პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო პროგრამის ანალიზი

პატრიოტთა ალიანსი - საარჩევნო პროგრამის ანალიზი

პარტიული სიის ანალიზი

“პატრიოტთა ალიანსის” პროპორციულ სიაში დასახელებული 132 კანდიდატიდან 61 ქალია (46%), ათეულში 3 ქალია, ოცეულში - 6. 2016 წელთან შედარებით, პარტიაში ქალთა წარმომადგენლობა გაუმჯობესებულია და 46%-ს შეადგენს, თუმცა, პირველ ოცეულში, 2016 წელს, 9 ქალი იყო რეგისტრირებული. დასახელებული  მაჟორიტარი კანდიდატებიდან (30) 4 ქალია (13%).

პროგრამის ანალიზი

“პატრიოტთა ალიანსი” მკვეთრად გამოხატული ანტიფემინისტური და ჰომოფობიური იდეოლოგიის მქონე პარტიაა. მათი რიტორიკა სავსეა სიძულვილის ენით ქალების, სექსუალური და გენდერული ნიშნით ჩაგრული ჯგუფების მიმართ. ასევე ისლამოფობიური, ეთნიკური და ნაციონალისტური მოწოდებებით. როგორც საარჩევნო პროგრამაში, ისე ცალკეული წევრების მხრიდან, ხშირია ქალების და ლგბტ+ ადამიანების უფლებებზე თავდასხმები. 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ჰომოფობიური და სიძულვილის ენა ხშირად იყო გამოყენებული იყო მათ კამპანიაში, დეპუტატების გამოსვლებსა და ინიციატივებში. მათ პროგრამაში ქალების საჭიროებები საერთოდ გამქრალი იყო, გარდა დედებისა, რომელთაც შვილები უნდა აღეზარდათ ტრადიციების შესაბამისად. 

2020 წლის არჩევნებში ჰომოფობიური და ტრანსფობიული სიძულვილი ნაკლებად არის გამოკვეთილი. თუმცა პარტია ღიად გეგმავს გენდერული ძალადობის შემთხვევებში მოძალადის დასჯის შემსუბუქებას. სქესობრივი დაყოფის და იერარქიის შენარჩუნებას როგორც საჯაროდ, ისე ინიციატივების დონეზე ემხრობიან: “უპირველეს ყოვლისა, კანონმა უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან კრიმინალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური დანაშაული. ამის შესაბამისად, ცალ-ცალკე, გამიჯნულად და იზოლირებულად უნდა იხდიდნენ დამნაშავენი სასჯელს. მაგალითად, თუ კაცი შიმშილის გამო საკვებს იპარავეს, ეს სოციალური დანაშაულია. ოჯახური დანაშაულიც, სოციალური დანაშაულია, ოღონდ თუ მას არ მოჰყვა მძიმე შედეგი” (პატრიოტთა ალიანსის პროგრამა, გვ. 7)

პატრიოტთა ალიანსი ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული პარტიაა, რომელიც მუდმივად თავს ესხმის ქალების და უმცირესობების უფლებებს, მაგალითად, პარტია აბორტის უფლების შეზღუდვის მომხრეა. Ამასთან, პარტიის წევრები ქორწინების მხოლოდ ქალის და კაცის ერთობად განსაზღვრას ემხრობიან. 

მათი ეკონომიკური პოლიტიკა შედარებით ცენტრისკენ იხრება, თუმცა ფრაგმენტულია. ოჯახში ზრუნვის არსებულ გადანაწილებას არ აპრობლემებს და ადრესატი მათთვისაც ჰეტერო ოჯახია, განსაკუთრებით, ახალშექმნილი, მრავალშვილიანი ოჯახი. დედობის მიღმა ქალის ფუნქცია და ინტერესები უგულებელყოფილია. მხოლოდ ირიბად ბაღებში უფასო სადილის სახით ეხებიან ზრუნვის პოლიტიკას. “მარჩენალის” მოდელს ემხრობიან, კაცს და ოჯახურ ბიზნესს სახავენ სიღარიბის დაძლევის გზად. 

