ეს დღეები ბევრი მოქალაქე შეწუხებულია საგანგებო მდგომარეობის გამო სხვადასხვა, მათ შორის – გადაადგილების, უფლების შეზღუდვით. წარმოიდგინეთ, 365 დღე იძულებული ხართ, მხოლოდ ღამით გახვიდეთ ქუჩაში, რადგან დღისით აუცილებლად ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდებით. მაგრამ ღამითაც, ლუკმაპურის საძიებლად გამოსულს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩასაფრებული მოძალადე და სიკვდილი გელით. თუ ბევრისთვის 1-თვიანი საგანგებო მდგომარეობა მძიმე მენტალურ, ფიზიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს იწვევს, აბა, წარმოიდგინეთ, როგორია მთელი თქვენი ცხოვრების ასე გატარება. დღეს ეს სცენარი ვიღაცისთვის დისტოპიაა, ტრანსგენდერი ადამიანებისთვის კი, ყოველდღიური რეალობა.
უკვე ნათელია, ვის დააზიანებს COVID-19-ის ეპიდემია ყველაზე მეტად. ჯანმრთელობის თვალსაზრისით – მოხუცებს, მწეველებს, ქრონიკული დაავადებების მქონეთ. ეკონომიკური თვალსაზრისით – ღარიბებს, არასტაბილურ ან უსამსახუროდ დარჩენილ მოქალაქეებს.
ინფიცირების რისკები მომეტებული აქვთ მაღალი გავრცელების ქვეყნიდან ჩამოსულ ემიგრანტებს, მათ კონტაქტებს, უსახლკაროებს, ჯერ კიდევ სერვისის სფეროში მომუშავეებს, ბაზრების, თონეების და სხვა ადგილებში დასაქმებულ მუშებს, რომლებსაც თვითიზოლირების ფუფუნება არ გააჩნიათ. მაღალი მოწყვლადობა ამ დაავადებების მიმართ ასევე აქვს ლგბტ თემსაც.
საქართველოში სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების სერვისები ცოტა და ფრაგმენტულია ყველა მოქალაქისათვის, მაგრამ ამ არსებული სერვისებიდანაც კი ლგბტ თემი ხშირად გამოტოვებულია.
პანდემიის მიმართ ლგბტ თემის განსაკუთრებულ მოწყვლადობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: უსახლკარობა, უმუშევრობა, გენდერის სამართლებრივი აღიარება/უღიარებლობა, ჰომოფობიური/ტრანსფობიური ძალადობა და სტრესი, მაღალი მოწყვლადობა სხვა ქრონიკულ დაავადებებზე, დისკრიმინაცია და სამედიცინო მეგობრულ სერვისებზე ხელმიუწვდომლობა.
განვიხილოთ ეს საკითხები:
ტრანსგენდერი ქალების უდიდესი ნაწილი უსახლკარო და უმუშევარია. სახელმწიფო პროგრამებში, მათ შორის, სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამებში საერთოდ არ არის საუბარი ტრანსფობიის შედეგად დაზარალებული ბავშვების, ქალებისა და კაცების დახმარებაზე.
მარტო მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანის გასაჭირს სახელმწიფო ვერ ხედავს. ტრანსგენდერი ქალები ვერ იღებენ თავშესაფრისთვის მუნიციპალურ შემწეობას, რადგან სახელმწიფო საერთოდ არ აღიარებს მათ გენდერს. მეტიც, ერთადერთ მუნიციპალურ თავშესაფარში (რომელიც კიდევ კარგი, არსებობს) სრულიად წარმოუდგენელია ამ თემის წევრების განთავსება, რადგან იქ შეიძლება მათზე სხვებმა ფიზიკურად იძალადონ.
ტრანსგენდერი მოქალაქეები დღეს სამართლის საპოვნელად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ელოდებიან, იმიტომ რომ საკუთარმა სახელმწიფომ არა მხოლოდ ზურგი აქცია და უარი უთხრა ელემენტარულ სამართლებრივ აღიარებაზე, არამედ ეს თემა ულტრამემარჯვენე, ფაშისტურ ჯგუფებს მიუგდო და სიძულვილის კამპანიის ნაწილი გახადა. მაღალი ტრანსფობიის გამო დისკრიმინაცია სერვისის ყველა სფეროში, მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებებში, ამ ადამიანების ყოფას განსაკუთრებით ამძიმებს.
