ქალი ხელოვანის მიერ განმარტებული ქართული სახელოვნებო სივრცე

ზოგადი ფონი ქვეყანაში, განსაკუთრებით, განათლების სფეროში, სწავლას მოწყურებულ სტუდენტებს სამომავლო უზრუნველი ცხოვრებისთვის ბევრს ვერაფერს ჰპირდება. მომავალი, ყველა პროფესიის მქონე ადამიანისთვის, ისედაც მეტ-ნაკლებად უცხო და ბუნდოვანია, მით უმეტეს ასეა მაშინ, როდესაც იღებ გადაწყვეტილებას, განათლება ხელოვნების კუთხით მიიღო, ეს შენს პროფესიად აქციო. მოლოდინების გაცრუება თითქმის ნორმად ჩამოყალიბდა. მაგრამ რა ხდება, როდესაც თექვსმეტი წლის, თვალებანთებული სტუდენტი გოგო იწყებს სწავლასა და დამოუკიდებელ ცხოვრებას ისეთ დაუნდობელ სფეროში, როგორიც ხელოვნებაა და, საბოლოოდ, საკუთარი იმედებისა და წარმოდგენების მსხვერპლად იქცევა? მე შემიძლია პირადი გამოცდილების საფუძველზე მოგიყვეთ სწავლის მწარე ძირის შესახებ, რომელიც კენწეროშიც ვერ გატკბილდა.

რას ნიშნავს, ცხოვრობდე და მოღვაწეობდე ქართულ სახელოვნებო სივრცეში?  ლოგიკურია, რომ ყველა არტისტს აქვს თავისი დამოკიდებულება და პასუხები ამ კითხვაზე, მაგრამ ჩემი, როგორც ამ კულტურისგან შექმნილი სოციალური არსების და, უკვე ამის შემდგომ, როგორც მხატვრის სუბიექტური, მაგრამ ფაქტებზე დაფუძნებული რეალობა, რადიკალურად განსხვავდება იმ სხვა რეალობებისგან, რომელშიც შეიძლება საქართველოში ფსევდოწარმატებული და წარმატებული არტისტები და მხატვრები ცხოვრობდნენ.

ქართული სახელოვნებო სივრცის კრიტიკისა და ანალიზისთვის, სრულიად საკმარისი იქნებოდა რამდენიმე გიგანტური კომპანიის, პერსონისა და ბანკის სახელის ხსენება, რომლებიც ხშირად გვევლინებიან ხელოვანთა „მარჩენლებად“. შესაბამისად, ყველაფერს აქვს თავისი საზღაური. ნაკვები და კმაყოფილი ხელოვნება თავს იმ პოზიციით იძვრენს, რომ „ხელოვნება აპოლიტიკური უნდა იყოს“ ან „სულაც არაა საჭირო, ხელოვნება პოლიტიკას ირეკლავდეს“. პოლიტიკური ხელოვნება, პირველ რიგში, ავტონომიურობას გულისხმობს; ხელოვნება, რომელიც იქმნება იმ დროისა და სივრცის ადეკვატურად, იმ სოციალური და პოლიტიკური ვითარების გამოძახილად, რაშიც ვცხოვრობთ. ეს ნარატივი ხელოვნების ისტორიაში მცირე ცოდნის მქონე ადამიანისთვისაც კი არ უნდა იყოს უცხო.

მაშასადამე, თუ ხარ არტისტი, მხატვარი, შენ არ გაქვს არჩევანი ან თავისუფლება იმისთვის, რომ შექმნა ისეთი ხელოვნების ნაწარმი და იყო ისეთ სახელოვნებო სივრცეში, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის არსებულ სისტემასთან, სახელმწიფო პოლიტიკასთან, ზოგად-სოციალურ მდგომარეობასთან. სამწუხაროდ, არსებობს მხოლოდ ორი ალტერნატიული რეალობა: ან იყო „ნაკვები ხელოვანი“ და აკეთო მისაღები ხელოვნება, ან აკეთო დამშეული, პოლიტიკურად პრინციპული, პროტესტზე დაშენებული ხელოვნება, რომელიც უკვე გულისხმობს წარუმატებელ კარიერას, სტრესებს, სიღარიბეს. შესაბამისად, აღარ გრჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ რამენაირად  მოხვდე  ზემდგომ და ძალიან რთულად შესაღწევ სახელოვნებო  წრეში, აკეთო გამოფენები წამყვანი ბანკების საგამოფენო სივრცეებში, აითვისო მილიონერი ბიზნესმენის რესტორნებისა და კაფეების კედლები. მეტიც, ყველაზე სოციალური მიმდინარეობა ხელოვნებაში, რომელიც პროტესტის გამოსახატავად და ხალხთან სასაუბროდ შეიქმნა – გრაფიტის კულტურაც კი შესწირო მსხვერპლად რესტორნების ექსტერიერების მორთვა-მოკაზმვას; ჩაერთო სახელოვნებო აქტივობებში; იყო ცნობადი, სამაგალითო, მაგრამ – დამჯერი არტისტი.

