ბედნიერი ფაქტი ვაგინის შესახებ

მოუსმინეთ თამარ ფონივას პოდკასტს:

Კითხვის დრო: 5 წუთი

„კლიტორის მისია წმინდაა. ის ერთადერთი ორგანოა ადამიანის სხეულში, რომელიც მხოლოდ სიამოვნების მისაღებად არის შექმნილი. კლიტორი ნერვების გროვაა: 8 000 ნერვული დაბოლოება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ,  ეს ნერვული დაბოლოებების ყველაზე მაღალი შემცველობაა, რაც აქამდე აღმოუჩენიათ ქალისა თუ მამაკაცის სხეულში. მათ შორის, მეტია თითების, ტუჩების, ენის ნერვული დაბოლოებების შემცველობაზე. და ორჯერ, ორჯერ, ორჯერ მეტია პენისში არსებულ ნერვულ დაბოლოებებთან შედარებით. ჰოდა რა საჭიროა პისტოლეტი, როცა ავტომატი გაქვს“.

ეს არის ამონარიდი ივ ენსლერის პიესიდან „ვაგინის მონოლოგები“.

ბედნიერი ფაქტი ვაგინის შესახებ ►თამარ ფონიავას პოდკასტი - ფემინსტრიმი/Feminstream

video-thumbnail Watch on YouTube

დიდი ხანი არ არის რაც შევქმენი ფეისბუქ ჯგუფი მხოლოდ ქალებისთვის.  ყოველთვის მინდოდა ქართველ ქალებს გვქონოდა პლატფორმა სექსუალური ემანსიპაციისა და განათლებისთვის. ყველაზე ხშირად ამ ჯგუფში დასმული კითხვა ორგაზმის არქონას შეეხება. ეს პოდკასტი იმ ქალებისთვისაა, რომლებიც ხმამაღლა ვერ სვამენ კითხვებს, ანონიმურად მიგზავნიან ჯგუფში შეტყობინებებს და ყველა სხვისთვის, ვისაც აინტერესებს რა კულტურული მოცემულობები იწვევს ქალების სექსუალური ცხოვრების მარგინალიზაციას.

ორგაზმი არა მხოლოდ სასიამოვნო პროცესია, არამედ უამრავი დადებითი ეფექტი აქვს ორგაზნიზმის ფუნქციონირებაზე: ის დადებით ზეგავლენას ახდენს ჩვენს განწყობაზე, ორგაზმის დროს გამოიყოფა ესტროგენები და გვიძლიერდება კარდიოლოგიური დაავადებების გამკლავების უნარი, გამოიყოფა დიდი რაოდენობით ენდორფინი და განვიცდით ღრმა რელაქსაციას, უმჯობესდება ტვინის ფუნქციონირება, ბალანსდება იმუნური სისტემა და ჯანსაღდება კანი, მცირდება ქრონიკული ტკივილი და ა.შ. მოკლედ, ორგაზმი ბედნიერებისა და ჯანმრთელობის წყაროა.

მაშინ რატომ გახდა ორგაზმი ქალისთვის ერთგვარი შრომა და რატომ უჭირთ ქალებს ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებში ორგაზმის განცდა? მიზეზები პატრიარქალურ კულტურასა და ტოქსიკურ მასკულინობაში უნდა ვეძებოთ.

ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრია, რომელიც აქტიურად ეწევა ქალის სექსობიექტად წარმოჩენას არის პორნოგრაფია. როგორ არის წარმოჩენილი ქალი პორნოგრაფიულ ვიდეოებში? ვხედავთ, რომ ქალის სახე, გამომეტყველება, ხმა, პოზა კაცისთვის დადგმული პერფორმანსია. კაცი პორნო სცენების ცენტრია, ქალი კი - სექსობიექტი. პორნოგრაფია ზეგავლენას ახდენს ადამიანის სექსუალურ ფანტაზიებსა და ქცევაზე, აყალიბებს ტოქსიკურ სტერეოტიპებს, რაც ქალებს სტრესავს, ზღუდავს ან არასამართლიან მოთხოვნებს უყენებს.

