'ნუ მომკლავ, დედა' - ანუ ის ჩარჩოები, რომელშიც იკეტება აბორტზე დისკუსია

Teaser Image Caption
მაია ტაბიძე

ალბათ ბევრ ადამიანს შეუძლია დაასახელოს მის ცხოვრებაში ძალიან გრძელი 5 წუთი. 5 წუთი, რომელიც გაუთავებლად გრძელდება. ჩემთვის ასეთი ორსულობის ტესტზე შეჩერებული 5 წუთი იყო. როცა ცდილობ გონების ძალით ხაზის მოძრაობა ააჩქარო. ზუსტად ეს 5 წუთია დიდი წარმოდგენების წუთები: 1 ხაზის გაწითლებაზეა დამოკიდებული: ყველა სცენარს წარმოიდგენ: მე შვილით, მე ორსული, ღამე გაღვიძება, დილით რწყევა, წელის ტკივილი, სადმე წავალ? ფული? სად უნდა ვიშოვო? ან კიდევ შემიძლია აბორტი გავიკეთო. ნეტა მტკივნეულია? რა ღირს? რას მკითხავს ექიმი?

მას შემდეგ რაც დაწყნარებული გამოვდივარ აბაზანიდან და ადამიანის სახეს ვიბრუნებ, ვაცნობიერებ, რომ ისევე როგორც სხვა ბევრი ქალის შემთხვევაში, კითხვები, რომელიც ამ მომენტში გამიჩნდა, ძალიან მატერიალური და ფსიქოლოგიური საფუძვლები აქვს, განსხვავებით იმ მორალისტურ-ეთიკური არგუმენტებისგან, რომელსაც ძირითადად ვაწყდებით.

აბორტის აკრძალვის მოწინაღმდეგეებისგან ხშირად გამიგია, რომ ფეტუსი სიცოცხლე არაა, შესაბამისად, აბორტი მკვლელობად ვერ ჩაითვლება; მათი მოწინააღმდეგეების არგუმენტია, რომ სწორედაც, აბორტი მკვლელობაა. ამგვარი ეთიკური არგუმენტები იმ კონტექსტებს არ ითვალისწინებს, რომელშიც კითხვა დაისვა. ამიტომ ზუსტად კონტექსტზე და აბორტის მოწინააღმდეგე-მომხრე არგუმენტების დისკურსზე მინდა გავამახვილო ყურადღება და არა განყენებულ ‘მკვლელობა-სიცოცხლე’ დიქოტომიაზე. გარდა იმისა, რომ აბორტის საკითხი აუცილებლად უფლებრივ ჭრილში უნდა განვიხილოთ, აუცილებელია, განისაზღვროს ვინ, როდის, რა მოტივით ლაპარაკობს, და რა არგუმენტებს იყენებს აბორტის საწინააღმდეგოდ.

მოტივები და არგუმენტები

2014 წელს საქართველოში ოფიციალური მონაცემებით 26 013 ხელოვნური აბორტი გაკეთდა[1]. ეს ხდება პირობებში, სადაც კონტრაცეპტივები ხელმისაწვდომი არაა და სექსუალური განათლება არც ფორმალურ და არც არაფორმალურ დონეზე არ არსებობს. შესაბამისად, აბორტი უმრავლეს შემთხვევაში კონტრაცეფციის ერთადერთი მეთოდია. საქართველოს მრავალ სოფელსა თუ დაბაში აფთიაქებში პრეზერვატივიც კი არ იყიდება, ან სადაც იყიდება, თითო პრეზერვატივის ფასი მინიმუმ 1.25 ლარია.

ანუ: სექსი ძვირია, ცოდნა არ არსებობს და გრძელვადიანი შედეგები კიდევ უფრო ძვირადღირებულია.

ამის პარალელურად, გავრცელებულია სქესის პრენატალური სელექცია, რაც გოგონების მასობრივად მოშორებას გულისხმობს. თუმცა, სელექციური და ზოგადად აბორტების დიდი რიცხვის  წინააღმდეგ კონსერვატიულ ჯგუფებს არა სექსუალური განათლების ან/და სოციო-ეკონომიკური ფაქტორების გაუმჯობესება მიაჩნიათ გამოსავლად, არამედ - აბორტის აკრძალვა. აბორტზე პასუხისმგებლობა კი მხოლოდ დედას ეკისრება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, კლინიკებისა და პოლიტიკოსების მხრიდან ხშირია აბორტის საწინააღმდეგო განცხადებები, რომელშიც სწორედ ამგვარად ხდება საკითხის რეპრეზენტაცია. 2013 წელს პატრიარქმა თავის ეპისტოლეში გამოთქვა სურვილი აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებით.

