ქალები ქართულ პრესაში

მე გურიაში, პატარა დაბა ანასეულში, გავიზარდე. ეს ტოპონიმი გურიის მთავრის, მამია მეორის ქალიშვილს უკავშირდება. ანასეულის შესახებ ბავშვობაში ასეთი გადმოცემა გამიგია: თავად გურიელს მამული, რომელიც საუკეთესო სანადირო ადგილი ყოფილა, ანა ბატონიშვილისთვის უბოძებია სამზითვოდ. მას შემდეგ თურმე ანასეულად იწოდება.

ანასეულში რამდენიმე ათწლეულია ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი არსებობს. ეს პატარა დასახლება გაშენებულია ეგზოტიკური ხე-მცენარეებით, რომელთა ანალოგს საქართველოში ბევრგან ვერ შეხვდებით.

დროებიდან ამონარიდები ქალების შესახებ

ანასეულში ყველაზე მეტად ჩემი სახლის აივანი მიყვარდა. დღის სხვადასხვა მონაკვეთში, წელიწადის სხვადასხვა დროს, აივნის კუთხეს იდაყვით ჩამოყრდნობილი, დიდხანს ვაკვირდებოდი სივრცეს, რომელიც ჯერ ხეხილის ბაღებით იწყება, ჩაის პლანტაციებზე გადადის, მერე ნაძვების ქარსაფარი ზოლით გრძელდება და ბოლოს, აჭარა-გურიის მთებით შემოირკალება.

აივანი იყო საკითხავი ადგილიც. მეშვიდე ან მერვე კლასში ვიქნებოდი, სკოლაში ისტორიის ახალი სახელმძღვანელოები რომ შემოვიდა. ცოტა უფრო დიდი ფორმატის და ცოტა უფრო ფერადივიდრე ძველები. ის წიგნები განსაკუთრებულად მიყვარდა. ვკითხულობდი ისტორიებს ბაბილონიდან კოლხეთის ბერძნულ ახალშენებამდე, ფარნავაზიდან საქართველოს გაერთიანებამდე, ერთიანი სამეფოდან რუსეთის მიერ ანექსირებულ ქვეყნამდე. ამბებს სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრების, იქ გადაწერილი ხელნაწერების, ზოგადად, ლიტერატურის, მხატვრობის, მუსიკის, არქიტექტურის და, რა თქმა უნდა, ომების ისტორიას. სხვადასხვა ამბავზე თავად ვავითარებდი ხოლმე სცენარებს, ვფიქრობდი იმაზე, რაც წიგნში არ ეწერა. მიჩნდებოდა უამრავი კითხვა და, მათ შორის, ერთი, წლების განმავლობაში პასუხგაუცემელი, შეკითხვაქალები სად არიან?

ჩვენი ისტორია ქალების სახელებს თითქმის არ ინახავს. იმ ქალებისას, რომლებსაც, ალბათ, ასევე შეეძლოთ ქვეყნის მართვა და  პოლიტიკური ვითარების შეცვლა, რომლებსაც ასევე შეეძლოთ წერა ან ხატვა, იქნებ ციხეების შენებასა და სხვა ბევრ რამეშიც ეცადათ ბედი, ამის შესაძლებლობა რომ მისცემოდათ.

სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის ისტორიიდან გამოჩენილი ქალების სახელებს ნუ შემახსენებთ. მათი ამბები ისტორიული სახეების ზღვაშირთი წვეთია.

...

თბილისში ჩემი ფიქრების თავშესაფრად საჯარო ბიბლიოთეკა იქცა. დღეს მგონია, რომ იქაც ყველაფერი ნაცნობია: ანბანურად დალაგებული კატალოგის თაროები, ფართო და ცივი კიბეები, ზაფხულში სამკითხველო დარბაზში შემოფრენილი სიგრილის მაძიებელი მტრედები, წიგნები და ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო, საუკუნის წინანდელი გაზეთები.

