრეებში?

დღეს ვსაუბრობთ ინტერსექციურ კონცეფციაზე ფემინიზმსა და ვეგანობასთან მიმართებით. განვიხილოთ, რა მოცემულობას გვაძლევს ვეგანობისა და ფემინიზმის თანაკვეთა, რა პერსპექტივითაა შესაძლებელი ინტერესექციურობის განხილვა და რატომ გვჭირდება ინტერსექციური მიდგომა აქტივისტურ წრეებში.

ნანა გობეჯიშვილის ფოტო

პირველ ყოვლისა, განვმარტოთ, რა არის ინტერსექციურობა და საიდან იღებს ის საფუძველს: ინტერსექციურობის თეორიას 1980-იან წლებში ამერიკელ ქალთა მოძრაობის წევრებმა და აქტივისტებმა ჩაუყარეს საფუძველი. მათ იმ პერიოდში არსებული ქალთა მოძრაობების ლიდერები გააკრიტიკეს, შავკანიან ქალთა გამოცდილების უგულებელყოფის გამო. მათი თქმით, რასიზმი და სექსიზმი არა ცალკეული, განყენებული ცნებები, არამედ სისტემის ნაწილია, რომლებმაც შესაძლოა, ერთმანეთი გადაფაროს, გააძლიეროს და ქალთა მიმართ ჩაგვრის კომპლექსური მექანიზმი მოგვცეს. ჩაგრული ქალების გამოცდილებები განსხვავდება და ამის საფუძველი, რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, გენდერული მიკუთვნებულობა, რასა, ეთნიკურობა, ასაკი, სოციალური კლასი, სექსუალობა და მრავალი სხვადასხვა ნიშანი იყოს. სწორედ ეს ინდივიდუალური მახასიათებლები აყალიბებს ჩვენს უნიკალურ, მრავალშტოიან იდენტობასა და, შესაბამისად, გამოცდილებებს, რომლებსაც ამ ნიშნების გათვალისწინებით ვიღებთ. მაგალითისთვის, თუ თეთრკანიანი ქალი პატრიარქალურ საზოგადოებაში გენდერული ნიშნით იჩაგრება, ფერადკანიანი ქალი ამავე სისტემაში გენდერისა და რასის გამო არის ჩაგრული. ჩაგვრის ნიშნები შესაძლოა, მრავალი იყოს და გენდერისა და რასის გარდა ეხებოდეს სოციალურ კლასს, ეთნიკურ ან რელიგიურ მიკუთვნებულობას და ა.შ. ჩაგვრის გამოცდილების ასე განხილვა ცხადია, სცილდება საშუალო კლასის, თეთრკანიანი სისგენდერი ქალების ჩაგვრის გამოცდილებას, თუმცა 70-იანი და 80-იანი წლების ფემინისტური ნარატივი სწორედ ქალების ამ წრის გარშემო ტრიალებდა.

უფრო კონკრეტულად, ინტერსექციურობის კონცეფციაზე თავდაპირველად კიმბერლი კრენშოუ ალაპარაკდა და ტერმინი ინტერსექციურობა 1989 წელს გამოიყენა, თუმცა კონცეფცია განავითარა  მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორმა, პატრიცია ჰილ კოლინზმა. სწორედ ჰილია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ინტერსექციური თეორიის შემუშავებაში. იგი თანაავტორია წიგნისა „რასა, კლასი და გენდერი" და მასში აშშ-ს აღწერს, როგორც ჩაგვრის მატრიცას - ესაა ერთგვარი სოციოლოგიური პარადიგმა,  რომელიც რასასთან, კლასსა და გენდერთან დაკავშირებულ ჩაგვრას ხსნის. ჰილი აცხადებს, რომ ამ სივრცეში თავისუფლებისა და შესაძლებლობების ქვეშ, რომელიც გარკვეულწილად ფასადურია, არსებობს პრივილეგიებისა და დომინაციის ხისტი სისტემა. ამ სისტემას უმრავლესობა ვერ ამჩნევს, თუმცა ეს არ ასუსტებს მის არსებობას, რადგან საზოგადოების ნამდვილი სახე შენიღბულია თავისუფლების ფასადით. ჰილი ნაშრომში აღწერს, რომ მეტად ჩაგრულებს ხელი მიუწვდებათ უფრო ღრმა, ავთენტურ ცოდნაზე ცხოვრებისა და საზოგადოების შესახებ, ხოლო პრივილეგირებული ჯგუფების წევრებმა მათ უნდა მოუსმინონ და დაუთმონ სივრცეები, რადგან დაგროვილმა გამოცდილებამ ამ ჯგუფებს შესძინა ისეთი ცოდნა, რომელიც პრივილეგირებულებს არ აქვთ.
 
