ქალი, როგორც იდეის ხატი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მეოცე საუკუნის 40- იანი წლების საბჭოთა სახვით ხელოვნებაში. ამ იდეის ფორმირებაში გადამწყვეტი იყო ომი. ომი, რომელიც საზოგადოებისგან მოითხოვდა თავდადებას და თმენას.
ახალგაზრდა ქალი, შავი თმით და ერთი თვალით, საზოგადოებრივი პროტესტის სიმბოლური ხატია, რომელიც საზოგადოებამ შექმნა და მასში გააერთიანა რამდენიმე მოვლენის ნიშანი. ხელისუფლების მიერ საზოგადოებაზე განხორციელებული მორიგი ძალადობის მსხვერპლის და, ამავდროულად, იმ თავისუფალი ადამიანის ნიშანი, რომელიც ცალი თვალითაც ხედავს საკუთარ უფლებას, გააპროტესტოს ოკუპაცია, გააპროტესტოს ძალადობა, გააპროტესტოს ის, რომ მას არ უსმენენ. ეს ხატი გასცდა კონკრეტიკას და კიდევ დიდხანს იცოცხლებს. ერთი მხრივ, როგორც ხელისუფლების წარუმატებლობა და საზოგადოების წინაშე დაშვებული შეცდომების მიერ დარჩენილი დაღი, მეორე მხრივ კი, როგორც ახალგაზრდა თაობის პროტესტის და მოძრაობის სიმბოლო, რომელიც ებრძვის მთავარს – საზოგადოებასა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთმიმართების იმ მოდელს, რომელიც აღარ არის მისი. რომელიც ძველია და სხვა კულტურას, სხვა სისტემას ეკუთვნის. სისტემას, სადაც ძალა და გადაწყვეტილების უფლება ჰქონდა მთავრობას და არა საზოგადოებას; სისტემა, რომელიც იყო ანტიდემოკრატიული და რომელიც ერთი პარტიის უნივერსალური ძალაუფლების შესაქმნელად პერმანენტულად ძალადობდა ხალხზე. ამ სისტემას საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი ერქვა და მისი ფასეულებრივი ნარჩენები ჯერ კიდევ ახდენს გავლენას ჩვენზე.საბჭოთა რეპრესიებს შეეწირა 3 მილიონამდე ქალი ბურჟუაზიიდან; 2 მილიონამდე გლეხი კულაკი; 1 მილიონი „ხალხის მტრებიდან“; 5 მილიონი ქალი გადაასახლეს, სადაც მძიმე პირობებში, მძიმე სამუშაოს ასრულებდნენ. სტალინის მმართველობის დროს აიკრძალა აბორტები. არ არსებობდა კონტრაცეპტივები. იკრძალებოდა განქორწინება. უარს ვერ ამბობდნენ სამსახურზე და ვერ იცვლიდნენ მას საკუთარი სურვილისა და შეხედულებებისამებრ.
ყოველივე ზემოთქმული, ცხადია, მხოლოდ გენდერული ნიშნით არ მომხდარა. რეპრესიებსა და ტერორს ეწირებოდა ყველა, განურჩევლად სქესისა და სოციალური სტატუსისა. რეჟიმი ანადგურებდა ყველას მხოლოდ ერთი ზოგადი ნიშნით – საერთო იდეოლოგიური წესრიგიდან ამოვარდნილ და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, ზოგადად რაიმე ნიშნით გამორჩეულთ. ანდა მათ, ვის გამორჩეულობა-განსხვავებულობაზეც მიიტანდნენ ეჭვს. შესაბამისად, გენდერული ნიშნით ანგარიშსწორებაზე საუბარი არ გვაქვს. აღნიშნული ფაქტები საბჭოთა კავშირში ქალის უფლებების გაზრდისა და ემანსიპაციის შესახებ იდეალიზებული, რომანტიზებული და სინამდვილისგან ძალიან აცდენილი შეხედულების საპირისპიროდ მოვიყვანეთ.
