რატომ დუმან კაცები?

პირველად ეს კითხვა გასული წლის სექსუალური შევიწროების ლამის ეროვნული მასშტაბის სკანდალისა და შემდგომ, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობის შესახებ წარმატებული, მოაზროვნე და აზრის ლიდერი კაცების საჯარო პოზიციების ნაკლებობის გამო გამიჩნდა.

თინა ცხადაძის ნახატი, ნახატზე ჩანს სამი ქალი, რომლებიც თამაშობენ ჭადრაკს
Teaser Image Caption
Checkmate from the Queen - თინა ცხადაძე

მერე ვიფიქრე, რომ შესაძლოა, მათ პოზიცია არ ჰქონდათ, მაგრამ აღშფოთებისა და ბრაზის გამომხატველი რეაქციების, ინტერნეტგამოხმაურებებისა და საჯარო გამოსვლების ძიება დავიწყე. თითქმის ვერაფერი ვნახე. ვიფიქრე, ბრაზი და აღშფოთება თუ არა, იქნებ სადმე უშუალოდ ჩვენი კულტურული კონტექსტის ძალადობრივ ასპექტებზე საუბრობენ-მეთქი – იმ მოცემულობაზე, რომ სისტემა და გარემოა ძალადობრივი, მასკულინური, დომინაციასა და ძალაუფლების ასიმეტრიას რომ ახალისებს და თან ამ ასიმეტრიითაც რომ სარგებლობს.

ისევ ვერაფერი ვნახე, თითქმის ვერაფერი[1], ჰოდა, სექსუალური შევიწროებისა და ფემიციდის საკითხზე დისკუსიაში მონაწილეებზე დაყრდნობით, შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ეს პრობლემები მხოლოდ ქალებს აწუხებთ.

ქალები საუბრობენ ამ თემაზე. მსხვერპლი ქალია. ქალები განიცდიან. ქალები ტირიან. ქალები აპროტესტებენ. ქალები არიან ფოკუსში. პრობლემა ქალურია, ქალების.

საჯარო დისკურსიც ასე განვითარდა – ქალების პრობლემად! „ქალების პრობლემების“ გადასაჭრელად შემოთავაზებული ინიციატივებიც ქალების ინიცირებულია, კანონი სექსუალური შევიწროების შესახებ, ფემიციდის შესახებ, გენდერული კვოტების შესახებ. კაცების როლი თითქოს ამ ინიციატივების ოპონირებაში გამოიხატა და ჩაცემენტდა და არა იმ მოცემულობის გააზრებაში, რომელმაც ამ კანონების საჭიროება დააყენა.

რატომ არ ერთვება ასეთ დისკუსიაში უფრო მეტი კაცი? რატომ ითვლება სექსუალური შევიწროების კანონი და სექსუალური შევიწროების გახმაურებული საქმეები, მათი შემდგომი განვითარება და სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება საკითხის მიმართ, მხოლოდ ქალების თავის ტკივილად?  

მე ფემინისტების იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომელიც ფიქრობს, რომ ქალების მიერ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა, თვითგამორკვევის დისკუსია და ანალიზი კაცებისგან დამოუკიდებლად უნდა შევძლოთ, დეკოლონიზაციის პრაქტიკების იდენტურად. არა იმიტომ, რომ მათი აზრი არ გვაინტერესებს, არამედ იმიტომ, რომ თვითგამორკვევისთვის აუცილებელია დისტანცირება მათგან, ვისი ლეგიტიმაციაც ხშირად ინსტინქტის სურვილამდეა გამჯდარი ძვალსა და რბილში. აგრეთვე იმიტომაც, რომ შევძლოთ, ჩვენ თვითონ გავიაზროთ ჩვენი არსებობა, სურვილები და აგენტობა კულტურული და სოციალური ძალაუფლების ცენტრის –  პატრიარქალური კაცის ცნების – მიღმა. იმ მიზნითაც, რომ უკეთ შევძლოთ, დამოუკიდებლად ვაწარმოოთ დღის წესრიგი იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო და მნიშვნელოვანი საიმისოდ, რომ საქართველოში ქალების სექსუალური შევიწროება ფლირტად და კომპლიმენტად არ მოგვეჩვენოს. 