პორნოგრაფიის ზეგავლენით ქალების ნაწილისთვის აქტი კაცისთვის გათამაშებულ დადგმად იქცა.  და რადგან ეს ინდუსტრია პროპაგანდას უწევს ქალის არაჯანსაღ და არარეალისტურ სახეხატს, ქალებს ეწყებათ შფოთვა და უჩნდებათ ეჭვები  საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით. სტრესისა და შფოთვის ფონზე ქალები ხშირად ვერ დუნდებიან და ვერ აღწევენ კულმინაციურ წერტილს.

ფსიქოლოგისა და გენდერის მკვლევრის სარა ჩედვიკის კვლევის თანახმად, ქალის ორგაზმი კაცებისთვის ხშირად მასკულინურ გამარჯვებას უტოლდება. დაბალი თვითშეფასების მქონე კაცებისთვის ქალის ორგაზმამდე მიყვანა კაცობის ინდიკატორად იქცა. როცა საზღვარი პარტნიორი კაცის თვითშეფასებაზე გადის, ორგაზმი სექსის გარდაუვალ ნაწილად უნდა იქცეს. ყალიბდება მოცემულობა და აუცილებლობა, რომ თუკი შეაბიჯებ საძინებელში, აუცილებლად უნდა განიცადო ორგაზმი, სხვა შემთხვევაში პარტნიორს აწყენინებ, დაასევდიანებ. სწორედ ამიტომ ბევრი ქალისთვის ორგაზმი არის შრომა, სექსი კი ვალდებულება. ამიტომაც ხშირად ქალები ორგაზმს აყალბებენ, რათა თავი აარიდონ არასასურველ სქესობრივ აქტს.  საქართველოში ქორწინება ქალს უამრავ ვალდებულებასა და მოვალეობას აკისრებს, სექსიც ერთ-ერთი მათგანია, ამიტომაც ხშირად ქალებს აქვთ აქტი მხოლოდ იმიტომ რომ ქმარს სურს და ასეა საჭირო, ცოლად ყოფნის მოვალეობაა. მაშინ როდესაც ბევრ ქორწინებაში მყოფ ქალს სექსი ვალდებულების გამო აქვს, ორგაზმის გაყალბება ამ მოვალეობის სწრაფად შესრულებას უტოლდება. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენთან არსებობს შეხედულება, რომ ქალს ქორწინებაში არ უნდა ვკითხოთ უნდა თუ არა სექსი, ამიტომაც ხშირად დაქორწინებული ქალები გაუპატურების მსხვერპლნი არიან, ისე რომ თავადაც არ აქვთ გათვითცნობიერებული.

ზოგადად, კაცი პარტნიორის ცხოვრების ორგანიზატორები ქალები არიან: მათი შინ შრომის ხარჯზე კაცები აღწევენ კარიერულ წარმატებას, ბავშვებზე ზრუნვა ექსკლუზიურად ქალის მოვალეობად განიხილება, ქალები არიან კაცების ემოციური მხარდამჭერები, და რა გასაკვირია, რომ ყოველდღიური ცხოვრების რუტინა ხშირად საწოლშიც  გადადის.

სექსუალური განათლება სექსუალური სიამოვნებისკენ მიმავალი გზაა. სამწუხაროდ, ქალების დიდმა ნაწილმა არ იცის რა არის და სად არის კლიტორი. საკუთარი სხეულის შესწავლის გამო შერცხვენამ წარმოშვა მითი ქალის სხეულის სირთულისა და ქალის ზედმეტად მისტიკური ხასიათის შესახებ. პატრიარქალურ საზოგადოებაში გაჩნდა ქალთმოძულე შეხედულება, რომ თუკი ქალის არ გვესმის, ეს მისი სირთულისა და ამოუხსნელობის ან დრამატულობის ბრალია. გასაკვირი არაა, რომ ორგაზმის გარეშე ჩავლილი აქტი ჩვეულებრივი მოვლენაა. ამის მაგალითია უამრავი ქალი, რომლებიც წლების განმავლობაში ქორწინებაში არიან, ორგაზმი კი ორჯერ ან სამჯერ განუცდიათ.

