სტატია თარგმნა ნუკრი ტაბიძემ.
სტატიის სომხური თარგმანის წაკითხვა შეგიძლიათ აქ.
როგორია ფემინისტური პოლიტიკური საქმიანობა სომხეთში?
(1) ფემინისტი ეკო-აქტივისტი და კიდევ ერთი თანამოქალაქე სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და პოლიციას ღია წერილებს უგზავნიან. წერილებში მოითხოვენ, რომ ფინანსთა სამინისტრომ მათ მიერ გადახდილი გადასახადების შესაბამისი ნაწილი განათლების სისტემაში გადაამისამართოს[1]; (2) შემოქმედებითი კოლექტივი ალტერნატიულ ენას ქმნის, პერფორმანსებს და გამოფენებს აწყობს, რათა ჩვენთვის ჩვეულ აზროვნების და ცხოვრების წესს (იგულისხმება უკვე არსებულის მიღება და მხარდაჭერა) კითხვის ნიშნები დაუსვას. წესს, რომელიც დომინანტური დისკურსის დაკვეთით ხორციელდება და მოიხმარება, და რომელიც პოტენციური არარსებობის მუდმივ საფრთხეს გულისხმობს; ბრიან მასუმი მომავლის ამ მუქარას „საფრთხის შეუსრულებელ ნამატს“ უწოდებს: რაც შემდგომ გველის ახლანდელ ცხოვრებაზე უარესია. [i]
(3) ფემინისტების ჯგუფი მუშაობს ისტორიებისა და გამოცდილების ისეთი ალტერნატიული სივრცეების შექმნაზე, სადაც ცოდნის წარმოება ინდივიდუალური ავტორობის გარეშე, კოლექტიურად არის შესაძლებელი. ამგვარად, მეტი სივრცე იხსნება ცოდნის ალტერნატიული ფორმების მეშვეობით განსხვავებულად ცხოვრების და სხვებთან შეკავშირებისთვის: შემოქმედებითი და ხატოვანი ფორმებისა, რომელიც, როგორც ადამიანებს, უკვე ისედაც გაგვაჩნია. თუმცა, გარდაუვალი საფრთხის რეჟიმში დაგვასწავლეს რომ ამ ცოდნას არ ვენდოთ.[ii]
(4) ზოგიერთი ფემინისტური მემკვიდრეობის ისტორიას ქმნის ზაბელ იესაიანის, შუშანიკ კურღინიანის, სიბილის, სრბუჰი დუსაპის და სხვათათვის ჩვენი ცნობიერების თაროებზე ახალი სივრცეების წარმოქმნით.[iii]
(5) ადამიანები ფემინისტურ ტექსტებს თარგმნიან. ინტერნეტ საიტებსა და სხვა საშუალებებში ფემინიზმის კოოპტაციაზე [მთარგმ.: იგულისხმება დომინანტურ წესრიგისადმი ფემინიზმის მორგება] წერენ.[iv]
(6) ხალხი ბედავს სამხედრო სისტემის კორუმპირებულობაზე ისაუბროს და შედარებითი მშვიდობის პირობებში დაღუპული ჯარისკაცების ცხოვრებაზე პასუხებს მოითხოვს.
(7) მეცნიერები, მკვლევრები, ეკოლოგისტები სომხეთის ეკოლოგიურ ფრონტთან (AEF) ერთად ამულსარში მდებარე ოქროს მაღაროს გარემოზე ზიანის შესაფასებლად ალტერნატიულ სახალხო ექსპერტულ შეფასებას ატარებენ[2]. ამგვარი შეფასებები ალტერნატულ სივრცეების შექმნას უწყობს ხელს და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესს აყალიბებს. ამ უკანასკნელს სომხეთის მოქალაქეები კოლექტიურად აწარმოებენ მაშინ, როცა სომხეთის მთავრობა ხალხის ინტერესის მიხედვით არ მოქმედებს[3].