,,დღეს, როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა დემოგრაფიული თვალსაზრისით, ვფიქრობთ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო კანონი აბორტის აკრძალვისათვის. (რა თქმა უნდა, გამონაკლისი შემთხვევებიც უნდა იყოს გათვალისწინებული)” - ილია მეორე, 2013 წ.

ციტატიდან  კარგად ჩანს, რომ ადამიანი, რომელიც მოსახლეობის 87%-ს მოწონებას იმსახურებს[2], აბორტის აკრძალვისთვის მთავარ არგუმენტად დემოგრაფიულ პრობლემებს ხედავს. გარდა ამისა, აბორტზე სრულ პასუხისმგებლობას ქალს მიაწერს.

პატრიარქის ეპისტოლეებიდან გამომდინარე ,,სახელმწიფოს ქვაკუთხედად” და ანარეკლად მოიაზრება ოჯახი, რომელშიც ქალს დაქვემდებარებული პოზიცია მიეწერება. ქალი დედა და ქმრის მორჩილი უნდა იყოს, რათა ოჯახმა (და შესაბამისად, სახელმწიფომ) გამართულად იფუნქციონიროს. ქალი, რომელიც აბორტს იკეთებს, პასუხისმგებელია თავისი “არასწორი”, ქალისთვის შეუფერებელი თვისებების გამო, როგორიცაა: ,,ეგოიზმი”,,,გართობის სიყვარული”[3] და სხვა - . ქალი ჭურჭელია, მანქანა, რომელმაც ბავშვები უნდა აწარმოოს და აღზარდოს. ამასთან, მხოლოდ შედეგს აქვს მნიშვნელობა - აბორტს გაიკეთებს თუ არა. ის წინაპირობები, რამაც აბორტის გაკეთების გადაწყვეტილება განსაზღვრა - უმნიშვნელოა.

ილია II-ს მოწოდება მედიისადმი, მეტი ყურადღება დაეთმოთ აბორტის თემისთვის და ეცადათ განწყობების შეცვლა - ასევე წარმატებული აღმოჩნდა. მომრავლდა გვერდები სოციალურ ქსელებში, რომელიც აბორტის საწინააღმდეგო კამპანიას ახორციელებენ. ,,აბორტი არის ერის გენოციდი” - ეს მოწოდება ხშირად გვხვდება ძალიან პოპულარულ, რელიგიურ ფეისბუქ-გვერდებსა თუ ჯგუფებში. ამ გვერდებზეც, ქართველ დედებს საქართველოს მტრებს ადარებენ, თუკი ისინი აბორტის უფლებით სარგებლობაში იქნებიან ეჭვმიტანილნი.

,,ყველაზე საშინელი მაინც ისაა, რომ თემურ-ლენგის საქმე დღესაც არ ჩაბარებია ისტორიას, არ დამთავრებულა. მის „წამოწყებას“ ქართველმა დედებმა მისცეს მხარი და განუკითხავად იღვრება უმწეო არსებების სისხლი” - ვკითხულობთ ერთ-ერთ ფეისბუქ-გვერდზე,[4]სადაც აქტიურად ვრცელდებოდა ფოტოები ჯვრიან კრიალოსანში ჩასმული ემბრიონის გამოსახულებით. მედიის მიერ აბორტის თემის გაშუქებაც, ხშირად, სწორედ ემბრიონის სურათის თანხლებით ხდებოდა. დღეს თბილისი მრავალი საავადმყოფო, რომელიც გინეკოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს პაციენტებს, არ აკეთებს აბორტს. დამატებით, მოსაცდელ ოთახებსა და დერეფნებში აბორტის საწინააღმდეგო ლექსები და სურათებია  გამოკრული.

 

ნუ მომკლავ, დედა

(ეძღვნება მუცლადმოწყვეტილ ჩვილებს)

ნუ მომკლავ დედა, მინდა ვიცოცხლო,

და ქართველობის ვწიო ჭაპანი,

გპირდები, ჩემით იამაყებენ,

ჩემთვის უცნობი მამა-პაპანი.”