XIX საუკუნის ქართულ პრესას არაერთი პროექტი დავუკავშირე, აკადემიური მუშაობის დროსაც ხშირად ვიყენებ, როგორც საკვლევ რესურსსამ მასალას, გარდა იმისა, რომ უსაზღვროდ დიდ, ჯერ ბოლომდე შეუსწავლელ ინფორმაციას იტევს, დაჰყვება იმ ეპოქის ერთგვარი განწყობა, რომელიც ათეულობით წლის წინ მომხდარი ამბების ემოციურ თანამონაწილეს და თანაზიარს გხდის.

ერთხელაც, მაშინ, როცა სრულიად სხვა თემაზე კვლევის მიზნით, 1898 წლისცნობის ფურცელი“ გადავშალე, ჩემი ყურადღება  ასეთმა სათაურმა მიიქცია: „. ბახვი (გურია). ქალის ღვაწლი“. ბახვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელია და ცხადია, თვალი გამექცა სტატიის წასაკითხად. სტატიაში ნინო შარაშიძეზე იყო მოთხრობილი, ბახვის სკოლის მასწავლებელზე, რომელიც ოცდახუთი წელი ასწავლიდა ამ სკოლაში და, ავტორის ცნობით, მხოლოდ თავისი მოსწავლეების კი არა, მთელი სოფლის ქალების მასწავლებელი და დამხმარე იყო.

შემდეგ გვერდზე სოფელ აკეთის ამბებსაც ვერ ავუარე გვერდი. ოტო კრიმანჭულიას სტატია გურულებისთვის ჩვეული შემართებით იწყებოდა

თითქმის ყველამ უწყის, რომ გურულები პროგრესიული ხალხია: საქართველოში არსად არის იმდენი სასწავლებლები, წიგნთ-საცავები და სხვა ამგვარი დაწესებულებანი, რამდენიც ამ კურთხეულ კუთხეშია“.

სტატია გურიაშივე, სოფელ აკეთში, ქალთა სკოლის ამბებზე მიყვებოდა და ნელ-ნელა, ისე, რომ თავადაც ვერ შევნიშნე, დავიწყე ამ მოულოდნელი ამბების კითხვა. ნომრიდან ნომერზე გადავდიოდი და გაჩერება არ მინდოდა. ვხვდებოდი და ვეცნობოდი ქალებს, რომლებიც ცვლიდნენ თავიანთ თუ სხვების ცხოვრებას, ქალებს, რომლებიც ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, მაგრამ ამ განსხვავების მიუხედავად, აქტიურად იბრძოდნენ საკუთარი და სხვათა  უფლებებისთვის.

იცოდით, რომ 1898 წელს პარიზში ქართველმა ქალმა, მარიამ ბაქრაძემ, სამედიცინო სფეროში დაიცვა დისერტაცია?

ან ის, რომ 1874 წელს (იქნებ უფრო ადრეც) ერთმა ქუთაისელმა ქალმა ადვოკატობას მიჰყო ხელი? ეს ის დროა, ქალის ადვოკატობა არათუ რუსეთის გუბერნიად ქცეულ საქართველოში, ამერიკასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც კი, საკვირველი ამბავი რომ იყო. ასეთი მაგალითების მოყვანა მრავლად შეიძლება.

ვკითხულობდი სხვადასხვა პროფესიითა თუ მიზნით გაერთიანებული ქალების ამბებს. მაგალითად, ოდესელი ადვოკატი ქალის სასამართლო პროცესის ამბავს, სადაც ქალი, როგორც ადვოკატი, თავადვე იცავდა საკუთარ უფლებებს; იმ პეტერბურგელი ქალების ისტორიას, რომლებმაც ყველის ქარხნის დაარსება და ეკონომიკური თავისუფლების მოპოვება გადაწყვიტეს; ან ინგლისელი ქირურგი ქალის მიერ ჩატარებული ურთულესი ოპერაციის შედეგს, რომელიც ქართულ პრესაში ასეა მოთხრობილი:

„ამ ცოტა ხანში, როგორც გვატყობინებს გაზ. „Kunjer Warszawski“, ერთს ექიმ ქალს, შთამომავლობით ინგლისელს, ერთი ისეთი შესანიშნავი და ძნელი აპერაცია შეუსრულებია: ქალისთვის საშვილოსნო გამოუჭრია და ავადმყოფი ქალი ცოცხალი დარჩენილა. ჩვენი ექიმები თუ კაცებია, ნეტავი ვისმე ფრჩხილი ისე მოსჭრან, რომ საიქიოს არ გაისტუმრონ“ („დროება“, 103, 1883 წელი).