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინტერსექციური ფემინიზმის მთავარი ფოკუსი თავდაპირველად შავკანიანი ქალები იყვნენ, თუმცა მოგვიანებით ეს ფოკუსი გაფართოვდა და რასისა და გენდერის გარდა ჩაგვრის სხვა ნიშნებიც მოიცვა. დღეს ინტერსექციური ფემინიზმი გარკვეულწილად უპირისპირდება იდენტობის ესენციალისტურ, ერთიან გაგებას, აღიარებს დისკრიმინაციას სხვადასხვა ნიშნის მიხედვით და გვიჩვენებს, თუ როგორ ვარირებს ჩაგვრა სხვადასხვა შრეზე, თითოეული იდენტობის მიხედვით.

რატომ გვჭირდება ინტერსექციური მიდგომა აქტივისტურ წრეებში? ► ნანა გობეჯიშვილის პოდკასტი - ფემინსტრიმი/Feminstream

video-thumbnailWatch on YouTube

ჩაგვრის ინტერსექციურ ჭრილში განხილვისას მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ჩაგვრას შორის არ არსებობს იერარქია და ერთი გამოცდილება არ არის მეორეზე ნაკლები, არამედ ინტერსექციურობა არის ერთგვარი ლინზა, რომელიც გვეხმარება, სხვადასხვა ჯგუფის გამოცდილება უკეთ გავიაზროთ და დავინახოთ მათი საერთო და განმასხვავებელი ნიშნები. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩაგრულ ჯგუფებს მივცეთ სივრცე, რათა თავად ისაუბრონ პირად საჭიროებებსა და გამოცდილებაზე, ვინაიდან, მაგალითად, გენდერულად არაბინარული ადამიანი სისგენდერ ადამიანზე უკეთ ისაუბრებს იმ ჩაგვრის შესახებ, რაც კი თავისი გენდერული მიკუთვნებულობის გამო განუცდია, რადგან ეს უშუალოდ მისი გამოცდილებაა.

ვეგანობისა და ფემინიზმის თანაკვეთებზე საუბარი სულ ახლახან, ბოლო დეკადაში დაიწყო, ასევე ინტერსექციურობაც, ვეგანობასთან მიმართებით,  ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. ინტერსექციურ  ფემინისტებს შორის არიან: ქეროლ ადამსი, პეტრის ჯონსი, ლიზა კემერერი და სხვანი. ისინი ცდილობენ სოცალური თანასწორობისა და სამართლიანობის მიღწევას მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების ადვოკატირების მეშვეობით. ვისაუბროთ, რას გულისხმობს ინტერსექციურობა, ვეგანობასთან მიმართებით, და როგორ აისახება ეს ცხოველთა უფლებადამცველ აქტივიზმში.

ადამიანებთან მიმართებით ინტერსექციურობა სხვადასხვა ნიშნით ჩაგვრის თანაკვეთას აღგვიწერს და ხსნის ახალ-ახალ შრეებს, რათა სხვადასხვა ჩაგრული ჯგუფის გამოცდილება უკეთ გავიაზროთ. ამ მიდგომას თუ განვაზოგადებთ ცხოველებზე, მივიღებთ მოცემულობას, რომელშიც ვეგანები უპირისპირდებიან ცხოველებზე სხვადასხვა ნიშნით ძალადობასა და სპეცისიზმს. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ, როგორც წინა პოდკასტებში შევთანხმდით, ქალებისა და ცხოველების გამოცდილებას ერთსა და იმავე სიბრტყეზე არ განვათავსებთ ან ვაიგივებთ, არამედ  - პარალელს ვავლებთ ჩაგვრებს შორის და ვმსჯელობთ ამ თანაკვეთაზე. წინა პოდკასტებში მოკლედ სპეცისიზმზეც ვისაუბრეთ: სპეცისიზმი ეფუძნება სახეობების დისკრიმინაციას და გულისხმობს ცხოველების ამ ნიშნის მიხედვით გადარჩევასა და მათთვის უფლებების, მნიშვნელობის მინიჭებას. ადამიანების დომინანტებად აღიარების შემდეგ სპეცისისტები თითოეული ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების მიხედვით, გადაარჩევენ ცხოველებს სახეობის, ჯიშისა და სხვა ნიშნების მიხედვით. ეს გადარჩევა დამოკიდებულია ინდუსტრიაზე, რომელიც ცხოველების ექსპლუატაციას ეწევა სხვადასხვა ნიშნით. მაგალითად, მოდის ინდუსტრია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ტყავითა და ბეწვით ტანსაცმლის წარმოება, ცხოველებს სახეობის მიხედვით გადაარჩევს; პრივილეგირებული ადამიანები, რომლებიც ცხოველებს აქსესუარებად უფრო აღიქვამენ, ვიდრე კომპანიონად, ჯიშის მიხედვით იღებენ გადაწყვეტელებას, როდესაც მათ აყვანას, უარეს შემთხვევაში კი ყიდვას გადაწყვეტენ ხოლმე. შესაბამისად, ინტერსექციურობა, ვეგანობასთან მიმართებით, გულისხმობს დღის წესრიგში ანტისპეცისისტური პოლიტიკის გატარების აუცილებლობას: რატომ ვჭამთ ხბოსა და გოჭს, როცა ვუვლით და ვუფრთხილდებით ძაღლსა და კატას?! რა მორალური საფუძველი აქვს ჩვენს წუხილს, როდესაც აზიურ კულტურებში ძაღლების ჭამით განაწყენებულები პეტიციებზე ხელს აღშფოთებულები ვაწერთ, შეწყდეს ძაღლების ხოცვა აზიაშიო, ხოლო მოგვიანებით ქათმებსა და გოჭებს საკვებ ინგრედიენტებად ვიყენებთ?!

