პარტიული სია
ქართული ოცნების მაჟორიტარულ სიაში სულ 1 ქალია, მთელი სიის 3%. პროპორციულ სიაში 37 ქალია - 25%. ამასთან, პროპორციული სიის ათეულში 3 ქალია, ოცეულში-5. 2016 წლის არჩევნების პროპორციულ სიასთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაუარესებულია - წინა საპარლამენტო არჩევნებზე, მაშინ როდესაც პროპორციული სიის გენდერული კვოტირება ვალდებულებას არ წარმოადგენდა, მმართველი პარტიის ათეულში იყო 4, ხოლო ოცეულში 6 ქალი. ასევე, აღსანიშნავია, რომ სრული პარტიული სიის გენდერული პროპორციის მაჩვენებლით, წინა არჩევნებზე ქართული ოცნება ბოლო ადგილზე იყო საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრირებულ იმ პარტიებს შორის, რომელთა ანალიზიც “იკითხე პოლიტიკამ” 2016 წელს გაკეთა - 155 წევრიან პარტიულ სიაში მხოლოდ 18 იყო ქალი.
პროგრამის ანალიზი
ქართულ ოცნებას 2020 წლის სრული საარჩევნო პროგრამის დოკუმენტი ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა, პარტიის ოფიციალურ საიტზე წარმოდგენილი პროგრამის ძირითადი თეზისების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა თემატური პრიორიტეტები, რა მიმართულებითაც პარტია გეგმავს საქმიანობის გაგრძელებას. საინტერესოა, რომ პროგრამის წარდგენის 12 თემატური სპიკერიდან 6 იყო ქალი, მათი უმრავლესობა ამავდროულად წარმოადგენს ქვეყანაში ამავე თემატურ მიმართულებებზე პასუხისმგებელ პირებს: ეკონომიკა და ენერგოპოლიტიკა, ტურიზმი, იუსტიცია, ინფრასტრუქტურა და რეგიონული განვითარება, ჯანდაცვა/სოციალური დაცვა, ეკოლოგია/გარემოს დაცვა.
პროგრამის ძირითადი თეზისების წარდგენისას, ისევე როგორც პარტიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში არ არის ნახსენები ტერმინი “გენდერი” ან “გენდერული თანასწორობა”, პარტია არ საუბრობს ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე ან რაიმე სხვა კონკრეტულ საკითხთან დაკავშრებით. წარდგენაზე არათემატური სპიკერების გამოსვლები მოიცავდა თანასწორობის, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვისა და სხვა ზოგადი ღირებულებების გახმოვანებას, რაც „ქართულ ოცნებას“ პარტიის ძირითად ღირებულებებად მიაჩნია, თუმცა არ გვხვდება ამ მიმართულებით კონკრეტული საკითხების/ჯგუფების/პრობლემების დასახელება, ქალების თუ განსხვავებული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანების განსხვავებულ საჭიროებებზე დავიწროების მცდელობა - არც ძირითადი სპიკერების და არც თემატური გამომსვლელების მხრიდან. გარდა ამისა, წარდგენის ცერემონიის არცერთ გამომსვლელს არ მიუმართავს კონკრეტულად ქალი ამომრჩევლებისადმი.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის საარჩევნო პროგრამის როგორც მიღწევების/განხორციელებული საქმიანობის, ისე გეგმების/დაპირებების ნაწილში გვხვდება ტერმინი გენდერული თანასწორობა, რომელიც პარტიას ესმის, როგორც „საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღების დონეზე“ დასაცავი მიზანი. პროგრამა საუბრობს მიღწევებზე ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვის სახით. ასევე, ნახსენებია იძულებითი ქორწინების კრიმინალიზაცია, მოცემულია დაპირება ქორწინების ასაკის გაზრდაზე და ნათქვამია, რომ გამკაცრდება სანქციები ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაულების მიმართ. ამავე საარჩევნო პროგრამის სამომავლო დაპირებებში საუბარია გენდერული თანასწორობის დარღვევის თითოეულ ფაქტზე სწრაფი და ქმედითი რეაგირების უზრუნველყოფაზე; ასევე, გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაზე.