(8) ქალების მიმართ ძალადობის შემაკავებელი კოალიცია (შემდგომში „კოალიცია“) მოითხოვს შეიცვალოს კანონი სახელწოდებით „ძალადობის პრევენცია ოჯახებში, ძალადობის ქვეშ მყოფი ინდივიდების დაცვა და ოჯახში ჰარმონიის აღდგენა“, რომლის წინამორბედს ერქვა „ოჯახური ძალადობის პრევენცია და ოჯახური ძალადობის ქვეშ მყოფი ადამიანების დაცვა“. კოალიცია მიუთითებს, რომ „ოჯახური ძალადობიდან“ დისკურსული გადასვლა ტერმინზე „ძალადობა ოჯახში“- არ ეხმიანება ოჯახური ძალადობის იმ საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელსაც სომხეთმა ხელი მოაწერა (რედაქტორის შენიშვნა: ქართულში სწორედ ოჯახში ძალადობა არის დამკვიდრებული ტერმინი, თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის კონტექსტი, რაშიც სომხეთში კანონის სახელი შეიცვალა და მას დაემატა „ოჯახში ჰარმონიის აღდგენა“ , რაც ქალთა ძალადობისგან დაცვის იდეას ისევ ოჯახის შენარჩუნების იდეას უპირისპირებს)[4].
კოალიცია (2017) ასევე აღნიშნავს, რომ სიტყვა „ჰარმონია და შერიგება პრობლემურია, ვინაიდან, მას, ვინც ძალადობს და ვისაც ძალადობა მიემართება, თანასწორ პოზიციაში მოიაზრებს და ძალაუფლებრივ ასიმეტრიას უჩინარს ხდის. 2017 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში კოალიციამ მოითხოვა „ოჯახური ძალადობის“ ცნების აღდგენა და ისეთი ფრაზების ამოღება როგორიცაა „ტრადიციული ღირებულებების გაძლიერება და ოჯახში ჰარმონიის აღდგენა“, ასევე სიტყვა „ნამდვილის“ ამოღება „ფსიქოლოგიური ძალადობის“ განმარტებაში“, და „ჰარმონიასა“ და „შერიგებასთან“ დაკავშირებული ზომების ამოღება კანონიდან[5].
(9) ადამიანები ბედავენ ისაუბრონ ცხოვრებასა და მშვიდობაზე. მშვიდობიან ცხოვრებაზე.
თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ ნაწილობრივი აღწერაა იმ პოლიტიკური საქმიანობისა, რომელსაც ფემინისტები სომხეთში ეწევიან დღევანდელ დღეს.
ეს ის დროა, როდესაც უცხოური კორპორაციები და ადგილობრივი ოლიგარქები სომხეთის ბუნებრივი რესურსების მოპოვებისა და ექსპლუატაციის გზით[6] ქვეყნის ეკო-კოლონიზაციას ახორციელებენ; ის დრო, როცა სომხეთის სასოფლო მეურნეობის შესახებ საქმიან შეხვედრაზე ამერიკის საელჩო მონსანტოს წარადგენს - კორპორაციას, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად გენეტიკურად შემუშავებული თესლებითა და ჰერბიციდებით არის ცნობილი, რომლებიც სხვადასხვა ადგილებში მოსავალს აზიანებს. ეს კომპანია ასევე ცნობილია ადგილობრივი გლეხებისთვის საკუთარი თესლის გამოყენების შეზღუდვით, რითაც ადამიანებს საარსებო წყაროს უსპობს[7]; ის დრო, როცა სომხეთის ეროვნულ საბჭოს „ოჯახური ძალადობის“ წინააღმდეგ კანონის შემოღების ნაცვლად შემოაქვს კანონი „ძალადობის პრევენცია ოჯახებში, ძალადობის ქვეშ მყოფი ინდივიდების დაცვისა და ოჯახში ჰარმონიის აღდგენის“ შესახებ; ის დრო, როცა ყოველთვიურად, შემოსავლის მიუხედავად, ყველა მოქალაქე ვალდებულია სამხედროების ფინანსურ უზრუნველყოფას შესწიროს სახსრები; ის დროა, როცა სომხეთში მშვიდობაზე საუბრითაც კი შენი ადამიანობა ან, შეიძლება ვთქვათ, ნაციონალისტურ-ობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ.