 

ლექსის შესავალ კუპლეტშივე შემოდის დედა, როგორც ერთადერთი პასუხისმგებელი, რომელიც ,,კლავს“ შვილს აბორტით. აქაც, ისევე როგორც პატრიარქის ეპისტოლეში, მეორდება ნაციონალისტური სულისკვეთებით დასმული დემოგრაფიის საკითხი. „მამა-პაპებს” - წინაპარ კაცებს კი მხოლოდ შთამომავლობით თავმომწონეობის ფუნქცია ეკისრებათ. თუკი ფეხმძიმობის პასუხისმგებლობა მარტო დედისაა, სათანადო ეროვნული ღირებულებებით აღზრდილი და გაზრდილი შვილი მხოლოდ მამა-პაპების შთამომავალი, მათი გვარის გამგრძელებელი და საკუთრებაა.

სხვდასხვა დიდი კლინიკების მიერ ამ თემაზე გამოქვეყნებული სტატიები და ინტერვიუები ხშირად აკეთებენ აქცენტს ქალის მორალურ და რელიგიურ პასუხისმგებლობაზეც. 2013 წელს პატრიარქის ეპისტოლეს პასუხად, იმედის კლინიკის დირექტორი ამბობს:

,,თავი და თავი აბორტების კეთებისა არის დაბალი სულიერება, არაეკლესიურობა და საშინლად დაბალი დონე ჰიგიენურ-სანიტარული განათლებისა. საქმე ძალიან რთულადაა, ადვილი არაა, შევუცვალოთ ცნობიერება დედას, რომელიც შეგნებულად მიდის საკუთარი შვილის სიკვდილზე“[5]

თუმცა ზოგჯერ აბორტის საწინააღმდეგო და ქალზე მიმართული აგრესია ასეთი ექსპლიციტური შეიძლება არც იყოს. მაგალითად, ავერსის კლინიკის საიტზე აბორტის შესახებ ინფორმაცია შემდეგნაირად იწყება ,,აბორტი ერთგვარი განაჩენია, რომელსაც ჯერ კიდევ დაუბადებელ ნაყოფს გამოუტანენ ხოლმე მშობლები. მიუხედავად სისასტიკისა, ამ მეთოდს მსოფლიოში უამრავი ქალი მიმართავს.”[6] ავერსის აფთიაქებში კი, ისევე როგორც  იმედის კლინიკაში აბორტის საწინააღმდეგო პოსტერებია გამოკრული:

 

 

იმედის კლინიკის მოსაცდელში

 

ავერსის აფთიაქი

ორივე ზემოხსენებული კლინიკა აბორტის საწინააღმდეგოდ კანონის შემოტანას ღიად არ ემხრობა, მაგალითად იმედის კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ აბორტის აკრძალვა მას იატაკქვეშ გადაიტანს და ქალების სიცოცხლეს მეტ საფრთხეს შეუქმნის. მიუხედავად ამისა, ის აბორტს დედის სისასტიკედ, შეგნების პრობლემად მოიაზრებს და ისევ რელიგია/მორალის ჭრილში განიხილავს. აბორტის სხვა მოწინააღმდეგეების მსგავსად, არც  იმედის კლინიკის დირექტორი ეხება იმ სამედიცინო და სოციალურ წინაპირობებს, რომელიც აბორტის ხელშემწყობია[7]. ასევე, გამქარალია მამის ან ოჯახის სხვა წევრების პასუხისმგებლობა მაშინ, როცა სამედიცინო პერსონალისთვის მაინც ცნობილი უნდა იყოს ის არაფორმალური ძალაუფლება და პრეტენზიები, რომელიც კაცებს თავიანთი ცოლების სხეულებსა და რეპროდუქციულ გადაწყვეტილებებზე აქვთ.