2016 წლის პროგრამაში, ასევე, ცალკე გამოყოფილია ოჯახში ძალადობის გარშემო რეფორმების გაგრძელების დაპირება, დაპირებები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვისა და რეაბილიტაციის შესახებ თავშესაფრის უზრუნველყოფის, სახელმწიფო კომპენსაციის და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის სახით. ამ თვალსაზრისით, ძველი პროგრამა, შეიძლება ითქვას, ითვალისწინებს ქალთა სპეციალურ გამოცდილებებსა და საჭიროებებს. გარდა ამისა, 2016 წლის პროგრამა დაწერილია იმგვარად, რომ გვხვდება გენდერული უთანასწორობის საკითხის დანახვის მცდელობა სხვა თემატურ ნაწილებშიც, მაგალითად, სპორტის განვითარების ნაწილში ცალკეა ნახსენები ქალთა ფეხბურთის განვითარება და ხელშეწყობა. 2016 წლის პროგრამაში ნახსენებია, ასევე ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხები.
საგულისხმოა, რომ ქართულმა ოცნებამ 2016 წლის პროგრამული დაპირებები გენდერული თანასწორობის კუთხით, დიდწილად შეასრულა, თუმცა, 2020 წელს, პარტია არ საუბრობს იმ მიღწევებზე, რომელიც მათ ჰქონდათ გასული საპარლამენტო საქმიანობის მანძილზე - მათ შორის, არ საუბრობს ისეთ მნიშვნელოვან მიღწევებზე, როგორებიცაა სტამბულის კონვენციის რატიფიცირება და გენდერული კვოტების შემოღება.
პარტიის 20-ეულში მყოფ მარიამ ლაშხთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ ეს შესაძლოა იყოს პარტიის საკომუნიკაციო გეგმის პრობლემა, რადგან, მისი თქმით, გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით, მათ პარტიაში პოზიციები შეთანხმებულია. ნებისმიერ შემთხვევაში, ის, რომ გენდერული თანასწორობის კომპონენტი არ წარმოადგენს პარტიის პირველადი საკომუნიკაციო სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს, პარტიაში გენდერული მეინსტრიმინგის ნაკლებ პრიორიტეტულობაზე მიუთითებს.
პროგრამის თემატური საკითხები:
2020 წლის საარჩევნო პროგრამის ძირითადი თეზისების წარდგენისას არ ყოფილა ცალკე გამოკვეთილი ქალების ეკონომიკურად გაძლიერების საკითხი. ზოგადი საუბარი შეეხო დაწყებული ეკონომიკური კურსის გაგრძელებას (დაბალი გადასახადების შენარჩუნებას), სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის და ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამების შენარჩუნებას და განვითარებას, ტურიზმის განვითარებას და სხვა.
ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებული საკითხი არ არის წარმოდგენილი არც 2020 და არც 2016 წლის საარჩევნო პროგრამაში. მნიშვნელოვანია, ასევე, რომ 2019-2020 წელს მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვისას, რომელიც ახალ შრომით კანონმდებლობას გულისხმობს, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების პირობების გაუმჯობესების საკითხი ამოღებულ იქნა კანონპროექტიდან.
განათლებისა და მეცნიერების განვითარებასთან დაკავშირებულმა თემატურმა სპიკერმა პროგრამის წარდგენისას ცალკე ახსენა ბაგა-ბაღებში მომუშავე პერსონალისთვის ანაზღაურების ზრდის გეგმა, ასევე მიღწევები ბაგა-ბაღებში უფასო კვებისა და ამ კვების რაციონის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შესახებ, რაც შეიძლება, ჩაითვალოს ზრუნვის ტვირთის შესამსუბუქებელ ინსტრუმენტებზე საუბრად. მიხეილ ჩხენკელმა ასევე, წარმოადგინა დაპირება მასწავლებლების ხელფასების ზრდის შესახებ.
აღსანიშნავია, ასევე, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის წარდგენისას პოზიციონირებს, როგორც „მზრუნველი და პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს“ იდეის ერთგული პოლიტიკური ძალა და ის სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობის აუცილებლობას ხედავს თითქმის ყველა სფეროში, რაც ქალებისთვის და მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების/საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში თანამონაწილეობისთვის მნიშვნელოვანი პირობაა - თუ არ ჩავთვლით ეკონომიკაში პასიური მონაწილეობით და საგადასახადო ტვირთის სიმცირით სიამაყეს სპიკერების მხრიდან, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება მზრუნველი სახელმწიფოს ეკონომიკურ მოდელს.
ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის ნაწილში ქართული ოცნება ცალკე არ გამოყოფს რეპროდუქციული ან სექსუალური ჯანმრთელობის საკითხებს ან გენდერულ იდენტობებთან/განსხვავებულ გენდერულ საჭიროებებთან დაკავშირებული საკითხებს და არ საუბრობს ამ მიმართულებით ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილი მომავალი ღონისძიებების შესახებ.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ, წინასაარჩევნოდ, კოვიდ-19 თან შემხებლობაში მყოფ სამედიცინო პერსონალს 50% იანი დანამატები დაუწესდათ, პარტიის პროგრამულ პრიორიტეტებში არაფერია ნახსენები ძირითადად ქალებით დაკომპლექტებულ, ზრუნვის სექტორში დასაქმებული ექთნებისა და ექიმების ანაზღაურების ზრდის კომპონენტზე.
ქართულმა ოცნებამ პრიორიტეტულად გამოყო ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის საკითხები, უნივერსალური ხელმისაწვდომობის მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულების წარდგენისას პარტიას ცალკე არ უსაუბრია თუნდაც ქალთა ჯანდაცვისთვის არსებით საკითხებზე, უნივერსალური ხელმისაწვდომობის პრინციპის აღიარება და მიზნად დასახვა, შეიძლება ჩაითვალოს ქალებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკად, ვინაიდან უნივერსალური დაფარვის, უნივერსალური ხელმისაწვდომობის პოლიტიკები ხშირად მოქმედებს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების გაუმჯობესებაზე.
თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკის განხორციელების პროცესში იმ სპეციფიური ჯგუფების ინტერესების გათვალისწინება, მათი ინფორმირება და ჩართულობა, რომლებიც ამჟამად, დიდ წილად საბაზისო ჯანდაცვის სერვისების მიღმა არიან - მაგალითად, ქვეყანაში არ არსებობს ტრანსსპეციფიური ჯანდაცვის სერვისები, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისები დიდწილად მიუწვდომელია შშმ ქალებისა და გოგონებისთვის, ხოლო კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს არ აქვთ მათზე მორგებულ ფსიქოლოგიური ჯანდაცვის სერვისებზე მისაწვდომობა.
აქვე სოციალური დაცვის ნაწილში პარტია არ ახსენებს მარტოხელა დედებისთვის სოციალური შემწეობის დანიშვნის, ან რაიმე სხვა თემატურად დაკავშირებულ საკითხს. პროგრამა მხოლოდ საბაზისო პენსიის ეტაპობრივ ზრდას შეეხო 300 ლარამდე და 13,000 დევნილი ოჯახის ბინებით უზრუნველყოფას, თუმცა, აქაც, ზოგადი საუბრის მიღმა, არ გამოკვეთილა, მაგალითად, კონფლიქტებით დაზარალებული გოგონებისა და ქალების სპეციალური საჭიროებები, რომლებიც, ხშირად, საბინაო პოლიტიკის მიღმა რჩებიან.
უმცირესობებთან დაკავშირებით გაიჟღერა მხოლოდ ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლების ფართო ხელმისაწვდომობისა და სახელმწიფო ენის სწავლის პროგრამის დანერგვის საკითხმა, სხვა უმცირესობებზე ოცნებას არ უსაუბრია და არც უხსენებია პროგრამის წარდგენისას. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის პროგრამაშიც სიტყვა “უმცირესობა” გამოყენებულია მხოლოდ ეთნიკური/ეროვნული უმცირესობების აღნიშვნის მიზნით.
მისასალმებელია, რომ თავდაცვის ნაწილში წარმოდგენილი გეგმა სხვა ოპოზიციური პარტიების ამავე თემატური ნაწილისთვის დამახასიათებელი მიდგომისგან განსხვავებით, ამოდის მშვიდობის პრინციპიდან, ტოტალური თავდაცვის სტრატეგიიდან და არ მოიცავს აგრესიულ მილიტარისტულ რიტორიკას.
გარდა ამისა, სხვა ოპოზიციური პარტიების (მაგ: ევროპული საქართველო) პროგრამებში/გამოსვლებში ხშირად განმეორებადი ცნებების - კონკურენცია, კერძო საკუთრება, საკუთარი შრომით ცხოვრების მოწყობისთვის სასტარტო პირობების შექმნა და ა.შ - ოცნების საარჩევნო რიტორიკაში ჭარბობს ცნებები: კეთილდღეობა, სოლიდარობა, მშვიდობა, პასუხისმგებლიანი სახელმწიფო და სხვა.
