წერილი პირველად გამოქვეყნდა Das Magazin-ზე.
გერმანულიდან ქართულ ენაზე ტექსტი თარგმნა მაია ბადრიძემ.
შენხელა რომ ვიყავი, სამყაროში ჯერ კიდევ ყველაფერი რიგზე იყო. ყოველ შემთხვევაში, ასე მაშინ ირწმუნებიან ხოლმე, როცა წარსულსა და აწმყოს ერთმანეთისგან დიდი მანძილი ჰყოფს და დრო, საკუთარი ცხოვრებისა და სამყაროსადმი ადამიანებს უფრო შემწყნარებლურს, შემრიგებლურსა და რაც მთავარია, უფრო სენტიმენტალურს ხდის. სამყაროში, ცხადია, რიგზე არაფერია (ან კი როდის არის?), მაგრამ მაშინ სხვანაირი იყო, იმდენად სხვანაირი, რომ აღარც კი მჯერა – ოთხმოციანი წლების საქართველოში ის მართლა ასეთი იყო. ამ სამყაროში არც დისნეი არსებობდა და არც პიქსარის ფილმები, სამაგიეროდ, რუსული მულტფილმები და ფილმი-ზღაპრები გვქონდა, არ არსებობდა რძის კოქტეილი, სამაგიეროდ, ნატურალური, ნაღებისგემოიანი გლიასე იყო, არ არსებობდა ვენდი და ჰელოუ ქითი, სამაგიეროდ, იპოდრომზე ნამდვილი ცხენები ჰყავდათ და შეგეძლო - ყოველგვარი გოგოური რომანტიკის გარეშე, ჯირითის შემსწავლელ გაკვეთილებზე გევლო, და კიდევ, ყოველ საღამოს საბავშვო გადაცემა „ძილისპირულის“ სულის ამაფორიაქებლად ნაცნობი მელოდია გესმინა. ის სამყაროც ისე იყო ქალებად და კაცებად დაყოფილი, როგორც დღევანდელი. მაშინდელი კაცები ღონიერები და ხმაურიანები იყვნენ, ბავშვებს ლოყებზე კოცნიდნენ, დღესასწაულებზე სვამდნენ და ცოლებითა და შვილებით ამაყობდნენ; ზოგს შვილები შაბათ-კვირას ზოოპარკში, ცირკში ან პარკში დაჰყავდა სასეირნოდ; კაცები „მნიშვნელოვან“ თემებზე საუბრობდნენ და სამსახურში დადიოდნენ. სამსახურში ქალებიც დადიოდნენ, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ სოციალიზმში ვცხოვრობდით, მართალია, მორყეულ ფეხებზე მდგარ, მაგრამ მაინც სოციალიზმში. სამსახურიდან ქალები შინ ბრუნდებოდნენ, საჭმელს აკეთებდნენ, სახლს ალაგებდნენ, შვილებს უვლიდნენ, სკოლის დავალებებს აკეთებინებდნენ, ხშირად მოხუც დედებზე, მამებზე ან ორივეზე ერთად ზრუნავდნენ.