გარდა ამისა, თუკი საქართველოში კაცისთვის აქტიური სექსუალური ცხოვრება პოზიტიურად ფასდება, ქალისთვის პარტნიორის ყოლა უდიდეს სტრესს წარმოადგენს. ოჯახის წევრები, სამეგობრო, სანათესაო და სამეზობლო ქალის  პირადი ცხოვრების ნაწილი ხდება და ქორწინების გარეშე პარტნიორი დამამცირებელ მოვლენად განიხილება. ორმაგი გენდერული სტანდარტები ჩვენი ცხოვრების მტკიცე  ნაწილი გახდა, ქალებს ვაჩუმებთ, ვუკრძალავთ და ვჩაგრავთ ზუსტად იმავე მიზეზით, რის გამოც კაცებს ვახალისებთ და სიამაყის გრძნობას ჩავუნერგავთ.

სექსუალური ცხოვრების ტაბუირება ქმნის მითებს და აყალიბებს ტრავმებს. უამრავი ქალი ჩემს ფეისბუქჯგუფში საუბრობს სირცხვილის შეგრძნებაზე, რომელიც მათთვის სექსუალური ცხოვრების დაწყებას სდევდა თან. ბევრს აქვს განცდა, რომ რაღაც ცუდს აკეთებს და შესაბამისად, მსგავსი ნეგატიური განწყობა აისახება ამ ქალების სექსუალურ ცხოვრებასა და მენტალურ სიჯანსაღეზე.

ასევე, ქალები ერიდებიან პარტნიორ კაცებთან კომუნიკაციასა და საკუთარი სხეულის შესახებ დაგროვილი ცოდნის გაზიარებას. ჩემს ჯგუფში ხშირად ისმება კითხვები იმის შესახებ, რომ ქალებს პარტნიორისგან კონკრეტული რამ სურთ, მაგრამ ვერ ბედავენ ახსნას ან თხოვნას. ეს ქალები ან პარტნიორების ტოქსიკური მასკულინური ეგოს შერყევას უფრთხიან,  ან გრძნობენ, რომ პარტნიორებთან არ აქვთ უსაფრთხო და განსჯისგან დაცლილი სივრცე.

პატრიარქალურ დღის წესრიგს უამრავი ქალის პირადი ცხოვრება, ენერგია და მენტალური სიჯანსაღე ეწირება, სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია ადგილიდან დავძრათ საკითხი სექსუალური განათლების შესახებ. სექსუალური განათლება არის ყველაზე საბაზისო და აუცილებელი ცოდნა, რომელიც ყველა ადამიანს სჭირდება,  საქართველოში გოგონებს არ აქვთ სივრცე, რომელშიც ავუხსნით და ვასწავლით საკუთარი თავის შესახებ. ახალგაზრდები, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია, ან აქვთ მცდარი ინფორმაცია იღებენ გადწყვეტილებებს, რომლის ტვირთი მთელი ცხოვრება თან სდევთ. სექსუალური განათლების არარსებობა არის ნაადრევი და არასასურველი ფეხმძიმობების ერთ-ერთი მიზეზი, არასრულწლოვანთა ქორწინების ხელშემწყობი, მავნე პრაქტიკებისა და  გოგოების სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორი. რა უნდა იყოს იმაზე დრამატული, რომ ძალადობის მსხვერპლმა მოზარდმა, მანამ ვერ გააცნობიერა, რომ მასზე იძალადეს, სანამ მშობიარობა არ დააეწყო! რა უნდა იყოს ამაზე ტრაგიკული და საგანგაშო სიგნალი?! რაც უფრო ტაბუს დავადებთ ასეთ საკითხებს, მით უფრო ბევრი ადამიანის ცხოვრება იქნება ტრავმებით სავსე!

ქალებმა უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენი ცხოვრება ჩვენი საკუთრებაა, ჩვენს სხეულს ჩვენ განვაგებთ და მანამ, სანამ შევუდგებით ამ კულტურულ მოცემულობებთან გამკლავებას, არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავი და ხშირად გაიმეორეთ: 

„რა საჭროა პისტოლეტი, როცა ავტომატი მაქვს?“