ამ პირობებში ფემინისტური პოლიტიკური საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხეთში, ვინაიდან იგი ხშირად ისეთი ტიპის თავისუფლებას მიემართება, რომელსაც ამერიკაში მოღვაწე ანთროპოლოგი ელიზაბეტ პოვინელი (2015) „სხვაგვარად არსებობის პრაქტიკას“ უწოდებს. პრაქტიკას, რომლის მეშვეობითაც ადამიანები არა მხოლოდ ეწინააღმდეგებიან ძალაუფლებას, არამედ ალტერნატიულ სუბიექტურობებს ქმიან და ძალაუფლებისგან ავტონომიას ესწრაფვიან[8]. ჩემთვის სხვაგვარად არსებობა განსაკუთრებით საინტერესოა ისეთი ცხოვრების დასასახად, რომელშიც არცერთი უსამართლობა მეორადი ან უმნიშვნელო არ არის. არ აქვს მნიშვნელობა ფემინისტური საქმიანობა რა ფორმას მიიღებს - იქნება ეს კოლექტიური თხრობა, ფემინისტური ტექსტების წერა და თარგმნა, წარმოდგენები, თუ ოჯახური ძალადობის, ეკოლოგიური დეგრადაციისა და რესურსების მოპოვების წინააღმდეგ პირდაპირი ან არაპირდაპირი ზომების მიღება.[v] ჩემთვის საინტერესო სხვაგვარად არსებობის პრაქტიკები, ძალადობრივ ოჯახურ ურთიერთობებში ,,ჰარმონიის აღდგენის” დისკურსს გარემოში ათავსებენ და განსხვავებულად აღიქვამენ.
რა სახის შედეგები მოჰყვება ამგვარ პრაქტიკებს? პოვინელი (2015), თავის შედარებით ახალ ნაშრომში საუბრობს „ძალაუფლების ახლად წამოწყებულ ფორმაციაზე“, რომელიც, სიცოცხლის რეგულირების ნაცვლად, განასხვავებს სიცოცხლეს და არა-სიცოცხლეს. პოვინელი (2015) სიცოცხლეს და არა-სიცოცხლეს შორის განსხვავების საილუსტრაციოდ სამ ფიგურას გვთავაზობს:
„უდაბნო“ და „ნახშირორჟანგზე დაფუძნებული სიცოცხლე“, როგორც მისი მთავარი სახეხატი. „ანიმისტი“, რომლის მთავარი სახეხატი „ადგილობრივი მკვიდრია“, და „ტერორისტი“, და მისი ძირითადი სახეხატი „ვირუსი“. თუ უდაბნო ხაზს უსვამს სიცოცხლისგან ან სიცოცხლის წყაროსგან დაცლილს, ანიმისტი დაჟინებით ამტკიცებს, რომ უსიცოცხლობა არ არსებობს, ვინაიდან ყველაფერს თავისი სასიცოცხლო ძალა აქვს, არ არსებობს არა-სიცოცხლე, რადგან ყველაფერი სიცოცხლეა. ხოლო ,,ტერორისტი” უდაბნოს და ანიმისტის ფიგურაა ბიოუსაფრთხოების ამჟამინდელი გადმოსახედიდან[9].
ამ სამი ფიგურის გასაერთიანებლად, პოვინელის (2015) საილუსტრაციოდ მოჰყავს ტიპელი [მთარგმ. ტიპელი ემნიეგალურად ნიშნავს ახალგაზრდა გოგოს], პატარა უბე ანსონ ბეიში (ავსტრალიის ჩრდილო ტერიტორია), ვინაიდან ტიპელისთვის „უდაბნოს ფიგურა არის მომავალი, ანიმისტი მისი ხსნა და ტერორისტი მისი პოტენციური, შიდა, მოწამლული შთამომავალი“ (185). პოვინელი (2015) აქვე დასძენს, რომ ტიპელი არ წარმოადგენს „ხალხს“, ის ბიოძალის და სიცოცხლეზე ძალაუფლების მიღმა არსებობს[10].