უსახლკარობა და პრეკარიული შრომა ეხება გეი, ლესბოსელ და ბისექსუალ ახალგაზრდებს და მოხუცებსაც, რომლებიც იძულებულები იყვნენ ჰომოფობიური ძალადობისაგან თავის დასაღწევად ოჯახებიდან წამოსულიყვნენ.
საგანგებო მდგომარეობის დროს იმატებს ოჯახებში ძალადობის საფრთხეც. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დაიწყოს ჰომოფობიასთან დაკავშირებული ოჯახური ძალადობის პრევენცია და გაატაროს შესაბამისი ზომები ძალადობის შემთხვევაში.
ასზე მეტი გავლენიანი ლგბტ სათემო და სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მედიისა და მთავრობისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ ლგბტ თემის წევრებს აივ ინფექციის და კიბოს მიმართ მაღალი მოწყვლადობა აქვთ, რაც ნიშნავს იმუნურ პრობლემებს[1]. დისკრიმინაციის და არამეგობრული დამოკიდებულების შიშით, ლგბტ თემის წევრები თავს იკავებენ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებსაც, – წერენ სათემო ორგანიზაციები. ჰომოფობიისა და ტრანსფობიის მაღალი დონე ასევე იწვევს სტრესს და ადამიანების იმუნური სისტემა ამ დროს უფრო მოწყვლადი ხდება. მაღალია თამბაქოს მოხმარებაც ამ თემში, რაც ასევე რისკფაქტორად განიხილება COVID-19-თან მიმართებით. ამდენად, სამედიცინო დაწესებულებებში მეგობრული გარემოს შექმნა დღეს ლგბტ თემისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.
დასახელებული თემების უმეტესობა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის საერთო პრობლემებია, რომელსაც პასუხი სახელმწიფომ არაფრაგმენტული სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებით უნდა გასცეს. მაგრამ, ამავე დროს, არის სპეციფიკური სამართლებრივი ბარიერები, როგორიცაა სქესის სამართლებრივი აღიარება, სადაც სახელმწიფოს შეუძლია, საგანგებო მდგომარეობის გარეშეც საგანგებო მდგომარეობაში მცხოვრებ ადამიანებს, საყოველთაო სიკეთეებით სარგებლობაში დამატებითი შეზღუდეები აღარ შეუქმნას. ტრანსგენდერი ქალების გამოძიებული თუ გამოუძიებელი მკვლელობები, მკვლელებთან ერთად, სახელმწიფოს და ჩვენი საზოგადოების კისერზეა.
სამართლებრივ აღიარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ჰომოფობიის/ტრანსფობიის ნეგატიური ეკონომიკური შედეგების აღმოფხვრაც. სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებში ჯეროვნად უნდა აისახოს ლგბტ თემის საჭიროებები. მუნიციპალიტეტებმა უნდა აღრიცხონ და შესაბამისი რესურსები გამოყონ უსახლკარო ქვიარ ადამიანებისათვის, რადგან, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, არსებული ბარიერები შეუძლებელს ხდის ქვიარებისთვის ასეთი სერვისებით სარგებლობას.
პანდემიის გამო გამძაფრებული ეკონომიკური გაჭირვებისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს მიერ საკვების მიწოდება, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი მოქალაქის შიმშილი. გასული თვის მეორე ნახევარში, არაერთ ადამიანს ჩვენ გარშემო შეუწყვიტეს გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება. ამდენად, დღეს პანდემიისაგან ზიანის შემცირებისათვის სამოქალაქო მოთხოვნაა სახელმწიფოს მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირება.
და ბოლოს, ნებისმიერი პოლიტიკის შემუშავებაში მნიშვნელოვანია ლგბტ თემის წევრების და სათემო ორგანიზაციების მონაწილეობა. „არაფერი ჩვენ შესახებ, ჩვენ გარეშე“- ამ პრინციპის გათვალისწინებით უნდა დაიგეგმოს ყველა სოციალური და ეკონომიკური ინტერვენცია.