არსებობს სტერეოტიპი, რომ ვეგანებს მხოლოდ ცხოველები ადარდებთ. მართალია, ვეგანობა სწორედ ცხოველებზე ფოკუსირდება, თუმცა რეალურად ეს მსოფლმხედველობა  თანაგრძნობაზეა დაფუძნებული, როგორც ცხოველების, ასევე, სწორედაც რომ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ჩაგრავენ, რომლებსაც თავიანთი უფლებებისათვის ბრძოლა უწევთ. ვეგანობა ცხოველების ტანჯვის იდეას, ხორცის, რძის პროდუქტების, ბეწვისა და  ტყავის ინდუსტრიებს, ზოოპარკებსა და ცირკებს უპირისპირდება, რადგან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ცხოველების ინდუსტრიალიზაციას ახდენს. აქ ინტერსექციური მიდგომის არსი უკავშირდება მარგინალიზებული ჯგუფებისათვის მეტი უსაფრთხო სივრცის შექმნას: ამ შემთხვევაში ვეგანები, ფემინისტები და სხვადასხვა ჯგუფის უფლებებისათვის მებრძოლი ადამიანების ძალისხმევის გაერთიანებით, თითოეული ჩაგრული ჯგუფის ხმა ძლიერდება და მეტ ძალას იძენს.

 რასაკვირველია, არსებობს განსხვავებული ჩაგვრა განსხვავებული საფუძვლით, თუმცა თითოეული  მათგანი უნიკალური, მძიმე და თავისი წილი სევდის მატარებელია; მერე რა, თუ პირადად არასოდეს გამოგვიცდია სოციალური კლასის გამო ჩაგვრა და არასოდეს გვიგრძნია სიდუხჭირის საცეცებში მოქცევის შიში?! მერე რა, თუ არასოდეს გამოგვიცდია ჩვენი სექსუალობის გამო ჩაგვრა, დამცირება და არასოდეს შეგვშინებია, რომ დაგვხოცავდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად საჯაროდ გამოვჩნდით?!  მიუხედავად იმისა, ვართ თუ არა კონკრეტული ნიშნით ჩაგრული ჯგუფის წევრი, ნებისმიერ შემთხვევაში, სოლიდარობისა და თანაგრძნობის გამოჩენა მნიშვნელოვანია.

 მაგალითისათვის, ზემოაღნიშნული კლასისა და გენდერის საფუძველზე ჩაგვრა ზოგიერთი ჩვენგანის გამოცდილება არაა, თუმცა ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ  სწორედ ამ და სხვა ნიშნების მიხედვით ჩაგრული ჯგუფები, რომელთა წევრებიც, შევიწროებულები, გადაღლილები, გულისმომკვლელი ისტორიებით სავსენი მარტო განაგრძობენ ბრძოლას, რადგან მხარდამჭერებს ვერ პოულობენ, არ ჰყავთ ადამიანები, რომლებიც ზურგს გაუმაგრებენ. ძალადობრივ სისტემასთან დასაპირისპირებლად, რომელში არსებული ჩაგვრაც კვებავს მის საფუძველს, მეტი სოციალური მგრძნობელობა ხდება საჭირო. მგრძნობელობა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ვიყოთ ღია მსხვერპლთა ტრავმების თანაგანცდის, საუბრისა და გაძლიერებისათვის. ინტერსექციურობა კი ამის მიღწევის ეფექტიანი ინსტრუმენტია.
 
ინტერსექციურობა და სხვადასხვა ჩაგვრის თანაკვეთა გვაძლევს საშუალებას, რომ მრავალშტოიანი იდენტობის მიხედვით არსებულ დისკრიმინაციაზე საუბარი ხმამაღლა წამოვიწყოთ; ჩაგვრის საფუძვლები, როგორც თითოეულ ადამიანამდე, ასევე სამთავრობო, საკანონმდებლო უწყებებამდე მივიტანოთ; თანაბარი  უფლებებისა და შესაძლებლობების საჭიროების დღის წესრიგში დაყენების აუცილებლობაზე ვისაუბროთ და ა.შ. ამიტომ აბსურდულია, რომ მოძრაობები, რომელთა მიზნები საერთოა, გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან და არ გავაერთიანოთ ძალები ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ, რომელიც  მიზოგინიური და, ამასთანავე, სპეცისისტური.