მეორე მხრივ, ჰარუტუნიანის (2017) წიგნში ,,აქ ღმერთმა ჩაირა” სომხეთის სახეხატი დიდწილად ნოემია. ნოემი ახალგაზრდა ქალია, რომელიც ღამე ფოსფორისებრ ანათებს და რომელსაც მშობლები დაარწმუნებენ სხვადასხვა ადგილებიდან ჩამოსულ სტუმრებს თავი დაათვალიერებინოს. ნოემს ბოლოს აკუწვა და სიკვდილის მერე კი მისი ავადმყოფი მამისა და ოჯახისთვის გაყიდვა ელის. ნოემი წარმოადგენს ,,ხალხს”, უფრო ზუსტად კი თაობებს, რომლებიც იბადებიან და იბრძვიან, ან არ იბადებიან სომხეთსა და მის გარეთ გავრცელებული გენოციდის გამო (ავაგიანი, პირადი მიმოწერა 30, 2017).
,,ნოემის სანახავად მოსული ევროპელები ჯერ კიდევ გულუბრყვილონი იყვნენ. შემდეგ როცა აღმართის მწვერვალს მიაღწიეს, ნახეს წინ კიდევ ერთი წარმოუდგენლად რთული, ქვიანი აღმართი ელოდათ… ეშმაკის ფრჩხილებზე შავი და ბასრი ქვებით, რომელთა შორის ოქროს საბადოს ჩახლართული ვენა მოჩანდა, ერთ-ერთმა მათგანმა შეიგინა და ატირდა…”[11]
ერთი ავსტრალიაში პატარა უბეა, მეორე კი გამოგონილი პერსონაჟია სომხეთში - და მაინც მიუხედავად მათი განსხვავებისა, რატომ მომყავს ტიპელის და ნოემის მაგალითები აქ 2017 წლის დეკემბერში. ნოემი და ტიპელი იმ სამ ფიგურას აერთიანებს.
ნოემი კანონია ,,ტრადიციული სომხური ოჯახის ღირებულებების აღსადგენად.” ნოემი ოქროს საბადოა ამულსარში. ნოემი ასევე მოუხელთებელი ანიმისტი და ტერორისტია, ვინაიდან თუ პოლიტიკურად აქტიური ქალი ხარ სომხეთში, შენს ბრძოლა უწყვეტია. შენ გახსენებენ (სახლში, ქუჩაში, სამსახურში, სოციალურ მედიაში) თუ რას ნიშნავს იყო ქალი - სომეხი ქალი. გახსენებენ, რომ შენივე უსაფთხოებისთვის უმჯობესია სახლში დარჩე, რომ შენი ასაკის (ნეტა რომელი წლიდან?) ქალი დაოჯახებაზე, გათხოვებაზე, ერი სახელმწიფოსთვის ბავშვების გაჩენაზე უნდა ფიქრობდეს, რათა ის დანაკლისი შეავსოს, ვინც დახოცილთაგან, ვერ-დაიბადებულთაგან, ემიგრანტებისგან შეიქმნა, ან უბრალოდ იმიტომ რომ ესაა შენი ფუნქცია და არა ქუჩებში წანწალი, გაუგებარ ღონისძიებებში და ინციატივებში ცხვირის ჩაყოფა. შენ ადამიანები უნდა აწარმოო ძალადობის შემდეგი ტალღისთვის, რომელშიც მშვიდომაზე საუბარი არავის შეუძლია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მშვიდობა შენი (ჰეტერო) ქორწინებაში, ოჯახურ ძალადობაგამოვლილი ოჯახის აღდგენას ეხება, ვინაიდან ახლა უკვე კანონიც გვაქვს, რომელიც ,,ოჯახის ტრადიციული ღირებულებების გაძლიერებას” ემსახურება (ნუთუ ამით მართლა იმას ამბობენ, რომ რომ ძალადობა ტრადიციულია?).