„რევოლუციამ გაათავისუფლა ქალი. უფლება მისცა მას, იდგეს ქმრის, მამის და ძმის გვერდით შრომის პროცესში. ქალის საკითხი გადაწყვეტილია. საბოლოოდ“, – ამ სიტყვებით დაასრულა სტალინმა ქალთა უფლებების საკითხის გარშემო მრავალწლიანი დისკუსია და ბოლო მოუღო აზრთა სხვადასხვაობას ბოლშევიკ-რევოლუციონერთა შორის. ამ განსხვავებულ აზრთა ფრონტის ხაზი კი გავლებული იყო იქ, სადაც უნდა განსაზღვრულიყო, სადამდე შეიძლებოდა მისულიყო ქალის უფლებების განვითარება. განხილულიყო თუ არა ის, ზოგადად სქესის – ქალის უფლებების საკითხად, თუ დარჩენილიყო კლასობრივი საკითხის წიაღში. „არ არსებობს ქალისთვის სხვა პრობლემა, გარდა პურის პრობლემისა. არ არსებობს სხვა პრობლემა, გარდა კლასობრივი პრობლემისა“, – წერდა ალექსანდრა კოლონტაი თავის წერილებში, „ქალთა საკითხის“ გარშემო დისკუსიების დროს. მისთვის და მე-20 საუკუნის 20-იანი წლების სხვა რევოლუციონერებისთვის ზოგადად ქალზე, და არა მუშა ქალზე, საუბარი მოიაზრებოდა, როგორც წმინდა ბურჟუაზიული მკრეხელობა, „ბურჟუაზიული რეფორმების“ მცდელობა.
საბჭოთა კულტურა და პოლიტიკა არ ცნობდა საზოგადოებას, როგორც რამის ავტორს. შესაბამისად, თავად იყო იმ ნარატივების და სიმბოლოების ავტორი, რომელსაც ხალხს სთავაზობდა რწმენისთვის. და ეს თემებიც და სახეებიც მათთვის სასურველი იდეების და იდეოლოგიის მატარებელი უნდა ყოფილიყო. მეტი ეფექტურობისთვის საბჭოთა ბელადებმა ერთადერთი მისაღები სტილის – სოციალისტური რეალიზმის ფორმირება ეტაპობრივად განახორციელეს. სინამდვილეში ანტირეალიზმი, მაგრამ მმართველი პარტიისთვის ერთადერთი მისაღები თემებისა და ფორმების გამომხატველი სახელოვნებო სისტემა. კონტროლირებადი ხელოვნება, რომელიც გამორიცხავდა კრიტიკას, შეკითხვას, დისონანსს და კრიზისს. შესაბამისად, ამ მოცემულობაში ფორმირებული საბჭოთა კულტურის სიმბოლო- გამოსახულებები კარგი მასალაა სისტემური ხედვის, პოლიტიკური კონცეფციების, მართვის სტრატეგიული მიდგომების კვლევისთვის.
20-იანი და 30-იანი წლების ხელოვნებას ხელისუფლებამ მთავარ გამოწვევად „ახალი ადამიანის” დაბადება დააკისრა. დაბადება და აღზრდა კი იწვევს მოთხოვნილებას გამოჩნდეს ჯერ არდაბადებული ბავშვის დედა, იმ დროის ნარატივებიდან ამოზრდილი მშრომელი ქალი, რომელიც შეითავსებს ახალი საბჭოთა ადამიანის აღზრდის ფუნქციას. ქალები კონკრეტიკის, ფსიქოლოგიური პორტრეტის, ინდივიდუალური ხასიათის გარეშე. ქალები, რომლებიც არიან ფიზიკურად ძლიერი ათლეტები , ჯარისკაცები ახალი სახელმწიფოს სამსახურში. მათი ჯარი შვილოსნობაა. მათი განწყობა – ოპტიმიზმის და ბედნიერების შეგრძნება. მათი საქციელი – შემართული რბენა და შორსმიმართული მზერა. შრომა/დედობის ფუნქციების კომბინაციამ განდევნა უნიკალური პიროვნების მდგომარეობის კვლევა, ეჭვი, განსჯა, ინდივიდუალური ემოცია და სექსუალობის გამოვლენის ყველა შესაძლო ვერსია. ადამიანის და შესაბამისად გამძაფრებით ქალის არსი დავიდა ერთ ფუნქციამდე – კომუნისტური მომავლის მაშენებელი რიგითი მშრომელი. მას ინდივიდუალური გამოცდილება, როგორც თავისუფლების ინტერპრეტაცია, არ უნდა ჰქონოდა. ეს პარტიის ინტერესებს სცდებოდა.