სამყარო, რომელშიც გავიზარდე, ქალებისა იყო, ამ სამყაროს მამოძრავებელი ძალაც ქალი იყო, მაგრამ ქალი არაფერს განსაზღვრავდა, ამიტომაც ისე იქცეოდა, თითქოს ვერაფერს განსაზღვრავდა. „კაცი თავია, ქალი - კისერი, ქალი საითაც მოინდომებს, კაცს იქით მიატრიალებს“ - ასეთი იყო ერთ-ერთი გამონათქვამი, ბავშვობაში სულ რომ მესმოდა ხოლმე. ამას ქალები ისეთი მზაკვრული ღიმილით ამბობდნენ და თვალებშიც ისეთი უცნაური სხივი გაუკრთებოდათ ხოლმე, თითქოს რაღაც იცოდნენ, რაღაც ისეთი, რაც მე ჯერ არ გამეგო და რაც არც კაცებს უნდა სცოდნოდათ. ამ ფრაზას იმეორებდნენ ქალები, რომლებიც დამოუკიდებლები, განათლებულები, ძლიერები, მებრძოლები, გაბედულები იყვნენ და ყველა ის თვისება ჰქონდათ, რომლებსაც მეც ვისურვებდი და მაინც, ამას ქალები იმგვარი დაჟინებით იმეორებდნენ, რომელსაც ბრმა რწმენა კვებავს. პატარა რომ ვიყავი, არც ამ წინადადებას და არც სხვა დანარჩენს, დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად რომ მაცბუნებდა, არ ჩავძიებივარ, მაგალითად, იმას, რომ საკუთარი ქმრისთვის მუდამ ამოუცნობ საიდუმლოს უნდა წარმოადგენდე და ეს მისი შენარჩუნების საუცხოო მეთოდია; ან ის, რომ კაცს ღალატი ეპატიება, ქალს კი - არა, რადგან კაცებს ინსტინქტები უფრო მეტად მართავს, ვიდრე ქალებს და თან „მორალური სიწმინდე“ ქალის ერთგვარ ვალდებულებადაც მიაჩნდათ. ეს იყო ჩრდილოვანი ადგილებით სავსე ილუზიური სამყარო, სადაც ქალებს თავი ისე ეჭირათ, თითქოს უფრო სულელები და სუსტები იყვნენ, ვიდრე სინამდვილეში იყო და სადაც კაცები - მუდამ „ინსტინქტურები“, „ცხოველურები“ და „აგრესიულები“ - უმეცრებასა და გაურკვევლობაში უნდა გყოლოდა, რადგან ეს უცნაური ნეხევარსიმართლე ქალის ნამდვილი ძალაუფლება იყო.
ჩემი პირველი დაუმორჩილებლობა თავისა და კისრის აფორიზმს მოჰყვა. ვერ ვხვდებოდი, რატომ არ უნდა მქონოდა საკუთარი კისერი და თავი იქით მიმეტრიალებინა, საითაც მოვისურვებდი ან რისთვის მჭირდებოდა ვიღაც კაცების მართვა. არც სხვა უსასრულო და სულელურ აკრძალვებთან შეგუებას ვაპირებდი. ჩემს მეგობარ ბიჭებს შეეძლოთ იმდენ ხანს ყოფილიყვნენ გარეთ, რამდენ ხანსაც მოისურვებდნენ, მე კი დაწესებულ დროს უკვე სახლში უნდა ვყოფილიყავი; ბიჭებს შეეძლოთ უწმაწური სიტყვები ეხმარათ, პირის წკლაპუნით დაეღეჭათ საღეჭი რეზინა, მუშტი-კრივი გაემართათ და სწრაფად ერბინათ, მე კი ნაზი და მეოცნებე უნდა ვყოფილიყავი, უმწეო და დაუცველი, ბიჭებს მცველის ინსტინქტი უნდა დაეკმაყოფილებინათ, რაც იმის შანსს ზრდიდა, რომ რომელიმეს შევუყვარდებოდი. მათ გიჟურ თავგადასავლებსა და მომავლის ნათელ გზებს აღუთქვამდნენ, მე კი, სულერთია, რა პროფესიაც უნდა ამერჩია, ბოლოს მაინც უნდა გავთხოვილიყავი, შვილები გამეჩინა და ა. შ. მსგავსი, მხოლოდ გოგოებისა და ქალებისთვის განკუთვნილი, დაუწერელი კანონი უამრავი იყო. ყველაზე უფრო დიდ ვერაგობად მაინც იმ სამყაროს ოფიციალური ვერსია მიმაჩნია, რომელშიც ვცხოვრობდი. ოფიციალურად ჩვენ თანაბარი უფლებები გვქონდა, ოფიციალურად აუცილებლად უნდა გვესწავლა, მიგვეღო უმაღლესი განათლება, აგვერჩია პროფესია, საკუთარი შრომით გვეშოვა ფული, ძლიერები, ჭკვიანები, მოხერხებულები, ცნობისმოყვარეები და სწავლას მოწყურებულები ვყოფილიყავით. ეს მხოლოდ ფასადი იყო, ზედაპირი, რომელიც ბრჭყვიალებდა და ქალებიც ამ თამაშში ისე ერთვებოდნენ, რომ წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც არ უჩნდებოდათ. ისინი ისე ემორჩილებოდნენ ამ დაუწერელ კანონებს, თითქოს სავალდებულო იყო, მხოლოდ იმიტომ შეგუებოდნენ ყოველგვარ უსამართლობასა და ტანჯვას, რომ მამაკაცურ, ჩემ შემთხვევაში კი ქართულ, ღირსებას ჩირქი არ მოსცხებოდა.
