ნახატი - ახალგაზრდა კაცი ჯიბეებში ხელებჩაწყობილი

ახალგაზრდა მამაკაცურობა თბილისის ცენტრალურ უბანში

მეფის რუსეთში, იმპერიის ფარგლებში მცხოვრები ახალგაზრდა კაცები სარჩოს მაძიებლებად, ხოლო ქალები მეოჯახე, მზრუნველ ადამიანებად იზრდებოდნენ. ბოლშევიკებმა თითქოს შეცვალეს ეს მიდგომა და ქალებიც გამოიყვანეს შრომის ველზე, მაგრამ კაცებს, ქალებთან შედარებით, მაინც დაუტოვეს პრივილეგია, ოდნავ მეტი შემოსავლის, ე.წ. ჯიბის ფულის სახით, რომლითაც მშრომელი კაცი სამსახურის შემდეგ, ძმაკაცებთან ერთად იქეიფებდა და ამ კავშირით საკუთარ მამაკაცურობას განამტკიცებდა. ეს იყო „გმირი  მუშაკაცის“  ხელოვნურად შექმნილი ხატი, რომლითაც საბჭოთა კაცების უმრავლესობა ამაყობდა. დღისით მუშაობდა, საღამოს კი ქეიფობდა ძმაკაცებთან ერთად. სახელმწიფოს ისინი საკუთარ კალთაზე ჰყავდა გამობმული, ტოტალიტარული მმართველობის გზით. ყველანი დიდი საბჭოთა ოჯახის ვაჟებად ითვლებოდნენ, რომლებსაც თავად სახელმწიფო აძლევდა სამუშაოსა და კაცურ პრივილეგიებს. ეს „გმირი მუშაკაცი“ პოსტსაბჭოთა საქართველოში, ისევე როგორც მთლიანად პოსტკომუნისტურ სივრცეში, ე.წ. პერესტროიკის შედეგად წარმოქმნილმა სოციალურმა, პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ცვლილებებმა შეცვალა. პოსტსაბჭოთა და ქართველი კაცები დაიბნენ. ისინი აღარ წამოადგენდნენ ძლევამოსილი იმპერიის ნაწილს და, მით უმეტეს, გმირ მუშაკაცებს. აღარც სამუშაო იყო და აღარც „ქეიფისთვის“ გამოყოფილი ჯიბის ფული. საჭიროება მოითხოვდა, შექმნილიყო ახალი სოციალური მოვლენა, რომელიც არსებული ტრანსფორმაციული პატრიარქატის პირობებში თავიდან ჩამოაყალიბებდა პოსტსაბჭოთა ქართულ მასკულინობებს. ეს სიახლე ნაციონალიზმი და ნეოლიბერალური ერი-სახელმწიფო აღმოჩნდა. მათ მოგვიანებით ახალი ტიპის ქართული მასკულინობები დაეყრდნო, რომლებიც საწყის ეტაპზე მხოლოდ ეროვნულობასთან დაკავშირებით გამოიხატებოდა. საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, ნაციონალიზმმა და არსებულმა მასკულინობამ შედეგად რამდენიმე ეთნიკური კონფლიქტი, სამოქალაქო ომი, მთელი ქვეყნის მასშტაბით კრიმინალური დაჯგუფებების შექმნა და ქურდული მენტალიტეტის აღორძინება მოიტანა, რასაც ათასობით ახალგაზრდა მამაკაცი შეეწირა.



ქართულ მასკულინობებს მნიშვნელოვანი ცვლილება ვარდების რევოლუციის შემდეგ უნდა განეცადა, როდესაც შეიქმნა სახელმწიფო ინსტიტუტები დამანამდე ქუჩაში არსებული ძალადობა და მისი კონტროლი სახელმწიფოს ხელში აღმოჩნდა. თუმცა, ძალადობა, როგორც მასკულინურობის გამოხატვის მთავარი ფორმა, ვარდების და პოსტვარდების რევოლუციურ ეტაპზეც შენარჩუნდა. მივიღეთ ისეთი მოვლენები, როგორიც არის ფემიციდი, ჯგუფური ძალადობა და ბულინგი ბიჭებს შორის. არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობიდან გამომდინარე, შესაძლოა წარმოიქმნა ახალი ტიპის ახალგაზრდა მამაკაცურობები, რომელთა განმტკიცების ერთ-ერთი საშუალება ქალთა და თანატოლთა მიმართ ძალადობა გახდა.

პოდკასტი

ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

video-thumbnail Open external content on original site
Product details
Date of Publication
2021
Publisher
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი
Number of Pages
33
Licence
Table of contents

პროლოგი 4

I ახალგაზრდა მამაკაცურობა 6

II მეცნიერული ახალგაზრდა მამაკაცურობა 7

III გაზრდა/დაკაცება 9

IV საუბარი/სიჩუმე 13

V მამაკაცური უპირატესობა 16

VI სივრცის დაცვა 19

VII სექსი, ემოციები, ინტიმურობა  23

VIII ტრსანგრესიები 27

IX კაცთან კონფლიქტის შიში 29

ეპილოგი 31

ბიბლიოგრაფია 32