პროგრამის თემატური საკითხები

ზოგადად პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო კამპანია ბოლო პერიოდში მათ ირგვლივ წარმოქმნილ სკანდალებს მიემართება. ერთიანი ღერძის და კონკრეტული სამოქმედო გეგმის პოვნა ძნელია, თუმცა გარკვეული ტენდენციები იკვეთება. Პარტიის ძირითადი საკომუნიკაციო წყარო “ობიექტივია”.

წინ წამოწეული ზოგადი თემებია: სამხედრო ნეიტრალიტეტი, აფხაზებთან და ოსებთან, რუსეთთან დიალოგი, თურქეთის მიერ აჭარის ანექსიის დასახვა საფრთხედ, ეკონომიკური სიდუხჭირე.

პატრიოტთა ალინსი კულტურულად მკვეთრად მემარჯვენე პარტიაა. თავის პროგრამაში, დაპირებებში, გამოსვლებში ისინი ხშირად მიმართავენ სიძულვილის ენას ეთნიკურად არაქართველი და სექსუალური თუ გენდერული ნიშნით არანორმატიული ადამიანების მიმართ. ერთნაირსქესიანთა ქორწინება საქართველოს მტრობად სახელდება (პატრიოტთა ალიანსი, საარჩევნო პროგრამა)

პროგრამულად გამოტანილი კომპონენტები აქცენტს დიდწილად ეკონომიკური პრობლემების აღმოფხვრაზე და საგარეო პოლიტიკაზე აკეთებს. ძირითადი საკითხებია: მუნიციპალური ბინათმშენებლობა, პენსია, ჯანდაცვა, წყალი და გაზით მომარაგება, სოფლის მეურნეობა, ხელმოკლე ოჯახებზე ზრუნვა, ანაბრების დაბრუნება, ოჯახური ბიზნესი, განათლება და მეცნიერება, მეწარმის გადასახადი, მეცნიერება და ტექნოლოგიები, ვეტერანები. ეკონომიკური ცვლილებების ადრესატად ძირითადად ოჯახები მოიაზრება. მაგ. ბინათმშენებლობა გამოყოფს ახლადშექმნილ ოჯახებს, დევნილებს, ვეტერანებს. ჯანდაცვა შშმ ადამიანებს. 

განხორციელების თვალსაზრისით პატრიოტთა ალიანსი განსხვავდება ბევრი პარტიისგან, ვინაიდან შედარებით მეტ აქცენტს აკეთებს სახელმწიფოს როლზე ეკონომიკაში. მართალია, ის მაინც ბიზნესის და კერძო საკუთრების უფლებიდან ამოდის, ნაკლებად ემხრობა ინვესტირების პოლიტიკას. ეკონომიკური რეფორმებიდან ძირითადად საუბრობენ სახელმწიფოს მიერ მცირე ბიზნესების შექმნაზე და ოჯახებისთვის გადაცემაზე. თავისი გეგმის საფუძვლად “ეკონომისტების მიერ დათვლილ” ქმედებებს აცხადებენ. თუმცა ზოგადად სრულიად გაუგებარია როგორ გამონახავენ თანხებს ამ პროექტების გასახორციელებლად. ზოგადად პროგრამა ფრაგმენტულია და ძირეულ ცვლილებებს არ მიემართება.  ერთადერთი განსხვავება სახელმწიფოს როლის ზრდაა ჯანდაცვაში, ბინათმშენებლობაში და მათ მიერ გამოყოფილი მოწყვლადი ჯგუფების (შშმ ადამიანები, დევნილები) დახმარებაში. 

დასჯაზე ორიენტაცია: მთავარ მტრად “სააკაშვილი-ბოკერია” ცხადდება. ყველა პრობლემის საფუძვლადაც სწორედ ეს სუბიექტები სახელდებიან და მათი მხილება და დასჯა ცხადდება მთავარ პრიორიტეტად. “ქართული ოცნება” პერიოდულად ჩნდება თუმცა მათ მიმართ კრიტიკა ბევრად ნაკლებია და ძირითადად წინა რეჟიმის დაუსჯელობას და იმედის გაცრუებას მოიცავს. (დასჯა მნიშვნელოვანი კომპონენტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროგრამაშიც, თუმცა მათ შემთხვევაში მოწინააღმდეგე ექსკლუზიურად “ქართული ოცნებაა”.)