ამონარიდი 1883 წლის გაზეთიდან დროება

ვკითხულობდი შვეიცარიაში არქიტექტორი ქალის წარმატებების შესახებ, ქალაქის მთავარი საავადმყოფოს აშენება რომ ევალებოდა; იმავე ქვეყანაში სამხედრო სამსახურში ჩართული ქალების ისტორიებს; ამერიკაში ბანკის მმართველი თუ ორთქლმავლის მემანქანე ქალების ამბებს; კოპენჰაგენში ეკატერინე გორსბელის მიერ დაარსებული სადურგლოს საქმიანობას; ჩემს მშობლიურ გურიაში, სოფელ ბასილეთში, ახალგაზრდა ექიმი ქალის, ფოტინე გიტოს ასული თავართქილაძის ამბებს, რომელიც „შინაური განათლებით“ წარმატებით მკურნალობდა ავადმყოფებს, თუ 1897 წელს, ნატალია ქიქოძის თაოსნობით ბახმაროში გამართული გასართობი საღამოს ანგარიშს, რომლის „წმინდა“ შემოსავალი, 34 მანეთი, ასკანის წიგნთსაცავის სასარგებლოდ გამოუყენებიათ.

მალევე, ძიებისა და კითხვის სასიამოვნო პროცესი პროექტად იქცა და, ქალთა ფონდის მხარდაჭერით, XIX საუკუნის მეორე ნახევრის რამდენიმე პერიოდულ გამოცემაში ქალების შესახებ სტატიების შეგროვება დავიწყე. მასალებს ქრონოლოგიურად ვალაგებდი და პირობითად ორ შინაარსობრივ ნაწილად, საქართველოსა და მსოფლიოს ამბებად, ვყოფდი.

ერთი შეხედვითაც ცხადი იყო, რომ ეს მასალა უხვი რესურსია გენდერის მკვლევრებისთვის, რადგან სტატიებში ნათლად ჩანს, თუ როგორი იყო აღნიშნული პერიოდის ქალთა სახეები სხვადასხვა სფეროში, რა სტერეოტიპები უკავშირდებოდა ქალთა გენდერულ როლს იმ პერიოდის საქართველოსა და მსოფლიოში, რა გენდერული, ქალთა და ფემინისტური საკითხები იკვეთებოდა ქართული პრესის ფურცლებზე, როგორ აისახებოდა ქართულ პერიოდულ გამოცემებში ქალთა მოძრაობის დასავლური გამოცდილება და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, ზოგადად, რა სახის მასალას მოიცავს ის პუბლიკაციები, რომლებიც დღეს უკვე არქივად ქცეულ ქართულ პრესაშიქალთა საკითხების“ამ პირობითი სათაურის ქვეშ შეიძლება გავაერთიანოთ.

XIX საუკუნის პრესა პრაქტიკულად ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს მიმოიხილავდა, რაც დღემდე აქტუალურია ქალებთან მიმართებით. მათ შორის, ბევრია ქალთა განათლების თემასთან დაკავშირებული პუბლიკაცია, მაგ.: ქართული პრესა ინახავს არა მხოლოდ ბევრისთვის ცნობილი თბილისის ან ქუთაისის საქალებო სკოლების ისტორიებს, არამედ ამბებს თელავის, გორის, ყაზბეგის, ხონის, ოზურგეთის, საჩხერის, ბათუმის, თიანეთის, ზუგდიდის, ფოთის, კახის, სიღნაღისა თუ ახალციხის სკოლების შესახებაც.