ქალი, როგორც იდეის ხატი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მეოცე საუკუნის 40- იანი წლების საბჭოთა სახვით ხელოვნებაში. ამ იდეის ფორმირებაში გადამწყვეტი იყო ომი. ომი, რომელიც საზოგადოებისგან მოითხოვდა თავდადებას და თმენას.
საბჭოთა კავშირისადმი პატრიოტიზმის კულმინაციამ ისევ ქალის სახე მიიღო. ეს ქალის სახე ქართველმა მხატვარმა, ირაკლი თოიძემ (1902-1985 წწ.) შექმნა. თოიძის ხელოვნება სოცრეალიზმის კლასიკად შეიძლება მივიჩნიოთ და მისი შესწავლის თუ თვალის გადავლებისთვის სახელმძღვანელოდ გამოგვადგება. სწორედ ამ ავტორს უკავშირდება საბჭოთა კულტურაში ამოზრდილი სიმბოლოს მხატვრული აღწერა. ქალის, დედის სახე, თავისი იერითა და ტექსტით – „დედა-სამშობლო გვეძახის“, შვილებს თავდადებისკენ მოუწოდებს.
საბჭოთა კულტურაში ერთმანეთს ერწყმის აკრძალული და აღიარებული. ერთი მხრივ, დედის ქრისტიანული მოდელი, რომელსაც ატარებს კულტურა რელიგიის აკრძალვის მიუხედავად, დედა, რომელიც კაცობრიობის მხსნელს მოავლენს, მეორე მხრივ კი, პატრიოტი საბჭოთა დედის სახე, რომელიც იდეოლოგიურად ზრდის შვილებს. ამ არქეტიპების შერწყმამ ქალის გამოსახულებას დააკისრა დიდი სიმბოლო-მეტაფორის ტვირთვის ზიდვის ფუნქცია. მებრძოლი და მცველი დედა 50-იანი წლების საბჭოთა კავშირის ყველაზე გავრცელებული სკულპტურული კულტია.
ცალი თვალი საბჭოეთის წინააღმდეგ ► სოფო კილასონიას პოდკასტი - ფემინსტრიმი/Feminstream
Watch on YouTubeთანდათანობით “დედათა” გამოსახულებებმა გვიანი საბჭოთა ნაციონალიზმის ელფერიც შეიძინა. და კავშირში გაერთიანებულმა ერებმა ასეთი ქალი-სიმბოლოები საკუთარი კონკრეტული ეროვნული თუ ეთნიკური კულტურის დედებად მოიაზრეს.
ქალის გამოსახულება პოლიტიკური ძალადობისგან არ გათავისუფლებულა არც გვიან საბჭოთა კავშირში. მართალია, დაიბადა ალტერნატივა – ეროტიკული ელფერის გამოსახულებების სახით, მაგრამ აქ ქალი ან ტკბობის ობიექტია, ან ინფანტილური, არაზრდასრული ბავშვი. ძლიერი აზრისა და საქციელის გარეშე. ისევ ინდივიდუალიზმის და ხასიათის გარეშე.
ალბათ ლოგიკურია, რომ საბჭოთა ძალადობრივი სისტემის მიერ აღზრდილ და ჩვენთვის დატოვებულ სისტემურ პრობლემებს ისევ ქალის გამოსახულებით ვუპირისპირდებით. ქალი ისევ ახალგაზრდაა. მაგრამ ამჯერად ყველა სხვა ახალგაზრდა ქალისა და კაცის ძლიერი ნების და არჩევანის გამომხატველი. არჩევანის, რომ დემოკრატია გავლენიანი სამოქალაქო საზოგადოების არჩევანს ნიშნავს. არჩევანს, რომელსაც ამჯერად უკვე პარტიებმა უნდა უსმინონ.