საბოლოოდ, აბორტის უფლება არ გაუქმებულა, თუმცა საკითხი პერიოდულად წამოყოფს თავს ძირითადად ფემინიზმის დისკრედიტაციის ან ქალების უფლებებზე თავდასასხმის მიზნით. 2017 წლის იანვარში აბორტის წინააღმდეგ კანონიპროექტიც კი შევიდა პარლამენტში[8]. ამის პარალელურად დემოგრაფიული პრობლემების გადასაჭრელად სახელმწიფოს არანაირი არსებითი რეფორმები არ გაუტარებია. აბორტი, როგორც პრობლემა, მხოლოდ ქალის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობად მოიაზრება ეკონომიკურადაც (გაუპატიურების შემთხვევაშიც კი ქალმა უნდა გადაიხადოს აბორტის საფასური), ემოციურადაც (ქალმა უნდა აიტანოს ის დანამუსება, რაც საზოგადოებისგან მოდის) და ფიზიკურადაც (პროცედურა პირველი 3 კვირის მანძილზე შედარებით მარტივია, მაგრამ შემდგომ უკვე ქირურგიული ჩარევა ხდება).

ამრიგად, ერის გადარჩენის ნარატივი, ქალის სხეულის კონტროლი, დედობა, როგორც ქალის ერთადერთი დანიშნულება - რჩება აბორტის მოწინააღმდეგეთა მთავარ არგუმენტად. სიცოცხლე, რომლის უფლებაც ასევე შედარებითად განიხილება და ზოგიერთი ადამიანის სიცოცხლეს მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ვიდრეს სხვისას, მხოლოდ ზედაპირულ დონეზე ჩნდება არგუმენტად და მხოლოდ ზემოხსენებული მიზნების გასამართლებლად. ეს არგუმენტები, ერთი მხრივ, ფემინისტებს მუდმივი თავის მართლების პოზიციაში აგდებს, მეორე მხრივ კი, უბიძგებს იმ დიქოტომიური მსჯელობისკენ, რომელშიც ფეტუსის მკვლევლობის გამორიცხვა მისი სიცოცხლის ეჭვქვეშ დაყენებით ხდება. შედეგად, აბორტი კვლავ მორალის, ეთიკის და რელიგიის კონტექსტში განიხილება და ვერ ხერხდება აბორტის, როგორც სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის, სათანადოდ გაანალიზება და ფემინისტურ დღის წესრიგში დაყენება.

რატომ არის აბორტი ამდენად პრობლემური საკითხი ფემინიზმისთვის? გარდა სოციალ-ეკონომიკური ასპექტებისა, მინდა აბორტის სიმბოლურ მნიშვნელობაზე გავამახვილო ყურადღება.

ორსულობა უმრავლეს შემთხვევაში ქალსა და მამაკაცს შორის კოიტუსის შედეგია,რომელიც ავტომატურად ჰეტეროსექსუალურ კავშირს მოიაზრებს. არსებულ გენდერულ წესრიგში, სადაც ქალს დაქვემდებარებული პოზიცია აქვს და მთავარ ფუნქციად რეპროდუქცია მიეწერება, ბავშვის გაჩენა ხშირად მოიაზრება მის უპირველეს მოვალეობად. აბორტის გაკეთებით, მართალია, ქალი არ ხდება დედა, სიმბოლური წესრიგი მაინც არ ირღვევა.

დაუგეგმავი ორსულობა მიუთითებს იმაზე, რომ აქტის დროს, დიდი ალბათობით, არანაირი დამცავი საშუალება არ იქნა გამოყენებული. განაყოფიერება მამაკაცობის და ურთიერთობაზე კონტროლის გამოვლენის საშუალებას აძლევს კაცს, ამავდროულად, ორსულობა ქალის ნაყოფიერების მანიშნებელია, აბორტის ერთადერთ ან ყველაზე გავრცელებულ კონტაცეფციად გამოყენება კი “სიმბოლური პროკრეაცია”[9], ვინაიდან ქალის ფერტილურობას - მისი დედად კონსტრუირებისთვის ძალიან მნიშვნელოვან ელემენტს უსვამს ხაზს. ამის ემპირიული გამოვლინებაა ისიც, რომ კაცების 27%-ისთვის საქართველოში მიუღებელია თუ ცოლი პრეზერვატივის გამოყენებას სთხოვს[10]. მაშინაც კი, როცა კაცებმა იციან პრეზერვატივის გამოყენების საჭიროების შესახებ, მისი არგამოყენება და ამის შესახებ სიამაყე სწორედ მასკულინობასა და „განაყოფიერების“ სიმბოლურ აქტს შორის კავშირით შეიძლება ავხსნათ.