XIX საუკუნის ბოლოს ქალები საქართველოდან საზღვარგარეთ მიდიოდნენ უმაღლესი განათლების მისაღებად. ყველაზე ხშირად პრესა შვეიცარიასა და საფრანგეთში წასული ქალების ამბებს გვიყვება, მარტო ეს პატარა ჩანაწერი რად ღირს, 1873 წლის „დროებიდან“: „ჩვენ დიდის სიამოვნებით გავიგეთ, რომ კიდევ ერთი ქართველი ქალი, სახელად ოლგა გურამიშვილისა, ამას წინათ წასულა აქედამ სამზღვარ გარეთ, უმაღლესი სწავლის მისაღებლად“ („დროება“, 9, 1873 წელი).

ქართველი ჟურნალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, თუ როგორ სწრაფად იცვლებოდა საზოგადოებრივი აზრი ქალთა განათლების კუთხით მთელი მსოფლიოს მასშტაბით:

„მესამოცდაათე წლების გასულს პარიჟის უნივერსიტეტში სულ 5 ქალი სწავლობდა. უნივერსიტეტში როგორც უცხოს, ისე უყურებდნენ ქალებს. არც ერთს მათგანს უპროფესოროდ აუდიტორიაში შესვლა არ შეეძლო. თვით აუდიტორიაშიაც პროფესორის სტოლის გარშემო ისხდნენ ეს ქალები და არა სტუდენტებთან. თუ რომელიმე მათგანი შემთხვევით პროფესორზედ ადრე შევიდოდა, ყვირილსა და ღრიალს დასასრული არა ჰქონდა: სტუდენტები საწყალ ქალს სასაცილოდ იგდებდნენ, უსტვენდნენ, კატებივით ჰკნაოდნენ და ზოგჯერ ჰკოცნიდნენ კიდეც“. ასე იყო 20 წლის წინად. ეხლა-კი იმავე პარიჟის უნივერსიტეტში 500 ქალი სწავლობს. არა მარტო ევროპაში, შორეულ აღმოსავლეთშიაც-კი შეჰხვდებით სწავლა-ცოდნის შეძენის წყურვილით გატაცებულ ქალებს“ („ივერია“, 21, 1901).

ამ პერიოდის ქართულ პრესაში ასობით სტატიაა საქართველოსა და მსოფლიოში იმხანად არსებული ქალთა გაერთიანებებისა და მათი საქმიანობის თაობაზე, ზოგადად, ქალთა საზოგადოებრივი აქტივიზმისა და ქალთა მოძრაობის საკითხებზე. ვხვდებით ცნობებს, მაგალითად, ჟენევაში მოქმედი ქალებისხალხთა-შორისი ასსოციაციის“ შესახებ, რომელსაც მიზნად ჰქონდა ქალების დახმარება განათლების მიღების კუთხით; ქალთა გაერთიანების შესახებ, სახელწოდებითმუშა-ქალი“, რომელიც საფრანგეთში ჩამოყალიბდა და მუშა-ქალების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად; სტოკჰოლმის დედათა კლუბის შესახებ, სადაცსიარული აღკრძალული აქვთ ვაჟკაცებსა და ამას გარდა კლუბის წევრები მხოლოდ დეპეშათა სადგურებზე, ტელეფონის სადგურებზე, ფოსტებსა და ბანკებში მომუშავე ქალები უნდა იყვნენ“; ვენაში ქალთა სიფხიზლის კავშირის შესახებ, რომლის მიზანიც ალკოჰოლიზმთან ბრძოლა იყო; გაზეთებისავე ცნობით, მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩიკაგოში მოქმედებდა ქალების „ჯამრთელობის კლუბი“ კორსეტების წინააღმდეგ; იმავე პერიოდში შვეიცარიაში ფუნქციონირებდა ქალთა ცეცხლის მქრობელი რაზმები:

„ქალები თან და თან იმარჯვებენ და იქ იკიდებენ ფეხს, სადაც წინად მხოლოდ მამაკაცებს ჰქონდათ ადგილი. ამერიკაში, მაგალითად, ქ-ნი ბაზვილი დოღების დროს ჟოკეიდ არის და დიდძალ ფულსაც იღებს თურმე. მისს როზა სტურნსონი, ახალგაზდა და ლამაზი ქალი, ფოსტალიონის თანამდებობას ასრულებს. ყოველ დღე ამ ქალს ფოსტა დააქვს ქალაქებს დენიგსა და ანდრეევს შუა. ვიომინგის შტატში ქ-ნი ალენი ტყის მცველადაა. ყოველ ღამე ეს ქალი ცხენით ტყეს უვლის გარეშემო და ჰდარაჯობს. იაპონიაში ბევრი ქალი ასრულებს დღეს გემებზედ „კაჩეგრის“ თანამდებობას. შვეციაში კიდევ ქალთა ცეცხლის მქრობელი რაზმებია“ („ივერია“, 168, 1901).

საქართველოში სხვადასხვა წლებში მოქმედებდა: ტფილისის მასწავლებელ და აღმზრდელ დედათა საზოგადოება, რომელმაც, პრესის მასალების მიხედვით, 1893 წელს დააარსა თბილისში პირველიდასაწყისი სკოლა, ოთხის განყოფილებით“; ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების კომიტეტის ქალთა განყოფილება კნ. მარიამ ვახტანგის ასული ჯამბაკურიან-ორბელიანის თავმჯდომარეობით; თბილისის ქალთა სამკერვალო გაერთიანება; მთარგმნელ ქალთა გაერთიანება; ქალთა ამხანაგობა თელავში; ხაშმელ ქალთა ამხანაგობა; ქუთაისის ქალთა სამეურნეო საზოგადოებაშრომა“ და სხვა.

წარმოდგენილ მასალაში ვკითხულობთ ქალთა ინდივიდუალურ ისტორიებსაც, ქველმოქმედი ან, თუნდაც, გამომგონებელი ქალების შესახებ ამბებს:    

„ჩვენ გავიგონეთ, რომ ამ დღეებში მიცვალებულს დარია, ანტონოვის მეუღლეს დაუტოვებია ორი სახლი, ტფილისს, გოლოვინის პროსპეკტზე, ფასით ოთხი ათას თუმნამდი, რომლის სარგებელი, მიცვალებულის ანდერძით, ორ თანასწორ ნაწილათ უნდა გაიყოს: ერთი ნახევრით უნდა გაიზარდონ შაგირდები თფილისის კლასიკურს გიმნაზიაში და მეორე ნახევრით – ქალები თფილისისავე წმ. ნინოს სასწავლებელში“ („დროება“, 27, 1871 წელი).

„ამერიკაში ქალებს აუღიათ 1900 პატენტი მათ მიერ მოგონილ სხვა-და-სხვა მაშინებზე. ნიუ-იორკში ერთს ქალს მატერს მოუგონია ტელესკოპი მიწის ქვეშეთისათვის, ქალს ბიზელს – წყლისაგან გადასარჩენი ნავი, ქალს ტანეის – მაშინა ზღვაში დაღუპულ ხომალდების ამოსაღებად, ქალს როზენტალს მოუგონია უკეთესი საკერავი მაშინა, ვიდრე აქამომდე იყო“ („ივერია“, 97, 1889 წელი).

ზემოაღნიშნულ საკითხებთან ერთად, არაერთი, ხშირად იუმორნარევი, სტატია ეთმობა გართობის თემას, მაგალითად, როგორ ატარებენ თავისუფალ დროს ქალები საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში:

„თელავის ქალებს მიუმართავთ იქაურ კლუბისათვის – კაცებს ათას ნაირი დროს გასატარებელი სახსარი გაქვთ და ჩვენ-კი, ქალებმა, არ ვიცი, სად და როგორ მოვიხმაროთ ამოდენა თავისუფალი დროვო. ამიტომ გვიჩვენეთ რაიმე გასართობი საქმეო. კლუბიც მაშინადვე მიჰშველებია გაჭირვებულთ და კვირაში ერთი საღამო დაუნიშნავს ქალებისათვის, რომ ლოტოს თამაშობა შეეძლოთ, ქალები კმაყოფილნი დარჩენილან“ („ივერია“, 170, 1887 წელი).’’