ამიტომ, როდესაც სექსუალური შევიწროებისა და ფემიციდის შემთხვევებზე კაცების პოზიციისა და რეაქციის ნაკლებობა მხვდება თვალში, კაცების ლეგიტიმაციას არ ვითხოვ, რომ მხოლოდ მსხვერპლი მსხვერპლად აღიარონ, ან მათ მიმართ თანაგრძნობა გამოხატონ, ან მოძალადე დაგმონ, ანდა კანონს დაუჭირონ მხარი. თუ კატო მიქელაძე, ეკატერინე გაბაშვილი და სხვა ფემინისტი ქალები არ გვახსენდება, 2018 წელიც საკმარისია იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რა შეუძლიათ ქალებს საქართველოში: მათ იციან, როგორ გადასცენ ფემინისტური ბრძოლის ოლიმპიური ჩირაღდანი ერთმანეთს და ფინიშამდე მივიდნენ. ეს ვიცით. გამოგვივლია. გაგვიკეთებია. საუკუნეებია, ასეა. თუ რამე ვიცით ქალებმა, ეს ჩირაღდნის ტარებაა მომდევნო ქალამდე, მერე მომდევნომდე და ასე უკუნითი უკუნისამდე.

მე სხვა რამ უფრო მაკვირვებს.

როდესაც კაცები ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და პროგრესზე საუბრობენ, განმანათლებლობის პრინციპებსა და კანონის უზენაესობაზე, გასული წლის სექსუალური შევიწროების საქმეებზე სახალხო დამცველის დასკვნებს[2] ამ პროგრესის ნაწილად განიხილავენ? გასული წლის გმირულ მიღწევებს შორის, ქალების მიერ მაღალი საჯარო ინტერესის მქონე პირების წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ფაქტებზე ხმამაღალი საუბარი, გმირულად და გაბედულად მიაჩნიათ? სახელმწიფოს, თავიანთი კოლეგების, თანამოაზრეების პოზიციასა და დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ რამდენად იცნობენ? ეთანხმებიან? მონაწილეობენ ამ საკითხის გარშემო გამართულ აზრის ლიდერთა პოლემიკაში? იქნებ თვითონ წამოუწყიათ ასეთი დისკუსია სხვებთან?

საზოგადოების დამატებითი პოლარიზაციის თავიდან არიდების მიზნით, ეს კითხვები რიტორიკული არაა. გულწრფელი მცდელობაა კომუნიკაციის. აზრების გაცვლის. გმირობის რედეფინიციის, ამ ცნების დეჰაგიოგრაფიისა და დემილიტარიზაციის, დემასკულინიზაციის. სექსუალური შევიწროების საკითხის პირადიდან საჯაროში გადატანის. ქალების პრობლემიდან კაცების თუ არა, საზოგადოებრივ პრობლემად აღიარების მაინც, თვითაღიარების.

აი, ისე, როგორც საპარსი დანების მწარმოებელი კომპანია „Gillette“-ის რეკლამაშია, სადაც პირველად #MeToo ხანაში, სექსუალური შევიწროების თემაზე კაცები საუბრობენ. არა როგორც მომხსენებლები და დამკვირვებლები, არამედ როგორც იმ საზოგადოების რიგითი წევრები, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებენ ძალადობრივ მოცემულობაზე.