მეორე მხრივ, აბორტი ქალის მიერ დედობაზე უარს და საკუთარი სექსუალობის რეპროდუქციის გარეთ გატანას მოიაზრებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აბორტის შემთხვევაში აუცილებლად ქალი იღებს გადაწყვეტილებებს. უფრო მეტიც, თავისუფალი არჩევანი პრობლემური ცნებაა აბორტზე საუბრისას. იმ პირობებში, როცა ქალის სექსუალობა დიდწილად მამაკაცის სურვილებზეა დაქვემდებარებული, ძნელია ვისაუბროთ თავისუფალ არჩევანზე საკუთარ სხეულთან მიმართებაში. ასევე წამგებიანია “ჩემი სხეული - ჩემი საქმეა” კონტექსტში განხილვა, ვინაიდან ამგვარი მიდგომა უგულებელყოფს იმ რეალობას, რომელშიც ჩვენი სხეულები ყოველთვის სხვადასხვა ინსტიტუტებთან ურთიერთქმედების პროცესში არსებობს და იწარმოება. მაშინაც კი, როცა აბორტის შესახებ გადაწყვეტილებას ქალი იღებს, პროცედურა და ჩემი სიცოცხლე კონკრეტული ადამიანის სამეციდინო უნარებზეა დამოკიდებული, უფრო ზოგადად კი მედიცინის, სახელმწიფოს, კანონმდებლობის მოქმედების ასპარეზია. ამიტომ მნიშნელოვანია იმ სისტემების კრიტიკული ანალიზი, რომელიც ჩვენს სხეულებს პატრიარქალური წესრიგის შესაბამისად აკონსტრუირებს.

კრიტიკული მიდგომა აუცილებლად მოითხოვს გავიაზროთ ეკონომიკური მოწყობა. რეპროდუქცია კაპიტალისტური სახელმწიფოში იმთავითვე წინააღმდეგობრივია. მოგებაზე ორიენტირებულ ეკონომიკას ურჩევნია ქალი ან არ დაასაქმოს ან არ აუნაზღაუროს დეკრეტული შვებულება, ამასთან, აღზრდა და დეკრეტული შვებულება მხოლოდ ქალის პრეროგატივებად მოიაზრება. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიუხედავად, ქალს არ აქვს გარანტია, რომ დეკრეტიდან დაბრუნებული სამსახურს შეინარჩუნებს. ამის პარალელურად, როცა ქალები ოჯახში არაანაზღაურებად სამუშაოს სწევენ, კაცებს მეტ სამუშაო ადგილს და დროს უტოვებენ, რაც დღიურად კაცების 8 და მეტ საათიან ექსპლუატაციას ხდის შესაძლებელს.

ასეთი განაწილება - ქალის სახლში და კაცის სამსახურში - მუშაობს იმ შემთხვევაში, როცა მამაკაცის, როგორც ერთადერთი შემომტანის, ხელფასი საკმარისია ბავშვებისა და მშობლებისგან შემდგარი ოჯახის სარჩენად. თუმცა, არსებული ეკონომიკური გადანაწილების პირობებში ოჯახების დიდ ნაწილს სჭირდება ორი ხელფასი, ამიტომ:  ქალი იძულებულია ბევრი იმუშავოს სახლს გარეთად და შიგნითაც. შედეგად, ქალები უფრო გვიან აჩენენ შვილებს ან საერთოდ უარს ამბობენ მასზე.  მოკლედ რომ ვთქვათ, მოგებაზე ორიენტირებული ეკონომიკა წინააღმდეგობაშია საკუთარ თავთან: მას სჭირდება მუშახელი, თუმცა ხელს უშლის მის შექმნას. პატრიარქატი სწორედ აქ ეშველება კაპიტალიზმს თავისი ანტიაბორტული დისკურსით, რომელიც ქალს აუცილებლად დედად განსაზღვრავს, მის სექსუალობას და სხეულს კი მხოლოდ რეპროდუქციულ მიზნებს უქვემდებარებს. ასეთ პირობებში ქალი, როგორც ინდივიდი, წარმოჩინდება მთავარ პასუხისმგებელ პირად თავის თავისუფალ” არჩევანზე; ხოლო სახელმწიფო, კაპიტალი და მამაკაცები, როგორც ჯგუფი, ხელშეუხელები რჩება.