 


ჩვენი ხელოვნება

ჩემი პირველი ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი კონტაქტი ხელოვნებასთან, ღრმა ბავშვობას უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ მეხსიერებაში არ შემომრჩა, რატომ ავირჩიე ადამიანებთან ურთიერთობისთვის ეს საქმიანობა. თუმცა დღეს, ასე თუ ისე, მაქვს ამაზე პასუხი. ჩემთვის ვიზუალური ხელოვნება არ არის თვალით ტკბობის ობიექტი, რომელსაც მუზეუმში დაკიდებ და სამუდამო განსასვენებელს მიუჩენ, ასე ვთქვათ, გაწირავ სასიკვდილოდ, გამოაცლი შინაარსსა და კონტექსტს. ხელოვნების ისტორიაში ხომ ამის მრავალი მაგალითი არსებობს. ჩემი სუბიექტური აზრით, ხელოვნება უნდა იყოს დინამიკური და სოციალური, სწორედ ამიტომ ავირჩიე სასაუბროდ გამომსახველობის ენა. ამ ენით მე გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებებს, პოზიციას პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებზე, ვყვები ჩემს გამოცდილებაზე, ტრავმებზე და ა.შ.

ჩემს არჩევანს, ვყოფილიყავი მხატვარი, ოჯახი სიხარულით არ შეხვედრია, თუმცა, მათგან მრავალი მოთხოვნის წამოყენებისა და ჩემგან მრავალი პირობის დადების შედეგად, მაინც ჩემი „გავიტანე“ და სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. რაღა თქმა უნდა, დანაპირები, რომ ოჯახის იმედებს გავამართლებდი და წარმატებული, საქმიანი და შეძლებული მხატვარი გამოვიდოდი, ვერ შევასრულე.

გარდა იმისა, რომ აკადემიამ იმედები გამიცრუა და უკვე ერთ წელიწადში, უმოტივაციო, ფრუსტრირებულ რიგითად ჩამოვქვეითდი, ხოლო ჩემი ამბიციები, იმედები მიწას მივაბარე, ცალკე პრობლემად მექცა ყოველდღიურად იმ სექსისტური ტექსტების მოსმენა, რომელიც კიდევ უფრო მიკარგავდა ამ სივრცეში დამკვიდრების სურვილს. იყო ქალი, ნიშნავს იმას, რომ სახელოვნებო საზოგადოების მხრიდან განწირული ხარ უსაფუძვლო კრიტიკისათვის. „კრიტიკოსებს“ ერთგვარი გენდერის დეტექტორი აქვთ, რითიც თამამად გამცნობენ, რომ „ეს ქალის ხელწერაა“, ეს „კაცის ხელია“. ლექტორები უახლოვდებიან სტუდენტ ბიჭებს, რადგან ფიქრობენ, რომ მათთან მეტი აქვთ საერთო, ვიდრე გოგოებთან. შესაბამისად, სამხატვრო აკადემიაში შემოსული ყველა პროექტი ისევ ლექტორების ფავორიტ სტუდენტებთან მიდის და არა იმათთან, ვისზეც ფსონებს არ დებენ, რადგან აპრიორშივე გულისხმობენ, რომ ის წავა, დაქორწინდება, შვილები ეყოლება და მაინც აღარ დახატავს.

მხატვრობის არჩევა, უკვე ყველა მხრიდან წნეხს გულისხმობს. საზოგადოება, ოჯახი, ნათესავები, მეზობლები გიწინასწარმეტყველებენ, რომ შენი ნიჭი და გონება ტყუილად გაფლანგე, წინ თავზე ჩამოქცეული, ფიროსმანის მსგავსი ცხოვრების გზა გელოდება.