როგორ უნდა ეცხოვრა ადამიანს ამ პარადოქსით? როგორ უნდა მორგებოდი საზოგადოებრივ ნორმებს ისე, რომ თავისუფალიც ყოფილიყავი? როგორ უნდა გაგეწია მამაკაცისთვის წინააღმდეგობა ისე, რომ არ დაგეკარგა ქალის სტატუსი? როგორ უნდა გაგეერთიანებინა შინაგანად ეს ყველაფერი ისე, რომ არ განადგურებულიყავი? იმ ომების საბრძოლო ველები, ჩემს ახალგაზრდობაში რომ დაიწყო და დღემდე გრძელდება, საკლასო ოთახები და აუდიტორიები იყო. რა შეიძლება უცებ გაგახსენდეს? „კამათის თქვენი მანერა ახალგაზრდა ქალისთვის უკადრისია!“ თავიდან საბრძოლო ველი ქუჩები იყო, მერე - ხმაურიანი, გაბუღული კლუბები: „ნუ მეხები!“ საზოგადოებრივი ტრანსპორტი: „თუ შეიძლება, ხელი გასწიეთ!“ საკუთარი სახლიც ბრძოლის ველი იყო: „რატომ არ შეიძლება მეც ისე დავიგვიანო, როგორც ბიჭები იგვიანებენ?“ დარწმუნებული ვიყავი, რომ როგორც კი თავისუფალ სამყაროში, დასავლეთში გადავიდოდი საცხოვრებლად, ომებიც წამში დამთავრდებოდა და გამარჯვებასაც საბოლოოდ მოვიპოვებდი. ჩემს ჩამორჩენილ სამშობლოში ხომ ქალის სურათ-ხატს სოციალისტური პროპაგანდის, აღმოსავლური ზღაპრებისა და წმინდანის-მეძავის-მითების ნარევი შეადგენდა მაშინ, როცა ევროპელმა ქალმა სამოციან წლებში გაითავისუფლა თავი ხუნდებისგან, ემანსიპაციის ასწლიანი ისტორიით გაძლიერდა და თანასწორუფლებიანობის ევროპული იდეალი განახორციელა. დიახაც! დაბოლოს, ისიც მჯეროდა, რომ უკან ამ შეფარულ სიმართლესაც მოვიტოვებდი.
უკვე გამარჯვებად აღვიქვამდი იმას, რომ უნივერსიტეტში ადგილი მოვიპოვე და სანუკვარ თავისუფლებაში შევაბიჯე. ჩემი სამყარო უკან მოვიტოვე და ახალში თავით გადავეშვი, იმ სამყაროში, სადაც, მჯეროდა, რომ თავისუფალი ვიქნებოდი, ვიქნებოდი ადამიანი და არა „მხოლოდ“ ქალი. დიდხანს ვარიდებდი თვალს და თავს რეალობას, რომელიც სხვანაირი წარმომედგინა. არ მინდოდა, სხდომათა სხვადასხვა დარბაზში სავარძელში ოხვრით ჩავმჯდარიყავი და მეფიქრა: „რატომ იღებს ჩემი კოლეგა მამაკაცი ჩემზე ოცდაათი პროცენტით მეტ ჰონორარს?“ არ მინდოდა, ქუჩებში, კლუბებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეფიქრა: „ოღონდ ეს არ მოხდეს, ოღონდ აქ არა!“ არ მინდოდა, ისეთი ქალები მყოლოდა გვერდით, მოწიწებით რომ შევხედავდი და მეგონებოდა, ახალი დროის ნამდვილი ამორძალები არიან-მეთქი, მერე კი აღმოჩნდებოდა, რომ ობობის უხილავი ქსელი, რომელშიც ისინი გაბულან, თურმე მათაც ისევე უწესებს ცხოვრების კანონებს - როგორ მოიქცნენ, რომ ისინი ყველას მოსწონდეს, როგორ იცხოვრონ, უფრო სწორად, როგორ გადარჩნენ - როგორც იმ ქალებს ჩემს სამშობლოში, მუდამ სიმხდალეს რომ ვსაყვედურობდი. ყველაზე უფრო მტკივნეული მაინც იმის გაცნობიერება იყო, რომ, მართალია, იმ ადგილს თავი დავაღწიე, სადაც ცხოვრების არქაულ მოდელს და როლს მაძალებდნენ, მაგრამ ეს როლიც და მოდელიც უკვე ჩემს სულში იყო აღბეჭდილი. ნუთუ ქალი სამარადჟამოდ განწირულია, რომ ხაფანგში გაებას, თუ თავად ქალად ყოფნაა ხაფანგი?