ამრიგად, აბორტის განხილვა მხოლოდ არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, სხვა ინსტიტუტებთან და სისტემებთან ბმაში შეიძლება. როგორ „სენტიმენტალურ“ პოსტერებსაც არ უნდა იყენებდნენ აბორტის მოწინააღმდეგეები, საბოლოოდ ანტიაბორტის მოძრაობა, არა რეალური სიცოცხლეების და ცხოვრების გადარჩენას, არამედ არსებული გენდერული და ეკონომიკური წესრიგის შენარჩუნებას ემსახურება მხოლოდ. მეორე მხრივ, აბორტი, როგორც კონტრაცეფციის ერთადერთი ან ყველაზე გავრცელებული ფორმა, ქალებს, როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალურ და სიმბოლურ დონეზე არასახარბიელო მდგომარეობაში ტოვებს. ამიტომ, ქალების სექსუალური განათლება და კონტრაცებტივებზე ხელმისაწვდომობა ფემინისტური დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს.

 

შენიშვნები:


[1] ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, 2015.

[2] მოგწონთ თუ არა პატრიარქი? CRRC, 2015

[3] ტაბიძე & ბერაია, 2016

[9] დრეჟიკი,2000.

[10] სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი,2014

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.     ავერსის ჟურნალი (2007) რთული გადაწყვეტილება, მოძიებულია 30 მარტს, 2017 http://old.aversi.ge/main_jurnal.php?lang=geo&id=2635&cat_id=2

2.     ამბიონი (2012) აბორტი- ერის დიდი ტრაგედია, მოძიებულია 30 მარტს, 2017 http://www.ambioni.ge/aborti-eris-didi-tragedia

3.      დრეჟიკი/Drezgic, R. (2000). Demographic nationalism in the gender perspective. In S. Slapsak (Ed.),  War discourse/ women's discourse. Essays and case studies from Yugoslavia and Russia (pp. 211-234). Ljubljana: Topos.

4.      ილია მეორე (2013) საშობაო ეპისტოლე,  მოძიებულია 30 მარტს, 2017 http://www.orthodoxy.ge/patriarqi/epistoleebi/sashobao2013.htm

5.     ილია მეორე (2014) საშობაო ეპისტოლე, მოძიებულია 30 მარტს, 2017

http://www.orthodoxy.ge/patriarqi/epistoleebi/sashobao2014.htm

6.      ილია მეორე (2013) სააღდგომო ეპისტოლე, მოძიებულია 30 მარტს, 2017

http://www.orthodoxy.ge/patriarqi/epistoleebi/saagdgomo2013.htm

7.      ილია მეორე (2014) სააღდგომო ეპისტოლე, მოძიებულია 30 მარტს, 2017

http://www.orthodoxy.ge/patriarqi/epistoleebi/saagdgomo2014.htm

8.      იმედის კლინიკა (2013) აბორტი არის მკვლელობა, მოძიებულია 30 მარტს, 2017

http://www.imediclinic.com/43194323432043164304431443124321432243124321-430643094308432043074312/category/331fec9fde

9.      ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (2015) აბორტების სტატისტიკა საქართველოში, მოძიებულია 30 მარტს, 2017 2004-2014 https://idfi.ge/ge/statistics-of-abortion-2004-2014

10.  კავკასიის ბარომეტრი (2015) მოგწონთ თუ არა პატრიარქი? მოძიებულია 30 მარტს, 2017 http://caucasusbarometer.org/ge/na2015ge/LIKEILII/

11.  რენერი& ულე/Rener T., Ule M., (1998),  Nationalism and gender in post-socialist societies in Wilford R., Miller L. R. (eds), Women, Ethnicity and Nationalism: The politics of transition , London: Routledge, pp 120-133

12. ტაბიძე მ. & ბერაია ა. (2016) რუსეთის რბილი ძალა საქართველოში: ელიტების ჰომოფობიური, ტრანსფობიური და ჰეტერონორმატიული დისკურსი. მოძიებულია 30 მარტს,2017 https://www.scribd.com/document/331525710/%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%92%E…

13.  Newson.ge (6 თებერვალი, 2017) მოქალაქე გიორგი ლაბაძე პარლამენტისგან აბორტის კრიმინალიზებას ითხოვს, მოძიებულია 30 მარტს, 2017 https://goo.gl/aFHS12