მაშინ რა რისკი ჩნდება, როცა სახლის გადააზრებას ვიწყებთ (ტერორისტის ფიგურას ვიძახებთ?), ისევე როგორც მკვლევრები, რომელთაც ქვიარ დიასპორა აინტერესებს და გვაქეზებენ ,,წარმომავლობას, ნათესაობას და გენეტიკაზე … დაფუძნებული საზოგადოებებიდან” გარდავიქმნეთ ,,მიზანზე, აფილაციაზე” დამყარებულ საზოგადოებად, რომელსაც საზიარო ,,სოციალური პრაქტიკები და პოლიტიკური პასუხისმგებლობები აქვს[12]? რას ეხდება ფარდა? რა ხდება შესაძლებელი? თუ ყურადღებით მოვუსმენთ, ფემინისტური პოლიტიკური საქმიანობა საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ის საციცოცხლოდ მნიშნელოვანი ძალები, რომლებიც, როგორც უდაბნოები, აქამდე გამორიცხული იყო; ეს შესაძლებლობას გვაძლევს დავსვათ მიუღებელი და დაუშვებელი კითხვები ,,საფრთხის შეუსრულებელი ნამატის” შესახებ.
მაშინ რატომ არის კოლექტიური ზრუნვა ასეთი მნიშვნელოვანი ფემინისტური პოლიტიკური საქმიანობის და მომავლის ხედვის გადასარჩენად? შავკანიანი ამერიკელი ფემინისტი ოდრი ლორდი (1978) შეგვახსენებს, რომ გაზიარებით გამოწვეული სიხარული თანაზიარებს შორის ქმნის ღიაობას, გავიაზროთ, თუ რა არ ვიცოდით ან არ გავაზიარეთ აქამდე, და ,,ამცირებს განსხვავებით გამოწვეულ საფრთხეს” (56). პოლიტიკის ანთროპოლოგი დებორა ტომასი მოგვიწოდებს, შიგნით და აფექტზე მიმართული ზრუნვის პოლიტიკის მნიშვნელოვნებაზე დავფიქრდეთ, როცა ის ამბობს, რომ: ,,ყველაზე რევოლუციური გარდაქმნები მაშინ ჩნდება, როცა შინაგანი აღარება და ცნობიერებაში ცვლილება არა-სწორხაზოვანი და მოულოდნელია”[13].
ანი, სომხეთის ფემინისტურ საქმიანობაში ჩართული ფემინისტი, სწორედ ზრუნვის აფექტურ მხარეზე საუბრობდა, როცა მითხრა, რომ მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პოლიტიკური საქმიანობა მის მეგობრებთან ერთად გასწიოს. ანის აზრით, ერთად მუშაობის, აზრთა სხვაობის, იმედგაცრუებებისა და სიხარულის მეშვეობით იზრდები და სხვებთან შეხმატკბილებულად გარდაიქმნები. ტომასი (2015) ასევე ეხმიანება ჩემს ერთ თანამოსაუბრეს, ფემინისტ ეკო-აქტივისტს არაქსს, რომელიც ამბობს, რომ ,,კოლექტიური ზრუნვა მეტ ნდობას იწვევს”, კვლავწარმოება შეუძლია და ,,ერთად მუშაობით, ის, ადამიანებს უფრო მზრუნველებს ხდის ერთმანეთის მიმართ.” ჩემი პოლიტიკურად აქტიური თანამოსაუბრეები ხშირად საუბრობენ სოციალიზაციით, ჰორიზონტალური პრინციპით ორგანიზებულ ჯგუფებში მუშაობით, გამოცდილების გაცვლით, ცოდნის წარმოებით და საზრისის ერთად შექმნით მოგვრილ სიხარულზე. კოლექტიურად შექმნილი და გაზიარებული ცოდნა, გამოცდილებები, ცეკვები, საკვები, წყალი და სიცილი, ერთმანეთის ხმასა და წარმოსახვაზე აწყობა ხელს უშლის პოლიტიკური საქმიანობით გამოფიტვას და გადაღლას.