სამწუხაროდ, აღარ მაქვს იმედი, რომ ამ პრობლემებისგან მაშინ გათავისუფლდები, როცა ჩემხელა გახდები. არც ის მგონია, რომ სამყარო, რომელშიც ქალად ჩამოყალიბდები, დღევანდელისგან არსებითად განსხვავებული იქნება. მგონია, რომ შენც ბრძოლის ყველა ველზე იომებ. იმედად მხოლოდ ის მრჩება, რომ შენი იარაღი უფრო ზუსტი იქნება, ვიდრე ჩემი, გონება - უფრო შორსმხედველი, ხოლო საკუთარ თავზე წარმოდგენას ვერავინ შეგირყევს. ყველაზე მეტად კი მაინც იმის იმედი მაქვს, რომ სიყვარულის საყიდლად არც აშტანგა-იოგა დაგჭირდება, არც საგანგებო ვარჯიშები ფიტნესკლუბებში, არც მუცლის-ფეხების-საჯდომისთვის ინტენსიური ვარჯიშები ველოტრენაჟორებზე ან აკრობატიკა ჭოკზე, არც გასახდომად შიმშილი ნაირნაირი დიეტით, იქნება ეს პალეოლითური თუ დუკანის; არც მკერდის დასაპატარავებელი ბიუსტჰალტერები, ტანგა თუ სპეციალური კორსეტები; არ დაგჭირდება, იყო მარტივად მოსავლელი, თვინიერი, საყვარელი ცუნცულა, სექსუალური ბაჭია, არც კეკლუცი ღიმილი დაგჭირდება და არც ბოტოქსის კურსები, არც მკერდის გადიდება და არც ზედმეტი ცხიმის ამოტუმბვა, არც ვინმეს თარგზე გამოჭრა და არც ათასნაირი კომპრომისი საკუთარ ხარჯზე, არც წარმართული სისხლიანი მსხვერპლშეწირვა, სულ უფრო მეტს და მეტს რომ ითხოვს, რადგან ხარბები არიან ღმერთები და ვერც შპაგატით გააძღებ, რომლის დროსაც, შეიძლება, ფეხი იღრძო და სუნთქვა შეგეკრას, ვერც ტყუილებით და ვერც ნახევარი სიმართლით; ჰო, იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფრით სიყვარულის ყიდვა არ დაგჭირდება. იმისიც მჯერა, რომ საკუთარი თავის მოსაძებნად არც აურათერაპია დაგჭირდება და არც სიცილის იოგა, არც მკითხაობა და არც ასტროლოგიური მედიცინა, არც ირიდოდიაგნოსტიკა, არც მესმერიზმი და რაც მთავარია, არც კაცები. გისურვებ, თავისუფლება შენთვის ცარიელი ფურცელივით იყოს, რომელსაც ისე შეავსებ, როგორც მოისურვებ და რომელზეც იმას დაწერ, რაც მოგესურვება - უშიშრად და თავისუფლად.
ნინო ხარატიშვილი 33 წლის მწერალი, დრამატურგი და თეატრის რეჟისორია. სულ ცოტა ხნის წინ შეეძინა ქალიშვილი. სტუდენტი იყო, თბილისიდან გერმანიაში საცხოვრებლად რომ გადავიდა, სადაც დღემდე ცხოვრობს. მისმა 1300-გვერდიანმა რომანმა „მერვე ცხოვრება (ბრილკასთვის)“ კრიტიკოსებისა და მკითხველის დიდი მოწონება დაიმსახურა. „შპიგელმა“ ეს ნაწარმოები „2014 წლის რომანად“ მიიჩნია.