„რა ამბავია თურმე ქალებს პიკნიკი ჰქონიათ. უთმენიათ, უთმენიათ საწყლებს და რომ დაუნახავთ, კაცებისაგან არა გამოვარა, მათ ხელში ჩვენ პიკნიკს ვერ მოვესწრებითო – შეყრილან ორმოცამდე ქართველი ქალები (გული სიხარულით მიძგერს, როცა ამ სიტყვას ვსწერ) და ერთი-ორი უფრო მხნე ქალის განკარგულებით წასულან ერთ მშვენიერ დღეს აქაურ არტილლერიის ბაღში, უქეიფნიათ იქ მთელი დღე უკავალეროთ (არცერთი კაცი არა რევია მათში) და საღამოს ფაეტონებით „კატაობენ“ ქალაქში განგებ იმ ქუჩაში, სადაც მათი ქმრები ობლებივით სხედან ფანჯარაში და იყურებიან: აბა თუ გამოჩნდეს ცოლიო!..“ („დროება“, 82, 1875 წელი);

„კვირა არ გავა, რომ ქუთაისის ახალგაზდა ქალებზე სხვა და სხვა პირებისაგან ორი სტატია მაინც არ მოგვივიდეს. თითქმის ყველანი იმას იწერებიან, რომ აქაური ახალგაზდა ქალები არაფერს არ აკეთებენო, ცხენებით დაჯირითობენო, ბალებისა და საღამოების მეტი არა ახსოვთ რაო. უმორჩილესად ვთხოვთ მშვენიერებით განთქმულ ქუთათურ ქალებს, თუ შეიძლება ასე ხშირად ნუ დახტიან ცხენებით და ბალებშიც უფრო იშვიათად იარონ, თორემ ჩვენ აქ საქმე გაგვიჭირეს მუდამ ერთ გვარი სტატიების გზავნითა!..“ („დროება“, 40, 1875 წელი).

არაერთი სტატიაა ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორებიცაა: იძულებითი ან ნაადრევი ქორწინება, განქორწინებასთან ან საქორწინო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხებიმზითევი და ქორწინების დროს პატარძლის გამოსასყიდის თემა, ან ქორწინების განსხვავებული პრაქტიკები ამა თუ იმ ქვეყანაში, მაგალითად: გამოსაცდელი ვადით ქორწინება, ცოლის უკან დაბრუნების ტრადიციები და .. ასევე სტატიები არის ქალებზე ფიზიკური ძალადობის, სიცოცხლის ხელყოფის, ქალთა სქესობრივი თავისუფლების, ქალთა ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემებისა თუ სხვა იმ საკითხების შესახებ, რომლებიც დღემდე აქტუალურია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

...

2019 წლის დეკემბერში, საჯარო ბიბლიოთეკაში, სხვადასხვა პროფესიის ქალების მონაწილეობით წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. „ქალები ქართულ პრესაში“ – ასე ჰქვია კრებულს, რომელშიც 1866-1909 წლების რამდენიმე პერიოდული გამოცემიდანაა თავმოყრილი სტატიები. შეკრებილი პუბლიკაციები ბეჭდური ენისა და სტილის დაცვით, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, ვიზუალურ მასალებთან ერთადაა გამოცემული და იმედი გვაქვს, საინტერესო რესურსი იქნება „ქალთა საკითხით“ დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

ჩვენ ხშირად გვრჩება ხოლმე პასუხგაუცემელი კითხვები, ამ შემთხვევაში ასე არ მოხდაიმ გოგოს, რომელიც გაშლილ ჰორიზონტზე საკუთარ თავს ასოციაციობანას ეთამაშებოდა, უკვე აქვს პასუხი კითხვაზე: ქალები სად არიან?