„წინა პოდკასტში ვისაუბრეთ, ფემინიზმის შესახებ, როგორ უკავშირდება ის ვეგანობას და როგორ უპირისპირდება ორივე მათგანი მჩაგვრელობით სისტემებს - პატრიარქატს, კაპიტალიზმსა და სხვებს; ასევე, როგორ ვლინდება ეს ყველაფერი ჩვენს ყოველდღიურობაში. ვისაუბრეთ, რომ ჩაგრული ჯგუფების გამოცდილებებს ერთსა და იმავე სიბრტყეზე არ განვიხილავთ, თუმცა ვთანხმდებით, რომ ძალადობის დასაძლევად ყველა ფორმის ჩაგვრას უნდა დავუპირისპირდეთ და ვიყოთ სოლიდარულები სხვა მარგინალიზებული და ჩაგრული ჯგუფების მიმართაც. ვეგანებისა და ფემინისტების ბრძოლის მიზნებიც ხომ საერთოა - ჩაგრული ჯგუფების ტანჯვისა და ექსპლუატაციისგან გათავისუფლება.
პოდკასტი ეხება ობიექტივიზაციას, როგორც ქალთა და ცხოველების მიმართ ჩაგვრის საერთო ბერკეტს. მოდით, ვისაუბროთ, რა არის ობიექტივიზაცია და როგორ აისახება ეს პრაქტიკა სხვადასხვა ჯგუფზე.
ობიექტივიზაცია - ჩაგვრის საერთო ბერკეტი ქალებისა და ცხოველების მიმართ ► ნანა გობეჯიშვილის პოდკასტი - ფემინსტრიმი/Feminstream
Watch on YouTubeობიექტივიზაციის ცნება გულისხმობს ადამიანების დეჰუმანიზებას. ობიექტივიზებული ადამიანები წარმოჩინდებიან, როგორც არა სრულფასოვანი სოციალური არსებები, რომლებსაც აზროვნება, გრძნობები და უფლებები აქვთ, არამედ, როგორც - პასიური ობიექტები. ობიექტივიზაციის დროს ხდება სხეულის რომელიმე ნაწილზე ან კონკრეტულ უნარზე კონცენტრირება და ადამიანების ამ გზით ექსპლუატაცია, სექსუალიზება, გამოყენება და სხვა.
მაგალითად, პატრიარქატმა და კაპიტალიზმმა ქალის სხეულის ნივთად წარმოჩენა ჩვენი რეალობის იმდენად განუყოფელი ნაწილი გახადა, რომ მას ხშირად ვეღარც კი ვამჩნევთ. პატრიარქალურ სისტემაში ქალის სხეული კაცის საკუთრებაა. ის შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს უბიწო და ლამაზი, უნდოდეს დედობა და ტრადიციულად, მამის ხელიდან ქმრის ხელში უნდა გადადიოდეს.
მჩაგვრელობითი სისტემების მანკიერი პრაქტიკები ცხოველებზეც აისახება. როდესაც ცხოველების სხეულისაგან, ან მათი ექსპლუატაციის შედეგად დამზადებულ პროდუქტებს მოვიხმართ, ვახალისებთ იდეას, რომ ცხოველები მხოლოდ სამომხმარებლო პროდუქციის უსულო ნაწილები არიან _ ისინი მხოლოდ ჩვენი კონსუმერისტული ახირებების დასაკმაყოფილებლად არსებობენ. მსგავსი მიდგომები უნივერსალური არაა: თითოეულ ქვეყანაში ადგილობრივი კულტურა და ტრადიციები განაპირობებს და ხსნის თითოეულ ცხოველთან მოპყრობის სხვადასხვაობას: ზოგიერთ ცხოველს უპირატესად აღიქვამენ და პატივს სცემენ, ხოლო ზოგიერთს _ მხოლოდ საკვებად მოიხმარენ, ექსპლუატაციას უწევენ და სხვა. მაგალითად, თუ, რიგი ქვეყნებისათვის, ძაღლების საკვებად მოხმარება ნორმალიზებულია, დანარჩენი მსოფლიოსათვის ძაღლები შინაურ კომპანიონებს წარმოადგენენ ადამიანებისთვის. ასეა ძროხების შემთხვევაშიც _ მათ უმრავლესობა საკვებად მოიხმარს, როდესაც, რიგ კულტურებში, ის წმინდა ცხოველადაა მიჩნეული.