სომხეთში პოლიტიკურად აქტიური საზოგადოება, განსაკუთრებით ქალები, ხშირად საუბრობენ ე.წ. გადაწვაზე და, ჯანმრთელობის პრობლემების სახით, მის ფიზიკურ გამოვლინებებზე. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ ყველასთვის სიტყვა ,,გადაწვას” ერთნაირი მნიშვნელობა არ აქვს. ანისთვის, მაგალითად, ,,გადაწვა” მანქანის ასოციაციას იწვევს, მაშინ როცა ადამიანები არ ვართ მანქანები. ამის ნაცვლად ანი გვთავაზობს იმას, რასაც გადაწვას ეძახიან, ცხოვრების გამოცდილება, განვლილი ტანჯვა ვუწოდოთ. მიუხედავად იმისა, თუ როგორ უყურებენ გადაწვას, უმრავლესობა საუბრობს კოლექტიური სამუშაოს მნიშვნელოვაზე, სოციალურობაზე, ზრუნვაზე, მისი ზეგავლენის პოტენციალზე, როგორც ანიმისტის ფიგურაზე, რომელსაც სიცოცხლის მინიჭების და წარმოების შესაძლებლობები აქვს.
ვიცი, რომ ჩემი ხმა პაპუკ ტეღიტის (ნიშნავს ,,რბილს”, აქ კი ვგულისხმობ კომფორტულს, პრივილეგირებულს) პოზიციიდან მოდის. ეს ასეა, ვინაიდან ამ ტექსტის წერისას ნასაზრდოები ვარ (და ვსაზრდოობ) ტიპელთან და ნოემთან კავშირით. ამიტომ ჩემი ცოცხით დავფრინავ და დამარცვლით ვიმეორებ ერთ სომხულ სიტყვას: ხაღაღუტუნ (მშვიდობა): ხაღაღუტუნ, ხაღაღუტან, ხაღაღუტიანე, ხაღაღუნტუნ, ხაღაღუტუნიც, ხაღაღუტუნოვ, ხაღაღუტიან მეი (მშვიდობა, მშვიდობაზე, მშვიდობისთვის, მშვიდობა, მშვიდობისგან, მშვიდობიანად, მშვიდობაში).
შენიშვნები:
[i] ერევნის ქვიარ კოლექტივის ქვიარ შემოქმედებითი პროექტების სანახავად გადადით ბმულზე
[ii] ტექსტში ვეყრდნობი სხვადასხვა მედია მასალას, ასევე ჩემს კვლევას პოლიტიკურად აქტიური ადამიანების შესახებ სომხეთში, რომელიც ჩემს კოლეგა ეკო აქტივისტ ფემინისტთან ანა შაჰნაზიანთან ერთად ჩავატარე 2016-2017 წლებში. ეს კვლევა ვერმონტში მალბორო კოლეჯის და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის სომხეთის კვლევების ინსიტუტის გრანტის და ასევე ნაწილობრივ კალუსტე გუნებკიანის ფონდის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
[iii] ტექსტში სომხურ ფემინისტურ მემკვიდრეობაზე მივუთითებ თუმცა არ შევრაცხავ ამას როგორც ერთიან და მხოლოდ ფემინისტურ მემკვიდრეობად, არამედ მინდა ადგილი დავუთმო ისტორიიდან წაშლილ ფემინისტურ მემკვიდრეობას.
[iv] ანა ნიკოღოსიანის ,,ფემინიზმის კოოპტაცია: გენდერი მილიტარიზმი და UNSC რეზოლუცია 1325” შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე
[v] ვიყენებ კარლ ბოგის მიერ მოცემულ ,,პრეფიგურატიულის” განსაზღვრებას, რომლის მიხედვითაც ეს უკანასკნელი მიემართება მონაწილეთა ,,სოციალურ ურთიერთობებს, გადაწყვეტილების მიღებას, კულტურას და ადამიანურ გამოცდილებას როგორ საბოლოო მიზანს” (1977, 100).