 

ამ რეკლამაში[3] ტირილით თვალებდასიებული კრისტიან ბლეიზლი ფორდი[4] კი არ საუბრობს, რომელიც სასოწარკვეთილი ცდილობს, საზოგადოება ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურაზე წარდგენილ ბრეტ კავანოს მიერ მის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ შევიწროებაში დაარწმუნოს; არც უფლებადამცველი იდა ბახტურიძე გამოდის მორიგი საჯარო განცხადებებით, ჩვენს პოლიტიკურ სისტემასთან ბრძოლით დაღლილი, ხელახლა რომ ცდილობს, უფრო და უფრო მარტივი ენით ახსნას, რატომ ითხოვს სექსუალური შევიწროების კანონს, ან რატომ აპროტესტებს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე პირის მიერ სექსუალური შევიწროების თემაზე გაკეთებულ უპასუხისმგებლო რემარკებზე ახსნა-განმარტებას…

ამ რეკლამაში კაცები საუბრობენ და ქალებს ეუბნებიან, მართლები ხართო, განა იმიტომ, რომ ნივთმტკიცება წარმოადგინეთო, ან მოწმე გყავთო, ანდა იმიტომ, რომ ვიდეოჩანაწერი ამოვიღეთო, ან მესიჯებიო, არამედ იმიტომ, რომ ვიცით, რომ ზუსტად ასე ვიქცევითო! ძმაკაცებიც ასე იქცევიანო, მამებიცო, ბიძებიცო! ვიცით, ვიცითო და მაგიტომ გვჯერა თქვენიო. ჩვენ ყველა კაცის სახელით ვამბობთ, რომ გვჯერა თქვენიო… მსოფლიოს ყველა კაცის სახელით ვამბობთო… ზოგიერთები ასეთები ვართო… მაგრამ გვინდა, შევიცვალოთო, ეს არ გვგონია ჩვენი საუკეთესო მხარეო, ვიცით, რომ შეგვიძლია უკეთესები ვიყოთო, ჰოდა, გვინდა, პირობა დავდოთ, რომ ერთმანეთს შევახსენოთ ეს ღირებულებები, მუდმივად მივუთითოთ ძმაკაცებს, თუ რამე შეგვეშლებაო, და ვიცით, რომ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიები ვიქნებით, თუ ასე გავაგრძელებთო…

ეს რეკლამაში.

ეკრანების აქეთა მხარეს კი კაცები გაბრაზდნენ, მათმა უმრავლესობამ ხმა ამოიღო. ჩუმად აღარაა. ალაპარაკდნენ.

სექსუალური შევიწროების თემამ ქალების დისკუსიის სფეროდან კაცებისკენაც გადაინაცვლა, პრობლემა კაცებისაც გახდა, ბევრი მათგანის სურვილის წინააღმდეგ.

კაცები გაბრაზდნენ!

ქალებს დაუახლოვდნენ (?). ქალების ბრაზია ყველა ის კანონი, რომელსაც ვითხოვთ, ყველა საჯარო გამოსვლა, ყველა მარში და ინტერნეტშეტყობინება…

იქნებ ახლა გამოვიდეს რამე, დისკუსია შედგეს, დიალოგი, პასუხისმგებლობების აღება და გადანაწილება დაიწყოს.

იქნებ აღარ იყვნენ კაცები ჩუმად, იქნებ გამოვიდნენ საკუთარი კომფორტის ზონიდან, არასასიამოვნო საუბრები დაიწყონ თავიანთ თავსა და უახლოეს ადამიანებთან.

გაბრაზებული ჩუმად ვერ იქნები!

 

[1] რამდენიმე გამონაკლისის გარდა https://bit.ly/2TzDuSs  (ლევან ცუცქირიძე), https://bit.ly/2Hk6VBB(ვაკო ნაცვლიშვილი)... 

[2] სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების 3 შემთხვევა დაადგინა ზვიად დევდარიანის მხრიდან https://bit.ly/2OqO8o2. მეორე საქმესთან დაკავშირებით 2016 წლის 29 აგვისტოს N11142/16 განცხადების საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მიღებული დასკვნა/რეკომენდაცია  https://bit.ly/2SO6ily 

[3] რომელსაც ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ ახლა აქ ამაზე არ შევჩერდებით.

[4] კრისტიან ბლეიზლი ფორდი ამერიკელი პროფესორია, რომელმაც ამერიკის უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატის (ახლა უკვე წევრის), ბრეტ კავანოს მხრიდან, სკოლის პერიოდში მის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტზე 35 წლის შემდეგ ისაუბრა და კონგრესში სპეციალურ მოსმენაზეც მისცა ჩვენება.