ორ ან სამ წელიწადში უკვე სრულიად გააზრებული მქონდა, რომ შეცდომა დავუშვი. ასე მოვხვდი ჩემს მეგობრებთან ერთად დამოუკიდებელ სასწავლო პროცესებში, რომელიც სრულიად ახალი წესრიგი იყო შიდასაუნივერსიტეტო საქმიანობაში. შეიქმნა სტუდენტების ჯგუფი, სახელწოდებით „თავისუფალი სახელოსნო“, დაიწერა ჯგუფის მანიფესტი და გაიმართა მისი საჯარო პრეზენტაცია. ჯგუფი აკადემიის ადმინისტრაციის მხრიდან თავიდანვე „სექტად“ შეირაცხა, ხოლო მისი წევრები – ზარმაც და უსწავლელ ახალგაზრდებად. „თავისუფალი სახელოსნო“ უამრავი სტუდენტისთვის იქცა ძირითად მოტივატორად, იქ ტარდებოდა ღია ლექციები მოწვეულ ლექტორებთან ერთად. ასე გაჩნდა ავტორიტარულ საგანმანათლებლო სისტემაში, სრულიად სხვა, თავისუფალი და დამოუკიდებელი სასწავლო სივრცე.

როგორც ხდება ხოლმე, უამრავი წინაღობისა და პროტესტის შემდეგ, ჩვენ, სტუდენტებს, სამხატვრო აკადემიის რექტორმა და ლექტორებმა მნიშვნელოვანი პრობლემები შეგვიქმნეს, როგორიცაა ხელოვნურად სტუდენტის სტატუსის შეჩერება, ლექციებზე არდაშვება, გარიყვა და ა.შ. ამ ომში ყველანი დავიღალეთ და ზოგი საით წავედით, ზოგი – საით. მე მუშაობა მომსახურების სფეროში გავაგრძელე და, პარალელურად, „დიპლომი მაინც შემრჩეს“ პრინციპით, მაგისტრატურაც შემომემთავრა. თუმცა, მაგისტრატურის შემდეგ მივხვდი, რომ მხატვრობას აზრი არ ჰქონდა და ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით, სწავლა უკვე თსუ-ს დოქტორანტურაში გავაგრძელე.

შეგონებები, რომ ხელოვნებაში ქალების ადგილი არ არის, რომ მალე მივიწყებას მივეცემი ჩემი ნახატებიანად, რამდენადაც დამთრგუნველი, იმდენად მოტივატორი აღმოჩნდა იმისა, რომ შემექმნა ფემინისტური ხელოვნება. ჩვენი, ქალების ხელოვნება.

 


პატრიარქალური ხელოვნება

ქართულ ხელოვნებას არ გააჩნია ავტონომიურობა, ის, რომ ხელოვნება   აპოლიტიკურ, თვითორგანიზებულ აბსტრაქციადაა ქცეული, დღევანდელი პოლიტიკის შედეგია. ამ მოცემულობაში, არსებობა და ბრძოლა ქალებისთვის ბევრად უფრო რთულია, ვიდრე კაცებისთვის.

ხელოვნება დაუნდობელი სფეროა, რადგან: მასკულინურია, მარგინალიზებულია, არაპერსპექტიულია, დაბალშემოსავლიანია, ამბიციურია.

ხელოვნების მასკულინურობა მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ბოლო დრომდე, მსოფლიო სახელოვნებო სივრცეს თეთრკანიანი მამაკაცები განაგებდნენ. ქალი ხელოვნებაში მხოლოდ მხატვარი მამაკაცების მუზა ან ნატურა იყო. ეს ყველაფერი შედარებით გადაფასდა დასავლური მოდერნიზმის მიწურულსა და პოსტმოდერნიზმის ეპოქაში, როდესაც ქალებმა თავიანთი უფლებებისათვის მასობრივი გამოსვლები დაიწყეს.

დღეს, პატრიარქალური წყობა იმდენადვე მავნებელია ხელოვნებისთვის, რამდენადაც საზოგადოების სიჯანსაღისთვის. საქართველოში, სამხატვრო აკადემიის, თვალებში ნაპერწკლებანთებული სტუდენტი გოგოების სრული უმრავლესობა თავისი პროფესიით საქმიანობას ვერ აგრძელებს. საუკეთესო შემთხვევაში კომპიუტერულ გრაფიკას ეუფლება, რომლის შესწავლა ცალკე ფინანსებთანაა დაკავშირებული, უარეს შემთხვევაში კი მომსახურების სფეროში საქმდება, რომელიც ყველაზე დამთრგუნველი, არაკონტროლირებადი და შრომატევადი საქმიანობაა ჩვენს დროში. მესამე გზაც უნდა ვახსენოთ – სამხატვრო აკადემიის ლექტორატის მხრიდან „გულწრფელი“ რჩევის გათვალისწინება და ჩვენი რეპროდუქციული უნარების გამოყენება.