[1] Shahnazaryan 2016, Hovsepyan 2017
[2] Amulsar 2017
[3] Shahnazrayan, პირადი მიმოწერა, 15 დეკემბერი, 2017
[4] კოალიცია, 2017
[5] იქვე
[6] AEF 2017
[7] Khachatourian 2017
[8] Hardt and Negri 2009, 57
[9] Povinelli 2015, 170
[10] Hardt and Negri 2009
[11] Harutyunyan 2017, 282, თარგმნილია შუშან ავაგიანის მიერ
[12] Eng, Halberstam, Muñoz 2009, 7
[13] Thomas 2015
ბიბლიოგრაფია:
Ahmed, Sara. 2017. Living a Feminist Life. Durham: Duke University Press.
“Amulsar: Alternative Public Expertise.” Armenian Environmental Front. December 12. http://www.armecofront.net/en/press-releases/amulsar-alternative-public…
Armenian Environmental Front. http://www.armecofront.net/about-us/
Boggs, Carl, 1977. “Marxism, prefigurative communism and the problem of workers' control.” In Radical America 6:99–122.
Coalition to Stop Violence Against Women. 2017. “Observations and Recommendations.” Coalition to Stop Violence Against Women. November 16, 2017. http://coalitionagainstviolence.org/hy/օրինագծում-տեղ-գտած-փոփոխություն…
Eng, David, Judith Halberstam, José Esteban Muñoz. 2005. “Introduction: What’s Queer About Queer Studies?” Social Text 84-85, 23 (3-4): 1-17.
Hardt, Michael and Antonio Negri. 2009. Commonwealth. Cambridge. Mass.: Harvard University Press.
Harutyunyan, Susanna. 2017. “God Has Passed Through Here.” In Best European Fiction 2018, edited by Alex Andriesse, 281-289. Victoria, TX: Dalkey Archive Press.
Hovsepyan, Lusine. “Yes hrazharvum em AATz yev vostikanutyan tzarayutiunnerits. Im vcharatz harkere ughghel krtakan hamakargin” [“I am declining the services of National Security Service and the Police. Redirect my taxes to education,”] Lakmoes.am, January 17, 2017, accessed December 15, 2017, http://lakmoes.am/iravunq/1719-2017-01-17-14-23-13?fb_comment_id=138542…
Khachatourian, Ara. 2017. “Why Monsanto in Armenia Should Raise Red Flags for Its Farmers.” In Asbarez.com. November 2, 2017. http://asbarez.com/168485/why-monsanto-in-armenia-should-raise-red-flag…
Lorde, Audre. 1978. Uses of the Erotic: The Erotic as Power. In Sister Outsider (53-59).
Freedom, California: The Crossing Press.
Massumi, Brian. 2010. “The Future Birth of Affective Fact: The Political Ontology of Threat.” In Affect Theory Reader, edited by Melissa Gregg and Gregory J. Seigworth, 52-70. Durham and London: Duke University Press.
Povinelli, Elizabeth A. 2015. “Transgender Creeks and the Three Figures of Power in Late Liberalism,” differences: A Journal of Feminist Cultural Studies 26(1): 168-187.
Shahnazaryan, Anna. “Yes hrazharvum em AATz yev vostikanutyan tzarayutiunnerits. Im vcharatz harkere ughghel krtakan hamakargin” [“I am declining the services of National Security Service and the Police. Redirect my taxes to education,”] Lragir.am, July 29, 2016, accessed July 30, 2016, http://www.lragir.am/index/arm/0/right/view/136822
Thomas, Deborah. “On the Poetics and Politics of Redress.” Presentation at a Symposium What are the Contemporary Debates around Restitution, Redress, and Reclaiming Heritage, Research Center for Material Culture, Leiden, Netherlands, November 2015.