რას უნდა ველოდოთ 2020 წლის არჩევნების შემდეგ
გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ოცნების სხვადასხვა დროს შემუშავებული საარჩევნო პროგრამების (როგორც 2016-ის, ისე 2020-ის) მნიშვნელოვანი ნაწილი დაპირებებზე მეტად მოიცავს ხოლმე წარსული მიღწევების გამოკვეთას, 2020 წლის პროგრამის ამსახველ ჩვენთვის ხელმისაწვდომ მასალაში კი - ზოგადი მიღწევებზე საუბრის ფონზე, ისევე როგორც თემატურ ნაწილებში მიღწვების ჩამონათვალისას საერთოდ არ ხსენებულა ის ნაბიჯები, რომლებიც ოცნებამ ქალთა მიმართ ძალადობის შემცირებისთვის/ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის ზრდისთვის და ა.შ გადადგა, ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მმართველი პარტია საერთოდ არ თვლის საჭიროდ აღნიშნულ საკითხზე ყურადღების გამახვილებას და შესაბამისად, პარტიისთვის უინტერესოა როგორც ამ არჩევნებში, ისე მომავალი ვადით მოღვაწეობისას არამხოლოდ ქალი ამომრჩეველი, არამედ ყველა ის სხვა მოწყვლადი ჯგუფი თუ ორგანიზაცია, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს/ამ ნიშნით აწყდება უამრავ ბარიერს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის, რომ 2020-ის პროგრამასთან შედარებით, 2016 წლის პროგრამა უფლებების დაცვისა და დისკრიმინაციის საკითხებზე უფრო მეტს საუბრობს და ამ მხრივ მეტად პოპულისტურია - როგორც მიღწევების, ისე დაპირებების ნაწილში, რაც 4 წლის შემდეგ იგნორირების პოლიტიკით ჩანაცვლდა, გვაფიქრებინებს, რომ ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის მაშინდელ ვადაში, პარტიისთვის ასე პოზიციონირება, შესაძლოა, გარკვეული პოლიტიკური ბენეფიტების მომტანი ყოფილიყო, მათ შორის იმ საერთაშორისო აქტორების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების თვალში, რომლისადმიც ის ზოგადად მოწყვლადია, როგორც მმართველი პარტია. თუმცა დღეს, როდესაც პარტიის პრიორიტეტები საერთოდ აღარ არის ორიენტირებული უფლებების დაცვის/მოწყვლადი ჯგუფების ზოგად ხსენებაზე ან მათთვის რაიმეს შეთავაზების პოლიტიკაზე - არათუ პრაქტიკულად, არამედ პოპულისტურადაც კი - შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ ეტაპზე პარტიას უბრალოდ აღარ სჭირდება ზოგადი რეპუტაციისთვის ამ თემების ინტეგრირება თავის ზოგად პოლიტიკურ რეპრეზენტაციაში, ვინაიდან მმართველობის მეორე ვადის დასასრულს, ოცნებას, შეიძლება ითქვას, უკვე აქვს საკმაოდ მსხვილი კონკრეტული თემატური პრიორიტეტები, რომლის “ბოლომდე მიყვანის” დაპირებაც “საკმარისია” პარტიის აზრით მოცემულ ეტაპზე ქართველი ამომრჩევლისათვის. სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით პარტიის საქმიანობასა და პოზიციონირების ევოლუციაზე დაკვირვება გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ოცნების პოლიტიკა კიდევ უფრო დავიწროებული გახდება საკუთარი მკვეთრად განსაზღვრული თემატური პრიორიტეტების/პოლიტიკების დაცვის/გაძლიერებისაკენ და კიდევ უფრო ნაკლებად იგრძნობს ქალების/სხვა მოწყვლადი ჯგუფების აღიარების თუ მათთვის კონკრეტული პოლიტიკური ინიციატივების შემუშავების საჭიროებას, ისევე, როგორც, ნაკლებად გამოიყენებს ამ ჯგუფებთან დაკავშირებულ ცნებებს/აღმნიშვნელებს ზოგადი პოზიციონირებისას. თანაც, გარდა იმისა, რომ ზემოთხსენებული მიღწევები არ იქნა გახმოვანებული, სწორედ ის, რომ ამ მიღწევების გაუმჯობესების სურვილი არ გამოთქმულა არც პროგრამაში და არც 2020 წლის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, გვაფიქრებინებს, რომ ქართული ოცნება აღნიშნულ საკითხებში შემოიფარგლება მხოლოდ და საჭირო მომენტში ფარად მოიშველიებს სწორედ ამ მინიმალურ შედეგებს, როგორიცაა, მაგალითად, გენდერული კვოტირების სისტემის შემოღება.