მსგავსი ქცევა სპეცისისტური ტენდეციების ტიპური გამოვლინებაა: სპეცისიზმი ეფუძნება სახეობების დისკრიმინაციას და გულისხმობს ცხოველების ამ ნიშნის მიხედვით გადარჩევასა და უფლებების, მნიშვნელობის მინიჭებას მათთვის. სპეცისისტების მოსაზრებით, ადამიანი იერარქიის ყველაზე მაღალ საფერხურზე მდგომი არსებაა, ხოლო სხვა დანარჩენი სახეობები მასზე დაქვემდებარებულები არიან. სპეცისისტური მიდგომების ფარისევლური ბუნება იმაში გამოიხატება, რომ, თუ, ერთი მხრივ, ადამიანი იღებს იერარქიის მაღალ საფეხურზე მდგომი არსებისათვის განკუთვნილ სარგებელსა და მოიხმარს მასზე დაბალ საფეხურზე მდგომი ცხოველების სხეულებს, მეორე მხრივ, უარს აცხადებს იმ პასუხისმგებლობის აღებაზე, რომელიც სხვა სახეობებზე ზრუნვის სახით ენიჭება, როგორც ყველაზე მოაზროვნე, ეთიკურ არსებას. ობიექტივიზაციის აქტად ცხოველების ჯიშების მიხედვით განსხვავებაც უნდა მივიჩნიოთ: უპირატესობა ენიჭებათ ხელოვნურად გამოყვანილი ჯიშის ძაღლებსა და კატებს, რომლებიც ადამიანებისთვის აქსესუარების როლს ასრულებენ. უფრო მეტიც, მათ არ მოეთხოვებათ ინტელექტი, რადგან „მეტისი ყოველთვის უფრო ჭკვიანია“, ხოლო ჯიშიანი ცხოველის დანიშნულება არა ჭკუით თავის მოწონება, არამედ აქსესუარად ყოფნაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ხელოვნური მეთოდით გამოყვანილი ცხოველები განწირული არიან სხვადასხვა ტიპის გენეტიკური დაავადებისათვის, მოწყვლადები არიან გარემოფაქტორების მიმართ და ექსპლუატაციას განიცდიან გამრავლების დროსაც, თუმცა ამაზე სხვა დროს.
აქვე განვიხილოთ ქალთა სხეულების სექსუალურ ობიექტებად წარმოჩენის პრაქტიკაც, რომელიც პოპულარული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. დეჰუმანიზებული ქალების სხეულები გამოყენებულია სხვადასხვა პროდუქციის რეკლამირებისათვის. მსგავს შემოთავაზებებში ფოკუსირება, ძირითადად, ქალების სხეულების კონკრეტულ ნაწილებზე ხდება, თითქოს ქალები მხოლოდ სხეულის ეს ნაწილები იყვნენ. უგულებელყოფილია ქალების აზროვნებისა და განსჯის უნარი, ხოლო მათი რაციონალურობის ვალიდურობა ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ვინაიდან ქალები ემოციურ არსებებად ითვლებიან და, შესაბამისად, მათი გადაწყვეტილებებიც საეჭვოა.
პატრიარქატი და კაპიტალიზმი წარმატებით თანამშრომლობს სარეკლამო ინდუსტრიასთან. კამპანიები, რომლებიც ძროხის რძის პოპულარიზაციას ემსახურება, სწორედ ქალების სხეულების სექსუალიზებით მანიპულირებს. მაგალითად, აშშ-ში აღნიშნულ თემაზე მომუშავე კორპორაციები შეფუთვაზე შიშველი ქალების ფოტოებს იყენებდნენ, რომლებზეც ქალებს მხოლოდ ჰაერში უცნაურად გაშხეფებული რძე უფარავდათ შიშველ სხეულს და გვთავაზობდნენ, რომ დაგველია ის, რაც ქალებს ეცვათ. მათ არც რძის სხვა მწარმოებლები ჩამორჩებოდნენ და გვიჩვენებდნენ შიშველ ქალებს, რომლებიც რძეს მაცდურად იწმენდნენ ტუჩის გარშემო.
ანალოგიურად, ცხოველების სხეულებსაც, რიგ შემთხვევაში, საკვებად, რიგ შემთხვევაში, გასართობად, ტყავისათვის, ექპერიმენტებისათვის და სხვადასხვა მიზეზით ვიყენებთ. უგულებელყოფილია ფაქტი, რომ ცხოველები სოციალური არსებები არიან, რომლებსაც აქვთ ინტელექტი, ემპათია, ერთმანეთთან კომუნიკაციის უნარი და საჭიროება. ამ ჩაგვრის ფონზე, მეტისმეტად შეუსაბამოა ის, რომ ცხოველური პროდუქტების: ხორცის, რძის, კვერცხის რეკლამებში, ცხოველები ლაღად და უზრუნველად არიან წარმოჩენილი. ისინი მშვიდად, თუმცა ბედნიერად ელიან, როდის მოიხმარენ მათ სხეულებს ადამიანები. სინამდვილეში, ცხადია, რომ ცხოველებს ადამიანების გამო ხოცავენ. ხანმოკლე, თავისუფლებაშეზღუდულ სიცოცხლეს კი ისინი ტანჯვასა და ტკივილში ატარებენ.
უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ჩაგვრის ის ფორმები, რომლებიც მდედრების მიმართ ხორციელდება: მათი რეპროდუქციული ორგანოების, მენსტრუირების, დაორსულებისა და ლაქტაციის უნარებზეა დამოკიდებული ამა თუ იმ მდედრის ტანჯვის ტიპი. რძის პროდუქციის ფაბრიკაციამდე ძროხები ექსპლუატაციის მსხვერპლნი ხდებიან. ჩვენ ვიცით, რომ ძროხის რძე ყველგან იყიდება, თუმცა არ ვფიქრობთ კავშირზე ძროხასა და რძეს შორის და არ ვსვამთ კითხვებს: რა მოხდა მანამდე, ვიდრე რძე ლამაზად შეფუთული, ერთი შეხედვით, უწყინარი პროდუქტის ყუთებში მოხვდებოდა და ხელმისაწვდომი იქნებოდა ჩვენთვის? აქვე ვისაუბროთ პასუხებსა და იმ სიმართლეზეც, რომლის გასაჯაროება ცხოველური პროდუქტების მწარმოებელ გავლენიან კორპორაციებს არ სურთ, ვინაიდან სიმართლეს შეუძლია, მნიშვნელოვნად შეამციროს მათი მოგება.
ძროხები ძუძუმწოვრები არიან, რომლებსაც თავიანთი რძე ხბოების გასაზრდელად სჭირდებათ. ძროხას ვერ ექნება რძე, თუ ის ხბოს არ ელოდება. სპეცისისტი საზოგადოება, რომელიც უვლის და იცავს ძაღლსა და კატას, მასობრივად ძალადობს ძროხებზე, რათა ხელოვნურად გაანაყოფიეროს ისინი. ამ პროცესების განხორციელების დეტალები მოსასმენადაც მეტისმეტად რთულია, თუმცა საჭიროა, რომ საზოგადოებამ იცოდეს, საიდან მოდის რძე. ფერმერები ბუღასგან იღებენ სპერმას, რომელსაც მოგვიანებით, ხელით ათავსებენ ფურის სხეულში მის გასანაყოფიერებლად. ადამიანის მხრიდან მასობრივი, ძალადობრივი განაყოფიერების შემდეგ, ფურები ორსულდებიან და ხბოებიც იბადებიან. რა თქმა უნდა, იმაზე საუბარიც არ ღირს, რომ უგულებელყოფილია ტკივილის ყველა ფორმა, რომელიც ცხოველს ადგება. დედასა და შვილს გულგრილად აცალკევებენ. ხბოსთვის განკუთვნილი რძით სარგებელს რძის მწარმოებლები იღებენ. რაც შეეხება ხბოების ბედს, ისინიც განწირული არიან: მდედრები დედების ბედს იზიარებენ - მომავალში მათზეც იძალადებენ და 12-ჯერ უფრო მეტ რძეს გამოამუშავებინებენ, ვიდრე ეს ბუნებრივად უნდა მოხდეს. სანამ მათი რეპროდუქციული სისტემა ჯანსაღი იქნება, ძროხებს გადააქცევენ რძის გამომამუშავებელ ქარხანად. მოგვიანებით ღონეგამოცლილ, დაუძლურებულ ძროხებს ხორცის წარმოებას მიჰყიდიან და დაბალი ხარისხის ხორცად აქცევენ. რაც შეეხება მამრი ხბოების ბედს, ვინაიდან ისინი გამოსადეგები არ არიან რძის საწარმოებისათვის, მათ ყიდიან ტყავის ან ხორცის მისაღებად - მათ ყელს დაბადებიდან სულ რამდენიმე თვეში სჭრიან.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ძალადობის ცნებისა და ძალადობრივი აქტების სრული გადააზრება: როცა ვცდილობთ ძალადობის რომელიმე ფორმის აღმოფხვრას, იქნება ეს გენდერული ნიშნით თუ ცხოველებზე ძალადობა, მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ მისი საფუძველი - უთანასწორობა და იერარქიები, რომელიც ნორმალიზებულია. ამის გამო, უნდა ვებრძოლოთ პრობლემას და არა მხოლოდ მის გამოვლინებას. ფემინისტმა და ვეგანმა აქტივისტებმა უნდა გავაცნობიეროთ სოლიდარობის მნიშვნელობა, სხვადასხვა ჩაგვრის ურთიერთკვეთის შედეგები და რეალური ნაბიჯები გადავდგათ ერთმანეთის გაძლიერებისთვის.