გამოსავალი

როგორც უკვე აღვნიშნე, ხელოვნება არის ამბიციური სფერო, სადაც ყველა არტისტს, მხატვარს აქვს საკუთარი უნიკალურობისა და გენიალურობის შეგრძნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მამრობით სქესს ეხება. თითქმის კიტჩად ქცეული კითხვა „ხატვა რა ქალის საქმეა, აბა, ჩამომითვალე ქალი მხატვრები?“ დღემდე თან სდევს მთელ ქართულ სახელოვნებო სივრცეს. მამაკაცებისთვის თითქოს ეს მდგომარეობაა, მხატვრობა მათი „დომენია“, ქალების ადგილი კი იქ არ არის.

ჩემი პირადი გამოცდილებაც ამ ზოგადი ფონიდან გამომდინარეობს. სამხატვრო აკადემიაში სტუდენტობის დროს, ხშირად ვხატავდი ე.წ ტაბუირებულ თემებზე, როგორიცაა: სიშიშვლე, სექსი, აგრესია, ძალადობა, ქალთა ემანსიპაცია და სხვა. ამიტომ, ხშირად ვიღებდი უარყოფით შეფასებებს, დაბალ ქულებს, აკადემიის ლექტორებსა და სტუდენტებში ვერ ვსარგებლობდი კარგი რეპუტაციით, რაც ძალიან აზიანებდა ჩემს მენტალურ ჯანმრთელობას. იყო შემთხვევა, როდესაც, ბაკალავრიატის დიპლომის დაცვაზე, ჩემი ნამუშევრის გამოჩენას სერიოზული ხმაური და გარჩევა მოჰყვა, იქ წარმოდგენილი კომისიის წევრთა უმრავლესობა მის მოხსნას მოითხოვდა. ნამუშევარი შეფასდა როგორც ჩემი მხრიდან ჩადენილი ეპატაჟი და არავის მოუსმენია იმ კონცეფციისთვის, რაც მას თან ერთვოდა.

ასეთ მძიმე მოცემულობაში გამოსავალი სრულიად ახალი „თვალის“, სახელოვნებო დამოუკიდებელი პლატფორმის არსებობაა, რომელიც ყოველგვარი პოლიტიკური და სოციალური მონიშვნების გარეშე მოახდენს პროფესიონალურ და კომპეტენტურ შერჩევას, ქალებს მისცემს შესაძლებლობას, დაიბრუნონ ძალა, რათა იბრძოლონ და თვითრეალიზდნენ ამ სამყაროში. მნიშვნელოვანია, კონფორმისტულ ხელოვნებასთან ერთად არსებობდეს სივრცე ხელოვნებისთვის, რათა სრულად არ გაბატონდეს ამ სფეროზე სხვადასხვა ძალა – კერძო თუ სახელმწიფო სექტორი.

ისეთი ხელოვნება, რომელიც ეფუძნება კრიტიკას, ადამიანთა უფლებებს და არც ისე კომერციულია, ამ ეტაპზე ქვეყნისთვის პრიორიტეტული არაა. მას ფული არ მოაქვს და ნაკლებად ფინანსდება. ჩვენ, ხელოვანებს, ძირითადად თვითდაფინანსებით გვიწევს არსებობა, რაც უზარმაზარ გახარჯულ დროსა და ენერგიას გულისხმობს; მაგრამ ფაქტია, რომ უკვე დიდი ხანია ამ დილემის წინაშე ვდგავართ, ცვლილებები კი ბრძოლას მოითხოვს. რეალობა უნდა შეიცვალოს, ხელოვნება უნდა იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი სოციალური ჯგუფისთვის, ხელოვნება უნდა გახდეს ხალხის კუთვნილება და არა მუზეუმების, სნობური დაწესებულებების, მაღალი საზოგადოების ტკბობის და სიამოვნების მოგვრის საშუალება. ხელოვნება უნდა გახდეს დამოუკიდებელი და ძლიერი. ასეთ ხელოვნებას კი ქმნიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ პროტესტი, სევდა, მწარე გამოცდილება, ნათელი გონება და თავისუფლების წყურვილი. ასეთ ხელოვნებას ქმნიან ქალები.