საგარეო პოლიტიკა: ალიანსი ღიად პრორუსული ორიენტაციის პარტიაა და ანტიდასავლური და თურქოფობიული განწყობების გაღვივებაში ხშირად არიან შემჩნეული. თუმცა წინასაარჩევნოდ და გაცხადებულად ევრკავშირთან თანამშრონლობაზე ან მის შესაძლო წევრობაზე უარს არ ამბობენ. არ ემხრობიან ნატო-ში გაწევრიანებას და კონფლიქტების მოგვარება სურთ რუსეთთან დიალოგის რეჟიმში.

სპეციფიკური საკითხები (პოლიტიკა მარტივად)

  • პარტია სექსუალური განათლების მიღებას ეთანხმება სკოლის ზედა საფეხურებზე, ამავდროულად, გარკვეულწილად ეთანხმებიან აბორტის აკრძალვას. 
  • პარტია აცხადებს, რომ ყველას უფლებები უნდა იყოს დაცული (უმრავლესობის მორალი არ უნდა იყოს დაკანონებული), თუმცა ემხრობიან რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მუხლით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და ეწინააღმდეგებიან ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების რეგისტრაციას. 

რა არის პატრიოტთა ალიანსისთვის გენდერულ ძალადობასთან ბრძოლა? სოციალური დანაშაული, რომელიც შიმშილის დროს პურის მოპარვის ტოლფასია: “უპირველეს ყოვლისა, კანონმა უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან კრიმინალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური დანაშაული. ამის შესაბამისად, ცალ-ცალკე, გამიჯნულად და იზოლირებულად უნდა იხდიდნენ დამნაშავენი სასჯელს. მაგალითად, თუ კაცი შიმშილის გამო საკვებს იპარავეს, ეს სოციალური დანაშაულია. ოჯახური დანაშაულიც, სოციალური დანაშაულია, ოღონდ თუ მას არ მოჰყვა მძიმე შედეგი” (პატრიოტთა ალიანსის პროგრამა, გვ. 7) 

ზოგადად, ოჯახში ძალადობის თემაზე პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებები (მათ შორის, 2020 წლის ივლისში ყოფილი პატრიოტთა ალიანსის, თელავის საკრებულოს წევრის მიხეილ გრემელაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება ოჯახში ძალადობის და მუქარის ბრალდებით) ნათლად წარმოაჩენს, რომ პარტიის მიერ გაცხადებული “ძალადობა მიუღებელია” მხოლოდ შაბლონურ ხასიათს ატარებს და კაცის მიერ ოჯახში ძალადობა ჩვეულებრივ მოვლენად სახელდება. აქცენტი ოჯახზეა გადატანილი, ვინაიდან ზოგადად ეს ინსტიტუტი წარმოადგენს პატრიოტთა ალიანსისთვის ცენტრალურ ფასეულობას. ქალი და ძალადობის გენდერული ასპექტი მიზანმიმართულად არის გამოტოვებული, “ოჯახის წევრის” გამოყენება და “განსკუთრებით ოჯახის და შვილების” გამოყოფა სწორედ იმას ემსახურება, რომ ძალადობა ცუდია რადგან ის ბავშვებს და ოჯახის სიმტკიცეს ვნებს და არა იმიტომ რომ ქალზე ძალადობა მიუღებელია. 

ჰომოფობია

წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, როცა ჰომოფობია და კონსტიტუციაში ქორწინების ჩანაწერით მანიპულირება პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს წარმოადგენდა, (პარტიის წარმომადგენლებმა ხელმოწერებიც აგროვეს მეტროსადგურებთან და პარლამენტში შესვლის შემთხვევაში პირდებოდნენ ამ ინიციატივის გატანას), 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ანტიფემინისტური და ჰომოფობიური განცხადებები მნიშვნელოვნად ნაკლებია.